სუპერთასი როგორც გამოცდა
ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონი დღეს ევროპის სუპერთასის მატჩს მასპინძლობს: მიუნხენის ბაიერნი სევილიას ხვდება.
ეს თამაში 2020-21 წლების სეზონის ერთგვარი გამოცდაა: 25 აგვისტოს გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაიერნი-სევილიის დაპირისპირებას გულშემატკივრებიც დაესწრებიან და ამის მიხედვით გადაწყდება მომავალი სანაკრებო თუ საკლუბო პაექრობების ბედიც – კვლავ უმაყურებლოდ ჩაივლის თუ…
დავაზუსტებ: საუბარია ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონის მთლიანი ტევადობის 30%ით შევსებაზე – უეფამ სწორედ ამ რაოდენობის ბილეთები გაყიდა.
ისიც კარგი იქნება სტადიონების მესამედით შევსება უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე თუ დაიწყო, თორემ უმაყურებლო ფეხბურთი რომ საშინელებაა, კარგა ხანია დავრწმუნდით.
ბაიერნი-სევილიის პაექრობას უეფას ბევრი წარმომადგენელი უშუალოდ სტადიონზე დააკვირდება და იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.
და სანამ სუპერთასზე, მატჩის მთავარ ჯილდოზე 5 საინტერესო ამბავს გადაიკითხავთ, შეგახსენებთ, რომ წელს სუპერთასი ბუდაპეშტში კი არა, პორტუში, დრაგაუზე უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ ცნობილი ამბის გამო, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
და კიდევ: ბაიერნი-სევილიის მატჩს ინგლისელი ენტონი ტეილორი მოემსახურება. ამ წუთისთვის კი ევროპის სუპერთასი ჯერ ისევ ინგლისელების საკუთრებაა. ხომ გახსოვთ: შარშანდელ ფინალში ლივერპულმა ჩელსის პენალტების სერიაში სძლია.
1: ევროპის სუპერთასის ორიგინალი უეფას სამუდამო საკუთრებაა. გამარჯვებულებს მხოლოდ ზუსტი ასლი გადაეცემათ.
2: 2008 წლამდე არსებული წესით, კლუბი, რომელიც ზედიზედ 3ჯერ ან საერთო ჯამში 5ჯერ მოიგებდა სუპერთასს, თასის ორიგინალით ჯილდოვდებოდა, ასევე ამ მიღწევის აღმნიშვნელ სპეციალურ სინს იღებდა.
2008 წლამდე ევროპის სუპერთასი ზედიზედ 3ჯერ ვერავინ მოიგო, თუმცა მილანმა 2007 წელს მეხუთედ აღმართა ის და უეფასგან თასის ორიგინალით დაჯილდოვდა.
3: უეფას სუპერთასი რამდენჯერმე შეიცვალა. 1973-76 წლებში გამარჯვებულებს დიდი თასი გადაეცემოდათ, 1977 წლიდან 1986 წლის ჩათვლით კი უეფა მოგებულებს ვერცხლისფერ მართკუთხა სინზე დამაგრებული უეფას მოოქროვილი ემბლემით აჯილდოვებდა.
1987 წელს მთავარ პრიზად კვლავ თასი დაწესდა, რომელიც უეფას საკლუბო ჯილდოებს შორის ყველაზე პატარა და მჩატე იყო – 42.5 სანტიმეტრი და მხოლოდ 5 კილოგრამი.
ამჟამინდელი სუპერთასი 2006 წლიდან თამაშდება. დიზაინი იგივეა, რაც 1987 წელს, მაგრამ ზომებში სხვაობა თვალშისაცემია: წონა 12.2 კილოგრამამდე გაიზარდა, ხოლო სიმაღლე 58 სანტიმეტრია.
4: ევროპის სუპერთასის მონაწილეთათვის უეფა ოქროს და ვერცხლის 40-40 მედალს ამზადებს, რომლებიც ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის გარდა კლუბების მაღალჩინოსნებსაც გადაეცემათ.
5: დღევანდელი სუპერთასის საპრიზო ფონდი 8,8 მილიონი ევროა. გამარჯვებულს 5 მილიონი ერგება, დანარჩენი – ფინალისტს.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: uefa.com