სტადიონები: სან სირო

თითზე ჩამოსათვლელია სტადიონები, სადაც ერთდროულად ორი კლუბი თამაშობს. მილანის სან სირო ერთერთი ასეთია – იტალიის სამი გრანდიდან ორი, მილანი და ინტერი სწორედ აქ მასპინძლობენ მეტოქეებს.
სან სირო ერთერთია იმ სარბიელთაგან, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია უეფამ მაქსიმალური შეფასება – 5 ვარსკვლავი მიანიჭა და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების მასპინძლობის უფლება დართო.
და რაც არანაკლებ ხაზგასასმელია, სწორედ ეს სტადიონია მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო დერბის მასპინძელიმილანური გრანდების პაექრობა, იგივე მადონინა, სან სიროს ხასხასა ბალახზე ტარდება.

საინტერესოა სტადიონის ისტორია: XX საუკუნის 20-იან წლებში მილანის პრეზიდენტმა პიერო პირელიმ გუნდისთვის სარბიელის მოწყობა გადაწყვიტა და ქალაქის გარეუბანი სან სირო შეარჩია, ადგილი, სადაც იმხანად იპოდრომი იყო გამართული.

საფეხბურთო სარბიელის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო, 1926 წლის 19 სექტემბერს კი პირველი შეხვედრა გაიმართა: 30 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ინტერმა მილანს 6:3 სძლია.

თუ სან სირო თავდაპირველად მხოლოდ 26 ათას გულშემატკივარს იტევდა, 1939 წლისთვის ნაგებობას პირველი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა – ტრიბუნების სიგრძე გაიზარდა და ტევადობაც 55-ათასამდე ავიდა.

იმავე წელს იტალიის ნაკრებმა ინგლისს და გერმანიას სწორედ სან სიროზე უმასპინძლა. ალბიონელებთან დაპირისპირებას 55 ათასი ქომაგი დაესწრო, გერმანელებთან ჭიდილს – მეტი.

პიერო პირელის ჩანაფიქრით, ახალ სტადიონზე მხოლოდ მილანს უნდა ეთამაშა, თუმცა 1947 წლიდან ამავე სარბიელზე დაბინავდა ინტერი – შავ-ლურჯები საწყის წლებში ქირას იხდიდნენ, დღეს კი ორივე გუნდი ნაგებობის თანამფლობელია.

მოგვიანებით სტადიონს ოფიციალურად მიენიჭა ჯუზეპე მეაცას სახელი, ფეხბურთელისა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები მილანსა და ინტერში გაატარა, თუმც უფრო დიდ წარმატებას ამ უკანასკნელში მიაღწია. სხვათა შორის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მეაცამ კარიერა სწორედ 1947 წელს დაასრულა, მაშინ, როცა ინტერმა სტადიონის დაქირავება დაიწყო…

1952 წლის 25 აპრილს იტალიის ნაკრებმა სან სიროზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ბრაზილიას უმასპინძლა. ვირჯილის დუბლის და დე სორდის ზუსტი დარტყმის წყალობით სკუადრა აძურამ 3:0 სძლია მეტოქეს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ამ შეხვედრას 125 ათასი გულშემატკივარი დაესწრო! იმ დროს 4 ტრიბუნიდან მხოლოდ დასავლეთისაზე იყო დასაჯდომი ადგილები და ისიც საპატიო სტუმართა ლოჟაში…

სან სირო

რეკონსტრუქციამდე… ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი – სან სირო

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან სან სირო საერთაშორისო საკლუბო ტურნირების ფინალებს მასპინძლობს: 1963, 1964, 1965 და 1969 წლებში მილანმა და ინტერმა საკონტინენტთაშორისო თასზე საშინაო შეხვედრები აქ ჩაატარეს. იგივე მოხდა 1991, 1994, 1995 და 1997 წლებში, თუმცა უეფას თასის გათამაშებაში (იმხანად ფინალი ორმატჩიანი იყო), 1965, 1970 და 2001 წლებში კი აქვე გაიმართა ჩემპიონთა თასის გადამწყვეტი მატჩები: 1965 წელს ინტერმა ლისაბონის ბენფიკას სძლია; 5 წლის შემდეგ თასი როტერდამის ფეიენოორდმა აღმართა – თასის 1967 წლის მფლობელი გლაზგოს სელტიკი დაამარცხა; 2001 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნმა ვალენსიას პენალტების სერიაში აჯობა.

1985 წელს, ბრიუსელში, ჩემპიონთა თასის ფინალის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უეფამ უსაფრთხოების ზომები გაამკარცა, რამდენიმე მოთხოვნა კი ყველა სტადიონისთვის სავალდებულო გახდა. სან სიროზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება სწორედ ბრიუსელის ტრაგედიის გამოძახილი იყო. იმავდროულად გაირკვა, რომ სან სიროს მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მატჩებისთვისაც უნდა ემასპინძლა და ქალაქის საბჭომ თავის მხრივ 30 მილიონი დოლარი გამოყო რეკონსტრუქციისთვის.

იტალია 90-თვის ტრიბუნების გარშემო აიგო 11 კოშკი, მათ შორის თითო-თითო ოთხივე კუთხეში, რომლებზეც სახურავი და განათება დამონტაჟდა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნებზე იარუსების რაოდენობა სამამდე გაიზარდა და ყველგან სკამები დამონტაჟდა. საერთო ჯამში სტადიონის რეკონსტრუქციას 55 მილიონი დოლარი მოხმარდა.

1990 წლის ზაფხულში ნაგებობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა: მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია და პირველი მატჩი, კამერუნი-არგენტინა, სწორედ იქ შედგა.

დღეს სან სიროს ტევადობა 85 700-ია. პრეს-სექტორი 400 ჟურნალისტზეა გათვლილი, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის და კომპანიებისთვის კი 20 ვიპ-ლოჟაა გამოყოფილი, საერთო ჯამში 200 სტუმრისთვის.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ნაგებობა გულშემატკივრებს თითქმის ყოველ კვირა ფართოდ უღებს კარს და ძველებურად დიდი სიამოვნებას ანიჭებს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალიდანსაკლუბო გრანდებიმილანი; 2010)

ka_GEGeorgian