თავისუფალი ჭიდაობა: 3 მედალი და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულტანში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და ბრინჯაოს მედალი, ასევე ტოკიოს საგაისო ოლიმპიადის 2 ლიცენზია მოიპოვა!

გუშინ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, არაოლიმპიურ – 61კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძემ, რომელმაც წინა დღეს ფინალში გასვლით მედალი დაიბევა, გადამწყვეტ შეხვედრაშიც იყოჩაღა: 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, რუსეთის წარმომადგენელი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა! ლომთაძემ ფინალამდე მოლდოვის, აშშ-ის და ინდოეთის წარმომადგენლებს სძლია.

საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა ელიზბარ ოდიკაძის ასპარეზობაც. ოლიმპიურ 97-კილოგრამ წონით კატეგორიაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ოდიკაძემ III ადგილისთვის შეხვედრა ამერიკელ კაილ სნაიდერთან 0:5 დათმო, მაგრამ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრით ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა.

ერთი დღით ადრე მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა და იმავდროულად, ოლიმპიური ლიცენზია დაისაკუთრა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმაც, ხოლო არაოლიმპიურ 92-კილოგრამ წონაში ბრინჯაო მოიპოვა ირაკლი მწითურმა.

ქართველ მოჭიდავეებს დარჩენილ 4 ოლიმპიურ წონაში (57, 65, 74, 86) ტოკიოს ლიცენზიების მოსაპოვებლად დამატებით 2 სალიცენზიო ტურნირი ელოდებათ.

2 ოქროს და ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 85 ქულით V ადგილი დაიკავა და ამით შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა. 2018 წლის მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს, ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჭიდაობის ორივე სახეობის ჯამურ ცხრილში ქართველი ფალავნები III ადგილზე არიან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ნურ-სულტანში ასევე 2 ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 სექტებერი)

ka_GEGeorgian