თარიღი: 7 ივნისი

ზუსტად ერთ კვირაში ევრო 2024 დაიწყება, ჩვენთვის სადებიუტო და, შესაბამისად, ისტორიული შეჯიბრება. სანამ ჩვენი ნაკრები თურქეთ-ჩეხეთ-პორტუგალიასთან სათამაშოდ ემზადება, ერთი საინტერესო ფაქტი გავიხსენოთ, რომელიც სასიამოვნოა, კარგი ამბები კი დიდი საერთაშორისო დებიუტის წინ, დიახაც რომ გვჭირდება.

7 ივნისი გამორჩეული დღეა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში, რადგან ამ დღეს ჯვაროსნებმა ხუთჯერ ითამაშეს, ყველა შემთხვევაში გაიმარჯვეს და თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვიათ! ასეთი დღეები ჩვენი გუნდის ისტორიაში სანთლითაა საძებარი!

1995 წელი: პირველი ოფიციალური ტუნირი, ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპი, გამარჯვება კარდიფში უელსთან, გიორგი ქინქლაძის დიდებული „პარაშუტით“ – 1:0;

1997 წელი: ნაკრების პირველი მსოფლიო შესარჩევი ეტაპი, პირველი ოფიციალური მოგება მოლდოვასთან ბათუმში, შოთა არველაძის და იმავე ქინქლაძის პენალტით – 2:0;

2016 წელი: ისტორიული გამარჯვება ესპანეთთან, იმ დროისთვის ევროპის ზედიზედ ორგზის ჩემპიონთან ხეტაფეში, ალფონსუ პერესზე, ჩინებულად გაშლილი კონტრშეტევით და თორნიკე ოქრიაშვილის დამაგვირგვინებელი დარტყმით – 1:0;

2017 წელი: პირველი დაპირისპირება კონკაკაფელ მეტოქესთან, სენტ-კიტსის და სენტ-ნევისის ნაკრებთან ვაკეში, მიხეილ მესხზე, გიორგი არაბიძის დუბლით და ლადო დვალიშვილის უკანასკნელი სანაკრებო გოლით – 3:0;

2019 წელი: ევრო 2020-ის შესარჩევი, ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო თამაში ნაკრებში და ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილის და ვატო არველაძის (პენალტი) გოლები გიბრალტარის ნაკრების კარში – 3:0;

მე, როგორც ეროვნული ნაკრების ერთგული გულშემატკივარი, სულ პირველი თამაშის თვითმხილველი და სხვა მრავალი ღირსებებით შემკული, დაჟინებით მოვითხოვ, რომ 2025 წლიდან დაწყებული ნაკრებმა მხოლოდ 7 ივნისს ითამაშოს! სხვა თარიღი არც განიხილება!

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 7 ივნისი
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian