სუპერგუნდის მეორე სუპერთასი

წუხელ, ბუდაპეშტში, ლეგენდარული უნგრელი ბომბარდირის ფერენც პუშკაშის სახელობის მშვენიერ სტადიონზე უეფას სუპერთასი გათამაშდა: ჩემპიონთა თასის მეექვსედ მომგებმა მიუნხენის ბაიერნმა ევროპალიგის 6გზის ტრიუმფატორი სევილია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

კარგი თამაში იყო, საინტერესო და ლოგიკურადაც დასრულდა: ჰანს-დიტერ ფლიკის ეს ბაიერნი ნამდვილი მონსტრია, რომელსაც თვეებია ერთი კლუბიც ვერ უწევს წინააღმდეგობას.

ბუნდესლიგაში უნაკლო სტარტის შემდეგ – 8:0 გელზენკირხენის შალკე 04თან, გუშინ სეზონის პირველი თასიც დაიდო.

შეგახსენებთ: განვლილი ჰეთ-თრიქის შემდეგ (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 2019-20 წლების სეზონში ბაიერნს კიდევ 5 ჯილდოს მოგების შანსი აქვს: კვლავ ფავორიტია საშინაო სარბიელზე, ასევე ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დეკემბერში ითამაშებს.

სევილიასთან გამარჯვების შემდეგ ბაიერნის საბანკო ანგარიში 5 მილიონი ევროთი შეივსება, მე კი სუპერთასის 8 გამორჩეულ ფაქტს შეგახსენებთ:

1: ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო გერმანელმა მწვრთნელმა – ჰანს-დიტერ ფლიკამდე ერთი წლით ადრე ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა გაიხარა.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: მათ გარდა სხვა გერმანელ მწვრთნელს ევროპის სუპერთასი არ მოუგია.

2: სუპერთასის 45წლიან ისტორიაში გერმანულმა კლუბმა მხოლოდ მეორედ გაიხარა და კვლავ მიუნხენის ბაიერნმა. ბავარიელებმა ეს ჯილდო პირველად 2013 წელს აღმართეს.

3: ევროპალიგის 6გზის გამარჯვებულმა სევილიამ მეხუთედ დათმო სუპერთასი და ეს ახალი ანტირეკორდია. სევილიამდე 4 სუპერთასი წააგო ბარსელონამ და ბოლო, მეოთხე, 2006 წელს, სწორედ სევილიასთან.

4: ბაიერნის იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2013 წელს პრაღაში პირველად მოიგო სუპერთასი, ფერენც პუშკაშ არენაზე 4მა ითამაშა: მანუელ ნოიერმა, დავიდ ალაბამ, თომას მიულერმა და ხავი მარტინესმა.

5: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა თომას მიულერმა 25ე ტიტული მოიგო ბაიერნთან ერთად და თავისივე საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა.

6: ხავი მარტინესმა 7 წლის წინაც შეცვლაზე ითამაშა და ახლაც და მაშინაც დამატებულ დროში გაიტანა და გუშინაც. თუმცა იმ განსხვავებით, რომ 2013 წელს მისი გოლით ბაიერნმა ანგარიში გაათანაბრა, ბუდაპეშტში კი გაიმარჯვა.

7: ხავი მარტინესმა 21ე ტიტული მოიგო ბაიერნის მაისურით. ამ საოცარი მაჩვენებლის მიუხედავად, ის მაინც არ არის კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ლეგიონერი – დავიდ ალაბას აქტივში 22 თასია!

8: ევროპის სუპერთასი 25ედ მოიგო ჩემპიონთა თასის მფლობელმა. თასი 12ჯერ აღმართა აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასის მფლობელმა, 8ჯერ კი უეფას თასის/ევროპალიგის გამარჯვებულმა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 25 სექტემბერი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian