ტოკიო 2020: 1 აგვისტო

მორიგი, მეექვსე მედალი საქართველოს ოლიმპიურ გუნდს: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ყველაზე მძიმე, 130კგ წონითი კატეგორიის ფინალშია!
ეს გარანტირებული მეორე ადგილია, მაგრამ იმედია რომ ოქროთი გავიხარებთ. თორემ ამდენმა ვერცხლმა, ცოტა არ იყოს, თვალები ამიჭრელა. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა – ოლიმპიური მედალი ყველა ვარიანტში უდიდესი წარმატებაა და ამიტომაც ვულოცავ იაკობს! ოღონდ ერთი პირობით: ხვალ თავი უნდა დადოს და ჭიდაობის ლეგენდას რამენაირად აჯობოს!

მისი კუბელი მოწინააღმდეგე მიხაინ ლოპესი კი დიახაც რომ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ცოცხალი ლეგენდაა და ქართველთან ფინალში ისეთ მწვერვალს შეუტევს, მართლა გოლიათებმა რომ ვერ დაიპყრეს.

სხვა წონის ფალავნებს თავს დავანებებ და ერთადერთს, ლეგენდარულ რუსს, ალექსანდრ კარელინს ვახსენებ: ციმბირელმა ჩემპიონმა ზედიზედ სამი ოლიმპიადა მოიგო და სიდნეიში, მეოთხე ფინალში გასული ამერიკელ რულონ გარდნერთან დამარცხდა.

მას შემდეგ მხოლოდ მიხაინ ლოპესმა მოიგო ერთ წონაში, ყველაზე პრესტიჟულ – უმძიმეს კატეგორიაში მიჯრით სამი თამაშები და ქაჯაიას წინააღმდეგ მეოთხე ოქროს დაუფლებას შეეცდება. ამდენი ოლიმპიადა კი მოჭიდავეთაგან არავის მოუგია.

მოკლედ, ხვალ ყველა ვარიანტში ისტორია დაიწერება და ძალიან მინდა, რომ მასში ქართველის გამარჯვების შესახებ ითქვას. იაკობი 27 წლის გახლავთ, არის ევროპის თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს პრიზიორი და ევროპირველობების სამგზის მედალოსანი. კი, ტიტულებით ის ნამდვილად ჩამოუვარდება კუბელს, მაგრამ სუსტი წერტილი მასაც აქვს. ვფიქრობ ეს ასაკია, რაც 38 წლის ათლეტს ძველი მეტოქის, მისგან ბევრჯერ გამწარებული თურქის, რიზა ქაიაალფთან ნახევარფინალში აშკარად დაეტყო – ორთაბრძოლის მეორე ნახევარში ძალებს მაქსიმალურად ზოგავდა, დროის გაყვანაც არ ითაკილა და ფინალის კარიც ასე შეაღო. აისრულებს თუ არა ოცნებას, ამას ერთად ვნახავთ.

გუშინდელ წერილში დიდი ადგილი დავუთმე მოცურავეებს და გამორჩეულად ტოკიო 2020ის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს, ამერიკელ ქელებ დრესელს.

დღეს სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებმა ოლიმპიადა კი დაასრულეს (მხოლოდ ღია წყალში გაცურვა დარჩა), მაგრამ უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს ისეთი ამბები დატრიალდა მორიგი მსოფლიო-ევროპული რეკორდებით რომ მათ გვერდს ვერ ავუვლი.

მაშ ასე: ქელებ დრესელი XXXII ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებულია და ამ ოლიმპიადაზე მას ვერავინ გაუტოლდება!

24 წლის ფლორიდელმა სპორტსმენმა დილით კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვა – თავისუფალი ყაიდით 50 მეტრზე და კომბინირებულ ესტაფეტაში 100 მეტრზე. და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე შემთხვევაში რეკორდი მიითვალა! ნუ, ესტაფეტაში თავის არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა საუკეთესო მიღწევაში.

უფრო კონკრეტულად: დრესელის დღევანდელი საოცრების შემდეგ თავისუფალი სტილით 50 მეტრზე მოცურავე ვაჟებისთვის ახალი ოლიმპიური რეკორდი 21.07 წამია, კომბინირებულ ესტაფეტაში კი, თამაშების გმირის და მისი თანაგუნდელების გამოისობით, მსოფლიოს რეკორდი 3 წუთს და 26.78 წამს უდრის!

დღევანდელი ტრიუმფების შემდეგ 24 წლის ქელებ დრესელი არის 7გზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის 13გზის გამარჯვებული! სხვა, კონტინენტურ თამაშებზე და მოკლე აუზში მოგებულ მსოფლიოს ოქროებს აღარ ვახსენებ, დრესელი უამისოდაც ძალიან დიდია.

აქედან გამომდინარე ერთი კითხვა: ვითომ რატომ არ უნდა მივიჩნიოთ ფელპსის მემკვიდრედ? ფენომენის წასვლის შემდეგ ამ სახეობას ასეთი ლიდერი არ ჰყოლია. და თუ სამი წლის შემდეგ პარიზშიც გაიბრწყინა, 27 წელი კი მოცურავეთათვის სწორედ რომ საუკეთესო თვისებების გამოვლენის დროა, შესაძლოა, ყველა დროის ნომერ მეორე მოცურავის სახელზეც განაცხადოს პრეტენზია.

ასაკი ვახსენე და დღის მეორე გმირი, ავსტრალიელი ემა მაკკეონი კარიერის პიკზე ზუსტად 27 წლისა გავიდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ამ სიმპათიურმა გოგონამ XXXII ოლიმპიადა შვიდი, დიახ – შვიდი მედლით დახურა: 4 ოქრო და 3 ბრინჯაო!

და თუ ამ შვიდ მედალს რიო დე ჟანეიროში მოგებულ ოთხ ჯილდოს დავამატებთ (ოქრო, ორი ვერცხლი, ბრინჯაო), მწვანე კონტინენტის ოლიმპიურ ისტორიაში ყველაზე ტიტულიან სპორტსმენს მივიღებთ – მაკკეონი პირველი ავსტრალიელია, რომელმაც 11 ოლიმპიური მედალი მოიგო! ამის შესახებ დღევანდელი ჩემპიონობის შემდეგ უმალ დაიწერა.

ქელებ დრესელის მსგავსად, ემა მაკკეონმა დღეს 50 მეტრზე თავისუფალში და კომბინირებულ ესტაფეტაში გაიმარჯვა. რამდენიმე დღით ადრე მან 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იპირველა, შემდეგ კი იმავე სტილით და იმავე დისტანციაზე ესტაფეტაში. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, ორი გუნდურში მოიგო, ერთიც 100 მეტრზე ბატერფლაით.

თუ დრესელი ოქროს მედლებითაა ტოკიო 2020ის რეკორდსმენი, ემა მაკკეონი მედლების საერთო რაოდენობით და ასეთად დარჩება თამაშების დასასრულამდე.

და ბოლოს, მოცურავეთა მიღწევები: დამყარდა მსოფლიოს 6 და ოლიმპიადის 26 რეკორდი, აქედან ვაჟებმა 11 საუკეთესო დრო მიითვალეს (შესაბამისად 2 და 9), გოგონებმა – 20 (3 და 17). ერთი მსოფლიო რეკორდიც შერეულ ესტაფეტაში დაფიქსირდა. ერთი სიტყვით, ტოკიოს ოლიმპიურ საწყლოსნო კომპლექსში ძალიან საინტერესო შეჯიბრებები ვიხილეთ და ერთადერთი, რაც მას აკლდა (ისევე როგორც მთლიანად თამაშებს აკლია), გულშემატკივარია.

მოცურავეებმა დღეს დაასრულეს ოლიმპიადა, აი მძლეოსნები კი უფრო და უფრო ხურდებიან – გუშინ მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა, 1 აგვისტოს – ოთხი, მომდევნო დღეებში კი კიდევ უფრო მეტი ჩემპიონი გამოვლინდება.

31 ივლისის კულმინაციად გოგონების შესრულებით სამეფო დისტანცია – 100 მეტრზე სპრინტი იქცა, რომლის ფინიში სამმა იამაიკელმა ერთმანეთის მიყოლებით გადაკვეთა: ელეინ თომპსონ ჰერამ ოქროს მედალი ოლიმპიური რეკორდით მოიგო – 10.61 წამი, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი 13 მეასედით ჩამორჩა, შერიკა ჯეკსონი კი მესამე იყო – 10.76.

სანამ ჩემპიონ-პრიზიორებზე დავწერ, გეტყვით რომ ამ თამაშებზე ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა კვარცხლბეკი მეორედ შეავსეს. 27 ივლისს ველოსპორტის ერთ-ერთ დისციპლინაში – ქროსქანთრიში გათამაშდა მედლები და ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო შვეიცარიელ გოგონებს დარჩათ.

გუშინ კი იამაიკელმა ქალებმა გაიხარეს: თომპსონმა რიოში მოგებული ტიტული შეინარჩუნა, ხოლო ამავე დისტანციაზე პეკინის და ლონდონის ოლიმპიადების გამარჯვებულმა ფრეიზერ-პრაისმა 100 მეტრზე სპრინტში მეოთხე მედალი მოიგო! თუმცა ვერცხლი – პირველად. რიოში ის მესამე იყო.

სპრინტი ხომ ურთულესი დისციპლინაა და ახლა წარმოიდგინეთ ოთხ ოლიმპიადაზე რომ სამეულში მოხვდები, რამდენი უნდა იშრომო და ითმინო! ამიტომ, ჩემპიონზე არანაკლები აპლოდისმენტები ვერცხლის პრიზიორს, მით უმეტეს, რომ ის 34 წლისაა.

ერთიც ამ პატარა იამაიკელის მიღწევაზე: 100 მეტრზე სირბილში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ვაჟების ჩათვლით, მხოლოდ ლეგენდარული უსეინ ბოლტია. აი ოთხ ჯილდოს კი მხოლოდ ფრეიზერ-პრაისი ფლობს! სამი მედლით დაასრულა კარიერა ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა მერლინ ოტიმ, თუმცა ეს მშვენიერი ქალბატონი, გეცოდინებათ, ეგრეც ვერ გახდა ჩემპიონი – 1984 წელს ლოს ანჯელესში და თექვსმეტი წლის შემდეგ, 2000 წელს სიდნეიში ბრინჯაოს დაეუფლა, 1996 წელს ატლანტის თამაშებზე კი მეორემ გადაკვეთა ფინიში…

არანაკლებ საინტერესო ამბავი მოხდა დღეს დილით: ახალზელანდიელმა ვალერი ადამსმა მეოთხე ოლიმპიური მედალი მოიგო… ბირთვის კვრაში!

19.62 მეტრი – ასეთი იყო ამ გოლიათი ქალბატონის (196სმ სიმაღლისაა და 120 კილოგრამს იწონის) შედეგი, რომლითაც მცირედით ჩამორჩა ამერიკელ რეივენ სონდერსს (19.79მ) და ოქროს მედლის მფლობელს, ჩინელ გონ ლიჟიაოს (20.58მ).

ადამსი პირველი ბირთვის მკვრელია (ვაჟების ჩათვლით), ვინც ოთხი ოლიმპიური მედალი მოიგო და ერთ-ერთი იმ ხუთთაგან (ორივე სქესში), რომლებმაც ეს ურთულესი დისციპლინა ორ ოლიმპიადაზე მოიგეს. სურათის სისრულისთვის დავწერ: ადამსი ჩემპიონი გახდა პეკინსა და ლონდონში, რიო დე ჟანეიროში კი ვერცხლს დასჯერდა.

სხვა სახეობებზეც: ტოკიოში მესამე მედალი, მაგრამ პირველი ოქრო მოიგო ისრაელის გუნდმა! ტანმოვარჯიშე არტიომ დოლგოპიატი შეუდარებელი იყო თავისუფალ ვარჯიშში. ამ დისციპლინაში რიოს თამაშების გამარჯვებულმა ბრიტანელმა მაქს უაითლოკმა კი დღეს ტაიჭზე უშეცდომო გამოსვლით გაახარა ქომაგები.

ვაჟ ჩოგბურთელთა პირადი პირველობა კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევის გამარჯვებით დასრულდა. ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველმა ფინალში რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი დაამარცა – 6:3, 6:1. გემახსოვრებათ: ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში სწორედ ზვერევმა შეაჩერა…

დღევანდელი ჩანახატი ქართული ამბით დავიწყე და ამავე თემით დავასრულებ.

ძიუდოისტთა შეჯიბრების დასრულების შემდეგ ნიპონ ბუდოკანში იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა ქართველ კოლეგებს უმასპინძლეს.

შეხვედრა, რომელშიც იოკის პრეზიდენტი, ლეგენდარული ძიუდოკა იასუჰირო იამაშიტა, სეოკის ხელმძღვანელი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ, იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თემურ ლეჟავას აქტიური მონაწილეობით მოეწყო.

„საქართველოსთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. მიყვარს თქვენი ქვეყანა და ხალხი! თუ არ ვცდები, 1996 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ საქართველოში, თუმცა როცა ამის საშუალება მომეცემა, აუცილებლად გესტუმრებით“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს იამაშიტამ, ლოს ანჯელესის ოლიმპიადის ჩემპიონმა და მსოფლიო პირველობის ოთხგზის გამარჯვებულმა, სპორტსმენმა, ვინც 1976-85 წლებში ზედიზედ მოიგო 26 უმაღლესი რანგის შეჯიბრება!

შესაძლოა არ იცოდეთ და ამიტომაც დავწერ: 1978 წელს იამაშიტამ ორ უმძიმეს, +95კგ და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში მოიგო არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად აღიარებული თბილისის საერთაშორისო ტურნირი…

ქაჯაიას ოქროს იმედად, ხვალამდე!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 1 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები, ლაზერი
1.მეთიუ უერნი (ავსტრალია)
2.ტონჩი სტიპანოვიჩი (ხორვატია)
3.ჰერმან ტომასგაარდი (ნორვეგია)
გოგონები, ლაზერ რედიალი
1.ანე-მარი რინდომი (დანია)
2.იოსეფინ ოლსონი (შვედეთი)
3.მარიტ ბუვმეესტერი (ნიდერლანდები)

ბადმინტონი
გოგონები
1.იუიფეი შენი (ჩინეთი)
2.ცუ-იუინ ტაი (ტაივანი)
3.პუსარლა ვენკატა სინდჰუ (ინდოეთი)

გოლფი
ვაჟები
1.ქსენდერ შოფელი (აშშ)
2.რორი საბატინი (სლოვაკეთი)
3.ჩენ-ცუნ პანი (ტაივანი)

ველოსპორტი
ვაჟები, BMX ფრისტაილი
1.ლოგენ მარტინი (ავსტრალია) – 93.30 ქულა
2.დანიელ დერსი (ვენესუელა) – 92.05
3.დიკლენ ბრუკსი (დიდი ბრიტანეთი) – 90.80
გოგონები, BMX ფრისტაილი
1.შარლოტ უორსინგტონი (დიდი ბრიტანეთი) – 97.50
2.ჰანა რობერტსი (აშშ) – 96.10
3.ნიკიტა დუკაროსი (შვეიცარია) – 89.20

მძლეოსნობა
ვაჟები, 100მ
1.მარსელ ჯეიკობსი (იტალია) – 9.80წმ
2.ფრედ კერლი (აშშ) – 9.84წმ
3.ანდრე დე გრასი (კანადა) – 9.89მ
ვაჟები, სიმაღლეზე ხტომა
1.ჯანმარკო ტამბერი (იტალია) – 2.37მ
1.მუტაზ ეზა ბარშიმი (კატარი) – 2.37მ
3.მაქსიმ ნედასეკო (ბელარუსი) – 2.37მ
გოგონები, სამხტომი
1.იულიმარ როხასი (ვენესუელა) – 15.67მ (მსოფლიო რეკორდი)
2.პატრისია მამონა (პორტუგალია) – 15.01მ
3.ანა პელეტეირო (ესპანეთი) – 14.84მ
გოგონები, ბირთვის კვრა
1.გონ ლიჟიაო (ჩინეთი) – 20.58მ
2.რეივენ სონდერსი (აშშ) – 19.79მ
3.ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) – 19.62მ
*-სოფო შათირიშვილი
15.31მ – 31ე ადგილი, ფინალში ვერ მოხვდა

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები, თავისუფალი ვარჯიში
1.არტიომ დოლგოპიატი (ისრაელი) – 14.933 ქულა
2.რედერლი საპატა (ესპანეთი) – 14.933
3.რუოტენ შიაო (ჩინეთი) – 14.766
ვაჟები, ტაიჭზე ვარჯიში
1.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) – 15.583
2.ჩი-კაი ლი (ტაივანი) – 15.400
3.კაზუმა კაია (იაპონია) – 14.900
გოგონები, ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიში
1.ნინა დერველი (ბელგია) – 15.200
2.ანასტასია ლიანკოვა (როკ) – 14.833
3.სანისა ლი (აშშ) – 14.500
გოგონები, ბჯენითი ხტომა
1.რებეკა ანდრადე (ბრაზილია) – 15.083
2.მაიკაილა სკინერი (აშშ) – 14.916
3.სეო-ჟეონ იეო (სამხრეთი კორეა) – 14.733

ფარიკაობა
ვაჟები, რაპირა, გუნდური
1.საფრანგეთი (ირვენ ლე პეშო, ენცო ლეფორი, ჟულიენ მერტინი, მაქსიმ პოტი)
2.როკ (ანტონ ბოროდაჩევი, კირილ ბოროდაჩევი, ვლადისლავ მილნიკოვი, ტიმურ საფინი)
3.აშშ (რეის იმბოდენი, ნიკ იტკინი, ალექსანდერ მასიალასი, გერეკ მაინჰარდტი)

ჩოგბურთი
ვაჟები
1.ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
2.კარენ ხაჩანოვი (როკ)
3.პაბლო კარენო ბუსტა (ესპანეთი)
*-ნიკოლოზ ბასილაშვილი
1/32 – რობერტო კარბალიეს ბაენა (ესპანეთი) 6:3, 6:2
1/16 – ლორენცო სონეგო (იტალია) 6:3, 3:6, 6:4
1/8 – ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) 4:6, 6:7

გოგონები, წყვილები
1.ბარბორა კრეიჩიკოვა, კატერინა სინიაკოვა (ჩეხეთი)
2.ბელინდა ბენჩიჩი, ვიკტორია გოლუბიცი (შვეიცარია)
3.ლაურა პიგოსი, ლუიზა სტეფანი (ბრაზილია)
შერეული წყვილები
1.ანასტასია პავლიუჩენკოვა, ანდრეი რუბლევი (როკ)
2.ელენა ვესნინა, ასლან კარაცევი (როკ)
3.ეშლი ბარტი, ჯონ პეერსი (ავსტრალია)

ცურვა
ვაჟები, თავისუფალი, 50მ
1.ქელებ დრესელი (აშშ) – 21.07წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ფლორენ მანადუ (საფრანგეთი) – 21.55წმ
3.ბრუნო ფრატუსი (ბრაზილია) – 21.57წმ
ვაჟები, თავისუფალი, 1500მ
1.რობერტ ფინკე (აშშ) – 14:39.65წთ
2.მიხაილო რომანჩუკი (უკრაინა) – 14:40.66წთ
3.ფლორიან უელბროკი (გერმანია) – 14:40.91წთ
ვაჟები, კომბინირებული, 4X100
1.აშშ (რაიან მერფი, მაიკლ ენდრიუ, ქელებ დრესელი, ზაკ ეპლი) – 3:26.78წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.დიდი ბრიტანეთი (ლუკ გრინბეკი, ადამ პიტი, ჯეიმს გაი, დანკან სკოტი) – 3:27.51წთ
3.იტალია (თომას კოკონი, ნიკოლო მარტინენგი, ფედერიკო ბურდისო, ალესანდრო მირესი) – 3:29.17წთ
გოგონები, თავისუფალი, 50მ
1.ემა მაკკეონი (ავსტრალია) – 23.81წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.სარა სიოსტრიომი (შვედეთი) – 24.07წმ
3.პერნილე ბლუმი (დანია) – 24.21წმ
გოგონები, კომბინირებული, 4X100
1.ავსტრალია (კაილი მაკკეონი, ჩელსი ჰოჯისი, ემა მაკკეონი, კეიტ კემპბელი) – 3:51.60წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.აშშ (რეგან სმითი, ლიდია ჯეიკობი, ტორი ჰასკი, ები ვაიცაილი) – 3:51.73წთ
3.კანადა (კაილი მასე, სიდნი პიკრემი, მეგი მაკნილი, პენი ოლეკსიაკი) – 3:52.60წთ

ძალოსნობა
გოგონები, 76კგ
1.ნეისი დახომესი (ეკვადორი) – 263კგ (118+145)
2.კათერინ ნიუე (აშშ) – 249კგ (111+138)
3.არემი ფუენტესი (მექსიკა) – 245კგ (108+137)

წყალში ხტომა
გოგონები, ტრამპლინი, 3მ
1.ში ტინმაო (ჩინეთი) – 383.50 ქულა
2.ვან ანი (ჩინეთი) – 348.75
3.კრისტა პალმერი (აშშ) – 343.75

 

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian