სუპერრონი
კი ბატონო, გერმანიამ ძალიან აჯობა პორტუგალიას.
კი ბატონო, რობინ გოსენსმა დაგლიჯა და უეფას მატჩის ვარსკვლავის ჯილდოც სამართლიანად ჩაიხუტა.
კი ბატონო, რონალდუმ ნაღდად ვერ ითამაშა საუკეთესოდ. გოსენსმა კი არა, კიდე ორმა გერმანელმაც აჯობა, მე თუ მკითხავთ.
მაგრამ:
ამ საოცარმა სპორტსმენმა მაინც მოახერხა და მორიგი რეკორდი დადო – მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ანუ მთავარ საფეხბურთო შეჯიბრებებზე მე19(!) გოლი გაიტანა და მიროსლავ კლოზეს გვერდით დადგა!
მე12 გოლი ევროპაზე!
7 – მსოფლიო ჩემპიონატებზე!
ამ მშვენიერ თამაშს ბევრი ვარსკვლავი ახსოვს, რომლებმაც სანაკრებო კარიერა 19 კი არა, ნაკლები გოლით დახურეს, ამან კიდე 19 ბურთი მხოლოდ მსოფლიო/ევროპირველობებზე შეაგდო!
მანუელ ნოიერის კარში გატანილი, რიგით 107ე სანაკრებო ბურთით რონალდუ კიდევ უფრო მიუახლოვდა მსოფლიო რეკორდს, ირანელი ალი დაეის 109 გოლს. ეს ამბავი უჩემოდაც გეცოდინებათ, ლამის მთელი მსოფლიო ამ რბოლას ადევნებს თვალს.
რონალდუს ნაღდად შეუძლია ამ ევროპაზევე გაასწროს დაეის.
კი ბატონო, ფრანგებთან უმძიმესი და გადამწყვეტი მატჩი ელის პორტუგალიას.
კი ბატონო, დეშამის გუნდი წინა ევროფინალში წაგებისთვის რევანშსაც ეცდება და რონალდუსაც წამით არ ამოასუნთქებენ, მაგრამ ასეთი ამბები კრიშტიანუსთვის უცხო არ არის. ბევრჯერ ყოფილა ამ დღეში, მაგრამ ერთხელ არ დაუჩივლია…
მოკლედ, ეს ფენომენალური ათლეტი თავის ისტორიას წერს და რაც დრო გავა, მისი დაპყრობილი მწვერვალების რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
ფრანგებთან მატჩის წინ კი ერთ საიდუმლოსაც დავწერ, ოღონდ აქაურობას არ გასცდეს ეს ამბავი: რონის პირველივე ზუსტი გასროლა მის საოცარ კარიერაში… მე800 გოლი იქნება.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 ივნისი)
ფოტო: UEFA.com