თბილისში გათამაშებული მსოფლიო თასი ლევონ არონიანმა მოიგო

თბილისის მსოფლიო თასი სომეხი დიდოსტატის ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, 4 პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ, არონიანმა დამატებით ტაი-ბრეიქში სძლია ჩინელ დინ ლიჟენს.

არონიანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მეორეა, მეორედ მოიგო მსოფლიო თასი. პირველად მან 2005 წელს გაიმარჯვა.

ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი – თბილისში ვაჟთა რეიტინგის მოწინავე 25-მა მოჭადრაკემ ითამაშა – 2 სექტემბერს სასტუმრო ჰუალინში დაიწყო, ფინალურ პარტიებს კი სასტუმრო ბილტმორმა უმასპინძლა.

სომეხი და ჩინელი დიდოსტატები სწორედ იმ დარბაზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია დამტკიცდა.

მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ლევონ არონიანმა 120 ათასი დოლარი მიიღო, მეტოქემ კი 80 ათასი.

ფინალის საზეიმო გახსნის ცერემონიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი იზრაელ გელფერი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდნენ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 27 სექტემბერი)

ka_GEGeorgian