ტოკიო 2020: ძალა ერთობაშია!

ოლიმპიური თამაშები ტოკიოს პირველად 1940 წელს უნდა მიეღო.
არ გამოვიდა.
ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვა და იაპონიის ოლიმპიურმა კომიტეტმა 1938 წელს ოლიმპიადის მასპინძლობა იუარა.

თუ რატომ, ამას ადვილად მიხვდებით: გასული საუკუნის შუა წლებში სპორტული კი არა, ლამის მთლიანად ცხოვრება გაჩერდა, ის შვიდწლიანი საშინელება კი ამომავალი მზის ქვეყნისთვის კატასტროფულად დასრულდა – იაპონია თითქმის სრულიად განადგურდა, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ამერიკელებმა ატომური ბომბები ჩამოაგდეს და იქაურობა ჯოჯოხეთად აქციეს, ტოკიო კი მხოლოდ 1944-45 წლებში, ცხრა თვის განმავლობაში, ზუსტად სამოცდაათჯერ დაიბომბა! ყველაზე მძიმე 1945 წლის 9-10 მარტი გამოდგა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ავიადარტყმებს 124 711 (იაპონელებს უყვართ სიზუსტე) ტოკიოელი შეეწირა…

მხოლოდ იმ ცხრა თვეში 760 ათასზე მეტი სახლი განადგურდა, რაც დედაქალაქის შენობა-ნაგებობების დაახლოებით სამოც პროცენტს შეადგენდა. იმ დღეების თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ დაბომბვისგან გაჩენილმა ხანძრებმა წყალი აადუღა, წყაროები ამოაშრო და ააორთქლა, ცეცხლის ენები კი რამდენიმე ათეული კოლომეტრიდანაც ჩანდა…

იმ ძველი ტოკიოდან 1945 წლის საშინელებებს მხოლოდ ქალაქის გულში მდებარე რკინა-ბეტონის მრავალსართულიანი კორპუსები გადაურჩა, რომელიც იმპერატორის სასახლეს და ბაღებს გარს ერტყმოდა. როგორ ან რატომ? პასუხი ცივსისხლიანი და ბანალურია: ამერიკელები იქ სამხედრო ქვედანაყოფების განთავსებას და გენერალური შტაბის გამართვას გეგმავდნენ…

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 9 მაისს კი არა, 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა, როცა იმპერატორი ჰიროჰიტო ლინკორ მისურიზე ამერიკელებს ეახლა და კაპიტულაცია მეფური ხელმოწერით დაადასტურა.

მომდევნო ექვსი წლის მანძილზე იაპონიაში საოკუპაციო ძალებს – მილიონამდე სამხედროს, გენერალი დუგლას მაკარტური ხელმძღვანელობდა, სწორედ ის, რომელმაც იმპერატორის კაპიტულაცია მიიღო.

1952 წელს მაკარტურის მმართველობა დასრულდა და შემდეგ მოხდა ის, რასაც მხოლოდ ეს შრომისმოყვარე, უტეხი სულის, თვითმყოფადი და საოცარი ერი თუ შეძლებდა:

იაპონია მითიური ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგა და იმ საშინელი დღეებიდან ზუსტად 19 (ცხრამეტ!!!) წელიწადში ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა!

1964 წელს ტოკიო აზიის პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ყველაზე დიდი სპორტული ფორუმი მიიღო.

და იცით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა 1964 წელს ტოკიოში? 10 608 607 მილიონი!

და რამდენი ავტომობილი დაჰქროდა ქალაქის ქუჩებში? 989 704 ათასი!

აკი გითხარით, იაპონელებს უყვართ სიზუსტე-მეთქი.

კვლავ ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებ: ოლიმპიადის უმაღლეს დონეზე მისაღებად, 1964 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი იაპონია გაერთიანდა – თამაშებს 5 500 მოხალისე, 12 თვითმფრინავი, 72 გემი და 750 ავტომობილი ემსახურებოდა! ამას გარდა, ქუჩებში მოძრაობას 4 ათასი სამართალდამცავი აწესრიგებდა, 1 700 ექიმი და 250 მედდა სპორტსმენთა და სხვა ოფიციალურ პირთა ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ტოკიოს ტელე-რადიოცენტრში 1 500ზე მეტი სპეციალისტი ფუსფუსებდა, მეტროს თანამშრომელთა რიცხვი კი ოლიმპიადის დღეებში ათასამდე მოხალისით გაიზარდა – მათი ერთადერთი მოვალეობა ვაგონებში მგზავრთა შეტენვა იყო!

ალბათ ცოტას თუ გვსმენია იოშინორი საკაის შესახებ. ის 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა ჰიროშიმაში, ზუსტად იმ დღეს, როცა ქალაქი ატომურმა თავდასხმამ მიწასთან გაასწორა.

საკაი გადარჩა და 19 წლის შემდეგ, 1964 წლის 10 ოქტომბერს, ტოკიოს ეროვნული სტადიონის 163საფეხურიან კიბეზეც აირბინა და ოლიმპიურ ფიალაში ოლიმპიური თამაშების ცეცხლიც ააგიზგიზა!

მაშინ დაიწერა, რომ ჰიროშიმას ტრაგედიას გადარჩენილი ბიჭუნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონიის ფერისცვალების, აღმშენებლობის და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.

ტოკიოს 1964 წლის თამაშები რიგით მეთვრამეტე ოლიმპიადა იყო. და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე წარმატებულიც, რადგან საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევა არნახული გადაწყვეტილებით დააფასა: ტოკიოს ოლიმპიური თასი, ოლიმპიური დიპლომი და გრაფ ალბერტო ბონაკოსას სახელობის მედალი გადაეცა.

ეს ჯილდოები თამაშების საუკეთესოდ ორგანიზებისთვის და ოლიმპიური სპორტის სულისკვეთებისთვისაა დაწესებული და 1964 წელს, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად, ის ერთმა ქალაქმა დაიმსახურა!

სამაგალითო ძალისხმევისა და ენთუზიაზმისთვის, ოლიმპიური მოძრაობის მაქსიმალური ხელშეწყობისთვის… – ეს სიტყვები ეწერა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ტოკიო 1964ის მესვეურთა სახელზე გაგზავნილ მისალოც ბარათში…

იოშინორი საკაი ცოცხალი აღარაა, მის მშობლიურ ჰიროშიმას შუაგულში მდგარ ერთ დანგრეულ შენობას კი დღეს ეს სიტყვები ამშვენებს: იძინეთ მშვიდად, შეცდომა აღარ განმეორდება.

1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბმა ამ შენობის გარდა ყველაფერი გაანადგურა. მას შემდეგ 76 წელი გავიდა და ჰიროშიმა თავიდან დაიბადა, თუმცა იმ გაძვალტყავებული ნაგებობისთვის ხელი არავის უხლია, ახლაც ზუსტად იმ სახით დგას, როგორც იმ აფეთქების შემდეგ დარჩა.

გენბაკუს თაღი დღეს მშვიდობის მემორიალია და მას იუნესკო იცავს, მთელი მსოფლიოსთვის კი ის ერთგვარი მინიშნებაა, რომ ომი საშინელებაა და მას ვერ ეყოლება გამარჯვებული, ომთან ყველა ერთნაირად აგებს, ყველა მხარე.

მსოფლიო ახლაც ომშია, ოღონდ დღეს მტერი უხილავია. კოვიდ-პანდემიის გამო ტოკიოს კარსმომდგარი ოლიმპიადა ძალიან დაზარალდა – ჯერ გადაიდო, ერთი თვის წინ კი გულშემატკივართათვის ჩაიკეტა.

მიუხედავად უდიდესი დანახარჯისა და გარანტირებული ფინანსური ზარალისა, ტოკიო 2020ის ორგანიზატორები მაინც იმედიანად არიან. იაპონელებმა ზუსტად იციან, რომ ამ გამოწვევასაც გაუმკლავდებიან.

ტოკიო 2020 ჯანსაღი იდეების გარშემო გაერთიანებული მსოფლიოს სიმბოლოდ უნდა იქცეს, დასტურად იმისა, რომ ძალა ერთობაშია.

სამი დღეც და XXXII ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება.

საქართველოს ოლიმპიურ გუნდზე, ჩვენს მედროშეებსა და რეკორდსმენებზე, შესაძლო ჩემპიონებსა და მედალოსნებზე, ასევე სხვა საინტერესო ამბებზე მომდევნო ჩანახატებში.


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020

ka_GEGeorgian