თარიღი: 12 სექტემბერი

დღეს მარათონის „დაბადების“ დღეა.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე 490 წლის 12 სექტემბერს, მარათონის ველზე, ბერძნებმა სასტიკად დაამარცხეს სპარსთა არმია დარიოსის მეთაურობით და ათენი განადგურებისგან იხსნეს.
ჰეროდოტე გვიამბობს, რომ ომის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიდიპიდესმა ბრძოლის დასრულებისთანავე ათენისკენ გასწია, შეუსვენებლად ირბინა ორმოც კილომეტრზე მეტი, დედაქალაქში ჩასული კი, მას შემდეგ, რაც ათენელებს გამარჯვება ახარა, გულწასული დავარდა და გარდაიცვალა.

ამ ამბავს არაერთი პოეტი და მწერალი გამოეხმაურა, მათ შორის ინგლისელი რობერტ ბრაუნინგი, რომელმაც 1879 წელს პოემა „ფიდიპიდესი“ დაწერა. ოლიმპიური თამაშების შესახებ გამოცემულ არაერთ წიგნში მითითებულია, რომ სწორედ ბრაუნინგის პოემამ შთააგონა პიერ დე კუბერტენს ანტიკური თამაშების აღდგენა და ერთ-ერთ დისციპლინად მარათონული გარბენის დადგენა.

1896 წელს, როცა ათენმა პირველ ოლიმპიადას უმასპინძლა, მარათონი მხოლოდ მამაკაცებმა ირბინეს. 10 აპრილს, ორმოც კილომეტრზე გამართულ შეჯიბრებაში, ოცდაექვსი წლის ბერძენმა თულუხჩმა (წყლის დამტარებელი) სპირიდონ ლუისმა გაიმარჯვა. მან მარათონის ველიდან ათენში, პანათენაიკის სტადიონამდე დისტანცია 2:58:50 საათში დაფარა.

მომდევნო ორ ოლიმპიადაზე, პარიზსა და სენტ-ლუისში, მანძილი 40-42 კილომეტრს შორის მერყეობდა, 1908 წელს კი, ლონდონში, მონაწილეებმა პირველად ირბინეს 42 კილომეტრი და 195 მეტრი. საუკუნის წინანდელი, პარიზის 1924 წლის ოლიმპიადიდან ეს მანძილი ოფიციალური გახდა.

ქალთა შეჯიბრება სპორტულ პროგრამას ორმოცი წლის წინ, 1984 წელს დაემატა ლოს ანჯელესში.

თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიაზე, როგორც წესი, მამაკაცთა შორის გამარჯვებულ-პრიზიორებს აჯილდოვებდნენ, პარიზში კი პირველად გადასცეს მედლები ქალებს.

სხვათა შორის, პარიზში ორივე გარბენი ოლიმპიური რეკორდით დასრულდა – ეთიოპიელმა ტამირატ ტოლამ 2:06:26 საათში მოიგო ოქროს მედალი, ქალთა ფინიში კი, ნიდერლანდელ სიფან ჰასანსა და ეთიოპიელ ტიგსტ ასეფას შორის, ოლიმპიადის ერთ-ერთ მშვენებად იქცა. ჰასანმა მხოლოდ სამი წამით(!) აჯობა მეტოქეს – 2:22:55.

რაც შეეხება ამ ნახატს, ის ფრანგ ლუკ-ოლივიე მერსონს ეკუთვნის და „ფიდიპიდესმა ათენელებს მარათონის ომში გამარჯვება ახარა“ ეწოდება.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 12 სექტმბერი

ka_GEGeorgian