სპორტის ისტორიული თარიღები: პირველი ოთხმაგი დუბლი NBA-ში
18 ოქტომბერი გამორჩეული დღეა საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ისტორიაში: 1974 წლის 18 ოქტომბერს პირველად დაფიქსირდა ოთხმაგი დუბლი!
ატლანტა ჰოქსთან დამატებით დროში 120:115 მოგებულ შეხვედრაში ჩიკაგო ბულსის ახალწვეულმა ნეით თერმონდმა 22 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 12 დაფარება მიითვალა, რითაც სამუდამოდ შეაბიჯა ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ლიგის ისტორიაში. არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ თამაშის გმირმა იმ დღეს პირველად ითამაშა „ხარების“ მაისურით.
როცა ოთხმაგ დუბლებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ 1973-1974 წლების სეზონამდე NBA-ში დაფარებებს არ ითვლიდნენ, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ვინმემ მანამდეც შეძლო მსგავსი რამ. თუმცა ფაქტი ის არის, რომ პირველი ოთხმაგი დუბლის ავტორი სწორედ თერმონდი გახლდათ.
ჩიკაგოში ის ვარსკვლავის სტატუსით მივიდა, მანამდე თერთმეტი სეზონი გაატარა გოლდენ სტეიტ (სან ფრანცისკო) უორიორზის შემადგენლობაში, სადაც ერთ-ერთი ლიდერი იყო. წლების შემდეგ კლუბმა მას სამუდამოდ მიაკუთვნა სათამაშო ნომერი – 42. იგივე განმეორდა კლივლენდ კეველიერსშიც, სადაც თერმონდი ბულსში გატარებული ორი სეზონის შემდეგ გადავიდა. აი ჩიკაგოელებმა კი პირველი ოთხმაგი დუბლის ავტორს მსგავსი პატივი, რატომღაც არ მიაგეს.
ლეიკემიით დაავადებული ნეით თერმონდი 2016 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. კალათბურთელი, რომელიც NBA-იმ 50 და 75 წლის იუბილეებთან დაკავშირებით ყველა დროის რჩეულთა შორის დაასახელა, მომდევნო სამ ოთხმაგ დუბლს მოესწრო:
1986 წლის 18 თებერვალს, ფინიქს სანსთან 120:114 მოგებულ მატჩში, ელვინ რობერტსონმა (სან ანტონიო სფერზი) 20 ქულით, 11 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით და 10 ჩაჭრით გამოიჩინა თავი;
1990 წლის 29 მარტს ჰაკიმ ოჯალუვონმა (ჰიუსტონ როკეტსი) მილუოკი ბაქსთან შეხვედრაში (120:94) 18 ქულა, 16 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 11 დაფარება მიითვალა;
ჯერჯერობით ბოლო, მე-4 ოთხმაგი დუბლი კი სან ანტონიო სფერსის „ადმირალმა“, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის „ოცნების გუნდის“ ერთ-ერთმა წევრმა დევიდ რობინსონმა შეასრულა. 1994 წლის 17 თებერვალს, როცა მისმა კლუბმა 115:96 სძლია დეტროიტ პისტონსს, სან ანტონიოელთა ცენტრმა 34 ქულის და 10-10 მოხსნის, შედეგიანი გადაცემის და დაფარების შემდეგ დატოვა პარკეტი.
ვერ გეტყვით ვიხილავთ თუ არა კარსმომდგარ სეზონში ოთხმაგ დუბლს (2026-2027 წლების ჩემპიონატი ორ დღეში დაიწყება), მაგრამ ახლო წარსულში ამ საოცარ შედეგთან ყველაზე ახლოს კიდევ ერთი გოლდენსტეიტელი, დრეიმონდ გრინი იყო. 2017 წლის 10 თებერვალს, მემფის გრიზლისთან თამაში მან 12 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 10 ჩაჭრით და… მხოლოდ 4 ქულით დაასრულა.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 18 ოქტომბერი
