თბილისი 2015: ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა

ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისს კიდევ ერთი სპორტული არენა შეემატა – სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა!

ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილეობდნენ.

ახალი სპორტის სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უშუალო ზედამხედველობით აშენდა. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის შემოდგომით დაიწყო და სარეკორდო დროში დასრულდა.

ის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ხელბურთის ტურნირს უმასპინძლებს ჭაბუკებსა და გოგონებს შორის, ფესტივალის დასრულების შემდეგ კი სხვადასხვა სახეობების უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს მიიღებს. გადაწყვეტილია, რომ 2016 წლის გაზაფხულზე აქ გაიმარტება თბილისის გრან პრი ძიუდოში,  2017 წელს კი 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ფარიკაობაში.

თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენებულ ახალ სპორტის სასახლეში ორი დარბაზია, სადაც ერთდროულად შესაძლებელია სხვადასხვა სახეობების ტურნირების ორგანიზება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში: ხელბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ძიუდო, ჭიდაობა, მინი-ფეხბურთი, ფარიკაობა და ასე შემდეგ. დიდი დარბაზი 3 600,  მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს.

გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ამხანაგური მატჩი ხელბურთში საქართველოს გოგონათა ოლიმპიურ ნაკრებსა და თურქულ კლუბს შორის, რის შემდეგაც საჩვენებელი შეხვედრა ჩაატარეს საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრების მოთამაშეებმა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 ივლისი)
ფოტო: www.msy.gov.ge

ka_GEGeorgian