ტოკიო 2020: 2 აგვისტო

ესეც მეოთხე ვერცხლი.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მეექვსე მედალი მოუტანა.
ფინალის ანგარიში – 0:5 – ქების საბაბს ნაღდად არ იძლევა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ფალავანი კუბელ ლეგენდასთან, და დღეს უკვე თამამად შეიძლება ამის თქმაც: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ყველა დროის უდიდეს ათლეტთან დამარცხდა.

სწორედ ამიტომ, ქაჯაიას მეორე ადგილი უდიდესი წარმატებაა. ტოკიოში წყალტუბოელმა მოჭიდავემ მაქსიმუმი გააკეთა, რადგან ამ გოლიათთან არათუ ის, ყველა უშანსოდ იყო და ეს ნახევარფინალშიც გამოჩნდა, როცა ლოპესმა ლეგენდარულ თურქს, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონს, რიზა ქაიაალფს უშანსოდ სძლია.

ვიცი, რომ ქომაგები კლასიკურ ჭიდაობაზე დიდი წარმოდგენისა არ არიან, მაგრამ ეს გემოვნების ამბავია, ფაქტი კი ჯიუტია: ლოპესმა ზედიზედ ოთხი ოლიმპიადა მოიგო იმ სახეობაში, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური თამაშების დროს იყო პოპულარული!

ერთი დისციპლინა ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაზე კი, მხოლოდ პირად პირველობას ვგულისხმობ, ისტორიაში მხოლოდ ოთხს მოუგია. ლოპესი მეოთხეა, მანამდე კი იყვნენ:

ამერიკელი ბადროს მტყორცნელი ელ ორტერი (მელბურნი 1956, რომი 1960, ტოკიო 1964, მეხიკო 1968);

მისი ლეგენდარული თანამემამულე, მძლეოსანი კარლ ლუისი, რომელმაც ცხრა ოლიმპიური ოქროდან ოთხი სიგრძეზე ხტომაში მოიპოვა – ლოს ანჯელესი 1984, სეული 1988, ბარსელონა 1992, ატლანტა 1996;

და ოლიმპიური თამაშების 23გზის ჩემპიონი, უდიდეს ოლიმპიელად აღიარებული მაიკლ ფელპსი, რომელმაც 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ათენში (2004), პეკინში (2008), ლონდონსა (2012) და რიო დე ჟანეიროში (2016) გაიმარჯვა.

მცირე ხნის წინ ამ სამი დიდი ამერიკელის გვერდით დადგა კუბელი მიხაინ ლოპესიც.

მოსკოვის 1980 ოლიმპიადის მეორე ადგილი რომ არა, მათ შორის იქნებოდა ჩვენი სპორტის სიამაყე ვიქტორ სანეევიც, რომელმაც სამმხტომელთა შეჯიბრება მეხიკოში (1968), მიუნხენში (1972) და მონრეალში (1976) მოიგო.

41 წლის წინანდელ ოლიმპიადას ერთხელაც მივუბრუნდები: ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოლიმპიური ვერცხლი ტოკიომდე სწორედ მოსკოვში მოიგეს…

ახლა სხვა ამბებიც: ყველაზე მეტი ოქროს მედალი მძლეოსანთა შორის თამაშდება და გამონაკლისი არც ტოკიო 2020ია. სოკის დასტურით და საორგანიზაციო კომიტეტის გეგმით, ოლიმპიურ სტადიონზე 48 ჩემპიონი უნდა გამოვლენილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ უკვე მესამე საშეჯიბრო დღეს დაგეგმილზე ერთით მეტი ოქრო გაიცა! სპორტის დედოფლის შესახებ თხრობას სწორედ ამ უცნაური ამბით დავიწყებ.

სიმაღლეზე მხტომელ ვაჟთა ფინალის მონაწილე ცამეტი მძლეოსნიდან, ოქროს მედლისთვის შვიდი ცდის შემდეგ მხოლოდ იტალიელი ჯანმარკო ტამბერი და კატარელი მუტაზ ესა ბარშიმი იბრძოდნენ.

ტამბერიმ 2.19 მეტრიდან დაიწყო და 2.37ის ჩათვლით ყველა ნიშნული პირველი ნახტომით აიღო. კატარელმა კი პირველი მწვერვალი გამოტოვა, 2.24იდან გამოჩნდა სარბენ ბილიკზე და მანაც 2.37მდე იარა, ყველა შემთხვევაში ერთი ცდით.

ხსენებული სიმაღლე დაძლია ბელარუსმა მაქსიმ ნედასეკაუმ, მაგრამ 2.35ზე გადებულ ჯოხს ვერ გადაევლო, შემდეგ ცდა გააუქმა და პირდაპირ 2.37ს შეუტია. მიზანს კი მიაღწია, მაგრამ ოქროსთვის ბრძოლას ჩამოშორდა, კონკურენტებმა კი სვლა განაგრძეს.

აი 2.39 მეტრი კი ორივესთვის დაუძლეველი აღმოჩნდა – სამი ცდა ვერც ტამბერიმ გამოიყენა და ვერც ესა ბარშიმმა. და სწორედ მაშინ მივიდა მათთან მთავარი მსაჯი, რომელმაც სპორტსმენებს წესები აუხსნა: ან პირველ გაფუჭებულ ცდამდე გააგრძელებდნენ ასპარეზობას, ან ოქროს მედალს გაინაწილებდნენ.

„და ორივეს რომ ოქრო შეგვხვდეს, შეიძლება“? – 30 წლის კატარელი მძლეოსნის ეს კითხვა ლამის ყველა მიმომხილველმა გამოიყენა თავის წერილში. პასუხი თავბრუდამხვევი აღმოჩნდა: „კი, წესებით შეიძლება“. და მძლეოსნებიც ერთმანეთს გადაეხვივნენ – ორივემ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული!

მუტაზ ესა ბარშიმმა მესამე ცდით, მაგრამ მაინც ჩაიბარა ნანატრი ჯილდო! ლონდონში ის ბრინჯაოს დაეუფლა, რიო დე ჟანეიროში კი მეორე იყო.

რაც შეეხება 29 წლის ჯანმარკო ტამბერის, რამდენიმე წამში ის მამას, შეთავსებით პირად მწვრთნელს, ვეტერან სიმაღლეზე მხტომელ მარკო ტამბერის ჩაეხუტა და როგორც იქნა დაივიწყა 2016 წლის კოშმარი. ხუთი წლის წინ ის რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, დიდებულ ფორმაშიც იყო – ჯერ მსოფლიოს ჭერქვეშა ჩემპიონატში გაიმარჯვა, შემდეგ ევროპირველობაზე, მაგრამ ზედ თამაშების წინ დაშავდა და ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

მძლეოსნობის ერთ დისციპლინაში ერთი სინჯის ორი მედალი იშვიათობაა, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ სიმაღლეზე მხტომელთა შორის ასეთი რამ ბოლო სამ ოლიმპიადაზე მეორედ მოხდა! ლონდონი 2012ის გამარჯვებული, რუსი ივან უხოვი მოგვიანებით დოპინგზე ჩავარდა და ჩემპიონის წოდება და ოქროს მედალი ჩამოართვეს, მაშინდელი ფინალის ოქმში კი დღეს ერთ ვიცე-ჩემპიონს და ერთბაშად სამ ბრინჯაოს მედალოსანს შეხვდებით, მათ შორის მუტაზ ესა ბარშიმს…

1 აგვისტო იტალიის მძლეოსანთა ნაკრებისთვის დიდებულად დასრულდა, რადგან ჯანმარკო ტამბერის ოქროს მედლის გარდა მათ კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის ჯილდო ერგოთ: მარსელ ჯეიკობსმა 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა!

9.80 წამი – ასეთია ტექსასის პატარა ქალაქ ელ პასოში დაბადებული 26 წლის სპრინტერის შედეგი. ეს კი ევროპის, და შესაბამისად, იტალიის ახალი რეკორდია.

„არც კი ვიცი რა ვთქვა… თავი სიზმარში მგონია, არ მჯერა რომ ეს შევძელი“! – განაცხადა სპრინტში ბოლტისშემდგომი ეპოქის პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. გემახსოვრებათ: ლეგენდარულმა იამაიკელმა ეს დისციპლინა ზედიზედ სამ თამაშებზე მოიგო – პეკინში, ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში…

1896 წლის ათენის ოლიმპიადიდან დაწყებული მარსელ ჯეიკობსი 100 მეტრზე სპრინტში პირველი იტალიელი და მხოლოდ მეექვსე ევროპელი ჩემპიონია! არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსკოვი 1980ის შემდეგ ეს იტალიის მხოლოდ მეორე ოლიმპიური მედალია მძლეოსანთა სპრინტში. 41 წლის წინ პიეტრო მენეამ 200 მეტრზე გაიმარჯვა…

იტალიელთა მხარდამხარ დღის გმირად იქცა ვენესუელის წარმომადგენელი, 25 წლის კარაკასელი სამმხტომელი იულიმარ როხასი. ტანმაღალმა გოგონამ საოცრად იასპარეზა და ოქროც მოიგო, უკანასკნელ ცდაზე კი სულაც მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა – 15.67 მეტრზე გადაფრინდა!

1995 წლის 10 აგვისტოს, გიოტებორგში (შვედეთი) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელი ინესა კრავეცი 15.50 მეტრზე გადახტა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, ბევრი სახელოვანი სპორტსმენი მიუახლოვდა უკრაინელის შედეგს, თუმცა გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.

როხასმა კი ასპარეზობა ისე დაიწყო, შესაძლოა ბევრმა გაიფიქრა, რომ კრავეცის რეკორდი დაეცემოდა – 15.41 მეტრს გადაევლო და კონკურენტები, საკრივო ტერმინი რომ მოვიშველიო, ნოკდაუნში ჩააგდო. ფინალის ლიდერმა მომდევნო ოთხი ცდიდან ორი გააფუჭა, ერთხელ 15.25ზე გადახტა, უკანასკნელ, მეექვსე ცდაზე კი საერთოდ გაფრინდა – 15.67 მეტრი!

და კრავეცის მსოფლიო რეკორდიც მთელი 17 სანტიმეტრით გაუმჯობესდა! კი, იულიმარ როხასი ტოკიოს თამაშების მთავარი ფავორიტი გახლდათ – სხვა თუ არაფერი, რიო დე ჟანეიროში მოგებული ვერცხლის შემდეგ მხოლოდ ერთი შეჯიბრება წააგო, მაგრამ მაინც, მის ასეთ გამოსვლას ცოტა თუ ელოდა.

ჩემპიონის შედეგების მნიშვნელობა კარგად რომ გაიაზროთ, გეტყვით: დანარჩენი თერთმეტი ფინალისტიდან 15 მეტრზე შორს მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი, პორტუგალიელი პატრისია მამონა გადახტა, ისიც ერთხელ და ისიც 15.01 მეტრზე.

და რადგან ეს დისციპლინა ჩვენთვის საამაყოა, შანსს ხელიდან არ გავუშვებ: სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ერთადერთია დედამიწის ზურგზე და ისიც საქართველოს XX საუკუნის უდიდესი ათლეტია – ვიქტორ სანეევი! გოგონებს შორის კი ორი ოლიმპიური ოქრო მხოლოდ კამერუნელმა ფრანსუაზა მბანგო ეტონიმ მოიგო, ათენსა და პეკინში…

დღეს დილით გოგონებმა 100 მეტრზე თარჯრბენში გაითამაშეს ოქროს მედლები და 24 წლის პუერტორიკოელმა ჟასმინ კამაჩო-ქუინმა გაიხარა – 12.37წამი.

ეს ამბავი ორი მიზეზით გამოვარჩიე – ამ მშვენიერმა მძლეოსანმა ტოკიოში პირველი, და თან ოქროს მედალი მოუტანა პუერტო რიკოს გუნდს. არანაკლებ საინტერესო კი ისაა, რომ კამაჩო-ქუინი ისტორიაში მხოლოდ მეორე პუერტორიკოელი ოლიმპიური ჩემპიონია. თუ რიო დე ჟანეიროს თამაშები კარგად გახსოვთ, ადვილად აღიდგენთ ჩოგბურთელ გოგონათა ტურნირის ფინალს, სადაც ფავორიტი, გერმანელი ანგელიკ კერბერი სწორედ პუერტორიკოელთან, მონიკა პუიხთან დამარცხდა…

დღევანდელი წერილის ნახევარზე მეტი სპორტის დედოფლად წოდებულ მძლეოსნობას დავუთმე, მაგრამ 2 აგვისტოს ამბებს სპორტის მეფით, მისი უდიდებულესობა ფეხბურთით დავასრულებ. მით უმეტეს, რომ პირველი თუ მეორე ჩანახატის შემდეგ მასზე არ დამიწერია.

ვაჟთა ტურნირში ნახევარფინალები ხვალ გაიმართება: მასპინძლები ესპანელებს საიტამაში დაუხვდებიან, კაშიმაში კი ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილია მექსიკას დაუპირისპირდება. ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესო შეხვედრა იქნება. სხვა თუ არაფერი, ბრაზილიელებს ლონდონში განცდილი მარცხისთვის – 2012 წელს სწორედ მექსიკასთან წააგეს ფინალი – რევანშის შანსი აქვთ.

გოგონების ერთი ფინალისტი კი უკვე ცნობილია: ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკა ზედიზედ მეორე თამაშებზე ვერ გავიდა ფინალში – დღეს კანადასთან 0:1 დამარცხდა და 5 აგვისტოს ბრინჯაოს მედლისთვის ითამაშებს.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 2 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 2 აგვისტო
ბადმინტონი
ვაჟები
1.ვიქტორ აქსელსენი (დანია)
2.ლონ ჩენი (ჩინეთი)
3.ანტონი სინისუკა გინტინი (ინდონეზია)
გოგონები, წყვილები
1.გრეისია პოლიი, აპრიანი რაჰაიუ (ინდონეზია)
2.ქინჩენ ჩენი, იუიფან ჟია (ჩინეთი)
3.სო-იეონ კიმი, ჰი-იეონ კონი (სამხრეთი კორეა)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ვაჟები, 60კგ
1.ლუის ორტა (კუბა)
2.კენიჩირო ფუმიტა (იაპონია)
3.საილიკე უალიენი (ჩინეთი) და სერგეი ემელინი (როკ)
ვაჟები, 130კგ
1.მიხაინ ლოპესი (კუბა)
2.იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3.რიზა ქაიაალფი (თურქეთი) და სერგეი სემიონოვი (როკ)
*-იაკობ ქაჯაია
1/8 – ელიას კუოსმანენი (ფინეთი) – 9:0
1/4 – სერგეი სემიონოვი (როკ) – 3:1
1/2 – იესმანი აკოსტა (ჩილე) – 1:1 (მოგება)
ფინალი – მიხაინ ლოპესი (კუბა) – 0:5

ველოსპორტი
გოგონები, გუნდური სპრინტი
1.ჩინეთი (შანჟუ ბაო, ჟონ ტიანში) – 31.895წმ
2.გერმანია (ლეა ფრიდრიხი, ემა ჰინცე) – 31.980წმ
3.რუსეთი (დარია შმელევა, ანასტასია ვოინოვა) – 32.252წმ

თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები, 76კგ
1.ალინე როტერ-ფოკენი (გერმანია)
2.ადელინ გრეი (აშშ)
3.იასემინ ადარი (თურქეთი) და ქიან ჟუ (ჩინეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები, სიმაღლეზე ხტომა
1.მინტიადის ტენტოღლუ (საბერძნეთი) – 8.41მ
2.ხუან მიგელ ეჩევარია (კუბა) – 8.41მ
3.მაიკელ მასო (კუბა) – 8.21მ
*-ბაჩანა ხორავა
7.41მ – 28ე ადგილი, ფინალში ვერ მოხვდა
ვაჟები, 3000მ სტიპლჩეიზი
1.სუფიანე ელ ბაკალი (მაროკო) – 8:09.90წთ
2.ლამეჩა გირმა (ეთიოპია) – 8:10.38წთ
3.ბენჯამინ კიგენი (კენია) – 8:11.45წთ
გოგონები, თარჯრბენი, 100მ
1.ჟასმინ კამაჩო-ქუინი (პუერტო რიკო) – 12.37წმ
2.კენდრა ჰარისონი (აშშ) – 12.52წმ
3.მეგან ტაპერი (იამაიკა) – 12.55წმ
გოგონები, 5000მ
1.სიფან ჰასანი (ნიდერლანდები) – 14:36.79წთ
2.ჰელენ ობირი (კენია) – 14:38.86წთ
3.გუდაფ ცეგაი (ეთიოპია) – 14:38.87წთ
გოგონები, ბადროს ტყორცნა
1.ვალერი ელმანი (აშშ) – 68.98მ
2.კრისტინ პუდენცი (გერმანია) – 66.86მ
3.იაიმე პერესი (კუბა) – 65.72მ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები, რგოლებზე ვარჯიში
1.იან ლიუ (ჩინეთი) – 15.500 ქულა
2.აო იუ (ჩინეთი) – 15.300
3.ელეფტერიოს პეტრუნასი (საბერძნეთი) – 15.200
ვაჟები, ბჯენითი ხტომა
1.ჟეა-ჰვან შინი (სამხრეთი კორეა) – 14.783
2.დენის აბლიაზინი (როკ) – 14.783
3.არტურ დავთიანი (სომხეთი) – 14.733
გოგონები, თავისუფალი ვარჯიში
1.ჯეიდ კერი (აშშ) – 14.366
2.ვანესა ფერარი (იტალია) – 14.200
3.მაი მურაკამი (იაპონია) – 14.166
3.ანგელინა მელნიკოვა (როკ) – 14.166

ტყვიის სროლა
ვაჟები, შაშხანა სამი პოზიციიდან, 50მ
1.ჩანჩონ ჟანი (ჩინეთი) – 466.0 (მსოფლიო რეკორდი)
2.სერგეი კამენსკი (როკ) – 464.2
3.მილენკო სებიჩი (სერბეთი) – 448.2
ვაჟები, ჩქაროსნული პისტოლეტი, 25მ
1.ჟან კიკამპო (საფრანგეთი) – 34 (ოლიმპიური რეკორდის გამეორება)
2.ლეურის პუპო (კუბა) – 29
3.ლი იუიეონი (ჩინეთი) – 26

ცხენოსნობა
სამჭიდი
1.იულია კრაიევსკი (გერმანია)
2.ტომ მაკივენი (დიდი ბრიტანეთი)
3.ენდრიუ ჰოი (ავსტრალია)
სამჭიდი, გუნდური
1.დიდი ბრიტანეთი (ოლივერ თაუნენდი, ლაურა კოლეტი, ტომ მაკივენი)
2.ავსტრალია (კევინ მაკნები, ენდრიუ ჰოი, შეინ როუზი)
3.საფრანგეთი (ნიკოლა ტუზენი, კარიმ ლაგუაგი, ქრისტოფერ სიქსი)

ძალოსნობა
გოგონები, 87კგ
1.ჟოიუ ვანი (ჩინეთი) – 270კგ (120+150)
2.ტამარა სალასარი (ეკვადორი) – 263კგ (113+150)
3.კრისმერი სანტანა (დომინიკის რესპუბლიკა) – 256კგ (116+140)
გოგონები, +87კგ
1.ვენვენ ლი (ჩინეთი) – 320კგ (140, ორ+180, ორ)
2.ემილი კემპბელი (დიდი ბრიტანეთი) – 283კგ (122+161)
3.სარა რობლესი (აშშ) – 282კგ (128+154)

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian