თბილისის პირველი დიდი სლემი: 10 ყველაზე საინტერესო ამბავი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ბოლო ორმა თამაშმა შვედეთსა და თბილისში, ესპანეთთან, ცოტა არ იყოს დაჩრდილა ძიუდოისტთა დიდი სლემი, არადა ამ რანგის ტურნირს თბილისმა პირველად უმასპინძლა.
და საერთოდ, თუ რამდენიმე წლის წინ სპორტის სასახლეში გამართულ ევროპის ჩემპიონატს არ ჩავთვლით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ასეთი მაღალი დონის შეჯიბრება თბილისში პირველად ჩატარდა. გეცოდინებათ: დიდ სლემზე მნიშვნელოვანი მხოლოდ მასტერსია.
თბილისის დიდი სლემი კიდევ ერთი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ამბითაა გამორჩეული: უნივერსიტეტის ქუჩაზე, ოლიმპიურ სასახლეში გაშლილ 3 ტატამზე 80 ქვეყნის 441 ძიუდოკა ვიხილეთ, ამაზე წარმომადგენლობითი ტურნირი კი, ქვეყნებს ვგულისხმობ, არათუ თბილისში, საქართველოშიც ერთადერთხელ გაიმართა – 2018 წლის შემოდგომით, როცა ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. მაშინ, სექტემბერ-ოქტომბერში, აჭარის მთავარ ქალაქს 200ზე მეტი ქვეყნის ნაკრები ესტუმრა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისმა პირველი გრან პრი 2014 წელს მიიღო.

სადებიუტო ტურნირზე დედაქალაქში IJFის უნგრელი პრეზიდენტი მარიუს ვიზერიც ჩამოვიდა. მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი ამ დღეებში მეორედ ეწვია საქართველოს და გუშინ ერთი წონითი კატეგორიის ჩემპიონები და პრიზიორებიც დააჯილდოვა.

თბილისის დიდი სლემის ყველა გამარჯვებული და მედალოსანი ჯერ კიდევ წლევანდელი ტურნირის დაწყებამდე ჩამოვწერე. შემდეგ შედეგები სხვადასხვანაირად დავაჯამე და საკმაოდ საინტერესო სურათიც მივიღე. ზოგადად, მიყვარს ასეთი ამბები, თან, ძიუდო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპორტია…

წლევანდელი ტურნირის დაწყებამდე მინდოდა ამ მონაცემების გამოქვეყნება, მაგრამ უამრავი საქმის გამო ვერ მოვიცალე. დღეს კი, პირველი დიდი სლემის დასრულებიდან მეორე დღეს, ძველ შედეგებს ამ პარასკევის, შაბათის და კვირის სტატისტიკა დავამატე და აგერ ბატონო, რამდენიმე საინტერესო ამბავი თბილისის ტურნირის შესახებ.

ბოლოსთვის დავწერ: საბჭოთა დროებაში თბილისი ძიუდოში ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებას მასპინძლობდა. იმხანად არ იყო ტურნირების დღევანდელი რანგირება, მაგრამ თბილისის ტრადიციულ თასს სპეციალისტები და სპორტსმენები არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატს უწოდებდნენ.

ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ტურნირმა მომავალ წლებშიც შეინარჩუნოს დიდი სლემის სტატუსი. ეს, შეჯიბრების მაღალ დონეზე ორგანიზების გარდა, ფინანსურ მხარესაც ითვალისწინებს. აქ კი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარდა, კერძო სექტორის აქტიური ჩართვაც აუცილებელია. ამ მხრივ წელს ყველაფერი ჩინებულად იყო. იმედია ერთი წლის შემდეგაც ასე იქნება.

და რაც მთავარია: ვიმედოვნებ რომ გაისად თბილისის საერთაშორისო ტურნირი სავსე ტრიბუნების წინ გაიმართება. პანდემიის გამო დიდი სლემი მკაცრი შეზღუდვებით მოეწყო და ძიუდოს ქართველი გულშემატკივრებიც ამიტომ ვერ დაესწრნენ შეჯიბრებას. არადა, თუ რამე დაეწუნებოდა თბილისის დიდ სლემს, ეს მხოლოდ ცარიელი ტრიბუნები იყო.

1: თემურ ნოზაძე (60კგ) მე13, ხოლო გელა ზაალიშვილი მე14 ქართველი ძიუდოკაა, რომელმაც თბილისის ტურნირი მოიგო.
2014 წლიდან საშინაო შეჯიბრებაში ქართველებმა შემდეგი თანმიმდევრობით გაიმარჯვეს:
1.ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ – 2014)
2.ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ – 2014)
3.ზვიად გოგოჭური (90კგ – 2014)
4.ადამ ოქრუაშვილი (+100კგ – 2014)
5.ბექა ღვინიაშვილი (90კგ – 2015)
6.ლევან მატიაშვილი (+100კგ – 2015)
7.ვაჟა მარგველაშვილი (66კგ; – 2016)
8.ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ – 2017)
9.ლაშა გიუნაშვილი (66კგ – 2017)
10.ლაშა შავდათუაშვილი (73კგ – 2018)
11.თამაზ კირაკოზაშვილი (81კგ – 2018)
12.გურამ თუშიშვილი (+100კგ – 2019)
13.თემურ ნოზაძე (60კგ – 2021)
14.გელა ზაალიშვილი (+100კგ – 2021)

2: გელა ზაალიშვილმა (+100კგ) საქართველოს ნაკრებს თბილისის ტურნირზე საიუბილეო, მე20 ოქროს მედალი მოუტანა!
ქართველთაგან საშინაო ტურნირი პირველად ნუგზარ ტატალაშვილმა მოიგო – 2014 წელს (73კგ), შემდეგ კი ოქროს მედლები მასპინძლებმა ამ თანმიმდევრობით მოიპოვეს:
2.ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ – 2014)
3.ზვიად გოგოჭური (90კგ – 2014)
4.ადამ ოქრუაშვილი (+100კგ – 2014)
5.ბექა ღვინიაშვილი (90კგ – 2015)
6.ლევან მატიაშვილი (+100კგ – 2015)
7.ვაჟა მარგველაშვილი (66კგ; – 2016)
8.ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ – 2016)
9.ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ – 2017)
10.ლაშა გიუნაშვილი (66კგ – 2017)
11.ადამ ოქრუაშვილი (+100კგ – 2017)
12.ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ – 2018)
13.ვაჟა მარგველაშვილი (66კგ; – 2018)
14.ლაშა შავდათუაშვილი (73კგ – 2018)
15.თამაზ კირაკოზაშვილი (81კგ – 2018)
16.გურამ თუშიშვილი (+100კგ – 2018)
17.ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ – 2018)
18.ლევან მატიაშვილი (+100კგ – 2019)
19.თემურ ნოზაძე (60კგ – 2021)
20.გელა ზაალიშვილი (+100კგ – 2021).

3: წონითი კატეგორიების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული +100კგ კატეგორიაა, სადაც ჩვენმა გუნდმა 6 ოქროს მედალი მოიგო! ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა 2-2ჯერ გაიმარჯვეს, გურამ თუშიშვილმა და გელა ზაალიშვილმა – ერთხელ.
საქართველოს ნაკრებმა თბილისის ტურნირის მოგება მხოლოდ 100კგ წონით კატეგორიაში ვერ მოახერხა.
საერთო სურათი კი ასეთია:
60კგ: 4 ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი (3), თემურ ნოზაძე
66კგ: 3 ოქრო – ვაჟა მარგველაშვილი (2), ლაშა გიუნაშვილი
73კგ: 3 ოქრო – ნუგზარ ტატალაშვილი (2), ლაშა შავდათუაშვილი
81კგ: 2 ოქრო – ავთანდილ ჭრიკიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
90კგ: 2 ოქრო – ზვიად გოგოჭური, ბექა ღვინიაშვილი
+100კგ: 6 ოქრო – ადამ ოქრუაშვილი (2), ლევან მატიაშვილი (2), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი

4: ლაშა გუჯეჯიანის მომზადებულმა საქართველოს ნაკრებმა თბილისის დიდ სლემზე 9 მედალი მოიგო – 8 ვაჟებმა, ხოლო გოგონებში ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანმა. ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩვენმა გუნდმა ამდენი მედალი პირველად მოიპოვა.

5: თბილისის ტურნირის ისტორიაში საქართველოს გუნდმა ყველაზე მეტი ჯილდო – 14, 2018 წელს მოიგო: ვაჟთა ნაკრების 5 ოქროს, 3 ვერცხლს და 5 ბრინჯაოს მარიამ ჭანტურიამ გოგონებში ბრინჯაო დაურთო.
წლების მიხედვით ასეთი სურათია:
2014, გრან პრი: 10 (4 ოქრო, ვერცხლი, 4 ბრინჯაო; გოგონები – ბრინჯაო)
2015, გრან პრი: 7 (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)
2016, გრან პრი: 7 (2 ოქრო, ვერცხლი, 4 ბრინჯაო)
2017, გრან პრი: 6 (3 ოქრო, ვერცხლი, 2 ბრინჯაო)
2018, გრან პრი: 14 (5 ოქრო, 3 ვერცხლი, 5 ბრინჯაო; გოგონები – ბრინჯაო)
2019, გრან პრი: 10 (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)
2020, დიდი სლემი: 9 (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო; გოგონები – ვერცხლი)

6: 2018 წლის გრან პრიზე, ვაჟთა შორის 60კგ წონით კატეგორიაში ყველა მედალი საქართველოს ნაკრებს დარჩა! ჩემპიონობა ლუხუმ ჩხვიმიანმა იზეიმა, ამირან პაპინაშვილი ვერცხლს დასჯერდა, ლაშა ჩადუნელი და წლევანდელი ჩემპიონი თემურ ნოზაძე კი III ადგილზე გავიდნენ.
ცნობისათვის: თბილისის ტურნირის ისტორიაში ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევაა.
2014 წელს, პირველ ტურნირზე, 73კგ წონაში ოქროს ნუგზარ ტატალაშვილი, ვერცხლს ლაშა შავდათუაშვილი, ბრინჯაოს კი ზებედა რეხვიაშვილი დაეუფლა.
ერთი ქვეყნიდან 3 სპორტსმენი მაშინ პირველად ავიდა კვარცხლბეკზე.

7: თბილისის ტურნირის ისტორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ერთადერთი ვაჟი ძიუდოისტია, მათ შორის უცხოელების ჩათვლით, რომელმაც 3ჯერ მოიგო ოქროს მედალი და თან, რაც უფრო დასაფასებელია, ზედიზედ – 2017, 2018 და 2019 წლებში.

8: პარასკევს, 26 მარტს, პირველ საშეჯიბრო დღეს, 52კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი იტალიელმა ოდეტ ჯიფრიდამ მოიგო. ჩხვიმიანის დარად, მანაც მესამედ გაიმარჯვა თბილისის ტურნირში: პირველად 2016 წელს, მეორედ 2019 წელს და მესამედ ახლა.
აქვე გეტყვით, რომ გოგონებში 2019 წლის ჩემპიონთაგან წელს ტიტული მხოლოდ ორმა შეინარჩუნა: ოდეტ ჯიფრიდამ (იტალია, 52კგ) და კოსოვოელმა ნორა ჯაკოვამ (57კგ).

9: ლუხუმ ჩხვიმიანი და ოდეტ ჯიფრიდა თბილისის ტურნირის 4 მედალს ფლობენ, რაც ასევე რეკორდია. 2014 წელს ჩხვიმიანი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო ჯიფრიდა იგივე სინჯის მედალს ერთი წლის შემდეგ.

10: კოსოვოელმა ნორა ჯაკოვამ ფინალში ეთერ ლიპარტელიანი დაამარცხა.
ლიპარტელიანი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც დიდი სლემზე მედალი მოიგო! ამავდროულად, ის ქალთა ნაკრების პირველი წევრია, რომელიც თბილისის ტურნირზე ვერცხლს დაეუფლა, ზოგადად კი მხოლოდ მე3, რომელიც კვარცხლბეკზე დადგა.
2014 წელს, პირველ გრან პრიზე, 78კგ წონაში ბრინჯაოს მედალი ელენე ქებაძემ მოიგო, 2018 წელს კი ასევე III ადგილზე გავიდა მარიამ ჭანტურია (70კგ).

თბილისის დიდი სლემი 2021 – ყველა ჩემპიონი და პრიზიორ
26-28 მარტი; ოლიმპიური სასახლე (441 ათლეტი 80 ქვეყნიდან)
60კგ
1.თემურ ნოზაძე
2.კემრან ნურილაევი (უზბეკეთი)
3.შაჰბოზ საიდაბუროროვი (ტაჯიკეთი) და კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
66კგ
1.
სანდორ ნურილაევი (უზბეკეთი)
2.ვაჟა მარგველაშვილი
3.ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი) და მიხაეილ პულიაევი (რუსეთი)
73კგ
1.ცონგტბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი)
2.არტურ მარგელიდონი (კანადა)
3.ლაშა შავდათუაშვილი და ალეკო მამიაშვილი
81კგ
1.სამი ჩუჩი (ბელგია)
2.შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია)
3.ტატო გრიგალაშვილი და მურად ფატიევი (აზერბაიჯანი)
90კგ
1.მარკუს ნიმანი (შვედეთი)
2.ნიკოლას მუნგაი (იტალია)
3.დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი) და ალტანბაგანა განტულგა (მონღოლეთი)
100კგ
1.შეიდი ელჰანასი (კანადა)
2.ილია სულამანიძე
3.მუზაფარბეკ ტურობოიევი (უზბეკეთი) და ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
+100კგ
1.გელა ზაალიშვილი
2.რაფაელ სილვა (ბრაზილია)
3.საბა ინანეიშვილი და ენდი გრანდა (კუბა)

გოგონები
48კგ
1
.ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)
2.ფრანჩესკა მილანი (იტალია)
3.ხულია ფიგეროა (ესპანეთი) და მარუშა შტანგარი (სლოვენია)
52კგ
1.
ოდეტ ჯიფრიდა (იტალია)
2.ჩელსი ჯაილსი (დიდი ბრიტანეთი)
3.ჟოანა რამოსი (პორტუგალია) და რეკა პუპი (უნგრეთი)
57კგ
1.ნორა ჯაკოვა (კოსოვო)
2.ეთერ ლიპარტელიანი
3.დარია მეჟეცკაია (რუსეთი) და ქრისტა დეგუჩი (კანადა)
63კგ
1.კეთრინ ბოშემინ-პინარი (კანადა)
2.შუნშია იანი (ჩინეთი)
3.ხეკე ვან დენ ბერგი (ნიდერლანდები) და დარია დავიდოვა (რუსეთი)
70კგ
1.მარია პორტელა (ბრაზილია)
2.მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი)
3.გულნოზა მატნიაზოვა (უზბეკეთი) და გაბრიელა ვილემსი (ბელგია)
78კგ
1.ნატაშა აუსმა (ნიდერლანდები)
2.კარენ სტევენსონი (ნიდერლანდები)
3.ინბარ ლანირი (ისრაელი) და ჟენჟაო მა (ჩინეთი)
+78კგ
1.შიიან შუ (ჩინეთი)
2.როშელ ნუნესი (პორტუგალია)
3.ბეატრის სოუზა (ბრაზილია) და მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 29 მარტი)
ფოტო: IJF & ხატია ჯიჯეიშვილი

ka_GEGeorgian