ტოკიო 2020: 27 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი, მგონი, ჯერ საკუთარ თავთან დამარცხდა და შემდეგ მეტოქეებთან. მის დღევანდელ ასპარეზობას იმედგაცრუება ეთქმის და ვიმედოვნებ, 21 წლის სპორტსმენი ამ მწარე გაკვეთილს აუცილებლად გამოიყენებს.
დასამალი არაფერია: ტატო მედლის კანდიდატად მიმაჩნდა და ფინალშიც ვხედავდი. სადაც მსოფლიოს ოქროს შეუტია, ვითომ ოლიმპიადა რატომ არა?! მაგრამ მოვტყუვდი და ახლა გულგატეხილი ვარ.

2020 წლიდან დაწყებული ის მშვენიერ ფორმაში იყო, ზედიზედ მოიგო ბევრი პრესტიჟული შეჯიბრება, მათ შორის შარშანდელი ევროპის ჩემპიონატი, 23წლამდელთა ევროპირველობა, წელს დოჰას მასტერსზეც გაიმარჯვა, მსოფლიოს ფინალში გავიდა…

მოლაეისთან წაგებამ წლევანდელ თბილისის გრან სლემზე ტატოს ასპარეზობა გამახსენა. საშინაო ტურნირზე ის მთავარი ფავორიტი იყო, თან იქამდე კარგა ხანს დაუმარცხებლად იარა, მაგრამ უხეშად შეცდა და თბილისში ბრინჯაოს დასჯერდა. არადა ოქროს მთავარი პრეტენდენტი იყო.

მოლაეისთანაც ასე დაემართა: კარგად დაიწყო, ვაზა არიც აართვა, მაგრამ შემდეგ ტაქტიკაში შეცდა და დაისაჯა. ძიუდოს სპეციალისტები და ნაკრების მწვრთნელები თავისას იტყვიან და უფრო დეტალურად ახსნიან მომხდარს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იჩქარა და ამიტომ დამარცხდა. არადა, მეოთხედფინალამდე ჩინებულად იარა.

მატიას კასესთან ორთაბრძოლაზე კი რა გითხრათ? ბელგიელმა ზედიზედ მეორედ დაამარცხა ტატო – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან სწორედ ქართველს სძლია.

კასე 24 წლის გახლავთ და პირველად ჩემი ყურადღება ორი წლის წინ, მინსკში გამართულ ევროპის მეორე თამაშებზე მიიქცია. ის რიგითი მონაწილის რანგში ეწვია ბელარუსის დედაქალაქს, თუმცა მინსკი ჩემპიონის ოქროს მედლით დატოვა. და მას შემდეგ მშვენიერ ფორმაშია, წელს კი ყველა დიდ შეჯიბრებაზე საპრიზო სამეულში მოხვდა: დღეს მოგებული ბრინჯაოს და უკვე ნახსენები მსოფლიოს ოქროს გარდა, ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლიც ჩაიბარა…

ძიუდოისტებმა მეოთხე დღე დაასრულეს და მასპინძლები ისევ შეუდარებელნი არიან, ზედიზედ მეოთხე ოქრო მოიგეს – 27 წლის ტაკანორი ნაგასემ რიო დე ჟანეიროში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე გადაცვალა! ოთხიდან ოთხი – ასეთია იაპონელი ვაჟი ძიუდოისტების შედეგი ტოკიო 2020ზე.

რა მხიბლავს მათში და ის, თუ როგორ ასპარეზობენ, როგორ მშვიდად და დაკვირვებულად ირჯებიან და როგორ ხვდებიან ნანატრ გამარჯვებას. ნაოჰისა ტაკატომ, ჰიფუმი აბემ, შოჰეი ონომ და დღეს ტაკანორი ნაგასემ მართლაც რომ ოლიმპიური სიმშვიდით შეიფერეს ჩემპიონობა!

მათი საქციელი, განსაკუთრებით ფინალის შემდგომი, მხოლოდ პატივისცემას და აპლოდისმენტებს იმსახურებს. ახლაც აღფრთოვანებული ვარ გუშინ და გუშინწინ აბეს და ონოს მოქმედებით – ვაჟა მარგველაშვილთან და ლაშა შავდათუაშვილთან მოგებული უმძიმესი ფინალების შემდეგ ორივე დიდებული იყო: არც ყირამალა, არც ღრიალი, არც არიქა, ეს რა ვქენი და ასე შემდეგ… მშვიდად, მეტოქის პატივისცემით და მაქსიმალურად ზრდილობიანი საქციელით მიღებული ჩემპიონობა! ეს ყველაფერი მშვენიერი იყო, რომელიც წარმატებულ სპორტსმენს კიდევ უფრო ამშვენებს.

ნაგასემ ოქროს მედლისთვის მონღოლეთის სახელით მოასპარეზე საეიდ მოლაეის სძლია და მასზე ცალკე დავწერ, რადგან მისი ახლო წარსული ნაღდად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას.

ორი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოლაეი სამშობლოს – ირანის სახელით ასპარეზობდა. დიდებულ ფორმაში იყო და ფინალამდე ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, მათ შორის სამი იპონით, მაგრამ ნახევარფინალში ტატამზე აღარ გავიდა.

მიზეზი ბინძური პოლიტიკაა – ირანის ხელისუფლება, გეცოდინებათ, სპორტსმენებს ისრაელის გუნდის წევრებთან შეხვედრას უკრძალავს და რადგან იმ მსოფლიოს ნახევარფინალში მოლაეის სწორედ ებრაელი ათლეტი, საგი მუკი ელოდა, გუნდის ხელმძღვანელებმა ძიუდოისტს ტატამზე გასვლა აუკრძალეს! მისი უარის გამო მუკის გამარჯვება ჩაეთვალა, ირანელმა კი რეპეშაჟში გადაინაცვლა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ლუკა მაისურაძესთან დამარცხდა…

სამშობლოში მოსალოდნელი პრობლემების შიშით, საეიდ მოლაეიმ გერმანიას მიაშურა და თავშესაფარი ითხოვა. ამ ამბის გამოძახილი იყო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ირანის ძიუდოს ფედერაციის დისკვალიფიკაცია და კიდევ სხვა ამბები, რომლებსაც ახლა აღარ გავიხსენებ. გეტყვით მხოლოდ, რომ 2019 წლის 1 დეკემბერს სპორტსმენმა მონღოლეთის მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ ამ ქვეყნის სახელით ჭიდაობს.

ბრინჯაო აზიის ჩემპიონატზე და ბუდაპეშტის გრან სლემზე და ვერცხლი სად? თელ ავივში, გრან სლემზე! ასეთია მონღოლად გადაქცეული ირანელი ათლეტის წარმატებათა ჩამონათვალი, რომელსაც დღეს ოლიმპიური ვერცხლიც შეემატა. სხვათა შორის, ეს მონღოლეთის ოლიმპიური გუნდის პირველი ვერცხლია ტოკიოში. აქამდე ამ გუნდის აქტივში მხოლოდ ორი ბრინჯაო იყო…

ერთიც ძიუდოზე და ეგაა: ხვალ საქართველოს ღირსებას ლაშა ბექაური დაიცავს. ასაკობრივ ტურნირებზე ყველაფრის მომგები 20 წლის ძიუდოკა ოლიმპიადას ევროპის ჩემპიონის რანგში ხვდება და ძალიან მინდა, რომ იაპონელთა ჰეგემონია სწორედ მან დაარღვიოს. ძალიან რთული კი იქნება, მაგრამ რა ვუყოთ, ოცნება ხომ მაინც შეიძლება?! ლაშას პირველი მეტოქე პოლონელი პიოტრ კუჩერაა და დანარჩენს ხვალ დილით ერთად ვნახავთ…

მოკრივე ესკერხან მადიევმა მეორედ გაგვახარა: მსაჯთა აზრით უგანდელ შადირი ბვოგის 3:1 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

23 წლის სპორტსმენი, ვისაც ევროპის 22წლამდელთა ჩემპიონატი და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, 34 წლის ანდრეი ზამკოვოის შეერკინება.

ეს უკანასკნელი გამოცდილი მოკრივეა და ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს დაეუფლა.

დიდი იმედი მაქვს, რომ მადიევი ამ ბარიერსაც დაძლევს. კრივის წესებით ნახევარფინალში გასვლა მინიმუმ ბრინჯაოა. ასე რომ, მონდომება და ზუსტი დარტყმები, ესკერხან!

ოლიმპიადის სხვა საინტერესო ამბებიდან კი რამდენიმეს გამოვარჩევ:

ფილიპინელმა ძალოსანმა იდილინ დიასმა გოგონათა შორის 55კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა და სამშობლოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა!

ქალთა ტრიატლონში 33 წლის ფლორა დაფის გამარჯვების წყალობით კი ბერმუდა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 63 ათასია, ოფიციალურად გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი ყველაზე პატარა ქვეყანა!

ბერმუდის სპორტის ისტორიაში დაფის ოქრო მხოლოდ მეორე ოლიმპიური ჯილდოა. პირველი, ბრინჯაო, 1976 წელს მონრეალში მოიგო მოკრივე კლარენს ჰილმა.

თურქმენეთმა ოქრო ვერა, მაგრამ ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი კი მიითვალა: ძალოსანმა პოლინა გურიევამ (59კგ) დღეს მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლით დაიმშვენა დაკუნთული მკერდი.

გოგონებს შორის 100 მეტრზე ბრასით ცურვაში ჩემპიონობა იზეიმა 17 წლის ამერიკელმა ლიდია ჯეიკობიმ. ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ასეც არაა საქმე: ოლიმპიადებზე ყველაზე წარმატებული ქვეყნის ისტორიაში ჯეიკობი პირველი ჩემპიონია… ალასკის შტატიდან! დაჯილდოვების შემდეგ ჩემპიონმა ჟურნალისტს უპასუხა, მთელ შტატში ერთადერთი ოლიმპიური აუზი გვაქვს და იქაც კი იშვიათად მივდიოდი, მაგრამ იმას ვგრძნობდი, რომ ოქროს მედალს მხოლოდ მე მოვიგებდიო…

რაც შეეხება ნაომი ოსაკას, ოლიმპიური ცეცხლის აგიზგიზებიდან ოთხი დღის შემდეგ ის ტოკიო 2020ს დაემშვიდობა. დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულმა ვერაფერი გააწყო ქალთა რეიტინგის 42ე ჩოგანთან, ჩეხ მარკეტა ვონდრუშოვასთან – 1:6, 4:6.

ერთ-ერთი ფავორიტის მოულოდნელი წაგების შემდეგ, ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი უკრაინელი ელინა სვიტოლინაა. მეოთხე ნომრად განთესილმა სვიტოლინამ დღეს ძალიან დაძაბულ პაექრობაში დაამარცხა ბერძენი მარია საკარი – 5:7, 6:3, 6:4.

სკეიტბორდინგის მსგავსად, ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში პირველად მოხვდა სერფინგი და ორდღიანი შეჯიბრების შემდეგ მედალოსნებიც გამოვლინდნენ.

მსაჯების აზრით, ჩიბას პრეფექტურაში, ცურიგასაკის სანაპიროს აზვირთებულ ტალღებზე ვაჟთა შორის ყველაზე უკეთ ბრაზილიელმა იტალო ფერეირამ ისრიალა, გოგონებში კი ამერიკელმა კარისა მურიმ. მასპინძელთა გასახარად, იაპონელებმა ორი მედალი აქაც მოიგეს – ბიჭებში ვერცხლი, გოგონებში კი ბრინჯაო.

ხვალ მედლების 25 კომპლექტი გათამაშდება, ასე რომ, 28 ივლისსაც ბევრ საინტერესოს ვნახავთ. დროებით


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 27 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 27 ივლისი
ველოსპორტი
გოგონები, ქროსქანთრი
1.იოლანდა ნეფი (შვეიცარია) – 1:15:46სთ
2.ზინა ფრაი (შვეიცარია) – 1:16:57სთ
3.ლინდა ინდერგენდი (შვეიცარია) – 1:17:05სთ

კაიაკი და კანოე
გოგონები, კაიაკი, სლალომი
1.რიკარდა ფუნკი (გერმანია) – 105.50წმ
2.მაიალენ ჩოურო (ესპანეთი) – 106.63წმ
3.ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია) – 106.73წმ

სოფტბოლი
გოგონები
1.იაპონია (1.იუკიო მინე, 2.საკი იამაზაკი, 4.იუკა იჩიგუჩი, 5.იუ იამამოტო, 8.ნოდოკა ჰარადა, 9.საუაკა მორი, 10.ჰიტომი კავაბატა, 11.ერი იამადა, 12.მანა აცუმი, 14.მინორი ნაიტო, 16.იამატო ფუჯიტა, 17.იუკიკო უენო, 21.ნაუ კიუოჰარა, 25.ჰარუკა აგაცუმა, 27.ნოზომი გოტო. მწვრთნელი: ნორიკო იამაჯი)
2.აშშ (1.ობრი მანრო, 2.ელი აგილარი, 3.ელი კარდა, 4.ამანდა ჩაიდესტერი, 7.კელსი სტიუარტი, 8.ჰეილი მაკლინი, 9.ჯენი რიდი, 14.მონიკა ებოტი, 16.მიშელ მოლტრი, 20.ვალერი არიოტო, 21.რეიჩელ გარსია, 34.დეჯა მულიპოლა, 38.კეტ ოსტერმანი, 48.ბუბა ნიკლსი, 99.დელეინი სპოლდინგი. მწვრთნელები: ლორა ბერგი, ჰოუარდ დობსონი, ტაირია ფლაუერსი, ჰიზერ ტერი)
3.კანადა (1.კელსი ჰერშმენი, 2.ნატალი უაიდმენი, 3.ერიკა პოლიდორი, 5.ჯოი ლი, 7.ჯენიფერ სელინგი, 8.ვიქტორია ჰეიუორდი, 14.ჯანეტ ლონგი, 15.დანიელე ლოური, 17.სარა გროინვეგენი, 19.ემა ენცმინგერი, 25.ჯენიფერ ჯილბერტი, 26.ლარისა ფრანკლინი, 29.ჯენა კაირა, 38.ლორენ რეგულა, 55.კელი რაფტერი. მწვრთნელები: ლონი ალამედა, მელ ბასილიო, ქრის ჯონსი)

სპორტული ტანვარჯიში
გოგონები, გუნდური
1.როკ (ლილია ახაიმოვა, ვიკტორია ლისტუნოვა, ანგელინა მელნიკოვა, ვლადისლავა ურაზოვა) – 169.528 ქულა
2.აშშ (სიმონე ბაილსი, ჯორდან ჩაილსი, სანისა ლი, გრეის მაკკალუმი) – 166.096
3.დიდი ბრიტანეთი (ჯენიფერ გადიროვა, ჯესიკა გადიროვა, ელის კინსელა, ამელი მორგანი) – 164.096

ტაეკვონდო
ვაჟები, +80კგ
1.ვლადისლავ ლარინი (როკ)
2.დეიან გეორგიევსკი (ჩრდილოეთი მაკედონია)
3.ინ კუო-დონი (სამხრეთი კორეა) და რაფაელ ალბა (კუბა)
გოგონები, +67კგ
1.მილიცა მანდიჩი (სერბეთი)
2.ლი და-ბინი (სამხრეთი კორეა)
3.ალთეა ლორინი (საფრანგეთი) და ბიანკა უოლკდენი (დიდი ბრიტანეთი)

ტრიათლონი
გოგონები
1.ფლორა დაფი (ბერმუდა) – 1:55.36სთ
2.ჯორჯია ტეილორ-ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) – 1:56.50სთ
3.კეტი ზაფერესი (აშშ) – 1:57.03სთ

ტყვიის სროლა
მიქსი, პნევმატური პისტოლეტი, 10მ
1.ჩინეთი (ჟიან რანშინი, პან ვეი)
2.როკ (ვიტალინა ბაცარაშკინა, არტიომ ჩერნოუსოვი)
3.უკრაინა (ოლენა კოსტევიჩი, ოლეგ ომელჩუკი)
მიქსი, პნევმატური შაშხანა, 10მ
1.ჩინეთი (იუან კიანი, იუან აორანი)
2.აშშ (მერი ტაკერი, ლუკას კოზენისკი)
3.როკ (იულია კარიმოვა, სერგეი კამენსკი)

ფარიკაობა
გოგონები, დაშნა, გუნდური
1.ესტონეთი (იულია ბელიაევა, ირინა ემბრიხი, ერიკა კირპუ, კატრინა ლეჰისი)
2.სამხრეთი კორეა (ჩოი ინ-ჟეონი, კან იუნ-მი, ლი ჰუე-ინი, სონ სე-რა)
3.იტალია (როზელა ფიამინგო, ფედერიკა იზოლა, მარა ნავარია, ალბერტა სანტუჩიო)

ცურვა
ვაჟები, თავისუფალი, 200მ
1.თომას დინი (დიდი ბრიტანეთი) – 1:44.22წთ
2.დანკან სკოტი (დიდი ბრიტანეთი) – 1:44.26წთ
3.ფერნანდო შეფერი (ბრაზილია) – 1:44.60წთ
ვაჟები, გულაღმა, 100მ
1.ევგენი რილოვი (როკ) – 51.98წმ
2.კლიმენტ კოლესნიკოვი (როკ) – 52.00წმ
3.რაიან მერფი (აშშ) – 52.19წმ
გოგონები, გულაღმა, 100მ
1.კაილი მაკკეონი (ავსტრალია) – 57.47წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.კაილი მასე (კანადა) – 57.72წმ
3.რეგან სმითი (აშშ) – 58.05წმ
გოგონები, ბრასი, 100მ
1.ლიდია ჯეიკობი (აშშ) – 1:04.95წთ
2.ტატიანა შოენმეიკერი (სამხრეთი აფრიკა) – 1:05.22წთ
3.ლილი კინგი (აშშ) – 1:05.54წთ

ცხენოსნობა
გუნდური წვრთნა
1.გერმანია (ჯესიკა ფონ ფრედოუ-ვრენდლი, დოროთი შნაიდერი, იზაბელ ვერთი) – 8178
2.აშშ (საბინ შუტ-კერი, ედრიენ ლილი, სტეფენ პეტერსი) – 7747
3.დიდი ბრიტანეთი (შარლოტ ფროი, კარლ ჰესტერი, შარლოტ დუჟარდინი) – 7723

ძალოსნობა
გოგონები, 59კგ
1.კუო ჰსინ-ჩუნი (ტაივანი) – 236კგ (ოლიმპიური რეკორდი) (103, ორ+133, ორ)
2.პოლინა გურიევა (თურქმენეთი) – 217კგ (96+121)
3.მიკიკო ანდო (იაპონია) – 214კგ (94+120)
გოგონები, 64კგ
1.მოდ შერონი (კანადა) – 236კგ (105+131)
2.ჯორჯია ბორდინიონი (იტალია) – 232კგ (104+128)
3.ჩენ ვენ-უეი (ტაივანი) – 230კგ (103+127)

ძიუდო
ვაჟები, 81კგ
1.ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
2.საეიდ მოლაეი (მონღოლეთი)
3.შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია) და მატიას კასე (ბელგია)
*-ტატო გრიგალაშვილი
1/16 – აკმალ მურუდოვი (ტაჯიკეთი) – მოგება
1/8 – ლი სუნ-ო (სამხრეთი კორეა) – მოგება
1/4 – საეიდ მოლაეი (მონღოლეთი) – მარცხი
რეპეშაჟი – შაროფიდინ ბოლტაბოევი (უზბეკეთი) – მოგება
III ადგილისთვის – მატიას კასე (ბელგია) – მარცხი
გოგონები, 63კგ
1.კლასირე აგბენენუ (საფრანგეთი)
2.ტიონა ტრსტენიაკი (სლოვენია)
3.მარია სენტრაჩიო (იტალია) და კატერინ ბოშემინ-პინარი (კანადა)

წყალში ხტომა
გოგონები, კოშკი (10მ), სინქრონული
1.შენ იუში, ჟან ჟიაკი (ჩინეთი) – 363.78 ქულა
2.დელანი შნელი, ჯესიკა პარატო (აშშ) – 310.80
3.გაბრიელა აგუნდესი, ალეხანდრა ოროსკო (მექსიკა) – 299.70

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian