სუპერიუვე

იტალიაში გუშინ პირველი ტიტული გათამაშდა: ბოლო 9 ჩემპიონატის გამარჯვებულმა იუვენტუსმა კრიშტიანუ რონალდუს და ალვარო მორატას გოლებით 2:0 დაამარცხა თასის მფლობელი ნაპოლი და ისტორიაში მეცხრედ მოიგო სუპერთასი!
თასის ფინალში იუვე სწორედ ნეაპოლურ კლუბთან დამარცხდა. კოვიდ 19ის გამო 3 თვით შეწყვეტილი სეზონი ივნისის დასაწყისში ნაპოლისთან თასის ფინალით განახლდა, სადაც ძირითადი და დამატებით დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი ჯენარო გატუზოს გუნდმა უკეთესად შეასრულა და თასიც მოიგო.

სამხრეთელებს ამ თამაშის გადარჩენაც შეეძლოთ, მაგრამ გუნდის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ 0:1ზე პენალტიდან ბურთი კარს ააცილა, მატჩის უკანასკნელ წუთებზე კი ტურინელთა ელვისებური კონტრშეტევა ალვარო მორატამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 2:0.

ანგარიში 64ე წუთზე გახსნა კრიშტიანუ რონალდუმ – პორტუგალიელმა ნეაპოლელთა დაცვაში შექმნილი არეულობით ისარგებლა და კარიერაში 760ე გოლი გაიტანა, რაც ერთი ვერსიით ფეხბურთის ისტორიაში უმაღლესი შედეგია.

„სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოვიგე და ეს, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია. არ დავმალავ: გაცილებით მძაფრი შეგრძნებაა, ვიდრე ფეხბურთელობისას განვიცადე. სხვა მხრივ, სეზონის ბოლომდე ჯერ ადრეა და ვეცდებით ყველა ის თასი მოვიგოთ, სადაც ვთამაშობთ“, – იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო ძალიან გახარებული გახლდათ.

ტრავმების და კოვიდ 19ის გამო მას იშვიათად ეძლევა საუკეთესო შემადგენლობით თამაშის საშუალება. გუშინდელი ფინალის წინაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მოისაკლისა, თუმცა მისდა საბედნიეროდ დროულად გამოჯანმრთელდა ხუან კუადრადო, რომელიც ნაპოლის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მორატამ გოლი სწორედ კოლუმბიელის პასით შეაგდო.

სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, მაგრამ ამ ტიტულს იუვეს პოლონელი გოლკიპერი ვოიცეხ შჩესნიც იმსახურებდა – მან 2 ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია, მათ შორის მე2 უკანასკნელ წუთებზე.

იუვენტუსი და ნაპოლი მიმდინარე სეზონში კიდევ მინიმუმ 2ჯერ ითამაშებენ – I წრის გადადებული თამაშის თარიღი ჯერ კვლავ უცნობია.

სუპერთასის 10 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: 123წლიან ისტორიაში იუვენტუსმა 70ე ტიტული მოიგო.
ტურინული გრანდი 36ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 13ჯერ აღმართა ქვეყნის თასი, მეცხრედ კი სუპერთასი.
ამას გარდა იუვეს აქტივშია უეფას 3 თასი, 2-2 ჩემპიონთა, საკონტინენტთაშორისო და ევროპის სუპერთასები, ასევე ერთხელ მოგებული თასების მფლობელთა თასი, უეფას ინტერტოტოს თასი და სერია ბ.

2: იუვენტუსმა მეცხრედ მოიგო სუპერთასი და 2018 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
მე2 ყველაზე წარმატებული კლუბი მილანია 7 თასით.
იუვემ კიდევ 7 ფინალი დათმო, რაც თავის მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

3: იტალიის სუპერთასის 33ე გათამაშება 23ედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონმა.

4: იუვენტუსის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ კლუბმა ზედიზედ 10 წლის განმავლობაში მინიმუმ ტიტული მოიგო:
2012 – სკუდეტო, სუპერთასი
2013 – სკუდეტო, სუპერთასი
2014 – სკუდეტო
2015 – სკუდეტო, თასი, სუპერთასი
2016 – სკუდეტო, თასი
2017 – სკუდეტო, თასი
2018 – სკუდეტო, თასი
2019 – სკუდეტო, სუპერთასი
2020 – სკუდეტო
2021 – სუპერთასი
ყველა ჯილდო იუვემ ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის პერიოდში მოიგო. ის 2010 წლიდან ხელმძღვანელობს იტალიური ფეხბურთის ბებერ ქალბატონს.

5: ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.
ფეხბურთელის რანგში იტალიის სუპერთასი მან პირველად 2004 წელს, მილანის მაისურით აღმართა, 2012 და 2013 წლებში კი იუვენტუსთან ერთად.

6: ჯანლუიჯი ბუფონმა სუპერთასი მეშვიდედ მოიგო და ეს ყველა დროის რეკორდია!
1999 წელს მან თასი პარმას შემადგენლობაში აღმართა, 2002, 2003, 2012, 2013, 2015, 2018 და 2021 წლებში იუვეს გოლკიპერის სტატუსით.
აქამდე ის რეკორდს დეიან სტანკოვიჩთან იყოფდა – სერბი ლაციოსა და ინტერში თამაშისას 6ჯერ დაეუფლა ამ ჯილდოს.
მეხუთედ მოიგეს სუპერთასი ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ.

7: ბუფონმა იუვენტუსში 21ე ტიტული მოიგო და ესეც რეკორდია – 10 სკუდეტო, 4 თასი, 6 სუპერთასი და ერთხელაც სერია ბ.

8: კრიშტიანუ რონალდუმ იუვეს მაისურით ჩატარებულ ბოლო 32 მატჩში 32 გოლი შეაგდო! მიმდინარე სეზონში მან უკვე 20 ბურთი გაიტანა (ყველა ტურნირზე) და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

9: ალვარო მორატა ერთადერთი იუვენტუსელია, რომელმაც ყველა, ოთხივე ტურნირში გაიტანა გოლი, სადაც კი თუნდაც რამდენიმე წუთი ითამაშა: სერია აში – 4, თასზე – 1, სუპერთასზე – 1, ჩემპიონთა ლიგაში – 6.
ამ სეზონში 12 გოლით ესპანელი კლუბის მე2 ბომბარდირია კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

10: ლორენცო ინსინიემ იუვენტუსის წინააღმდეგ ყველა ტურნირზე (მატჩისშემდგომი 11მეტრიანების გარეშე) 3ჯერ შეასრულა პენალტი და ყველა არაზუსტად.
მას რომ გოლი 11მეტრიანი გაეტანა, ნეაპოლურ კარიერაში საიუბილეო, მე100 გოლს შეაგდებდა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 იანვარი)

ka_GEGeorgian