თბილისის გრანდ სლემი 2024

22-24 მარტს თბილისში მეათედ გაიმართა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის – IJF – ტურნირი, რომელიც ზედიზედ მეოთხე წელია გრანდ სლემის კატეგორიისაა, მანამდე კი გრან პრი იყო. მეც ზუსტად მეათედ ვიმუშავე ამ შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტში და როგორც ყოველ წელს, ახლაც ჩამოვწერე საინტერესო ფაქტები.

სანამ ჩემ შვიდეულს გაეცნობით, დავწერ, რომ წლევანდელი გრანდ სლემი ძალიან გაალამაზა სამივე დღეს, ფინალური ბლოკის დაწყებამდე მომხდარმა ამბებმა. პარასკევს თბილისის გრანდ სლემის 2021 და 2022 წლების ჩემპიონმა თემურ ნოზაძემ პირდაპირ ტატამთან სთხოვა ხელი ეთერ ლიპარტელიანს, შაბათ-კვირას კი ორი დიდი ძიუდოისტის, ავთანდილ ჭრიკიშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის გაცილების ლამაზი ცერემონიები გაიმართა.

პირადად ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი გამოდგა გუშინდელი სანახაობა, როცა ჩვენი ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი შვილებთან „ჭიდილის“ შემდეგ დაემშვიდობა ტატამს. ნანახმა ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გაცილება გამახსენა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დიდი სპორტიდან ასევე ვაჟიშვილებთან ჭიდაობის შემდეგ წავიდა ლამის ორმოცი წლის წინ, ძველ სპორტის სასახლეში…

წლევანდელმა გრანდ სლემმა არაერთი კარგი მოგონება და… გუამის დროშა დამიტოვა. წყნარი ოკეანის ამ პატარა კუნძულ-სახელმწიფოზე და იქაურ სპორტსმენზე ტურნირის დაწყებამდე დავწერე. ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ 99,9%-ით მგონია, რომ მარია ესკანიო (57კგ) პირველი გუამელია, რომელიც საქართველოში, პირად პირველობაში ვიხილე. არ ვიცი კიდევ როდის ვნახავ გუამელს ჩვენთან, ამიტომაც ამ ქვეყნის დროშა ვისახსოვრე. მშვენიერი დროშაა: იალქნიანი ნავი, პალმა, პლაჟი… კარგ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს!

რაც შეეხება 7 ფაქტს, ესენი გამოვარჩიე:

1: მას შემდეგ, რაც თბილისი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გრან პრის (2014 წლიდან 2019 წლის ჩათვლით), 2021 წლიდან კი გრანდ სლემს მასპინძლობს, საქართველოს დედაქალაქს პირველად ეწვია 80-ზე მეტი ქვეყნის გუნდი და 500-ზე მეტი სპორტსმენი. საერთო ჯამში 22-24 მარტს ახალ სპორტის სასახლეში 83 ქვეყნის 519-მა ძიუდოკამ იჭიდავა.

2: წელს 4-ჯერ მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ეს 2014 წლის შედეგის გამეორებაა, ისტორიაში კი მეორე საუკეთესო შედეგი. 2018 წელს თბილისის გრან პრი, ხოლო 2022 წელს გრანდ სლემი 5-მა ჩვენიანმა მოიგო.

3: წლევანდელი გრანდ სლემის მთავარ მოვლენად მიმაჩნია ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფი. ის პირველი ქართველი ქალია, რომელმაც თბილისის გრან პრი/გრანდ სლემი მოიგო!
ეს ეთერის მე-10 მედალია გრანდ სლემის ტურნირებში და პირველი ოქრო! ასევე: ეთერი მესამედ დადგა თბილისურ კვარცხლბეკზე – 2021 წელს ვერცხლს, 2022 წელს კი ბრინჯაოს დაეუფლა.

4: ვაჟებში პირველად ლაშა შავდათუაშვილმა გაგვახარა. ერთადერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ვინც ოლიმპიადის, მსოფლიო და ევროპირველობების ოქროს ფლობს, გრანდ სლემებზე მე-15 მედალი მოიგო, თბილისში კი მეორედ გაიმარჯვა 2022 წლის შემდეგ.
თუ 2014-2019 წლების თბილისის გრან პრისაც გავითვალისწინებთ, მაშინ ეს ლაშას მე-3 ტრიუმფი იქნება (ის 2018 წელსაც ჩემპიონი იყო), მისი „თბილისური“ მედლების რაოდენობა კი 8-ს გაუტოლდება! 2014 წლიდან დღემდე ამდენი მედალი დედაქალაქში არავის მოუგია, არც ქართველს, არც უცხოელს. სტაბილურობა ლაშა შავდათუაშვილის მთავარი პლუსი მგონია და ესეც კიდევ ერთი დასტური.

5: შავდათუაშვილის სეხნიამ, მასზე 9 წლის უმცროსმა და მასავით ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო, ამ კატეგორიის ტურნირებზე კი მე-4 მედალი მოიპოვა და აქედან მე-3 ოქრო. ბექაური 2021 წელს თელ ავივის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა, 2022 წელს კი მე-3 იყო ტოკიოში.

6: თბილისში მეორედ გაიმარჯვა გურამ თუშიშვილმა, თუმცა 2018 წელს მან გრან პრი მოიგო, ახლა კი გრანდ სლემი.
ეს გურამის მე-7, აქედან მე-5 ოქროს მედალია ამ სერიის ტურნირებში, არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ მძიმეწონოსან ქართველს ყველა, ხუთივე ოქროს მედალი სხვადასხვა ქალაქში აქვს მოგებული: 2017 წელს ბაქოში, 2020 წელს დიუსელდორფში, 2022 წელს კი ჯერ თელ ავივში, შემდეგ ანტალიაში.

7: და ბოლოს, თბილისის გრანდ სლემის მეხუთე ქართველ ჩემპიონზე, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილზეც ვთქვათ. ის 28 წლისაა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ და გუშინ კარიერაში მე-5 გრანდ სლემი მოიგო, მაგრამ პირველი 2020 წლის შემდეგ. თბილისური ოქრო ნიკას მე-13 მედალია გრანდ სლემის სერიის ტურნირებში.
შერაზადიშვილი მეორედ მოხვდა თბილისის ტურნირის სამეულში – 2016 წელს, როცა ჯერ კიდევ 90კგ წონაში ჭიდაობდა, გრან პრის ბრინჯაოს დაეუფლა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის
25 მარტი
ფოტო: IJF

ka_GEGeorgian