სოკრატესი – ფეხბურთის დოქტორი

პარასკევს, 2 დეკემბერს, სოკრატესი სან პაულუს ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალში დააწვინეს. მეუღლემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ის საჭმლით მოიწამლა.
შაბათს, 3 დეკემბერს, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და პაციენტის მდგომარეობა უმძიმესად შეაფასა. მალე ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.
კვირას, 4 დეკემბერს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გარდაიცვალა.

რამდენიმე საათში სან პაულუს კორინთიანსმა, სადაც სოკრატესმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, პალმეირასთან 0:0 ითამაშა და 6-წლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო და არც ჩემპიონობა აღნიშნულა განსაკუთრებით.

„ყველა კორინთიანსელისთვის მძიმე დღეა – ჩვენ სიმბოლო დავკარგეთ. ჩემპიონის ტიტული ყველაზე უმნიშვნელო რამაა, რაც მისთვის გავაკეთეთ“, – თქვა ლიედსონმა, კლუბის საუკეთესო თავდამსხმელმა.

ლეგენდის ხსოვნას ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმაც მიაგო პატივი: „ის თანაბრად წარმატებული იყო მინდორზე და სტადიონს მიღმა. ვერ ვიხსენებ ფეხბურთელს, ვინც ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამშობლოსთან და ხალხთან“.

„გამორჩეული ადამიანი იყო. მასზე, როგორც მოთამაშეზე ხანგრძლივად საუბარი არაა საჭირო – დიდებული გახლდათ! სოკრატესი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვის გვერდითაც კი ოდესმე მითამაშია“, – მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ზიკო სელესაოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, სოკრატესი – გუნდის კაპიტანი.

„სამწუხაროა, როცა ასეთ გამორჩეულ და თანამედროვე პიროვნებაზე წარსულში საუბრობ. ის ჩემი კარიერის ნაწილია და გული მწყდება, რომ ახლა მხოლოდ მოგონებები დამრჩა“, – პაოლო როსიმ 1982 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე სოკრატესის ბრაზილიას ჰეთ-თრიქი შეუსრულა. იმ დიდებულ მატჩში იტალიელის პირველ გოლს სწორედ ბრაზილიელთა გუნდისთავმა უპასუხა ზიკოსთან გათამაშებული ლამაზი კომბინაციით და  ტყვიასავით გამჭოლი დარტყმით…

სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა 57 წლისა იყო.

მას მეუღლე და 6 შვილი დარჩა.

სოკრატესიუნგრეთის 1954 და ჰოლანდიის 1974 წლების ნაკრებ გუნდებთან ერთად ბრაზილია 1982 იმ უძლიერეს უიღბლოთა შორის ასახელებენ, რომლებმაც ფიფას ოქროს თასი ვერ მოიგეს.

სოკრატესმა ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე: 1982 წელს მისი სელესაო მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შეაჩერა იტალიამ, 1986 წელს კი ბრაზილიას მეოთხედფინალში საფრანგეთი გადაეღობა: ევროპის ჩემპიონებთან მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში სოკრატესს ფრანგთა მეკარე ჟოელ ბატსმა აჯობა.

„პირველივე სანაკრებო შეკრებაზე მიიქცია ყურადღება. ნოვატორი იყო, აზრის გამოთქმას არ ერიდებოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავი ფეხბურთელისგან განსხვავებით, თანაგუნდელებს კი არ ეკამათებოდა, პირიქით, პრობლემის არსს თანმიმდევრულად, დაწვრილებით უხსნიდა. მას გუნდის ასანთებად ყვირილი და მკერდზე მუშტის ცემა არ სჭირდებოდა – ერთ-ორ სიტყვას იტყოდა და ნაკრებიც მზად მყავდა. ასეთი მოთამაშისთვის კაპიტნის სამკლავური ზედგამოჭრილი იყო“, – ტელე სანტანა, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. სოკრატესმა სელესაოში პირველად 1979 წელს, ესპანეთი 82-მდე 3 წლით ადრე ითამაშა…

გამორჩეული რომ იყო, ამას ყველა ხვდებოდა: სანამ მედიცინის დოქტორის ხარისხი არ მოიპოვა, უნივერსიტეტში სწავლა არ დაასრულა. მისი თაობის ფეხბურთელები კერპებად გარინჩას და პელეს ასახელებდნენ, ის კი ამბობდა, რომ ფიდელ კასტრო, ჩე გევარა და ჯონ ლენონი არიან მისაბაძები. რატომ? „კასტრო, ჩე და ლენონი თავისუფალი კაცები არიან, ცხოვრების აზრი კი სწორედ თავისუფლებაშია“, – ამბობდა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ მაღალი და ტანხმელი, ლამის ორმეტრიანი (193სმ) ბრაზილიელი.

ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, ბოტაფოგოში თამაშისას თქვა, რომ ფულის გამო ევროპაში არასდროს ითამაშებდა, მაგრამ ერთი სეზონი მაინც გაატარა ბებერ კონტინენტზე: 1984-85 წლებში იტალიის სერია ა-ში, ფიორენტინაში ითამაშა, თუმცა როგორც თავად ამბობდა, წინასწარ დაგეგმილ ცხოვრებას ვერ გაუძლო და სამშობლოში დაბრუნდა – ვერ შეეგუა შესვენებისას სიგარის მოწევა რომ დაუშალეს და არც ლუდის აკრძალვა მოიწონა.

ფიორენტინამდე კორინთიანსი იყო, სადაც 297 მატჩში 172 გოლი გაიტანა.

მის მიერ იქვე დაწყებული მოძრაობა, რომელიც დღეს „კორინთიანსის დემოკრატიის“ სახელითაა ცნობილი, ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ისტორიებს განეკუთვნება.

ერთ მშვენიერ დღეს სოკრატესმა მთელი გუნდი შეკრიბა და კორინთიანსში მართვის იდეალური სისტემა დაამკვიდრა: მოთამაშეები პრობლემებს ადმინისტრაციასთან ერთად, მარტივად, ხელის აწევით წყვეტდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამლაგებლის, ფეხბურთელის და პრეზიდენტის სიტყვას ერთი წონა ჰქონდა.

პირველი, რაც ამ ხერხით სოკრატესმა დაძლია, „კონსენტრაშაუ“ იყო – იმ წლებში მიღებული წესი, რომელიც მატჩამდე ორი დღით ადრე გუნდის სასტუმროში გამოკეტვას გულისხმობდა.

სოკრატესის ინიციატივა მალე გაცდა საფეხბურთო სამყაროს ფარგლებს და ძალიან დიდი როლი ითამაშა ბრაზილიაში ათწლეულების განმავლობაში გამეფებული დიქტატორული რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხებაში: 1982 წლის ნოემბერში, მიუხედავად ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის გაფრთხილებისა, ჩემპიონატის მატჩების დროს ფეხბურთელები მაისურებზე წარწერებით მოუწოდებდნენ გულშემატკივრებს მოახლოებულ არჩევნებში აქტიურობისკენ. წლის მიწურულს, როცა კორინთიანსმა სან პაულუს შტატის ჩემპიონატი მოიგო, მოთამაშეებს შავ მაისურზე უკვე სიტყვა „დემოკრატია“ ეწერათ…

2002 წელს სოკრატესი ლიბიაში პოლკოვნიკ მუამარ კადაფის ესტუმრა. რამდენიმე დღეში ლიბიის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ დოქტორი სოკრატესი ბრაზილიის პრეზიდენტი გახდება, ამით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.

2004 წელს, მწერლობას შეჭიდებული ჭაღარაშეპარული 50 წლის ლეგენდა ფეხბურთს დაუბრუნდა – ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიგის კლუბ გარფორტ თაუნთან ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმა, 20 ნოემბერს ტედქასთერ ალბიონთან 12 წუთიც ითამაშა, თუმცა მოედანზე მეტი აღარ გასულა.

გარდაცვალებამდე სოკრატესი მშობლიურ რიბეირაო პრეტოში მის მიერვე დაარსებულ კლინიკაში მუშაობდა, პარალელურად კი რამდენიმე ჟურნალ-გაზეთში საავტორო სვეტებს აქვეყნებდა.

სოკრატესის ინტერვიუებიდან
…როცა ბრაზილიელად იბადები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლით მიდიხარ სხვაგან. ბრაზილია მუდმივად ცხოვრობს შენში. ბრაზილია – ეს ცხოვრების წესია!
…დღეს რომ პოპულარული ვარ, ეს მილიონობით გულშემატკივრის დამსახურებაა. ამიტომ, თუ ჩემ ხალხს რაიმეს თქმა უჭირს, მათ ნაცვლად ვისაუბრებ.
…ფეხბურთში მოგება სულაც არ არის მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებაა! როგორ ფიქრობთ, ვინსენტ ვან გოგისთვის ან ედგარ დეგასთვის რომ ეთქვათ, თავიანთი ხელოვნებით რამდენს მიაღწევდნენ, შეძლებდნენ კი ჩვეულად ხატვას? საქმეს არტისტულად უნდა მიუდგე – მხოლოდ გამარჯვებაზე არ უნდა იფიქრო.
…დღეს ბავშვებს შთააგონებენ, რომ ფეხბურთით გამდიდრდებიან და პოპულარულნი გახდებიან, მაგრამ მთავარს, რატომღაც, გვერდს უვლიან: ფეხბურთი საუკეთესო საშუალებაა ცხოვრების არსის გასაგებად.
…როცა ერთ-ერთ ვაჟს ფიდელი დავარქვი, დედაჩემმა შემომჩივლა, ბავშვს მძიმე ტვირთი გაუმზადეო. გამეცინა და ვუთხარი, დედა, გახსოვს შენ და მამამ რა დამარქვით?! მამაჩემს ფანატიკურად უყვარდა ძველბერძნული კულტურა და მე და ორ ძმას ბერძენი ფილოსოფოსების სახელები დაგვანათლა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 12-18 დეკემბერი)

ka_GEGeorgian