თარიღი: 17 ოქტომბერი

17 ოქტომბერი, ერთერთი გამორჩეული დღე ქართული სპორტის ისტორიაში.
1968 წლის 17 ოქტომბერს, მეხიკოში, XIX ოლიმპიური თამაშების მეექვსე დღეს, მძლეოსანმა ვიქტორ სანეევმა მსოფლიო რეკორდით მოიგო ოქროს მედალი.

სამმხტომელთა ის შეჯიბრება ოლიმპიური მძლეოსნობის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე და ფინალში 5-ჯერ დამყარდა მსოფლიო რეკორდი, რომელთაგან ორი სანეევს ეკუთვნოდა!

გმირული ბრძოლის აპოთეოზი, – ასე დაასათაურა ლელომ 1968 წლის 18 ოქტომბრის ნომრის მეორე და მესამე გვერდებზე სანეევის ტრიუმფისადმი მიძღვნილი წერილი, ფოტოკოლაჟს კი სოხუმელი მძლეოსნის ექვსივე ფინალური შედეგი წაუმძღვარა – 16.49, 16.84, 17.23, 17.02, 16.81 და 17.39 მეტრი.

ამ ექვსიდან ორი მსოფლიო რეკორდი იყო – 17.23 და 17.39 მეტრი. ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი ვიქტორ სანეევმა ამ უკანასკნელი შედეგით მოიგო, რომელიც უკანასკნელ ცდაზე აჩვენა.

იმ ფინალის ვერცხლის პრიზიორი, ბრაზილიელი ნელსონ პრუდენსიუ და მესამე ადგილზე გასული იტალიელი ჯუზეპე ჯენტილეც უნდა ვახსენო, რადგან სანეევის ფენომენალური ასპარეზობა პირველ რიგში მათი დამსახურებაა.

ჯენტილემ მსოფლიო რეკორდი ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამყარა – 17.10 მეტრი, 17 ოქტომბერს კი ფინალის პირველივე ცდაზე გააუმჯობესა – 17.22. მესამე ცდაზე სანეევმა იტალიელს გადაასწრო – 17.23, შემდეგ კი პრუდენსიუ დაწინაურდა 17.27. მსოფლიო რეკორდების წვიმა ვიქტორის „გაფრენით“ დასრულდა – 17.39 მეტრი და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული!

გაივლის ზუსტად ოთხი წელიწადი და 1972 წლის 17 ოქტომბერს, მშობლიურ სოხუმში, სანეევი მესამედ დაამყარებს მსოფლიო რეკორდს. 17.44 მეტრი მის კარიერაში საუკეთესო მიღწევად დარჩება.

ვიქტორ სანეევის პირველი მსოფლიო რეკორდიდან დღეს 55 წელი გავიდა.

სამი ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად აღიარებული მძლეოსანი შარშან, 2 იანვარს, სიდნეიში გარდაიცვალა 76 წლის ასაკში.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 9 ოქტომბერი

ka_GEGeorgian