სსჟა: 2022 წლის რჩეულები
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ განვლილი წელი შეაჯამა და გამორჩეული ათლეტები დაასახელა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სასტუმრო პულმენში გაიმართა.
2022 წლის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს. მსოფლიოს და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა, რაც ცხადია, რეკორდია. 2016-2017 წლებში მან ერთიან გამოკითხვაში დაიკავა პირველი ადგილი, 2018, 2019, 2021 და 2022 წლებში კი ვაჟთა შორის. 2020 წლის რეფერენდუმი, ცნობილი მიზეზის გამო, არ ჩატარდა.
ლაშა ტალახაძემ 156 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველი ნომერი ტატო გრიგალაშვილი გავიდა (141), ხოლო მესამე ადგილი საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ხვიჩა კვარაცხელიას ხვდა წილად (112).
2018 წლიდან ასოციაცია ქალთა შორის საუკეთესოსაც ავლენს და ამ ნომინაციაში პირველი ადგილი ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს ხვდა წილად (75). მეორე ადგილი ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ დაიკავა (64), ხოლო მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი 23 ქულით მესამე გახლდათ.
ეთერ ლიპარტელიანმა ზედიზედ მესამედ მოიგო საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით. მან 2019 და 2021 წლებშიც პირველი ადგილი დაიკავა.
2022 წლის ნომერ პირველი ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია გახდა 36 ქულით. მეორე ადგილზე ალექსანდრე წივწივაძე გავიდა (28), ბატუტზე მხტომელი ანანო აფაქიძე კი მესამე იყო (26). ეს ხვიჩას ზედიზედ მეორე ტრიუმფია ამ ნომინაციაში.
წლის მწვრთნელის წოდება ძალოსანთა ნაკრების თავკაცს გიორგი ასანიძეს ხვდა წილად (46). ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო) მეორე გახლდათ – 41, ხოლო მორაგბეთა ეროვნული გუნდის დამრიგებელი ლევან მაისაშვილი მესამე (39).
თავის დროზე გიორგი ასანიძემ სამჯერ მოიგო სსჟა-ს ვერსიით წლის სპორტსმენის წოდება, ხოლო წლის მწვრთნელის ტიტული მეხუთედ მოიპოვა – 2016, 2017, 2018, 2019, 2022.
სსჟა-ს რეფერენდუმში მონაწილე 73-მა ჟურნალისტმა 2022 წლის უძლიერეს გუნდად ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დაასახელა (67). მეორე ადგილზე მორაგბეები გავიდნენ (66), ხოლო წყალბურთელებმა (15) მესამე ადგილი დაიკავეს.
ჟურნალისტებმა მეორედ გამოავლინეს წლის პარასპორტსმენები. მთავარი პრიზი ამჯერად ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს ხვდა წილად. შარშანდელი გამარჯვებული ნინა თიბილაშვილი (ეტლით ფარიკაობა) მეორე იყო, ვაჟთა შორის კი საუკეთესოდ აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი) დასახელდა.
წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი სპორტსმენი:
2022 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
2021 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
2020 – არ ჩატარდა
2019 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
2018 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო ოძელაშვილი (სამბო)
ერთიანი რეფერენდუმის გამარჯვებულები:
2017 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); 2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); 2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 2014 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო); 2013 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო); 2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო); 2011 – მამუკა გორგოძე (რაგბი); 2010 – დავით ზირაქაშვილი (რაგბი); 2009 – მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო); 2007 – რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2006 – ზაზა კედელაშვილი (ძიუდო); 2005 – რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო); 2003 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა); 2002 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა); 2001 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); 2000 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); 1999 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); 1998 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა); 1997 – გიორგი კანდელაკი (კრივი); 1996 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა); 1995 – გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო); 1994 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები; 1993 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა); 1992 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა); 1991 – არ ჩატარდა; 1990 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1989 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); 1988 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); 1987 – ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა); 1986 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი); 1985 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1984 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი); 1983 – თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 1982 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები; 1981 – რამაზ შენგელია (ფეხბურთი); 1980 – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა); 1979 – თემურ ხუბულური (ძიუდო); 1978 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი); 1977 – დავით კვაჭაძე (კრივი); 1976 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა); 1975 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი); 1974 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1973 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1972 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა); 1971 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა); 1970 – თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა); 1969 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი); 1968 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა); 1967 – მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი); 1966 – ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი); 1965 – ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი); 1964 – სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 31 იანვარი)
ფოტო: ძალოსნობის ფედერაცია