ტამბერის პირველი მსოფლიო

ბუდაპეშტში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეც ძალიან მაგარი ფინალით დასრულდა, ამჯერად სიმაღლეზე მხტომელ ვაჟთა შორის.
31 წლის იტალიელმა ჯანმარკო ტამბერიმ, როგორც იქნა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო და ახლა მშვიდად შეუძლია დიდი ავიაციიდან წასვლა – ყველა მთავარი შეჯიბრების ოქროს ფლობს.

თუ ორი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიადას თვალი ადევნეთ, სიმაღლეზე მხტომელთა შეჯიბრებაც გემახსოვრებათ. მაშინ ტამბერიმ და კატარელმა მუტაზ ესა ბარშიმმა საოცარი სანახაობა აჩუქეს გულშემატკივრებს და ორივემ ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ბუდაპეშტურ ფინალშიც ისინი იბრძოდნენ ამერიკელ ჯუვონ ჰარისონთან ერთად, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ 236 სანტიმეტრზე გადებულ თამასას ტამბერი პირველივე ცდაზე გადაევლო, მეტოქეებმა კი ვერ ივარგეს. ოქრო იტალიელს დარჩა, ამერიკელი ვერცხლს დაეუფლა, კატარელი კი, ზედიზედ მოგებული მსოფლიოს სამი ჩემპიონატის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა. სხვათა შორის, ეს ჯანმარკო ტამბერის მეორე ოქროს მედალია 2023 წელს – ივნისში მან ევროპის III თამაშებზე გაიმარჯვა, რომელსაც ქალაქმა კრაკოვმა და მალოპოლსკის მხარემ უმასპინძლა. პოლონეთში მან 229 სანტიმეტრი „იკმარა“.

რაც შეეხება ბარშიმს, ის ამ სახეობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და ტიტულიანი ათლეტია – ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და აზიის სამ-სამგზის ოქროს მედალოსანი… ოქროს შემთხვევაში კატარელს ძალიან დიდების მხარდამხარ დადგომა შეეძლო. საქმე ისაა, რომ მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ 14 სპორტსმენია, რომლებსაც პირადი პირველობის ერთი დისციპლინა მინიმუმ ოთხჯერ მოუგიათ. ბარშიმს შეეძლო მეთხუთმეტე და, მათ შორის, მეათე მამაკაცი სპორტსმენი გამხდარიყო, მაგრამ ვერ მოახერხა.

14 ლეგენდის სია ასეთია:

6 ოქრო
სერგეი ბუბკა (სსრკ / უკრაინა) – ჭოკით ხტომა (1983, 1987, 1991, 1993, 1995, 1997)

5 ოქრო
ლარს პეტერ რიდელი (გერმანია)
– ბადრო (1991, 1993, 1995, 1997, 2001)
შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა)  – 100მ (2009, 2013, 2015, 2019, 2022)
პაველ ფაიდეკი (პოლონეთი) – ურო (2013, 2015, 2017, 2019, 2022)

4 ოქრო
მაიკლ ჯონსონი (აშშ)
– 400მ (1993, 1995, 1997, 1999)
ჰაილე გებრსელასი (ეთიოპია) – 10 000მ (1993, 1995, 1997, 1999)
ჰიშემ ელ გუერუჯი (მაროკო) – 1500მ (1997, 1999, 2001, 2003)
კენენისა ბეკელე (ეთიოპია) – 10 000მ (2003, 2005, 2007, 2009)
ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) – ბირთვი (2007, 2009, 2011, 2013)
უსეინ ბოლტი (იამაიკა) – 200მ (2009, 2011, 2013, 2015)
ეზეკიელ კემბოი (კენია) – 3000მ სტიპლჩეიზი (2009, 2011, 2013, 2015)
ბრიტნი რისი (აშშ) – სიგრძეზე ხტომა (2009, 2011, 2013, 2017)
ანიტა ვლოდარჩუკი (პოლონეთი) – ურო (2009, 2013, 2015, 2017)
ჰონ ლიუ (ჩინეთი) – 20კმ სპორტული სიარული (2011, 2013, 2015, 2019)

ლაშა გოდუაძე
2023
წლის 22 აგვისტო
ფოტო:
IAAF

ka_GEGeorgian