თბილისი 2015 გაიხსნა!
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
„ქალბატონებო და ბატონებო, საღამო მშვიდობისა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე! მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მზადაა გულშემატკივრების და ფესტივალში მონაწილე ათასობით სტუმრის მისაღებად. ჩვენ 50 ქვეყნის 3500-ზე მეტ ახალგაზრდა ათლეტს შევხვდებით, ძიუდოს, ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, ველოსპორტის, მძლეოსნობის, ცურვის, ფრენბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის – სპორტის 9 სახეობის ახალგაზრდა მოასპარეზეებს“! – ამ სიტყვებით მიესალმნენ ცერემონიალის წამყვანები ნიკა ლომიძე და ნუცა ქავთარაძე სტუმრებს.
ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე სეუ-ს ბენდმა მსოფლიო ჰიტები შეასრულა, შემდეგ კი სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნასთან დამონტაჟებულ ორ დიდ მონიტორზე თბილისი 2015-ის ცეცხლის საქართველოში მოგზაურობის კადრები ვიხილეთ.
ფესტივალის ერთ-ერთი სიმბოლოს მოგზაურობა 26 მაისს დაიწყო და განვლილი ორი თვის მანძილზე ის 67 ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრს ესტუმრა. შეგახსენებთ: ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 40 პირი მონაწილეობდა.
გახსნის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე ზუსტად 15 წუთით ადრე მონიტორებზე დროის უკუთვლა დაიწყო, შემდეგ კი ტრიბუნების შესასვლელებთან მედოლეები ახმაურდნენ – ცერემონიალი დაიწყო!
დოლისცემა და ფოიერვერკი საქართველოს ისტორიაში მოგზაურობამ ჩაანაცვლა: სტადიონის შუაგულში მოწყობილ სცენაზე არგონავტების მითი გაცოცხლდა – იასონის და მედეას სიყვარული და კოლხეთიდან ოქროს საწმისის მოტაცება. წარმოდგენის ვარსკვლავი მედეას როლის შემსრულებელი, პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე გახლდათ.
შემდეგ სტადიონზე საქართველოს სახელმწიფო დროშა შემოაბრძანეს, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძემ კი ბავშვთა ანსამბლ გვირილასთან ერთად სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ფოიერვერკის შემდეგ ათლეტთა აღლუმი დაიწყო – საბერძნეთს ალბანეთი მოჰყვა, ალბანეთს – ანდორა და ასე შემდეგ უკრაინამდე, ბოლო აკორდი კი არგონავტების ხომალდიდან საქართველოს გუნდის გამოჩენა იყო – ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშის გამოჩენას ათასობით გულშემატკივარი ტაშით შეეგება.
ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე გუნდების სცენაზე გამოსვლის შემდეგ ოფიციალურ სტუმრებს, სპორტსმენებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ, ბატონი პატრიკის სიტყვის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 გახსნილად ვაცხადებ!
პრემიერ-მინისტრის სიტყვებს კვლავ ფოიერვერკი მოჰყვა, რამდენიმე წამში კი სტადიონზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა შემოაბრძანეს – ამ საპატიო ცერემონიალში ქართული და მსოფლიო სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური ჩემპიონები მონაწილეობდნენ: მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი, ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა და მჭიდავეები – რომან რურუა, ლევან თედიაშვილი და ვახტანგ ბლაგიძე.
ოლიმპიური დროშის აღმართვის შემდეგ ათლეტთა, მწვრთნელთა და მსაჯთა ფიცის დადების დრო დადგა. სპორტსმენთა შორის ეს პატივი გიგა ზარნაძეს ხვდა წილად, მწვრთნელებში – დავით კვერნაძეს, მსაჯებს შორის კი რუსუდან სიხარულიძეს.
ფიცს მონიტორებზე გასული ვიდეოკოლაჟი მოჰყვა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშები, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის, შოთა რუსთაველის ფრესკები, არქიტექტურის შედევრები, ოქროს ნაკეთობები, ხელნაწერები… ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და სასიამოვნო სანახავი იყო. ვიდეო-კოლაჟი ეგრეთ წოდებული BOX-შოუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც სცენაზე მასპინძელი ქალაქის სახელწოდება გამოისახა – TBILISI.
ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მშვენება იყო წითლად აელვარებულ სცენაზე სუხიშვილების შესრულებული ხორუმი და სამაია, რომელმაც მოლოდინისამებრ, სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სუხიშვილებს რევაზ ლაღიძის საჭიდაო მოჰყვა, რომელიც ოთხმა ახალგაზრდა პიანისტმა შესანიშნავად შეასრულა.
2-საათიანი წარმოდგენა ცეცხლის ანთების ლამაზი სცენით დასრულდა: ჭექა-ქუხილის შემდეგ კავკასიონი გადაიხსნა, კვამლიდან ჰელიოსფერო ამოვარდა, მოედნის შუაგულში კი ჰელიოსფეროზე მოცეკვავე აკრობატმა ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს, გელა კეტაშვილს გადასცა. მან, თავის მხრივ მეორე მეჩირაღდნეს – პარალიმპელ თემო დადიანს. შემდეგ ნინო სალუქვაძის ჯერი დადგა (რიოს საგაისო ოლიმპიადა მისთვის ზედიზედ მე-8 იქნება!), ბოლოს კი ჩირაღდანი ათენი 2004-ის ტრიუმფატორმა ზურაბ ზვიადაურმა ჩაიბარა, რომელმაც სამხრეთ ტრიბუნის საფეხურებზე აირბინა და… თბილისი 2015-ის ცეცხლი კუს ტბაზე აგიზგიზდა!
27 ივლისიდან ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 იწყება. თამაშების ისტორიაში პირველად, ის 6-დღიანი იქნება!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 26 ივლისი)