ტაილანდის შესახებ: 24 წლის წინ

ხვალ, მიხეილ მესხზე, საქართველოს ნაკრები ტაილანდს ამხანაგურად ეთამაშება. ჰოდა, ამასთან დაკავშირებით, ასეთი კითხვა: აბა რამდენს გახსოვთ ეს, ოცდაოთხი წლის წინანდელი ამბავი, როცა ტაილანდელები ჩვენ ეროვნულ გუნდს თავისთან ეპატიჟებოდნენ მეფის თასზე, ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე?
მგონი, უმეტესობას არ გემახსოვრებათ და ბევრმა, შესაძლოა, საერთოდ პირველად გაიგოს ამის შესახებ.

სიტუაცია კი ასეთი იყო: საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიასთან ევროშესარჩევი მატჩის წინ (1999 წლის 27 მარტი) სპარინგ-პარტნიორს ეძებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ქვეყანას წინასწარ ჰქონდა კალენდარი შედგენილი, ჩვენი გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ხეირიანი მეტოქე ვერ გამოძებნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა (მერაბ ჟორდანიას გუნდი) ფიფას ლიცენზირებული აგენტის ვილი კონრადის შუამავლობით ტაილანდელებზე გავიდა და ერთი პირობა, აზიაში გამგზავრება ლამის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

მეფის თასის საიუბილეო, ოცდამეათე გათამაშებაში ტაილანდელებმა საქართველოს ნაცვლად ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრები მიიპატიჟეს, რომელმაც საბოლოოდ მოიგო კიდეც თასი, ფინალში 7:1 დაამარცხა ჩრდილოეთი კორეის ნაკრები. მასპინძლებმა მესამე ადგილი დაიკავეს, ბრინჯაოს მატჩში 3:1 მოუგეს უნგრეთის კლუბების ნაკრებს.

ამ ამბიდან ოცდაოთხი წლის თავზე საქართველო მაინც შეხვდება ტაილანდს. მე პირადად ეს თამაში რამდენიმე მიზეზის გამო ძალიან მაინტერესებს, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 11 ოქტომბერი
ფოტო:
გაზეთი სარბიელი, 1999 წლის 10 თებერვალი

ka_GEGeorgian