სტადიონები: უემბლი

ფეხბურთის ისტორიას ბევრი სტადიონი ახსოვს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ამ მშვენიერი თამაშის განვითარებაში, მაგრამ ვეჭვობ მნიშვნელობით რომელიმე უემბლის აღემატებოდესგაერთიანებული სამეფოს უპირველესი სტადიონი წარსულით და აწმყოთი, სხვათათვის მიუწვდომელია. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეა.
უპირველესი თამაშის მეფე პელემ უემბლის ფეხბურთის სადიდებლად აგებული ტაძარი უწოდა, ჟურნალისტებმა კი თანამედროვე ნაგებობა, რომელიც მრავალმხრივ პირველია მსოფლიოში, ლეგენდების სარბიელად მონათლეს.
დღევანდელი უემბლი, რომლის რეკონსტრუქციაც 7 წელიწადი გაგრძელდა (სტადიონის ღირებულებამ 1,5 მილიარდი ევრო შეადგინა), წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავდება და XXI საუკუნის ყველა მოთხოვნას პასუხობს. მაგრამ სანამ ამ ნაგებობაზე მოგითხრობთ, მოდით ის ძველი და კეთილი უემბლი გავიხსენოთ, უამრავ საინტერესო ასპარეზობას რომ უმასპინძლა და სადაც, სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმაც ითამაშა: 1997 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. მაშინ ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი გლენ ჰოდლის გაწვრთნილ ინგლისთან 0:2 დამარცხდაირაკლი ზოიძის კარი ჯერ ტედი შერინგემმა, შემდეგ კი ლეგენდარულმა ალან შირერმა დალაშქრა.

1923 წელს ლონდონს ბრიტანეთის იმპერიის გამოფენისთვის უნდა ემასპინძლა და რადგანაც დედაქალაქში საკმარისად ტევადი არენა არ არსებობდა, ახალი სტადიონის აგება დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, უემბლიში გადაწყდა.

ავტორიტეტულმა კომისიამ სერ ჯონ სიმპსონის და მაქსველ ეირტონის პროექტი მოიწონა, მთავარ ინჟინრად სერ ოუენ უილიამსი დაამტკიცა, მშენებლობას კი სერ რობერტ მაკალპინი ჩაუყენა სათავეში.

თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ სტადიონი ღონისძიების დასრულებისთანავე უნდა დანგრეულიყო, თუმცა შენობა გადარჩა – გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, შოტლანდიელმა სერ ჯეიმს სტივენსონმა ძალ-ღონე არ დაიშურა სარბიელის საშველად.

1923 წლის 28 აპრილს, მშენებლობის დაწყებიდან ზუსტად მე300 დღეს, უემბლი, უფრო სწორად კი ბრიტანეთის იმპერიის საგამოფენო სტადიონი (ნაგებობის ოფიციალური სახელწოდება სწორედ ეს იყო) მეფე გეორგ V გახსნა.

არენის ფასი იმ დროისთვის ასტრონომიული იყო – 750 ათასი გირვანქა! ტყუპი კოშკები იმთავითვე იქცა სარბიელის სიმბოლოდ, სამეფო ლოჟამდე მისასვლელი 39 საფეხურის ავლაზე კი ყველა სპორტსმენი ოცნებობდა – გუნდებს მთავარ ჯილდოებს სწორედ ამ „წინაღობის დაძლევის“ შემდეგ გადასცემდნენ.

სწორედ იმ დღეს, 1923 წლის 28 აპრილს შედგა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი, რომელიც ისტორიას თეთრი ცხენის ფინალის სახელწოდებით შემორჩა: ბოლტონ უონდერერსის და ვესტ ჰემ იუნაიტედის გადამწყვეტი შეხვედრის სანახავად უემბლის ათეულობით ათასი გულშემატკივარი მიაწყდა – სტადიონზე შესასვლელი ყველა, 104ვე ჭიშკარი გაიღო და საბოლოოდ, ტერიტორიაზე იმაზე მეტი ქომაგი აღმოჩნდა, ვიდრე შენობა იტევდა.

უემბლის ოფიციალური ტევადობა იმ დროისთვის 127 ათასი იყო, თუმცა თუ საარქივო მასალებს დავუჯერებთ, ხსენებულ ფინალს თითქმის 200 ათასი გულშემატკივარი დაესწრო…

და რა შუაშია თეთრი ცხენი?

ის გულშემატკივრები, რომლებიც ტრიბუნებზე ვერ მოკალათდნენ, მოედანზე გადავიდნენ, რის გამოც ფინალის დაწყება დაგვიანდა. ორგანიზატორები თამაშის გადადებას ფიქრობდნენ, თუმცა ბედად, თეთრ ცხენზე – ბილიზე ამხედრებულმა პოლიციის კონსტებელმა ჯორჯ სკორეიმ შეძლო წესრიგის დამყარება და მალე ხალხმა მინდვრის გარშემო გადაინაცვლა.

45 წუთის დაგვიანების შემდეგ ბოლტონ უონდერერსმა და ვესტ ჰემ იუნაიტედმა ფინალი გაითამაშეს, მოგვიანებით კი, ლონდონის მერიის გადაწყვეტილებით, სტადიონთან ახლომდებარე ერთ-ერთ ხიდს თეთრი ცხენის სახელი ეწოდა.

1923 წლიდან დაწყებული 2000 წლის ჩათვლით (სანამ სარბიელი სარეკონსტრუქციოდ დაიხურებოდა), უემბლიმ ინგლისის თასის ყველა ფინალს უმასპინძლა. მხოლოდ ერთხელ, 1970 წელს მოხდა, რომ გადამწყვეტი თამაში არა უემბლიზე, არამედ მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე გადათამაშდა – ჩელსიმ ლიდს იუნაიტედს სძლია…

უემბლი, 1935 წელი

ასოციაციის თასის ფინალების გარდა უემბლი ლიგის თასის გადამწყვეტი მატჩების მასპინძლადაც მოგვევლინა, იქვე იმართებოდა დივიზიონების ფლეი-ოფები და ახალგაზრდულ გუნდებს შორის ასოციაციის თასის ფინალები, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ უემბლი ინგლისის საფეხბურთო ნაკრების საშინაო არენად იქცა: ნისლიანი ალბიონის შვილებმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ტყუპი კოშკების წინ მოიპოვეს – მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონის ფინალში გფრის ნაკრებს 4:2 სძლიეს და პირველად და, ჯერჯერობით, ბოლოჯერ აღმართეს ფიფას ოქროს თასი!

ფეხბურთის სადიდებლად აგებულმა ტაძარმა 5ჯერ უმასპინძლა ჩემპიონთა თასის ფინალებს: 1963 წელს მილანმა ბენფიკას სძლია; 5 წლის შემდეგ ბასბის ჩვილებმა იმავე ბენფიკა გაანადგურეს; 1971 წელს ამსტერდამის აიაქსმა პანათინაიკოსი დაამარცხა; 1978 წელს ლივერპულმა იმარჯვა ბრიუგესთან ორთაბრძოლაში, 1992 წელს კი ბარსელონამ სამპდორიას ძლევით პირველად აღმართა ეს თასი.

1948 წელს უემბლი ლონდონში გამართული ოლიმპიური თამაშების მასპინძელ არენადაც მოგვევლინა, 1965 და 1993 წლებში კი იქვე შედგა თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტი მატჩები – ჯერ ვესტ ჰემ იუნაიტედმა სძლია მიუნხენ 1860ს, 1993 წელს კი პარმამ ბელგიის ანტვერპენი დაამარცხა.

ეს უნიკალური არენა კიდევ ერთი ფაქტის გამოა ფეხბურთის ისტორიაში შესული: სწორედ უემბლი გახდა პირველი „ოქროს გოლის“ მოწმე – ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანელებმა ჩეხებს ოლივერ ბირჰოფის „მომაკვდინებელი დარტყმით“ სძლიეს…

უემბლი 2000 წლის 7 ოქტომბერს დაიხურა ინგლისის და გერმანიის ნაკრებთა ოფიციალური მატჩით – მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შეხვედრა სტუმრებმა დიტმარ ჰამანის ერთადერთი გოლით მოიგეს. მაშინ მასპინძელთა გუნდს ლეგენდარული კევინ კიგანი ხელმძღვანელობდა.

სხვა რა ვთქვა ძველ უემბლიზე?

ალბათ ის, რომ ინგლისელთა კაპიტანი ტონი ადამსი ლიდერია ამ სტადიონზე ჩატარებული მატჩების მიხედვით – უემბლიზე ლონდონელმა მეთოფემ არც მეტი, არც ნაკლები, 60ჯერ იასპარეზა!

და კიდევ: ტყუპი კოშკების წინ გამართულ თასის უკანასკნელ ფინალში ბოლო გოლი ლონდონის ჩელსის იტალიელმა ნახევარმცველმა რობერტო დი მატეომ გაიტანა.

სათქმელია ისიც, რომ 1997 და 1998 წლებში, ნიუკასლ იუნაიტედის შემადგენლობაში, უემბლიზე 2ჯერ ითამაშა თემურ ქეცბაიამ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კლუბი ასოციაციის თასის ორივე ფინალში დამარცხდა.

2007 წლის გაზაფხულზე, 7წლიანი მშენებლობის, უამრავი პრობლემის თუ გამოწვევის დაძლევის შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ახალი უემბლის გასაღები ჩაიბარა, 19 მაისს კი ასოციაციის თასის ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფიდან ლონდონს დაუბრუნდა და ისევე როგორც 2000 წელს, გადამწყვეტ შეხვედრაში ამჯერადაც ჩელსიმ გაიმარჯვა – ლურჯებმა დიდიე დროგბას ერთადერთი გოლით დაამარცხეს მანჩესტერ იუნაიტედი.

1 ივნისს ინგლისის ნაკრებმა პირველად ითამაშა ულტრათანამედროვე სტადიონზე – ბრაზილიელებთან შეხვედრას მასპინძლები ჯონ ტერის გოლით უკანასკნელ წამებამდე იგებდნენ, თუმცა დიეგომ მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი მარცხისგან იხსნა.

აგვისტოში უემბლის ჩერითი შილდი – ინგლისის სუპერთასიც დაუბრუნდა, 2008 წლის თებერვალში კი ლიგის თასიც.

2007 წლის 8 სექტემბერს, ევრო 2008ის შესარჩევ ტურნირში ინგლისმა ისრაელი 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორი მაიკლ ოუენი გახდა პირველი, რომლის გვარიც ძველი უემბლის ტაბლოზეც ეწერა და ახალზეც აენთო…

უეფას მონაცემებით, უემბლი ელიტ-კატეგორიის სტადიონების სიაშია და 5 ვარსკვლავით იწონებს თავს. სხვათა შორის, ინგლისელთა საამაყო ნაგებობა ერთადერთია მსოფლიოში, 90 ათას გულშემატკივარს რომ იტევს და ავდრისგან ყველას იცავს – სტადიონის მოძრავი სახურავი ყველა ამინდში ასპარეზობის საშუალებას იძლევა.

ზოგადი მონაცემები ასეთია: სათამაშო მოედნის სიგრძე 105 მეტრია, სიგანე – 69. სტადიონზე 2 618(!) ტუალეტია, ნაგებობის გარშემოწერილობა კილომეტრს უდრის, ტრიბუნებზე ასასვლელი ესკალატორების საერთო სიგრძე კი 400 მეტრს შეადგენს. თაღი, რომლის სიგრძე 315 მეტრია, სიმაღლე კი 140, ჩრდილოეთ ტრიბუნის სახურავს მთლიანად იჭერს.

უემბლის უდავო პლუსად ითვლება ისიც, რომ სტადიონს მძლეოსანთა შეჯიბრების მასპინძლობაც შეუძლია – პირველი იარუსი მოძრავია. ნაკლად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ მძლეოსანთა ასპარეზობის დროს ტევადობა 60 ათასამდე მცრიდება.

შესანიშნავი სტადიონია, ერთერთი საუკეთესო სპორტული ნაგებობა, რაც კი ოდესმე მინახავს, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც უემბლიზე ბობი მურის, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონთა კაპიტნის ძეგლის გახსნას დაესწრო.

უეფას გადაწყვეტილებით, 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ უემბლიზე გაიმართება.

უემბლი და მუსიკა
1972 წლიდან სტადიონი კონცერტებსაც მასპინძლობს.

სხვადასხვა დროს უემბლიზე უმღერიათ მაიკლ ჯექსონს (16ჯერ), როლინგ სთოუნზს (12ჯერ), მადონას (9ჯერ), ტინა ტერნერს (7ჯერ), ბობ დილანს, ბრაიან ადამსს, ოაზისს, ბილი ჯოელს, აეროსმიტს, მეტალიკას, ბრიუს სპრინგსტინსს, ელტონ ჯონს, პინქ ფლოიდს, ქუინს…

1988 წელს, მაიკლ ჯექსონის მსოფლიო ტურნეს დროს, უემბლიზე ზედიზედ 7ჯერ დაფიქსირდა ანშლაგი – თითოეულ კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა და დაუვიწყარ შოუს 72 ათასი ადამიანი დაესწრო! ეს რეკორდია.

1992 წელს, პოპის მეფის კიდევ ერთი ტურნეს დროს, ზედიზედ 6ჯერ გაიყიდა ყველა ბილეთი. 1997 წელს 3ჯერ მოხდა იგივე, საერთო ჯამში კი, მაიკლ ჯექსონის კონცერტებს უემბლიზე 1,1 მილიონი ადამიანი, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

შარშან, 11 სექტემბერს მადონას კონცერტს 74 ათასი ადამიანი დაესწრო, ბილეთების გაყიდვით შესულმა თანხამ კი 12 მილიონი დოლარი შეადგინა – ეს ძველი და ახალი უემბლის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian