სკოპიე 2025: მეორე მედალი, ჯერ ისევ ბრინჯაო

ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს გუნდმა მეორე მედალი მოიპოვა: ვაჟთა ძიუდოისტთა 60კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა ვახტანგ ჭიაბერაშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ასევე ბრინჯაოს დაეუფლა მისი თანაგუნდელი საბა ბოლქვაძე (50კგ). არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი დაწინაურდა იტალიის ნაკრები, რომელმაც პირველ ადგილზე დაასრულა ბოლო ორი ფესტივალი, სლოვაკეთის ბანსკა ბისტრიცაში (2022) და სლოვენიურ მარიბორში (2023).

ბერძენი ალექსანდროს პოლიქრონიდისი, სლოვენიელი რენე ვორსიჩი, ნიდერლანდელი მორის ცვაიერსი და შვეიცარიელი ტიმეო კორი – ეს იმ მეტოქეების ჩამონათვალია, რომელსაც დღეს ვახტანგ ჭიაბერაშვილმა სძლია. ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზეიდ ალასგაროვიც რომ დაემარცხებინა, ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის იჭიდავებდა, მაგრამ ასეთ მასშტაბურ ტურნირზე არც ბრინჯაოს მედალია ურიგო შედეგი.

ვახტანგი, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები, ორი წელიწადიც არაა, რაც საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, უკვე მეოთხე ჯილდო მოიპოვა, ევროპის თასებზე ერთხელ ფინალი იჭიდავა, ორჯერ კი მესამე ადგილზე გავიდა.

სამწუხაროდ, არ გაუმართლა ძიუდოისტთა გუნდის მეორე წევრს გიორგი ბაბუციძეს, რომელმაც 66კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ჩინებულად დაიწყო, ჯერ თურქ ომერ პინარს აჯობა, შემდეგ კი დანიელ ფელიქს აასიდეს, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალი დათმო სერბ ბორის იანკოვიჩთან, დამამშვიდებელ წრეში გადართულმა კი რეპეშაჟის ნახევარფინალი წააგო უნგრელ კრისტოფ გალთან.

იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის დიდ დარბაზში დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოკა, მარიამ წურწუმია (48კგ) ვიხილეთ, თუმცა ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გერმანელ ემილი პლიხთან.

ხვალ ძიუდოისტთა ტურნირში კვლავ სამი წარმომადგენელი გვეყოლება: ნანა გულბიანი 63კგ წონით კატეგორიაში, ვასილ გამეზარდაშვილი (73კგ) და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მედროშე ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, გიორგი მუმლაძე (81კგ). სკოპიედან გამოგზავნილ პირველი ჩანახატში აღვნიშნე, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიმდინარე სეზონში მუმლაძე დაუმარცხებელია, სამი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო, მათ შორის ასაკობრივი ევროპირველობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაუმარცხებელ სერიას ხვალაც გააგრძელებს.

დღეს კიდევ ერთხელ იასპარეზეს ტყვიის მსროლელებმა, თუმცა ამჯერად ახალ დისციპლინაში, სოლოში: სანდრო ხოსიტაშვილი 23-ე ადგილზე გავიდა, ლიზი აღნიაშვილმა კი უკეთ ისროლა, მე-10 ადგილი დაიკავა. აქვე გეტყვით, რომ გუშინ, პნევმატური პისტოლეტით ვაჟთა შორის ჩემპიონები და პრიზიორები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ დააჯილდოვეს.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა წევრებს: ანასტასია მიქელაშვილმა და სალი შჩერბაევამ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურეს. მიქელაშვილმა დისტანცია 2:13.62 წუთში დაფარა, შჩერბაევამ კი ეს დრო აჩვენა – 2:14.06. მიუხედავად იმისა, რომ მიქელაშვილმა შვიდ მეტოქეს აჯობა და გაცურვა პირველ ადგილზე დაასრულა, საერთო შედეგებით მომდევნო ეტაპზე მაინც ვერ გადავიდა.

ტაეკვონდოისტებმა დღეს დაიწყეს ასპარეზობა, თუმცა ჩვენი გუნდის ორივე წევრი სტარტზევე გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას: ვიოლა ცეცხლაძეს (44კგ) ჩეხმა დობროვოლნამ აჯობა, ხატია გაროზაშვილი (49კგ) კი ბერძენ ლამპრინი ანა ასიმაკისთან დამარცხდა. რაც შეეხება მათე კვანტიძეს (48კგ), მას აზერბაიჯანელ მეჰდი ბუდალისთან უნდა ებრძოლა, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. 24 ივლისს ტაეკვონდოისტებიდან ანასტასია გურეშიძეს (55კგ) და საბა ბეგიაშვილს (63კგ) ვიხილავთ.

მაგიდის ჩოგბურთელებმა გუშინ დაწყებული ჯგუფური ეტაპი დაასრულეს. ნიკა ჩხარტიშვილი დილით პოლონელ პატრიკ ზივორონეკს დაუპირისპირდა – 0:3 (2:11, 5:11, 3:11), შუადღით კი ლიეტუველ მარტინ ფრიზელს – 1:3 (3:11, 7:11, 11:8, 9:11). ნიკა ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ასევე მესამე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი მარიამ გორგაძემ, მას შემდეგ, რაც უნგრელ იოჰანა პეტერისთან დამარცხდა – 0:3 (11:13, 7:11, 8:11).

წლევანდელი ფესტივალის სპორტულ პროგრამაშია მხატვრული ტანვარჯიშიც. შეჯიბრებას ხორვატიის ქალაქი ოსიეკი მასპინძლობს, სადაც დღეს ჩვენი გუნდის სამივე წევრმა იასპარეზა, მარია ჟვანიამ, მარიამ პატარიძემ და ლიზი გვალიამ. სამწუხაროდ, გოგონებმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

ძიუდოისტების და ტაეკვონდოისტების გარდა, 24 ივლისს სკოპიე 2025-ზე ჩვენი ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდის კიდევ ოთხ წევრს ვიხილავთ: მძლეოსან მათე მეჯიდოვი, მას დილით სამმაგ ხტომაში კვალიფიკაცია ელის, და ველომრბოლებს ლუკა მაზმიშვილს, მათე ფირანიშვილს და ზურა კილაძეს. ისინი, როგორც გუშინ, მეზობელ ქალაქ კუმანოვოში დადგებიან სტარტზე.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 23 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian