თარიღი: 1953 წლის 19 აპრილი
ჩვენი სპორტის ისტორიაში რამდენიმე თარიღია, რომელიც უდიდეს გამარჯვებებს უკავშირდება და რომელსაც გულშემატკივრები ძალიან იოლად, წამში ვიხსენებთ-ხოლმე.
მათ შორის პირველია 1981 წლის 13 მაისი, როცა თბილისის დინამომ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის კარლ ცაისი დაამარცხა და ევროთასი მოიგო. დიუსელდორფის რაინშტადიონზე მოპოვებული ის გამარჯვება ჩვენში მთავარ სპორტულ ტრიუმფად ითვლება, თუმცა თავის მნიშვნელობით არანაკლებია (თუ მეტი არა) 1962 წლის 29 ივნისი, როცა დინამომ, ოღონდ საკალათბურთომ, ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო და გადამწყვეტ შეხვედრაში თვით მადრიდის რეალი დაამარცხა.
პირადად მე უკვდავ თარიღად მიმაჩნია 1968 წლის 17 ოქტომბერიც, როცა საქართველოს XX საუკუნის ნომერ პირველ ათლეტად აღიარებული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და თან, ასპარეზობისას ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.
1962 წლის 17 ოქტომბერსაც შეგახსენებთ, როცა ნონა გაფრინდაშვილმა პირველად დაიდგა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინი.
2004 წლის 18 აგვისტოსაც გავიხსენებ, ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის დაუვიწყარ გამარჯვებას ათენის ოლიმპიადის ფინალში და სამი დღის შემდეგ, იქვე, გიორგი ასანიძის მიერ მოგებულ ძალოსანთა შეჯიბრებას – პირველ „ქართულ“ ოლიმპიურ ოქროებს.
თქვენ, ალბათ, სხვა თარიღებს შემომაშველებთ, არანაკლებ მნიშვნელოვანს და დასაფასებელს და ეს დიდებულია! რაც მეტს მოვიგონებთ ტკბილად, მით უკეთესი, მაგრამ ამ პატარა ჩანახატს ერთ გამორჩეულ გამარჯვებას მივუძღვნი, რომელიც იშვიათად გვახსენდება, არადა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
1953 წლის 19 აპრილი – დღე, როცა ქართველი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ზუსტად სამოცდაათი წლის წინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზია პლანეტის პირველობის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ეს ისტორია იმ ქალაქში დაიწერა, სადაც დღეს მეორე ქართველს აღმერთებენ – ნეაპოლში.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატს ნეაპოლმა, კონკრეტულად კი იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დარბაზმა 17-19 აპრილს უმასპინძლა. გივი კარტოზიამ სამივე დღეს იჭიდავა და ზედიზედ დაამარცა უნგრელი დიულა ნემეტი, საარლანდის წარმომადგენელი ემილ მაასი, რუმინელი ვასილე ონოიუ, თურქი ისმეთ ათლი, ფინელი კალერვო რაუჰალა და ნომერ პირველი ფავორიტი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, 1948 და 1952 წლების ოლიმპიადების გამარჯვებული შვედი აქსელ გრიონბერგი.
კარტოზია 24 წლის გახლდათ და ეს მისი პირველი დიდი საერთაშორისო გამარჯვება იყო, ხოლო შვიდი წლის შემდეგ, როცა კარიერა დაასრულა, საჭიდაო ხალიჩას იმ დროს არსებული ყველა ტიტულით გამოეთხოვა: გახლდათ ოლიმპიური ჩემპიონი, ნეაპოლის შემდეგ კიდევ ორჯერ მოიგო მსოფლიო პირველობის ოქროს მედალი და მსოფლიო თასიც აღმართა.
ლეგენდარული ფალავნის შემდეგ კიდევ 67-მა ქართველმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ოლიმპიურ სახეობებში. არაერთმა ტიტული რამდენჯერმე მოიპოვა და ამ დროისთვის მსოფლიოს „ქართული“ ოქროების რაოდენობა 112-ს უდრის. ჩამონათვალი, ცხადია გაიზრდება და დიდი იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება, თუნდაც მაისის დასაწყისში, როცა ჩვენი ძიუდოისტები დოჰაში გაშლილ ტატამებზე შეაბიჯებენ.
მაგრამ რამდენი გამარჯვებითაც არ უნდა გავიხაროთ, 1953 წლის 19 აპრილი არასდროს გაფერმკრთალდება – ამ დღეს ქართველი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 19 აპრილი)
ფოტო: გივი კარტოზიას არქივი