ტოკიო 2020: 26 ივლისი

გუშინ ქართული ოქროს იმედად დაგემშვიდობეთ, მაგრამ არ გამოვიდა: საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 26 ივლისიც ვერცხლით დაასრულა.
მაგრამ ოლიმპიური მედალი ხომ ყველა ვარიანტში დიდი გამარჯვებაა და ამიტომაც, ყველას გილოცავთ, პირველ რიგში კი ლაშა შავდათუაშვილს! დღევანდელი წარმატებით მან ჩვენი სპორტის ისტორიაში სულ სხვა სიმაღლეზე აინაცვლა.

ვაჟ ძიუდოისტთა ტურნირის ფინალი, ვფიქრობ, ყველა შეჯიბრებას დაამშვენებდა, რადგან ბუდოკანის ტატამზე ვნახეთ ყველაფერი, რაც გადამწყვეტ ორთაბრძოლას უხდება: ორი დიდი ჩემპიონი, ყველა ტიტულის მფლობელები ლაშა შავდათუაშვილი და შიჰეი ონო, ბრძოლა პირველიდან ბოლო წუთამდე, დამატებითი დრო და არნახული დაძაბულობა. სულ ბოლოს კი ჭიდაობით მოხიბლული მაყურებლები, რომლებმაც უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს ოქროს მედალოსანი და ვიცე-ჩემპიონი.

ახლა უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ შიჰეი ონოს თავისიანების ქება-დიდებაც ეყოფა, მე რომ არ ვადღეგრძელო, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ მისი საქციელი დასაფასებელია. წაგებით განადგურებულ მეტოქესთან მისვლა და იმ კაცის გამხნევება, რომელსაც წამებით ადრე უკანასკნელი ძალებით ებრძოდი მხოლოდ ერთზე მეტყველებს – ონო დიადი ჩემპიონი და არანაკლებ ღირსეული ადამიანია.

დღეს იაპონელი უბრალოდ შეუდარებელი იყო – ფინალის გარდა ყველა ორთაბრძოლა აუღელვებლად მოიგო და გადამწყვეტ შეხვედრაშიც კლდესავით იდგა. ითმინა, ითმინა, ლაშას აქტიურობამ ბოლოს თითქოს გააღიზიანა კიდეც, მაგრამ ორი გაფრთხილებით დატვირთულმა იმ ერთ, ყველაზე საჭირო წამს არ დაახანა და გაიმარჯვა.

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა. ონო რიოშიც ასეთივე თავდაჯერებული და უდრეკი იყო და თუ გახსოვთ, მაშინაც დაგვიმარცხა ჩვენი ფავორიტი – ბრაზილიაში მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა.

ლაშაზე კი ახალი რა უნდა ვთქვა?

2012 წლის 29 ივლისს, ლონდონში რომ გაგვახარა, მას შემდეგ გამორჩეულად ვგულშემატკივრობ და იმედები არც ახლა გამიცრუა.

ის, გარდა იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის ძიუდოისტია, დიდი ოლიმპიონიკია – ზედიზედ მესამე თამაშებზე მოიგო მედალი! ამიტომ ხმამაღლა ვიტყვი: ლაშა შავდათუაშვილი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი სპორტსმენია!

ორიოდ სიტყვით მის დღევანდელ ორთაბრძოლებზე: პირველად ფრანგ გიიომ ჩეინს სძლია. ძიუდოს ქართველ მოყვარულებს ეს უკანასკნელი კი უნდა ახსოვდეთ: 2019 წელს თბილისის გრან პრი ამ წონაში სწორედ ჩეინმა მოიგო.

მეორე მეტოქე ჯიბუტიდან გახლდათ, აფრიკის თამაშების და შავი კონტინენტის ჩემპიონატების სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი. ლაშამ ეს ბარიერიც მშვიდად დაძლია, ისევე როგორც მეოთხედფინალში კანადელი არტურ მარგელიდონის წინააღმდეგობა. სულ რაღაც ოთხი თვის წინ მან თბილისის გრან სლემზე იჭიდავა და ვერცხლი მოიპოვა. ლაშა მაშინ მესამე იყო…

ნახევარფინალში ქართველს კორეელი ან ჩანგ-რიმი ელოდა, აზიის მოქმედი ჩემპიონი, დოჰას წლევანდელი მასტერსის გამარჯვებული და უბრალოდ ძალიან ძლიერი ძიუდოკა. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა უფრო დამაჯერებლად წარმართა ორთაბრძოლა, აბსოლუტურად არაფერი დათმო, თავად შეუტია და სამართლიანად გაიმარჯვა. ვინც ლამის ათწუთიანი ნახევარფინალი ნახეთ, დამეთანხმებით, რომ ფინალს ლაშა იმსახურებდა. საბედნიეროდ, მსაჯმაც ასე იფიქრა და კორეელი, შედარებითი პასიურობისთვის სამჯერ გააფრთხილა.

მერე კი იყო ოლიმპიური ვერცხლი და სანამ ამ მედალს მოყოლილ ამბებზე დავწერ, ერთხელაც შოჰეი ონოს ბრწყინვალებაზე: 2015 წლიდან დაწყებული 29 წლის იაპონელი მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, ისიც საშინაო პირველობაზე, საერთაშორისო სარბიელზე კი შვიდი წელია უძლეველია და ამ ხნის განმავლობაში ორი ოლიმპიადა, მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატი, აზიის თამაშები და არაერთი გრან სლემი თუ გრან პრი მოიგო. მოკლედ, ონო ძალიან, ძალიან ძლიერია.

ლაშა კი პირველია ჩვენი ძიუდოს ისტორიაში, რომელმაც მესამე ოლიმპიური მედალი მოიგო! აქამდე ის შოთა ჩოჩიშვილის მიღწევის თანაავტორი გახლდათ.

დღევანდელი ვერცხლით გორელმა ძიუდოკამ ნინო სალუქვაძის ქართული რეკორდიც გაიმეორა – ახლა ისიც ყველა სინჯის ოლიმპიურ ჯილდოს ფლობს! ოქრო და ბრინჯაო ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში მოიპოვა.

და კიდევ: საქართველოს XX საუკუნის უძლიერეს ვაჟ სპორტსმენად აღიარებული ვიქტორ სანეევის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი პირველია, ვინც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოიგო მედალი! ბატონი ვიქტორი, გემახსოვრებათ, 1968, 1972 და 1976 წლებში ჩემპიონი გახდა, 1980 წელს კი მეოთხე ჯილდო მოიგო – ვერცხლი.

ამიტომაც დავწერე შესავალში: ლაშამ სულ სხვა სიმაღლეზე აინაცვლა-მეთქი. და თუ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტები მას ყველანაირი ეჭვის გარეშე უდიდეს ქართველ ძიუდოკას ვუწოდებთ, ნურავინ დაგვძრახავთ – ეს შეფასება სამი ოლიმპიური მედლით, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობითაა ნაკარნახევი.

ლაშასა და ონოს ფინალი 26 ივლისის მეორე იაპონურ-ქართული ჭიდაობა იყო. ვაჟების ორთაბრძოლამდე რამდენიმე წუთით ადრე იქვე გაითამაშეს მედლები გოგონებმა და ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ცუკასა იოშიდას დაეჭიდა. მეტოქემ გაიმარჯვა, ვინც ობიექტურად, უფრო ძლიერი იყო. ეთერის კი მხოლოდ ქება და ქება: ოლიმპიადაზე სამი ორთაბრძოლის მოგება და მედალზე გაწევა ჩვენი ძიუდოისტი გოგონების ახალი მწვერვალია.

ხვალ კვლავ დიდი ამბავი გველის: 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს, მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, თბილისის გრან სლემის ბრინჯაოს პრიზიორი და დოჰას მასტერსის გამარჯვებული.

და თუ ტატომაც მედლით გაგვახარა, სპორტის ამ სახეობის ქართულ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება: ძიუდოისტები პირველად მოიგებენ ერთ თამაშებზე სამ მედალს!

რეკორდი ორი ჯილდოა, რომელიც პირველად ოლიმპიადაზე ძიუდოს გამოჩენისთანავე, 1964 წელს ტოკიოში მოიგეს ანზორ კიკნაძემ და ფარნაოზ ჩიკვილაძემ. დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში კი ასეთი რამ სულ ორჯერ მოხდა – 2004 და 2016 წლებში. ათენში ზურაბ ზვიადაური ოქროს დაეუფლა, ნესტორ ხერგიანი ფინალში დამარცხდა, რიო დე ჟანეიროში კი ვარლამ ლიპარტელიანმა მეორე ადგილი დაიკავა, დღევანდელი წერილის გმირი კი მესამე იყო. ერთი სიტყვით, ახალი რეკორდის შანსია.

დღეს ჩვენი ოლიმპიური გუნდის კიდევ სამი წევრი ვიხილეთ, რომელთაგან ორი – მოკრივეები სახილ ალახვერდოვი და გიორგი ხარაბაძე, სამწუხაროდ დამარცხდნენ და ტოკიოს თამაშები დაასრულეს. ალახვერდოვს (52კგ) ჩინელმა ჟიანჟუან ჰუმ სძლია, მსაჯების გადაწყვეტილებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად – 5:0, ხარაბაძე (75კგ) კი უზბეკმა ფანატ კახრამონოვმა დაგვიმარცხა და მანაც დიდი უპირატესობით, 5:0.

ჩვენი მოკრივეებიდან მხოლოდ ესკერხან მადიევი (69კგ) იბრძვის მედლისთვის. ის მერვედფინალშია და უგანდელ შადირი ბვოგის ხვალ დაუპირისპირდება.

მოკრივეებისგან განსხვავებით, გაგვახარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვინც მეორე მეტოქესაც აჯობა: იტალიელ ლორენცო სონეგოს ძალიან დაძაბულ შეხვედრაში სძლია – 6:4, 3:6, 6:4.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ნიკა თამაშის გადარჩენას თუ შეძლებდა. გადამწყვეტ სეტში მეტოქემ მოწოდება აართვა და დაწინაურდა, მაგრამ როცა იტალიელი 3:2ზე აწვდიდა, ბასილაშვილის თამაშში გარდატეხა მოხდა, ჯერ გეიმი მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ ისევ დააბრეიკა სონეგო, 5:3ზე კი უკვე თავის მოწოდება დათმო და მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი მისცა, მაგრამ საბედნიეროდ, იმ დროისთვის სონეგო უკვე ძალიან არეული იყო და თავისი მოწოდება და მასთან ერთად თამაშიც წააგო.

მერვედფინალში ნიკას მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ელის, ვისთანაც სულ სამჯერ უთამაშია: 2019 წლის ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში, თიხნარზე, ბასილაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ჰარდზე გერმანელმა ორივე ჯახი მოიგო – 2018 წელს შანხაის, 2019 წელს კი კანადის მასტერსზე აჯობა ნიკას.

ჩვენი სპორტსმენების კარგი ასპარეზობის გამო, ოლიმპიადის სხვა ამბებს იშვიათად ვწერ, არადა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება. მაგალითად გუშინ ავსტრალიელმა მოცურავე გოგონებმა 100 მეტრზე ესტაფეტა მსოფლიო რეკორდით მოიგეს, ტყვიის სროლაში და ძალოსნობაში გაუმჯობესდა ოლიმპიური რეკორდები…

კორეელები კი ისევ ფანტასტიკურად ისვრიან მშვილდ-ისარს და 24 ივლისს ახალ დისციპლინაში – მიქსში მოგებულ ოქროს გუშინ და დღეს ვაჟთა და გოგონების გუნდურში ჩემპიონობა დაურთეს. შესაბამისად, კიმ იე-დოკი და ან სანი ტოკიო 2020ის უკვე ორგზის ჩემპიონები არიან! და ბარემ აქვე შევნიშნავ, რომ სეულის 1988 წლის თამაშებიდან დაწყებული ქალ მშვილდოსანთა გუნდურს მხოლოდ კორეის ნაკრები იგებს.

დღესვე ბრიტანელმა მოცურავე ადამ პიტიმ 100 მეტრზე ბრასში მოიგო ოქრო და ამ დისციპლინის უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ის რიოშიც საუკეთესო იყო და მაშინ მან მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა.

ალბათ სენსაციაა გოგონებს შორის 400 მეტრზე თავისუფალში ამერიკელი კეტი ლედეკის მარცხი. ლონდონის და რიოს ოლიმპიადების ხუთგზის ჩემპიონს 20 წლის ავსტრალიელმა არიარნე ტიტმუსმა აჯობა, ვისთვისაც ეს პირველი ოქროა. სხვათა შორის ამ უკანასკნელს… ტერმინატორს უწოდებენ.

26 ივლისის ამბებს 32 წლის ამერიკელი მესტენდურის ვინსენ ჰენკოკის ჩემპიონობით დავასრულებ – სკიტში, ანუ მრგვალ სტენდზე სწროლაში მან ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა და ამ დისციპლინაში მესამე ოქრო მოიგო! ის საუკეთესო იყო პეკინსა (2008) და ლონდონში (2012), აი რიოში კი არ გაუმართლა, საერთოდ ვერ გავიდა ფინალში.


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 26 ივლისი
ველოსპორტი
ვაჟები, ქროსქანთრი
1.ტომ პიდკოკი (შვეიცარია) – 1:25:14სთ
2.მათიას ფლუკიგერი (შვეიცარია) – 1:25:34სთ
3.დავიდ ვალერო (ესპანეთი) – 1:25:48სთ

კაიაკი და კანოე
ვაჟები, კანოე, სლალომი
1.ბენიამინ სავშეკი (სლოვენია) – 98.25წმ
2.ლუკაშ როჰანი (ჩეხეთი) – 101.96წმ
3.სიდერის ტასიადისი (გერმანია) – 103.70წმ

მაგიდის ჩოგბურთი
შერეული წყვილი
1.იაპონია (ჯუნ მიზუტანი, მიმა იტო)
2.ჩინეთი (შუ შინი, ლიუ შივენი)
3.ტაივანი (ლინ იუნ-ჟუ, ჩენ ი-ჩინი)

მშვილდოსნობა
ვაჟები, გუნდური
1.სამხრეთი კორეა (კიმ ვოო-ჟინი, ო ჟინ-ჰუეკი, კიმ იე-დოკი)
2.ტაივანი (დენ იუ-ჩენი, ტან ჩი-ჩუნი, ვეი ჩუნ-ჰენი)
3.იაპონია (ტაკაჰარუ ფურუკავა, იუკი კავატა, ჰიროკი მუტო)

სკეიტბორდინგი
გოგონები, ქუჩა
1.მომიჯი ნიშიია (იაპონია)
2.რაისა ლეალი (ბრაზილია)
3.ფუნა ნაკაიამა (იაპონია)

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები, გუნდური
1.როკ (დენის აბლიაზინი, დავიდ ბელიავსკი, არტურ დალალოიანი, ნიკიტა ნაგორნი) – 262.500 ქულა
2.იაპონია (დაიკი ჰაშიმოტო, კაზუმა კაია, ტაკერუ კიტაზონო, ვატარუ ტანიგავა) – 262.397 ქულა
3.ჩინეთი (ლინ ჩაოპანი, სუნ ვეი, შიაო რუოტენი, ჟუ ჟინუიანი) – 261.897

ტაეკვონდო
ვაჟები, 80კგ
1.მაქსიმ ხრამცოვი (როკ)
2.სალეჰ ალ-შარაბატი (იორდანია)
3.ტონი კანაეტი (ხორვატია) და სეიფ ეისა (ეგვიპტე)
გოგონები, 67კგ
1.მატეა იელიჩი (ხორვატია)
2.ლორენ უილიამსი (დიდი ბრიტანეთი)
3.რუთ გბაგბი (კოტ დივუარი) და ჰედაია ვაჰბა (ეგვიპტე)

ტრიათლონი
ვაჟები
1.კრისტიან ბლუმენფელტი (ნორვეგია) – 1:45.04სთ
2.ალექს იეე (დიდი ბრიტანეთი) – 1:45.15სთ
3.ჰეიდენ უაილდი (ახალი ზელანდია) – 1:45.24სთ

ტყვიის სროლა
ვაჟები, მრგვალი სტენდი
1.ვინსენ ჰენკოკი (აშშ) – 59 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.იესპერ ჰანსენი (დანია) – 55
3.აბდულა ალ რაშიდი (ქუვეითი) – 46
გოგონები, მრგვალი სტენდი
1.ემბელ ინგლიში (აშშ) – 56 (ოლიმპიური რეკორდი)
2.დიანა ბაკოსი (იტალია) – 55
3.ვეი მენი (ჩინეთი) – 46

ფარიკაობა
ვაჟები, რაპირა
1.ჩონ კა-ლონგი (ჰონგ კონგი)
2.დანიელე გაროცო (იტალია)
3.ალექსანდრ ჩუპენიჩი (ჩეხეთი)
გოგონები, ხმალი
1.სოფია პოზდნიაკოვა (როკ)
2.სოფია ველიკაია (როკ)
3.მანონ ბრუნე (საფრანგეთი)

ცურვა
ვაჟები, ბრასი, 100მ
1.ადამ პიტი (დიდი ბრიტანეთი) – 57.37წმ
2.არნო კამინგა (ნიდერლანდები) – 58.00წმ
3.ნიკოლო მარტინენგი (იტალია) – 58.33წმ
ვაჟები, თავისუფალი, 4X100
1.აშშ (ქელებ დრესელი, ბლეიკ პიერონი, ბოუი ბეკერი, ზაკ ეფლი) – 3:08.97წთ
2.იტალია (ალესანდრო მირესი, თომას ჩეკონი, ლორენცო ძაძერი, მანუელ ფრიგო) – 3:10.11წთ
3.ავსტრალია (მეთიუ ტემპლი, ზაკ ინსერტი, ალექსანდრ გრემი, კაილ ჩელმერსი) – 3:10.22წთ
გოგონები, თავისუფალი, 400მ
1.არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია) – 3:56.69წთ
2.კეტი ლედეკი (აშშ) – 3:57.36წთ
3.ლი ბინჟიე (ჩინეთი) – 4:01.08წთ
გოგონები, ბატერფლაი, 100მ
1.მეგი მაკნილი (კანადა) – 55.59წმ
2.ჟან იუფეი (ჩინეთი) – 55.64წმ
3.ემა მაკკეონი (ავსტრალია) – 55.72წმ

ძალოსნობა
გოგონები, 55კგ
1.იდილინ დიასი (ფილიპინები) – 224კგ (ოლიმპიური რეკორდი) (97+127, ორ)
2.ლიაო კიუინი (ჩინეთი) – 223კგ (97+126)
3.ზულფია ჩინშანლო (ყაზახეთი) – 213კგ (90+123)

ძიუდო
ვაჟები, 73კგ
1.შოჰეი ონო (იაპონია)
2.ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3.ან ჩანგ-რიმი (სამხრეთი კორეა) და ცენდ-ოჩირინ ცონგტბაატარი (მონღოლეთი)
*-ლაშა შავდათუაშვილი
1/16 – გიიომ ჩეინი (საფრანგეთი) – მოგება
1/8 – ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი (ჯიბუტი) – მოგება
1/4 – არტურ მარგელიდონი (კანადა) – მოგება
1/2 – ან ჩანგ-რიმი (სამხრეთი კორეა) – მოგება
ფინალი – შოჰეი ონო (იაპონია) – მარცხი
გოგონები, 57კგ
1.ნორა გიაკოვა (კოსოვო)
2.სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი)
3.ცუკასა იოშიდა (იაპონია) და ჯესიკა კლიმკეიტი (კანადა)
*-ეთერ ლიპარტელიანი
1/16 – დიასონემა მუკუნგი (ანგოლა) – მოგება
1/8 – ტერეზა შტოლი (გერმანია – მოგება
1/4 – სარა-ლეონი სისიკი (საფრანგეთი) – მარცხი
რეპეშაჟი – იულია კოვალჩუკი (პოლონეთი) – მოგება
III ადგილისთვის – ცუკასა იოშიდა (იაპონია) – მარცხი

წყალში ხტომა
ვაჟები, კოშკი (10მ), სინქრონული
1.ტომ დელი და მეტი ლი (დიდი ბრიტანეთი) – 471.81 ქულა
2.საო იუანი და შენ აისენი (ჩინეთი) – 470.58
3.ალექსანდრ ბონდარი და ვიკტორ მინიბაევი (როკ) – 439.91

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian