სკოპიე 2025: ვერცხლიც, ბრინჯაოც… და კვლავ ოქროს მოლოდინში
ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეოთხე საშეჯიბრო დღე დასრულდა. საქართველოს აქტივში უკვე ოთხი მედალია. სკოპიე 2025-ის მონაწილე ორმოცდაათ გუნდს შორის ეს მეოცე შედეგია, თუმცა იმის გამო, რომ ამ ოთხი მედლიდან ერთიც არ არის ოქროსი, საქართველო ყველაზე წარმატებული გუნდების ჩამონათვალში ოცდამეთერთმეტე ადგილზე დგას. სიას კი ბოლო ორი ფესტივალის გამარჯვებული იტალია ლიდერობს, რომელმაც უკვე ოცდასამ მედალს მოუყარა თავი, საიდანაც თითქმის ნახევარი – ათი, ოქროა.
სკოპიე 2025-ის უმაღლეს ჯილდოს დღეს ძიუდოისტი ვასილ გამეზარდაშვილი მიუახლოვდა. 73კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მერვედფინალიდან დაიწყო ფინალისკენ სვლა და ზედიზედ სძლია კვიპროსელ პანაგიოტის კაგაცისს, ნიდერლანდელ როვერ კეასბერის და აზერბაიჯანელ მაჰამად აღაკიშიევს. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში გამეზარდაშვილის მეტოქე სერბი ველიკო ვარნიჩიჩი იყო. მეტოქეებმა არაფერი დაუთმეს ერთმანეთს, ფინალის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი მეტოქემ იყოჩაღა, ქართველის მოდუნებით ისარგებლა და ოქროს მედლის მომტანი ქულა მოიპოვა.
ჩემპიონი და მედალოსნები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა. მე კი გეტყვით, რომ გამეზარდაშვილმა წელს უკვე მეოთხე მედალი მოიგო საერთაშორისო სარბიელზე: თებერვალში სამორინში გათამაშებულ კადეტთა ევროპის თასზე მეორე ადგილი დაიკავა; აპრილში, სლოვაკეთის ტეპლიცეში ევროპის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა; ივნისში კი მესამე იყო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც ასევე სკოპიემ უმასპინძლა და რომელიც… ველიკო ვარნიჩიჩმა მოიგო.
გამეზარდაშვილის მსგავსად, ფესტივალის ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა ჩვენი გუნდის მედროშე გიორგი მუმლაძე (81კგ), რომელიც ერთი თვის წინ ამავე დარბაზში ევროპის ჩემპიონი გახდა 18-წლამდელებში.
მუმლაძემაც მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელ ამინ მეჰდიევს სძლია. შემდეგ შვეიცარიელი სულეიმან რიხნერი ჩამოიშორა გზიდან, ნახევარფინალში კი უკრაინელ მიხაილო სოლიანუკს დაეჭიდა. მათი ორთაბრძოლა ათ წუთზე დიდხანს გაგრძელდა! თუ არ ვცდები, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა ძიუდოისტთა ტურნირზე. სამწუხარო კი ისაა, რომ ფინალის საგზური მეტოქეს დარჩა – დაღლილ-დაქანცულმა სოლიანუკმა მარტივი ილეთით აჯობა ჩვენი გუნდის ლიდერს. გადამწყვეტი ორთაბრძოლა უკრაინელმა დათმო, გიორგიმ კი იოლად მოიგო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა, სლოვენიელ ალექს კრივეცს მოხდენილი ილეთით აჯობა. გამეზარდაშვილის არ იყოს, სკოპიე 2025-ის ბრინჯაო მუმლაძისთვისაც მეოთხე მედალია 2025 წელს გამართულ საერთაშორისო ასპარეზობებში.
დღეს კიდევ ერთი ქართველი ვიხილეთ, ნანა გულბიანი, თუმცა ის 63კგ წონითი კატეგორიის ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა, სლოვენიელმა პაულინა სელანმა აჯობა.
ძიუდოისტები ხვალ დაასრულებენ პირად პირველობებს. 25 ივლისს ერთბაშად ოთხი ქართველი იჭიდავებს: ნინი ძაგანია (70კგ), ბარბარე გელაშვილი (+70კგ), გიორგი ზურაბიშვილი (90კგ) და იოანე აბალაკი (+90კგ), 26 ივლისს კი შერეულ გუნდებს შორის გათამაშდება მედლები.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური გუნდიდან დღეს ყველაზე ადრე მძლეოსანმა მათე მეჯიდოვმა იასპარეზა. ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნული სტადიონი მძლეოსანთა შეჯიბრებებს მასპინძლობს და მათეც სამმხტომელთა შორის ვიხილეთ. მისი საუკეთესო შედეგი 13 მეტრი იყო, რაც მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სამი ქართველი ვიხილეთ ტაეკვონდოს ტურნირში. ვაჟთა შორის 55კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ უკლებამ პირველი წრის შეხვედრა შვედ კევინ იოჰანსონთან 2:0 მოიგო, მერვედფინალში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა ესპანელ ხაირო აგენხოსთან. 63კგ წონაში საბა ბეგიაშვილმა იბრძოლა. პირველ მეტოქეს მანაც სძლია, 2:1 აჯობა ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ემირ დემიჩს, შემდეგ კი სომეხ სტიოპა იერემიანთან მოეცარა ხელი, 0:2. რაც შეეხება ანასტასია გურეშიძეს (55კგ), მან პირველივე ორთაბრძოლა დათმო – 0:2 ხორვატ ოზანა რადიჩთან.
ველომრბოლებმა სკოპიე 2025 დღეს დაასრულეს კუმანოვოში საგზატკეცილო რბოლით. იუგოსლავიის მოედანზე მოწყობილ სტარტზე 99 სპორტსმენი გავიდა. ქართველების შედეგი ასეთია: ლუკა მაზმიშვილი – 50-ე ადგილი, მათე ფირანიშვილი – 66-ე, ზურა კილაძე – 68-ე.
25 ივლისს ძიუდოისტების გარდა სანდრო ხოსიტაშვილს და ლიზი აღნიაშვილს (ტყვიის სროლა), ნიკა ღოღობერიძეს (ტაეკვონდო), ანასტასია მიქელაშვილს და სალი შჩერბაევას (ცურვა), კონსტანტინე კორძახიას (მძლეოსნობა – ბადროს ტყორცნა) და ტანმოვარჯიშეებს მარია ჟვანიას, მარიამ პატარიძეს და ლიზი გვალიას ვიხილავთ. ეს სამეული, შეგახსენებთ, ხორვატიაში, ქალაქ ოსიეკში იასპარეზებს.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 24 ივლისი
სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი