სკოპიე 2025: გავცურეთ! გავისროლეთ! გადავხტით!

21 ივლისს, ევროპის მეთვრამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს, სხვადასხვა სახეობაში მედლების რამდენიმე კომპლექტი გათამაშდა. პირველი ოქროს მედლები იზეიმეს ესპანეთის, თურქეთის, უნგრეთის და ესტონეთის გუნდებმა.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის წევრებს, პირველად მოცურავეებმა იასპარეზეს: სკოპიეს ოლიმპიურ აუზში ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით სცადეს ძალები. მიქელაშვილმა დისტანცია 1:01.31, შჩერბაევამ კი 1:02.33 წუთში დაფარა. სამწუხაროდ, ეს შედეგები ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სკოპიე 2025-ის ცისფერ ბილიკებზე მათ კიდევ არაერთხელ ვიხილავთ, სხვა დისციპლინებში. ხვალ მხოლოდ სალი შჩერბაევა იასპარეზებს, კვლავ თავისუფალი სტილით, თუმცა 400 მეტრზე.

მძლეოსანთა ტურნირს ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნული სტადიონი მასპინძლობს. საქართველოს გუნდიდან იქ დღეს მხოლოდ სიგრძეზე მხტომელმა ლიზი მუღალაშვილმა იასპარეზა.

ლიზი მეორე ჯგუფში გამოდიოდა თორმეტ მეტოქესთან ერთად. ქართველი მძლეოსნის საუკეთესო შედეგი ზუსტად 5 მეტრი იყო. ამით მან შესარჩევი ეტაპი ვერ დაძლია და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ბადმინტონის ტურნირი ნევენა გეორგიევას სახელობის სასწავლებლის სპორტულ დარბაზში ტარდება. დანიელ ვაგარშაკიანმა დღეს ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში მისი მეტოქე ესპანელი ფელიქს სანს ბარაკინა იყო. მეტოქემ ორ სეტში გაიმარჯვა – 21:10 და 21:11. რამდენიმე საათის შემდეგ დანიელი გერმანელ მილან ზაისიგს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრაც მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა – 5:21 და 11:21. ვაგარშაკიანს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი აქვს დარჩენილი, რომელსაც ხვალ გამართავს: შუადღით ნიდერლანდელ ვიჰაან შაჰს შეხვდება, საღამოს კი სომხეთის გუნდის წევრს გორ იენოკიანს.

დღესვე იასპარეზა ბადმინტონელთა გუნდის წევრმა ქეთევან წამალაიძემ, რომლის მეტოქე უნგრელი ელზა ანიკო შანდორი გახლდათ. 21:6 და 21:4 – ასეთი ანგარიშებით გაიმარჯვა შანდორიმ. ქეთევან ხვალ სამი დაპირისპირება ელის: დილით ბულგარელ ელენა პოპივანოვასთან, შუადღით ჩრდილომაკედონიელ ივა ჟივკოვკასთან, საღამოს კი ნიდერლანდელ სარა სტაატსთან.

ტყვიის მსროლელთა შეჯიბრებებს ნაუმ ბორჩეს სახელობის სპორტის დარბაზი მასპინძლობს. დღეს იქ 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში წყვილებმა გაითამაშეს მედლები. საქართველოს სახელით ლიზი აღნიაშვილმა და სანდრო ხოსიტაშვილმა იასპარეზეს.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ 381.8 ქულა მოაგროვეს და ოცდაორ წყვილს შორის მე-12 ადგილზე გავიდნენ. ოქროს მედლები კი ესპანელებმა მოიპოვეს, რომლებმაც პირველ და მეორე ეტაპზე მეორე შედეგი აჩვენეს, თუმცა ფინალში 12:10 დაამარცხეს უკრაინა. ბრინჯაო იტალიელებს ხვდათ წილად. ლიზის და სანდროს ხვალ იმავე იარაღით და იგივე დისტანციაზე პირადი პირველობა ელით.

ხსენებული სპორტსმენების გარდა სკოპიე 2025-ის მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს ვიხილავთ. მთავარი იმედი ძიუდოისტებს უკავშირდებათ, რომლებიც იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში მედლების პირველ კომპლექტებს გაითამაშებენ. 50კგ წონით კატეგორიაში საბა ბოლქვაძეს ვიხილავთ, 55კგ წონაში კი ალექსი გულუას. საბას პირველი მეტოქე ესპანელი ალეხანდრო ჩიარონია, ალექსი კი თურქ აიქუთ გიურს დაეჭიდება.

საგზატკეცილო ველორბოლას ქალაქი კუმანოვო უმასპინძლებს. ხვალინდელ სტარტზე ჩვენი გუნდის სამივე წევრი დადგება: ლუკა მაზმიშვილი, მათე ფირანიშვილი და ზურა კილაძე.

ხვალვე ვიხილავთ მაგიდის ჩოგბურთელებს, ნიკოლოზ ჩხარტიშვილს და მარიამ გორგაძეს, რომლებიც პირველ შეხვედრებს გამართავენ.

წარმატებები ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს!

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 21 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია

ka_GEGeorgian