თბილისი 2015: 27 ივლისის ამბები
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს საქართველოს გუნდმა მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ ცალკეული სახეობის სპორტსმენებმა მაინც გაგვახარეს: კალათბურთელმა ვაჟებმა შესანიშნავი გამარჯვება იზეიმეს, ჩოგბურთელებმა კი უდანაკარგოდ დაძლიეს პირველ წრე!
თავდაპირველად კალათბურთელებზე ვთქვათ. ვაჟებმა გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში 16 საათზე იასპარეზეს – მეტოქე თურქეთის გუნდი იყო.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და 39-ქულიანი სხვაობით დამსახურებულად გაიმარჯვა – 89:50! I მეოთხედის 9 ქულით მოგების შემდეგ, მეორე ათწუთეულში თურქებმა იმარჯვეს 5 ქულით, თუმცა II ტაიმში მწვრთნელმა სათანადო დავალებები მისცა ბიჭებს, მათ კი, თავის მხრივ, მოინდომეს და სასურველი შედეგიც მოვიდა.
გამოსარჩევია რამდენიმე კალათბურთელის კარგი თამაში: გუნდის ლიდერი გახლდათ ტანმაღალი გიგა ბითაძე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულას დამატებული ამდენივე მოხსნა. ის საიმედო იყო მეტოქის ფარზეც და რამდენიმე შესანიშნავი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. კარგად იასპარეზეს პერტაიამ, მეცხვარიშვილმა, ფიფიამ, ჩეჩელაშვილმა და ჯანელიძემ.
აუცილებლად უნდა ითქვას სპორტის სასახლის ტაბლოს შესახებ: საქართველო-თურქეთის მატჩამდე იტალიელებს და სერბებს უნდა ეთამაშათ, თუმცა ტაბლოს გაუმართაობის გამო მატჩი 22:30 საათისთვის გადაიდო. მართალია საქართველო-თურქეთის თამაშზე ტაბლო ჩაირთო, მაგრამ მოთამაშეთა გვარები მაინც არ ეწერა. აშკარაა – ტაბლო შესაცვლელია…
ვაჟების მატჩამდე ვერის პარკის საკალათბურთო სასახლეში გოგონები თურქეთთან უშანსოდ დამარცხდნენ 28:61.
საჩოგბურთო ტურნირი მზიურში, ახალ კორტებზე ტარდება. ფესტივალის I დღეს საქართველოს გუნდის 4-მა წევრმა იასპარეზა და საბედნიეროდ, ყველამ გაიმარჯვა: ვაჟთა შორის ნიკოლოზ დავლიანიძემ უნგრელი მატე ვოროში დაამარცხა – 6:4, 6:3, დავით ჭელიძემ კი თურქ უმუთ აქოიუნს სძლია – 7:5, 2:6, 6:3.
ნიკოლოზ დავლიანიძე, რომელიც ამ ასაკში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონი გახლავთ, დღეს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელს ემილ მარტინ ჰუდს შეხვდება, ჭელიძის მეტოქე კი ლატვიელი დანიილს ბატმანოვსი იქნება.
გოგონათა შორის იოლად გაიმარჯვეს ანა მაქაცარიამ და მისმა სეხნიამ შანიძემ. მაქაცარიამ 6:3, 6:0 სძლია აზერბაიჯანელ ფიდანა ხალიზადეს, ანა შანიძემ კი ისრაელის გუნდის წევრს ლინა გლუშკოს აჯობა – 6:0, 6:0. მაქაცარიას მეტოქე ბულგარელი გერგანა ტოპალოვა იქნება, შანიძე კი საბერძნეთის წარმომადგენელს ნიკოლოპულოსს გაეჯიბრება.
გუშინვე ჩაერთვნენ ფესტივალში ფრენბურთელები და ხელბურთელები, თუმცა სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობებში ჩვენმა გუნდებმა წარუმატებლად იასპარეზეს.
ფრენბურთელი ვაჟები პოლონელებთან დამარცხდნენ 0:3, გოგონებს კი იგივე სხვაობით აჯობა რუსეთმა. რაც შეეხებათ ხელბურთელებს, გოგონები ჩეხებს დაუპირისპირდნენ – 18:44, ვაჟები კი შვეიცარიელებს – 22:28.
დღეს ვაჟი ფრენბურთელები ბულგარელებს შეხვდებიან, გოგონები კი იტალიელებს. რაც შეეხებათ ხელბურთელებს, ვაჟების დღევანდელი მეტოქე საფრანგეთია, გოგონებისა კი რუსეთი.
ინდივიდუალურ სახეობებში მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა. თბილისი 2015-ის პირველი ჩემპიონის ტიტული მოლდოველმა მოცურავემ ალექსეი სანჩოვმა მოიპოვა – 200 მეტრზე თავისუფალი სტილით მან გერმანელ ჰაინცე ჯონასს და უნგრელ რიჩარდ მარტონს აჯობა.
„ცისფერ ბილიკებზე” ჩვენი გუნდის ორმა წევრმა იასპარეზა: 100 მეტრზე ბატერფლაით ირაკლი კვარაცხელია 27-ე იყო, ლუკა პატარაია კი 33-ე.
მძლეოსანთა შორის მედლის მოგება შეეძლო საბა ხვიჩავას. 2 000 მეტრზე სტიპლჩეიზში ის ფინალში გავიდა, თუმცა საბოლოოდ V ადგილი დაიკავა. ჩემპიონობა ავსტრიელმა სტეფან შმიდმა იზეიმა, რომელმაც სლოვენიელ მატეუშ ციმერმანიჩიჩს და ფრანგ ტიმოთი მიშლერს აჯობა.
1 500 მეტრზე სირბილში საკვალიფიკაციო გარბენები შედგა. დავით აბესაძემ II ჯგუფში იასპარეზა და 4:10.25 წუთით V ადგილი დაიკავა. სიგრძეზე მხტომელთა შეჯიბრება B ჯგუფის VI ადგილზე დაასრულა რომან ბადრიძემ – ის 6.43 მეტრზე გადახტა.
დღეს ფესტივალში ველომრბოლები და ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან, კალათბურთელები, ფრენბურთელები, ხელბურთელები და ჩოგბურთელები II ტურის შეხვედრებს გამართავენ, მძლეოსნები და მოცურავეები კი მედლების მორიგ კომპლექტებს გაითამაშებენ.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 28 ივლისი)