ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი! ლაშამ ერთ-ერთ მოძრაობაში – ატაცში – მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა!

ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართული ევროპირველობა მძიმეწონოსანთა (+105კგ) შეჯიბრით დასრულდა. ტალახაძემ 217კგ აიტაცა (და რიოში ირანელი ბეჰდად სალიმის მსოფლიო რეკორდი კილოგრამით გააუმჯობესა), აკვრაში 250კგ დაძლია და ორჭიდის ჯამში 467კილოთი ევროპის ჩემპიონი გახდა! შარშან, ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში ლაშამ ევროპის ჩემპიონატი 463კგ-ით მოიგო.

მძიმეწონოსანთა შორის ასპარეზობდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძეც, თუმცა მან პირველი მოძრაობის შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და შეუფასებელი დარჩა. ატაცში ირაკლიმ 201კგ დაძლია, რაც მე-3 შედეგი გახლდათ.

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ახლა უკვე ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ სომეხი ათლეტი, რიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გორ მინასიანი (446კგ) და მისი თანამემამულე რუბენ ალექსანიანი (434კგ) ჩამოიტოვა.

ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსან გოგონათა შორის უნდა ეასპარეზა ანასტასია გოტფრიდს, თუმცა შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მან ფიცარნაგზე გასვლა ვერ მოახერხა.

ლაშა ტალახაძე მე-4 ქართველი ძალოსანია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. რეკორდსმენი ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი გახლავთ 6 ტრიუმფით, ლაშას მწვრთნელის გიორგი ასანიძის აქტივში ევროპაზე მოგებული 3 ოქროა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით 2-ჯერ მოიპოვა ევროპული ოქრო.

წელს ლაშას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაც მოუწევს. 2015 წელს ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმარჯვა, წლეულს კი პლანეტის უძლიერესი მამაკაცი კვლავ ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამოვლინდება. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 10 აპრილი)

ka_GEGeorgian