სუპერჩემპიონები

შაბათს, 29 აპრილს, შუადღით, სერია ა-ს ოცდამეთორმეტე ტურში ნაპოლი მეზობელ სალერნიტანას უმასპინძლებს. ცხრილში ისეთი სიტუაციაა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა, შესაძლოა, კვირასვე იზეიმოს ისტორიაში მესამე სკუდეტო და პირველი ჩემპიონობა 1990 წლის შემდეგ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნაპოლი სალერნიტანას მოუგებს, ხოლო კვირას მდევარი ლაციო ინტერს ვერ დაამარცხებს.

ის, რომ ლიდერი შაბათს თამაშობს, ხოლო მეორეადგილოსანი – ოცდაოთხი საათის შემდეგ, უკვე განხილვის საგანია. დღეს დილით იტალიურ გამოცემებს გადავხედე და უკვე დაიწერა, რომ ნაპოლი-სალერნიტანა, შესაძლოა, კვირისთვის გადაიტანონ, ზუსტად იმ დროს, როცა სან სიროზე ინტერი-ლაციო დაიწყება.

ამის შესახებ ვინმემ კი არა, თვით სერია ა-ს პრეზიდენტმა ლორენცო კასინიმ განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა უკვე ითხოვა სალერნიტანასთან თამაშის ერთი დღით გადადება, თუმცა ყველაფერი მაინც იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროზეა დამოკიდებული, უფრო კონკრეტულად კი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული სპორტული ღონისძიებების სადამკვირვებლო დეპარტამენტზე. თუ იქ დაასკვნეს, რომ უმჯობესია ლიდერებმა ერთ დღეს და პარალელურად ითამაშონ, სპალეტის ბიჭებს კვირას ვიხილავთ.

იტალია და განსაკუთრებით ნეაპოლი დიდი ამბისთვის რომ ემზადება, ეს სამხრეთელების იუვენტუსთან მოგების შემდეგაც ვიგრძენით. ალბათ ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ დახვდნენ ჩრდილოეთიდან დაბრუნებულ საყვარელ ფეხბურთელებს ნეაპოლელები.

კამპანიის დედაქალაქი სასწაულის მოლოდინშია და ოცნება რომ ხელის გაწვდენაზეა, ეს გამოცემაც მოწმობს – Super Campioni 2022-23 გუშინ მაჩუქა ნეაპოლიდან დაბრუნებულმა მეგობარმა. გასაშლელი ჟურნალია, ერთ მხარეს გუნდის უშველებელი პლაკატია, მეორე მხარეს, ცალკეულ გვერდებზე კი თითოეული მოთამაშის ფოტო და სხვადასხვა ინფორმაცია.

მარადონას გარეშე ნაპოლი აბა როგორ იქნება და ამ გამოცემის თავფურცელსაც ამშვენებს დიეგოს ფოტო. ნაპოლიმ ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოიგო სკუდეტო და ორივე დიადი არგენტინელის დროს, ოცდაცამეტი წლის შემდეგ კი კლუბი მესამე ტიტულს უახლოვდება და ეს ჩვენი ბიჭის დამსახურებაცაა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 26 აპრილი

ka_GEGeorgian