სველ სიენაში
სიენას იმ დღეებში ვესტუმრე, ერთ მშვენიერ შემოდგომით მეგობრებთან ერთად ტოსკანაში რომ ვმოგზაურობდი.
იტალიის ამ ძველისძველ და ლამაზ ქალაქში სან ჯიმინიანოდან ჩავედით. ორივეგან წვიმდა და ამან, ცოტა არ იყოს, გული დამწყვიტა – ქოლგით სეირნობა, რა დასამალია და, არ მხიბლავს.
როგორც ტოსკანის ლამის ყველა პატარა ქალაქს, სიენასაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, გამორჩევით კი ცენტრს, პიაცა დელ კამპოს – დამრეც მოედანს, რომელიც ლამაზი არქიტექტურის და ისტორიული მნიშვნელობის გამო იუნესკომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
პიაცა დელ კამპო, გარდა იმისა, რომ მთლიანად აგურითაა მოკირწყლული, დამრეცია და ტურისტების საყვარელი ადგილია. განსაკუთრებით 2 ივლისს და 16 აგვისტოს, როცა სიენის მთავარი დღესასწაული, ტრადიციული პალიო ტარდება – ქალაქის და მისი შემოგარენის 17 ნაწილის გუნდების ცხენოსანთა შეჯიბრი, ერთგვარი დოღი. ამ დღეებში ქალაქს განსაკუთრებით ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
პალიოს მთავარ თასს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ, ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი მხედრები ეცილებიან ერთმანეთს. 2 ივლისს 10 გუნდი იბრძვის გამარჯვებისთვის, 16 აგვისტოს – 7. ის 7 გუნდი, რომელიც ვთქვათ, წელს 16 აგვისტოს ასპარეზობს, მომდევნო წელს 2 ივლისს ცდილობს მთავარი თასის მოგებას და ასე შემდეგ… სიენური დოღის მონაწილეები წლიდან წლამდე იცვლებიან, უცვლელი მხოლოდ გუნდების რაოდენობაა – 2 ივლისს 10, ხოლო 16 აგვისტოს – 7.
ძალიან კი მინდოდა ამ ასპარეზობაზე დასწრება, მაგრამ ჩვენ შემოდგომით ვესტუმრეთ სიენას, ამ დროს კი ქალაქში სიმშვიდეა და ცენტრშიც, პიაცა დელ კამპოზე, მხოლოდ ტურისტები დასეირნობენ. ან იქვე, კაფეებში ისვენებენ მართლა არომატული ყავის და იტალიური გემრიელობების თანხლებით…
პალიოს ამსახველი საფოსტო ბარათები, სუვენირები, აფიშები, კალენდრები და სხვა სახის გამოცემები კი ყველა მაღაზიაშია. არჩევანი იმდენად დიდია, რომ ყველაზე კრიტიკული მნახველის გემოვნებასაც კი დააკმაყოფილებს.
ზოგადად, სიენა სპორტული ქალაქია: საფეხბურთო გუნდი კარგა ხანს ასპარეზობდა სერია აში, საკალათბურთო მონტეპასკი კი ერთ-ერთი უძლიერესი იყო არათუ იტალიაში, ევროპაშიც კი. სხვათა შორის, მონტეპასკიში თავის დროზე ორი ქართველიც თამაშობდა – 2005-07 წლებში ვლადიმერ ბოისა, 2012-13 წლებში კი ვიქტორ სანიკიძე. ძლიერია სიენას ფრენბურთელთა გუნდიც, იტალიის ერთ-ერთი ძველი ველორბოლა კი, კლასიკური, ერთდღიანი, სიენაში რომ იწყება და მთავრდება, ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს უყრის თავს.
საკალათბურთო გუნდი ვახსენე და იმასაც გეტყვით, რომ მისი გენერალური სპონსორი მონტეპასკი გახლავთ, მსოფლიოს ყველაზე ძველი… ბანკი!
მონტე დეი პასკი დი სიენა ჯერ კიდევ 1472 წელს დააარსეს იმხანად ქალაქ-სახელმწიფოს – სიენას მმართველებმა. მას შემდეგ აპენინის ნახევარკუნძულზე ბევრი რამ მოხდა, მონტეპასკი კი დღემდე ფუნქციონირებს და მსგავს დაწესებულებათა შორის ერთ-ერთი უდიდესია იტალიაში! სხვათა შორის, სიენის ცენტრში რომ დავსეირნობდი, შემთხვევით იმ ქუჩაზეც მოვხვდი, სადაც 1472 წელს ბანკის პირველი შენობა იდგა…
ქალაქის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია დუომო, რომლის მარმარილოს იატაკს, სხვადასხვა ბიბლიური თემით რომაა გაფორმებული, არაერთი ხელოვანი აღუფრთოვანებია. პირადად მე ამ დიდებული ტაძრის ბიბლიოთეკა უფრო მომეწონა – ულამაზესი დარბაზი, სადაც საუკუნეების წინანდელი ეტრატები ტყვიაგაუმტარ შუშებს მიღმაა გამოფენილი.
სიენა მშვენიერია, მაგრამ მგონი, იქაურობა მზის ქვეშ უფრო ლამაზია, ვიდრე წვიმაში. რატომღაც ასე მგონია.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
სიენა, იტალია; 2013 წლის 5 ოქტომბერი