სულაქველიძე Vs მარადონა: 1, 2, 3…

დღეს დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა – ლეგენდარული არგენტინელი 60 წლის გახდა!
ვინ უკეთესია: პელე თუ მარადონა? ამ საკითხზე კიდევ ძალიან დიდხანს ვერ შეთანხმდებიან გულშემატკივრები და მგონი, კითხვას ერთი პასუხი არც არასდროს ექნება. კაცმა რომ თქვას, არცაა აუცილებელი და ამით არაფერი დაშავდება – არც პელეს სიდიადეს დააკლდება რაიმე და მარადონას – მითუმეტეს.
წლების წინ დიეგო არმანდო მარადონა ვეტერან თანაგუნდელებთან ერთად ესტუმრა თბილისს. ის საჩვენებელი მატჩი კარგ მოგონებად ვერ იქცა, თუმცა ამის მიზეზი დიეგო და მისი თანაგუნდელები კი არა, თამაშის ორგანიზატორი უფროა. ყველაფერი უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა…

დღეს, დიეგოს დაბადების დღეს, არგენტინელთა ათიანის და დიდი დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, თენგიზ სულაქველიძის პაექრობებს შეგახსენებთ და მგონი ეს სჯობს იმ ვერშემდგარი მატჩის მოგონებას.
სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს რამდენიმე ინტერვიუში შეეხო და სწორედ იმ ჩანახატებიდან ამოკრეფილი ფრაზებით მოგაგონებთ ქართველის და არგენტინელის ისტორიულ პაექრობებს:

…დიეგოს ჩემი დახასიათება არ სჭირდება: ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დონის მოთამაშე იყო – ის ძალიან დიდი გახლდათ!

…ულევი ჯანის პატრონი იყო! წამით მოადუნებდი ყურადღებას და მორჩა, დამთავრებული იყო ყველაფერი: ან ვინმეს გაიყვანდა მეკარესთან პირისპირ, ანაც კარისკენ გაისროდა.

…მის წინააღმდეგ ორჯერ არგენტინაში ვითამაშე, ერთხელ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო ტურნირზე.

…ჩვენი პირველი პაექრობა 1980 წლის 4 დეკემბერს შედგა. დიეგო ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ მას უკვე კარგად იცნობდნენ. ამხანაგური თამაში იყო… თუ არ ვცდები ფრედ დასრულდა და დიეგომ გოლიც გაგვიტანა.

…ორი წლის შემდეგ, ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის წინ კიდევ ერთხელ ჩავედით არგენტინაში.
ის ამხანაგური მატჩი 14 აპრილს გაიმართა ბუენოს აირესში, მონუმენტალზე. თუ სწორად მახსოვს, მარადონა იმ დროს ჯერ კიდევ ბოკა ხუნიორსში თამაშობდა, მაგრამ ცნობილი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევროპაში გადადიოდა…
დიეგო იმ ნაკრების ლიდერი იყო. გოლი არ გაუტანია, მაგრამ მაგრად კი გვაწვალა… თამაში 1:1 დასრულდა.

…1988 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, მარტში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოთხთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა და მასპინძლებმა ჩვენც მიგვიპატიჟეს.
ნახევარფინალში შევხვდით არგენტინელებს და ჩვენდა გასაკვირად, იოლად მოვუგეთ – 4:2. იმ დღეს მესამედ დავუპირისპირდი დიეგოს. ის სუპერვარსკვლავი იყო, ნეაპოლელთა ღმერთი და გუნდის სული და გული!
დიეგომ 67ე წუთზე გაგვიტანა… მე ძირითადში ვიყავი, ბოლოს შემცვალა ლობანოვსკიმ.

…მიმაჩნია, რომ მარადონას თამაშიდან გამოთიშვა გამორიცხული იყო!
მაქსიმუმი, რაც მეტოქეს შეეძლო, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მისთვის ხელის შეშლაა. მარდონას ვერაფერს დააკლებდი. თქვენ გინახავთ ვინმეს მიერ გაჩერებული მარადონა? მე – არა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ოქტომბერი)

თენგიზ სულაქველძე

ka_GEGeorgian