ტოკიო 2020: 28 ივლისი

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!
ტოკიო 2020ის ფინალში 21 წლის ფალავანმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზა არით დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ გუნდს XXXII თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა!
ლაშა ბექაური 37ე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია!
ლაშა ბექაურის ოქროს მედალი მე40 ოლიმპიური ოქროა საქართველოსთვის!

ვულოცავ ლაშას, ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და ყველას, ვინც დღევანდელ ასპარეზობას თვალი ადევნა!

ვულოცავ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს – ტოკიოში ხუთი საშეჯიბრო დღის განმავლობაში მოგებული ოქრო და ორი ვერცხლი ძალიან დიდი წარმატებაა!

ვულოცავ პირადად ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლიმპიური ჩემპიონის სეხნია ლაშა გუჯეჯიანს და მის გუნდს! ჩვენმა ძიუდოისტებმა ერთ ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად მოიგეს სამი მედალი და ეს სწორედ რომ მწვრთნელის და მისი თანაშემწეების სწორ მუშაობაზე მეტყველებს. ამიტომაც ჩემგან, როგორც ქართული ძიუდოს რიგითი გულშემატკივრისგან, დიდი მადლობა თითოეულ მათგანს!

შოთა ჩოჩიშვილი!

შოთა ხაბარელი!

დავით ხახალეიშვილი!

ზურაბ ზვიადაური!

ირაკლი ცირეკიძე!

ლაშა შავდათუაშვილი!

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონების ჩამონათვალი დღეს, 2021 წლის 28 ივლისს, ლაშა ბექაურით გაგრძელდა.

მისი ოქრო მეშვიდეა ჩვენი ძიუდოისტებისთვის და ამ მხრივ ისინი მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ჩამორჩებიან.

მაგრამ გუჯეჯიანის ბიჭებს ტოკიო 2020ზე გამოსვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და ეგებ მოჭიდავეებს ამ თამაშებზევე დაეწიონ. ან, სულო ცოდვილო, იქნებ გადაასწრონ კიდეც. რას სჯობს ასეთ კონკურენციას, როცა მეგობრებს მხოლოდ ოქროს მედლებში ეჯიბრები? არც არაფერი!

ხვალ და ზეგ ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ორი ლიდერი გავა ბუდოკანის ტატამზე – 29 ივლისს გუნდის კაპიტანი, რიო დე ჟანეიროს თამაშების ვიცე-ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, 30ში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ევროპის მეორე თამაშების ტრიუმფატორი გურამ თუშიშვილი.

ვარლამი და გურამი მედლების კი არა, ოქროს პრეტენდენტები არიან. ასე რომ, რატომაც არა?!

მაგრამ დღეს მხოლოდ ლაშაზე! რადგან რამდენიმე საათის წინ მან ძალიან, ძალიან გაგვახარა!

პოლონელი პიოტრ კუჩერა, ისრაელის გუნდის წევრი ლი კოხმანი, უზბეკი დავლატ ბობონოვი, მიხაილ იგოლნიკოვი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტიდან და ბოლოს – გერმანელი ედუარდ ტრიპელი.

ბიჭმა, ვინც სულ რაღაც ორი დღის წინ 21 წლის გახდა, დღეს ამ ხუთ მოწინააღმდეგეს სძლია. პირველ სამს სუფთად, ბოლო ორს – ვაზა არით. ხუთივე შეხვედრაში ლაშა იყო ძალიან თავდაჯერებული და მეტოქეებს არაფერი დაუთმო. თუმცა რა დაუთმო? შანსი არ მისცა!

მაგრამ ეს ნიუანსებია და მოდით ამ ამბებს დროებით თავი დავანებოთ. ოლიმპიური ჩემპიონის ასპარეზობის დეტალურად განხილვის დროც მოვა, ახლა, ამ გემრიელ წუთებში კი მხოლოდ გავიხაროთ. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა გვითხრა დიდი ხნით ადრე – მომენტით დავტკბეთ!

ეს ტრიუმფი კიდევ იცით რით იყო მნიშვნელოვანი? მასპინძლების ოთხდღიანი ბატონობა დასრულდა და ჩვენი ქვეყნის სიმბოლოების – ხუთჯვრიანი დროშის აღმართვის და ჰიმნის, თავისუფლების აჟღერების დრო დადგა. და ეს, არ დავმალავ, დიდებული გრძნობა და სანახაობა იყო!

ოლიმპიური წელიწადი ლაშამ იანვარში, დოჰას მასტერსით დაიწყო. იქ მეოთხედფინალში დამარცხდა ზემოხსენებულ იგოლნიკოვთან. და მას შემდეგ ქართველი ბეჭდაუდებელია:

თებერვალში ერთი ამოსუნთქვით გაიმარჯვა თელ ავივის გრან სლემზე – ლაშამ ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

აპრილში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ლისაბონში, სადაც გადამწყვეტი პაექრობა მთავარ კონკურენტს, მასავით ძლიერ ბექა ღვინიაშვილს მოუგო.

და დღეს გასამდა: ყველა სპორტსმენის კარიერის გვირგვინი – ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული!

ზედიზედ 3 ოქროს მედალი!

ზედიზედ მოგებული 17 ორთაბრძოლა!

ლაშას ამ წარმატებით საქართველო 34ე ქვეყანა გახდა, რომელმაც XXXII ოლიმპიადაზე თუნდაც ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

ხოლო დღევანდელ ტრიუმფს დამატებული ვაჟა მარგველაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლებით, ჩვენი ოლიმპიელები გუნდურ ჩათვლაში მე19 ადგილს იყოფენ რუმინეთთან!

და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან უბრალოდ წარმოიდგინეთ: ტოკიოს ოლიმპიადაზე 205(!!!) ქვეყნის გუნდი ასპარეზობს, 205! და საქართველო ამ ჩამონათვალში მეცხრამეტეა!

გუშინ, ტატო გრიგალაშვილის დასანანი წაგების შემდეგ, მეგობარს ბექაურის შანსებზე ვესაუბრე. ლაშას წლევანდელი ასპარეზობის გამო იმედიანად კი ვიყავი, მაგრამ მაინც ვშიშობდი: ვაითუ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ იყოს, ამის გამო პრობლემები არ შეექმნას-მეთქი.

შეამჩნევდით, ლაშამ ყველა შეხვედრა გადახვეული მხრით იჭიდავა. საბედნიეროდ, ჩემი და კიდევ ბევრის შიში არ გამართლდა და ახლა 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონით ვხარობთ.

და ეს სიხარული, მე თუ მკითხავთ, ჩვენი ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის, ძიუდოს ნაკრების ექიმის გიო მგელაძის და მათი კოლეგების დამსახურებაცაა. ზუსტად ვიცი, რომ ისინი თითოეულ ჩვენ ოლიმპიელს ყოველ წამს თავს დასტრიალებენ და სასწაულებს ახდენენ. არ ვაჭარბებ: რამდენიმე ასეთი შემთხვევა მინახავს და ამიტომ ვამბობ.

ამ ჩანახატის დასაწყისში, დღევანდელი ტრიუმფის გამო ყველას მადლობა რომ გადავუხადე, ზურაბი, გიორგი და მათი გუნდი სპეციალურად გამოვტოვე, მინდოდა წერილი მათდამი მადლიერების სიტყვებით დამესრულებინა.

ზოგადად, თანამედროვე სპორტში ექიმებს უდიდესი როლი ენიჭებათ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მათ არავინ ახსენებს. ეს შეცდომა მგონია და ამიტომაც, ჩემი დღიურის დღევანდელ ნაწილს ასე დავასრულებ:

მადლობა ნახევარფინალის შემდეგ აცრემლებულ ზურაბ კახაბრიშვილს!

მადლობა გიორგი მგელაძეს!

მადლობა მათ კოლეგებს!

ლაშა ბექაურთან ერთად დღეს ისინიც ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ!

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 28 ივლისი
ველოსპორტი
ვაჟები, ინდივიდუალური რბოლა დროზე (44,2კმ)
1.პრიმოჟ როგლიჩი (სლოვენია) – 55:04.19წთ
2.ტომ დუმილინი (ნიდერლანდები) – 56:05.58წთ
3.როენ დენისი (ავსტრალია) – 56:08.09წთ
გოგონები, ინდივიდუალური რბოლა დროზე (22,1კმ)
1.ანემიეკ ვან ვლოტენი (ნიდერლანდები) – 30:13.49წთ
2.მარლენ როსერი (შვეიცარია) – 31:09.96წთ
3.ანა ვან დერ ბრეგენი (ნიდერლანდები) – 31:15.12წთ

კალათბურთი
ვაჟები, 3X3
1.ლატვია (აგნის ჩავარსი, ედგარს კრუმინში, კარლის ლასმანისი, ნაურის მიეზისი)
2.როკ (ილია კარპენკოვი, კირილ პისკლოვი, სტანისლავ შაროვი, ალექსანდრ ზუევი)
3.სერბეთი (დუშან დომოვიჩ ბულუტი, დეიან მაისტოროვიჩი, ალექსანდარ რატკოვი, მიჰაილო ვასიჩი)
გოგონები, 3X3
1.აშშ (სტეფანი დოლსონი, ელაიშა გრეი, კელსი პლამი, ჯეკი იანგი)
2.როკ (ევგენია ფროლკინა, ოლგა ფროლკინა, იულია კოზიკი, ანასტასია ლოგუნოვა)
3.ჩინეთი (ვან ჟიუანი, ვან ლილი, იუან შუიუ, ჟან ჟიტინი)

ნიჩბოსნობა
ვაჟები, ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.უგო ბუშერონი, მატიო ანდროდიასი (საფრანგეთი) – 6:00.33წთ
2.მელვინ ტველაარი, სტეფ ბროენინკი (ნიდერლანდები) – 6:00.53წთ
3.ლიუ ჟიუი, ჟან ლიანი (ჩინეთი) – 6:03.63წთ
ვაჟები, ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.დირკ უიტენბოგაარდი, აბე ვიერსმა, ტონე ვიეტენი, კოენ მეტსემაკერსი (ნიდერლანდები) – 5:32.03წთ
2.ჰარი ლისკი, ანგუს გროომი, ტომ ბარასი, ჯეკ ბომონი (დიდი ბრიტანეთი) – 5:33.75წთ
3.ჯეკ კლერი, ქელებ ანტილი, კემერონ გირდლსტოუნი, ლუკ ლეჩერი (ავსტრალია) – 5:33.97წთ
ვაჟები, ოთხადგილიანი
1.ალექსანდერ პარნელი, სპენსერ ტურინი, ჯეკ ჰარგრივსი, ალექსანდერ ჰილი (ავსტრალია) – 5:42.76წთ
2.მიხაილა ვასილე ტიგანესკუ, მუგურელ სემციუკი, შტეფან კონსტანტინ ბერარიუ, კოზმინ პასკარი (რუმინეთი) – 5:43.13წთ
3.მატეო კასტალდო, მარკო დი კოსტანცო, მატეო ლოდო, ჯუზეპე ვიჩინო (იტალია) – 5:43.60წთ
გოგონები, ორადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.ნიკოლეტა ანჩუტა-ბოდნარი, სიმონა რადისი (რუმინეთი) – 6:41.03წთ
2.ბრუკ დონოჰიუ, ჰანა ოსბორნი (ახალი ზელანდია) – 6:44.82წთ
3.როოს დე იონგი, ლიზა შეენაარდი (ნიდერლანდები) – 6:45.73წთ
გოგონები, ოთხადგილიანი, წყვილმოსასმელიანი
1.შენ იუნშია, ჟან ლინი, ლუ იანი, სუი შიაოტონი (ჩინეთი) – 6:05.13წთ
2.აგნეშკა კობუსი, მარტა ველიჩკო, მარია საიდაკი, კატარჟინა ცილმანი (პოლონეთი) – 6:11.36წთ
3.რია თომფსონი, როუენა მერედითი, ჰარიეტ ჰადსონი, კეიტლინ კრონინი (ავსტრალია) – 6:12.08წთ
გოგონები, ოთხადგილიანი
1.ლუსი სტეფანი, როზმარი პოპა, ჯესიკა მორისონი, ანაბელ მაკინტაირი (ავსტრალია) – 6:15.37წთ
2.ელენ ჰოგერვერფი, კაროლინ ფლორინი, იმკე კლევერინგი, ვერონიკ მეესტერი (ნიდერლანდები) – 6:15.71წთ
3.ეიფრიკ კოგი, ეიმერ ლამბე, ფიონა მურტეგი, ემილი ჰეგარტი (ირლანდია) – 6:20.46წთ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები, მრავალჭიდი
1.დაიკი ჰაშიმოტო (იაპონია) – 88.465 ქულა
2.შიაო რუოტენი (ჩინეთი) – 88.065
3.ნიკიტა ნაგორნი (როკ) – 88.031

ფარიკაობა
ვაჟები, ხმალი, გუნდური
1.სამხრეთი კორეა (ო სან-უკი, კიმ იუნ-ჰვანი, კიმ იუნ-ჰო, გუ ბონ-გილი)
2.იტალია (ლუკა კურატოლი, ლუიჯი სამელე, ენრიკო ბერე, ალდო მონტანო)
3.უნგრეთი (არონ შილადი, ანდრაშ შატმარი, ტამაშ დეში, შანად დემეში)

შვიდკაცა რაგბი
ვაჟები
1.ფიჯი (ნაპოლიონი ბოლაკა, ვილიმონი ბოტიტუ, მელი დერენალაგი, სირელი მაქალა, იოსეფო მასი, ვაისეა ნაკუქუ, კალიონე ნასოკო, სემი რადრადრა, ამინიასი ტუიმაბა, ასაელი ტუივუაკა, ჯერი ტუვაი, ჯოშუა ვაკურუნაბილი, ჯიუტა ვაინიქოლო)
2.ახალი ზელანდია (კურტ ბეიკერი, დილან კოლიე, სკოტ კარი, ენდრიუ ნიუსტაბი, ნგაროჰი მაკგერვი-ბლექი, ტიმ მიკელსონი, სიონე მოლია, ეტერე ნანაი-სეტურო, ტონე ნგ შიუ, ამანაკი ნიკოლე, უილიამ უორბრიკი, რეგან ვარე, ჯოი ვებერი)
3.არგენტინა (სანტიაგო ალვარესი, ლაუტარო ბაზანი, ლუსიო სინტი, ფელიპე დელ მესტრე, როდრიგო ეტჩარტი, ლუსიანო გონსალესი, როდრიგო ისგრო, სანტიაგო მარე, იგნასიო მენდი, მარკოს მონეტა, მატიას ოსადჩუკი, გასტონ რევოლი, ხერმან შულცი)

ცურვა
ვაჟები, ბატერფლაი, 200მ
1.კრისტოფ მილაკი (უნგრეთი) – 1:51.25წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ტომორუ ჰონდა (იაპონია) – 1:53.73წთ
3.ფედერიკო ბურდისო (იტალია) – 1:54.45წთ
ვაჟები, თავისუფალი, 4X200
1.დიდი ბრიტანეთი (თომას დინი, ჯეიმს გაი, მეთიუ რიჩარდსი, დანკან სკოტი) – 6:58.58წთ
2.როკ (მარტინ მალიუტინი, ივან გირევი, ევგენი რილოვი, მიხაილ დოვგალიუკი) – 7:01.81წთ
3.ავსტრალია (ალექსანდერ გრემი, კაილ ჩელმერსი, ზაკ ინსერტი, თომას ნილი) – 7:01.84წთ
გოგონები, თავისუფალი, 200მ
1.არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია) – 1:53.50წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.სიობენ ჰოგი (ჰონგ კონგი) – 1:53.92წთ
3.პენი ოლეკსიაკი (კანადა) – 1:54.70წთ
გოგონები, თავისუფალი, 1 500მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 15:37.34წთ
2.ერიკა სალივანი (აშშ) – 15:41.41წთ
3.სარა კოლერი (კანადა) – 15:42.91წთ
გოგონები, კომპლექსური, 200მ
1.იუი ოაში (იაპონია) – 2:08.52წთ
2.ალექს უოლში (აშშ) – 2:08.65წთ
3.კეიტ დუგლასი (აშშ) – 2:09.04წთ

ცხენოსნობა
წვრთნა
1.ჯესიკა ფონ ბრედოუ-ვერნდლი (გერმანია) – 91.732 ქულა
2.იზაბელ ვერთი (გერმანია) – 89.657
3.შარლოტ დუჟარდინი (დიდი ბრიტანეთი) – 88.543

ძალოსნობა
ვაჟები, 73კგ
1.ლი ფაბინი (ჩინეთი) – 364კგ (მსოფლიო რეკორდი) (166, ორ+198, ორ)
2.ხულიო მაიორა (ვენესუელა) – 346კგ (156+190)
3.რაჰმატ ერვინ აბდულა (ინდონეზია) – 342კგ (152+190)

ძიუდო
ვაჟები, 90კგ
1.ლაშა ბექაური (საქართველო)
2.ედუარდ ტრიპელი (გერმანია)
3.დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი) და კრიშტიან ტოტი (უნგრეთი)
*-ლაშა ბექაური
1/16 – პიოტრ კუჩერა (პოლონეთი – მოგება
1/8 – ლი კოხმანი (ისრაელი) – მოგება
1/4 – დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი) – მოგება
1/2 – მიხაილ იგოლნიკოვი (როკ) – მოგება
ფინალი – ედუარდ ტრიპელი (გერმანია) – მოგება
გოგონები, 70კგ
1.ჩიზურუ არაი (იაპონია)
2.მიხაელა პოლერესი (ავსტრია)
3.მადინა ტაიმაზოვა (როკ) და სანე ვან დიკე (ნიდერლანდები)

წყალში ხტომა
ვაჟები, ტრამპლინი (3მ), სინქრონული
1.შიე სიუი, ვან ჟონუანი (ჩინეთი) – 467.82 ქულა
2.ენდრიუ კაპობიანკო, მაიკლ ჰიქსონი (აშშ) – 444.36
3.პატრიკ ჰოსდინგი, ლარს რუდიგერი (გერმანია) – 404.73

 

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian