თბილისი 2015: პრემიერ-მინისტრმა ახალი თბილისი გახსნა
საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი – თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი ახალი თბილისი დღეს საზეიმოდ გაიხსნა!
ეს არენები ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სპორტულ შეჯიბრებს უმასპინძლებს. სპორტული კომპლექსის გახსნას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ფარგლებში თბილისი ევროპის 50 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს.
„ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. ახალი თბილისი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც თბილისი 2015-ის მონაწილეებს, ასევე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი თბილისის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ასევე გაიხსნა სკულპტურული კომპოზიცია-ქანდაკება „ოლიმპიური ალი“, რომლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩატარდება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 10 ივლისი)
ფოტო: www.msy.gov.ge