თეოპისტი და ოქროს ვენეცია
ვენეცია ხომ თვალწარმტაცია და საფეხბურთო კლუბმაც ათიანში მოარტყა, რადგან 2022-23 წლების სეზონისთვის დამზადებული ფორმები ქალაქის ფერად არხებსა და მის ვიწრო ნაპირებზე წარადგინა.
2021 წლის ზაფხულში ვენეცია სერია ა-ში აღზევდა, ოცწლიანი შესვენების შემდეგ. მაგრამ იტალიური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში ფეხი ვერ მოიკიდა და 14 აგვისტოდან ისევ სერია ბ-ს მომქანცველ გზას შეუყვება. პირველი მეტოქე ჯენოაა, რომელსაც „ლომები“ 14 აგვისტოს უმასპინძლებენ პიერ ლუიჯი პენცოს სახელობის სტადიონზე, მანამდე კი, 7 აგვისტოს, სეზონის პირველი მატჩია, სათასო დაპირისპირება ასკოლისთან.
ამ და სხვა საშინაო შეხვედრებში ვენეცია ძირითადი, შავი მაისურით ითამაშებს. მეტოქეთა მოედნებზე კლუბი თეთრ ფორმას გამოიყენებს, ხოლო მესამე ვარიანტად ოქროსფერი შეირჩა.
ვენეციის და კაპას თანამშრომლობით დამზადებულმა ეკიპირებამ ჯერ კიდევ გასულ სეზონში მიიქცია საყოველთაო ყურადღება და წლევანდელი ფორმები, მგონი, უკეთესია. განსაკუთრებით მესამე, ოქროსფერი მაისური მომეწონა, თუმცა არც შავი და თეთრი დაიწუნება.
კარსმომდგარი სეზონის წინ ვენეციამ ემბლემაც შეცვალა და ის ახლა ლათინურ V-ში ჩატახული ლომია. ლოგო, რომელიც ახლო წარსულში შავ რგოლში გამოსახული შავი ლომი იყო მწვანე-სტაფილოსფერი ზოლებით, ახლა მხოლოდ ოქროსფერია. რატომ ლომი და იმიტომ, რომ ის ქალაქის სიმბოლოა – მისი სახით ხშირად გამოსახავენ ვენეციის მფარველს, ოთხიდან ერთი სახარების ავტორს, წმინდა მოციქულ მარკოზს.
ბოლოს კი ამ მშვენიერ გოგონაზე: თეოპისტი პურლიოტოპულო ბერძენი ფოტომოდელია. ის თესალონიკში დაიბადა და მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეორე წელია ვენეციის მაისურებს წარადგენს, კვლავ პაოკის ქომაგად რჩება.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 ივლისი)
ფოტო: veneciafc.it