სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა რაფაელ ჩიმიშკიანი დააჯილდოვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიურ ჩემპიონ რაფაელ ჩიმიშკიანს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური ჯილდო გამოუგზავნა.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე რაფაელ ჩიმიშკიანს სოკ-ის პრეზიდენტის საჩუქარი სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.
90 წლის ჩემპიონს ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებმა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და სხვა საპატიო სტუმრებმაც უმასპინძლეს.
რაფაელ ჩიმიშკიანმა 90 წლის იუბილე 23 მარტს იზეიმა. ის ჰელსინკის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი და ევროპირველობის 6-გზის გამარჯვებული.
1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადის ოქრო რაფაელ ჩიმიშკიანმა სამჭიდის ჯამში მსოფლიოს რეკორდით მოიგო – 337,5 კილოგრამი დაძლია!
რაფაელ ჩიმიშკიანი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნადაა აღიარებული, 2003 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 ივლისი)
ფოტო: www.msy.gov.ge