თბილისი 2015: პატრიკ ჰიკი – საქართველო მშვენიერი ქვეყანაა!

26 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

საზეიმო ცერემონიის მიწურულს სტუმრებს ოფიციალური სიტყვით მიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა:

„ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელო ბატონო ალექსი!
ევროპის ოფიციალური მოძრაობა მადლობას გიხდით თქვენ და საქართველოს ჩვენი ახალგაზრდა ათლეტების ამ უმშვენიერეს ქვეყანაში მასპინძლობისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს, ქალაქ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას.
თქვენ ქალაქს 6-დღიანი სპორტული ვნებათაღელვა ელის – ევროპის ახალგაზრდობა გაანათებს თბილისს და თამაშების შემდგომ დედაქალაქს ახალი სპორტული გარემო, ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა დარჩება!
ასევე მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ბატონ ლერი ხაბელოვს! არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ მას ეკუთვნის.
ეს თამაშები საქართველოს სპორტის მდგრადი განვითარების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია და უფრო მეტიც, სტიქიის შემდეგ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისს.
სპორტი იმედის მომცემია ნებისმიერ რთულ ვითარებაში და ევროპის მთელი ოლიმპიური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევას.
ძვირფასო გოგონებო და ბიჭებო! ფესტივალში ჩართულმა ყველა ადამიანმა, გუნდებმა, პერსონალმა და მოხალისეებმა ამ ღონისძიების მოწყობისთვის გაწეული უანგარო შრომით ნამდვილი ოლიმპიური სულისკვეთება აჩვენა. მათ შექმნეს არაჩვეულებრივი სპორტული გარემო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ის წარმატებული გახადოთ.
ისიამოვნეთ და გახსოვდეთ, რომ ამაღლებული განწყობა და შეჯიბრის დროს შეძენილი მეგობრები მედლებზე უფრო მნიშვნელოვანია“!

პატრიკ ჰიკის მისალმების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი 2015 ოფიციალურად გახსნა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 26 ივლისი)

ka_GEGeorgian