ტოკიო 2020: 29 ივლისი

ვარლამ ლიპარტელიანის გამოსვლამ, ალბათ, თქვენც ძალიან დაგწყვიტათ გული და ამიტომ, მოდით სხვა სახეობები მიმოვიხილოთ, ისინი, სადაც ქართველი ოლიმპიელები არ, ან უკვე აღარ ასპარეზობენ.
ჩოგბურთით დავიწყებ, ვაჟთა პირადი პირველობით, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ, ალექსანდრ ზვერევთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.

ზვერევი ნახევარფინალშია და ტოკიოს ოქროს მხოლოდ ორი გამარჯვება აშორებს, მაგრამ ფინალამდე ურთულესი გამოცდა უნდა ჩააბაროს – კორტის მეორე ბოლოში ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგება, წლევანდელი სეზონის უპირობო ლიდერი.

სერბმა სუპერვარსკვლავმა დღეს შანსი არ დაუტოვა მასპინძელთა იმედს კეი ნიშიკორის – 6:2, 6:0. ჯოკოვიჩმა მანამდეც უპრობლემოდ სძლია მეტოქეებს, სეტი ხომ არავის დაუთმო და ყველაზე მეტი, ოთხი გეიმი, მხოლოდ გერმანელმა იან-ლენარდ შტრუფმა აართვა. მაგრამ ეს 6:0 მაინც ნამეტანი იყო!

92.7%! იცით ეს რას ნიშნავს? წელს ჩატარებული მატჩებიდან ამდენი მოიგო ჯოკოვიჩმა. ეს მაჩვენებელი რიცხვებსა და ციფრებში ასეთია: 38 მოგება და 3 მარცხი!

და ეს 38 გამარჯვება ოთხ ტიტულსაც იტევს, თან რა თასებს: დიდი სლემის აქამდე გამართულ სამივე ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გარო, უიმბლდონი, ასევე ბელგრადის ღია ჩემპიონატს!

ასეთი მომქანცველი სეზონის შემდეგ ბევრი უარს იტყოდა ოლიმპიურ თამაშებზე, მით უმეტეს, რომ ჩოგბურთელთათვის ოლიმპიადა სულაც არაა მთავარი სპორტული შეჯიბრება, მაგრამ ჯოკოვიჩმა განზე გადგომა არ ისურვა და აგერ, ნახევარფინალშიც გავიდა.

დღეს კი ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ თუ მოხდა და ნოვაკმა ტოკიოს ოლიმპიადის ოქრო მოიგო, ის კიდევ უფრო მიუახლოვდება ვაჟ ჩოგბურთელთა არნახულ ამბავს, რაც ერთ წელიწადში მოგებულ ოთხივე სლემს და ოლიმპიურ ოქროს გულისხმობს.

ამ მშვენიერი თამაშის ისტორიაში ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, ოღონდ გოგონათა შორის: 1988 წელს შტეფი გრაფმა ავსტრალიის ღია პირველობას, როლან გაროს, უიმბლდონს და ამერიკის ღია ჩემპიონატს სეულის ოლიმპიადის ოქროც დაურთო!

წელს სერბი ისეთ ფორმაშია, სრულიად შესაძლებელია ოცნება აისრულოს. მისი მთავარი კონკურენტები – რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი საუკეთესო ფორმაში ნაღდად არ არიან, ახალგაზრდებიდან კი ნოლესთან ტოლ-სწორად გაჯიბრებას ჯერ ვერავინ ახერხებს.

მოკლედ, ტოკიოში ჯოკოვიჩი ოქროს მთავარი პრეტენდენტია და თუ ზვერევის წინააღმდეგობა დაძლია (რაც რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა) ფინალში აშკარა ფავორიტი იქნება. ბადის მეორე ნაწილში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ხვდება.

ვაჟთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ტოკიოში შერეულ წყვილებშიც ასპარეზობს ნინა სტოიანოვიჩთან ერთად და მათი დუეტი მეოთხედფინალში გერმანელების – ლაურა ზიგმუნდის და კევინ კრავეცის წყვილს ხვდება. სერბების ოქროს ნურც აქ გამოვრიცხავთ.

29 ივლისის ოლიმპიური ამბებიდან კიდევ რამდენიმეს გამოვარჩევ და ქალი მესტენდურებით დავიწყებ, რომლებმაც დღეს სანგარში (ასე ეწოდება დისციპლინას) გაითამაშეს მედლები.

სლოვაკმა ზუზანა რეჰაკ-შტეფეცეკოვამ მესამე ცდით მაინც მოიგო ოლიმპიური ოქრო, თან ოლიმპიური რეკორდით! 2008 წელს პეკინში და 2012 წელს ლონდონში ის ვერცხლს დასჯერდა. რიოს ოლიმპიადაზე მას ერთი ტყვიაც არ გაუსვრია – ვაჟი შეეძინა, თუმცა მალე განაახლა სპორტული კარიერა და დღეს ოქროც ჩაიბარა.

მეორე ადგილი ამერიკელმა კაილი ბრაუნინგმა დაიკავა, მაგრამ ვეჭვობ რომ ეს გვარ-სახელი ბევრს არაფერს გეტყვით. ისევე როგორც მესამე პრიზიორი ალესანდრა პერილი. მაგრამ ამ უკანასკნელზე აუცილებლად დავწერ – 33 წლის სპორტსმენი სულ სხვა ამბებით ცნობილ პატარა იტალიურ ქალაქ რიმინიში დაიბადა, მაგრამ ტოკიოში სან მარინოს გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა და ამ ჯუჯა ქვეყანას ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა!

2021 წლის 29 ივლისის შემდეგ სან მარინო ყველაზე პატარა ქვეყანაა (მხოლოდ 34 ათასი მოქალაქე), რომლის წარმომადგენელმა ოლიმპიური მედალი მოიგო! ვფიქრობ, ღირდა ამის აღნიშვნა.

უკვე მესამე ოლიმპიადის დღიურებს ვწერ და ისე მოხდა, რომ გუნდურ სახეობებს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობ. ჩემი ბრალი არ არის, ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ისეთი ამბები ხდება, გუნდურისთვის ადგილი აღარ მრჩება, მაგრამ დღეს ამ შეცდომას მცირედით გამოვასწორებ:

ფიჯის შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რიო დე ჟანეიროში მოგებული ოქრო ტოკიოშიც შეინარჩუნა და ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია! სხვათა შორის, ფიჯელებს ოლიმპიადებზე სხვა მედალი არც მოუგიათ.

შვიდკაცა რაგბის ვაჟთა ფინალი ძალიან საინტერესო გამოდგა: ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი, მეორე მხარეს კი მსოფლიო სერიის გამარჯვებული ახალი ზელანდია. ისევე როგორც რიო 2016ის მეოთხედფინალში, ახლაც ფიჯელებმა გაიმარჯვეს – 27:12 და კვლავ ოქროს მედლებით ბრუნდებიან სამშობლოში.

შესაძლოა არ იცოდეთ და ამიტომ დავწერ: ფიჯის ეროვნულმა ბანკმა, ხუთი წლის წინანდელი ტრიუმფის აღსანიშნავად, შვიდ დოლარიანი ბანკნოტი დასტამბა, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი, ცოტას წავიტრაბახებ – დღეს ჩემს კოლექციაშიც ინახება. რა სახით დააფასებენ მორაგბეთა მეორე ტრიუმფს ფიჯიზე, ჯერ არ ვიცი.

ახლა კი ცხენოსნობაზე, რომლის შესახებ ოლიმპიურ დღიურებში, მგონი, არასდროს დამიწერია.

სპორტის ამ სახეობაში უკვე მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა: ინდივიდუალურ და გუნდურ წვრთნაში. ორივე ოქრო 35 წლის გერმანელმა ჯესიკა ფონ ბრედოუ-ვერნდლმა მოიგო, ვისთვისაც ეს პირველი ოლიმპიადაა.

მე კი მის უფროს თანამემამულესა და თანაგუნდელზე, 53 წლის იზაბელ ვერთზე გეტყვით: ეს გამოცდილი ფრაუ გუნდურში ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ პირად პირველობაში უმცროს კოლეგას ჩამორჩა.

და ამ ოქრო-ვერცხლით ქალბატონმა ვერთმა რამდენიმე საინტერესო რეკორდი დაამყარა:

გახდა პირველი, რომელმაც ერთსა და იმავე დისციპლინაში – გუნდური წვრთნა – ექვსი ოლიმპიადა მოიგო!

ბარსელონის 1992 წლის თამაშებიდან დაწყებული იზაბელ ვერთი ყოველთვის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დგას! ათენის და ლონდონის თამაშები რომ არ გაეცდინა, ეს საოცარი რეკორდი, ეგებ, უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო.

მეორე რეკორდი კი ასეთია: გუშინ, წვრთნაში მოპოვებული ვერცხლით ვერთი გახდა პირველი, რომელმაც ერთსა და იმავე ინდივიდუალურ დისციპლინაში ექვს ოლიმპიადაზე მოიგო მედალი!

1996 წელს, ატლანტაში ჩემპიონობის გარდა, იზაბელ ვერთი ყველა სხვა ოლიმპიადაზე – ბარსელონა 1992, სიდნეი 2000, პეკინი 2008, რიო დე ჟანეირო 2016, ტოკიო 2020 – მეორე ადგილზე გავიდა.

დღეს მას 12 ოლიმპიური ჯილდო აქვს – 7 ოქრო, 5 ვერცხლი – და ყველაზე ტიტულიანი გერმანელი ოლიმპიელია კანოისტ ბირჯიტ ფიშერის მხარდამხარ.

ერთიც იზაბელ ვერთზე და ეგაა: 2009 წელს ქალბატონი ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ დოპინგზე ჩავარდა… მისი ცხენი, სახელად უისფერი (ჩურჩული)! ასეთებიც ხდება!

დღევანდელ ჩანახატს 30 ივლისის ქართული ამბებით დავასრულებ.

ტოკიო 2020ის ოქროს მედალს ძიუდოისტთა ნაკრების უკანასკნელი წევრი, გურამ თუშიშვილი (+100კგ) შეუტევს. ის მერვედფინალიდან იწყებს, მისი მეტოქე კი ტაჯიკი ტემურ რახიმოვის და კუბელი ენდი გრანდას პაექრობაში გამოვლინდება.

წონის ფავორიტს, ლეგენდარულ ტედი რინერს 1/16ფინალში ვიხილავთ – გოლიათი ფრანგი ავსტრიელ სტეფან ჰეგის დაეჭიდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ისრაელის გუნდის წევრს ორ სასონს.

თუშიშვილი და რინერი ბადის ზედა ნახევარში არიან, თუმცა მათი გზები ნახევარფინალამდე არ იკვეთება.

ხვალვე დაასრულებს საკვალიფიკაციო ეტაპს ნინო სალუქვაძე. პირველი ნაწილის შემდეგ (სამი სროლა), მას 291 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. თუ აღებული ტემპი შეინარჩუნა, ფინალში გადავა. შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლისთვის რვა საუკეთესო მსროლელი იბრძოლებს.

ხვალვე ვიხილავთ მოკრივე ესკერხან მადიევს. ახალგაზრდა სპორტსმენის მოწინააღმდეგე 34 წლის ანდრეი ზამკოვოია (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი). გამარჯვების შემთხვევაში მადიევი ნახევარფინალში გავა, რაც კრივის წესებით, მინიმუმ ბრინჯაოს უდრის.

მოკლედ, 30 ივლისიც ბევრ საინტერესოს გვიქადის და დიდი იმედი მაქვს, რომ ის დღევანდელზე კარგად დასრულდება.

დროებით!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 29 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 29 ივლისი
კაიაკი და კანოე
გოგონები, კანოე, სლალომი
1.ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია) – 105.04წმ
2.მელორი ფრანკლინი (დიდი ბრიტანეთი) – 108.68წმ
3.ანდრეა ჰერცოგი (გერმანია) – 111.13წმ

მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები
1.ჩენ მენი (ჩინეთი)
2.სუნ იუინგშა (ჩინეთი)
3.მიმა იტო (იაპონია)

ნიჩბოსნობა
ვაჟები, ორადგილიანი
1.მარტინ სინკოვიჩი, ვალენტ სინკოვიჩი (ხორვატია) – 6:15.29წთ
2.მარიუს კოზმიუცი, კიპრიან ტუდოსა (რუმინეთი) – 6:16.58წთ
3.ფრედერიკ ვაისტაველი, იოახიმ სატონი (დანია) – 6:19.88წთ
ვაჟები, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.ფინტენ მაკართი, პოლ ო’დონოვანი (ირლანდია) – 6:06.43წთ
2.ჯონათან რომელმანი, ჯეისონ ოსბორნი (გერმანია) – 6:07.29წთ
3.სტეფანო ოპო, პიეტრო რუტა (იტალია) – 6:14.30წთ
გოგონები, ორადგილიანი
1.გრეის პრენდერგასტი, კერი გოულერი (ახალი ზელანდია) – 6:50.19წთ
2.ვასილისა სტეპანოვა, ელენა ორიაბინსკაია (როკ) – 6:51.45წთ
3.კეილი ფილმერი, ჰილარი იანსენსი (კანადა) – 6:52.10წთ
გოგონები, ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.ვალენტინა როდინი, ფედერიკა ჩეზარინი (იტალია) – 6:47.54წთ
2.ლაურა ტარანტოლა, კლერ ბოვე (საფრანგეთი) – 6:47.68წთ
3.მარიეკე კაისერი, ილზე პაულისი (ნიდერლანდები) – 6:48.03წთ

სპორტული ტანვარჯიში
გოგონები, მრავალჭიდი
1.სანისა ლი (აშშ) – 57.433 ქულა
2.რებეკა ანდრადე (ბრაზილია) – 57.298
3.ანგელინა მელნიკოვა (როკ) – 57.199

ტყვიის სროლა
ვაჟები, სანგარი
1.ირი ლიპტაკი (ჩეხეთი) – 43 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.დავიდ კოსტელეცკი (ჩეხეთი) – 43 (ოლიმპიური რეკორდი)
3.მეთიუ ქოუარდ-ჰოლი (დიდი ბრიტანეთი) – 33
*-ჩემპიონი დამატებით სროლებით გამოვლინდა. ლიპტაკმა კოსტელეცკის 7:6 აჯობა
გოგონები, სანგარი
1.ზუზანა რეჰაკ-შტეფეცეკოვა (სლოვაკეთი) – 43 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.კაილი ბრაუნინგი (აშშ) – 42
3.ალესანდრა პერილი (სან მარინო) – 29

ფარიკაობა
გოგონები, რაპირა, გუნდური
1.როკ (ინა დერიგლაზოვა, ადელინა ზაგიდულინა, ლარისა კორობეინიკოვა, მარტა მარტიანოვა)
2.საფრანგეთი (ანიტა ბლაზე, ასტრიდ გუარი, პაულინ რანვიე, უსაორა თიბუ)
3.იტალია (ერიკა სიპრესა, არიანა ერიგო, მარტინა ბატინი, ალისე ვოლპი)

ცურვა
ვაჟები, თავისუფალი, 100მ
1.ქელებ დრესელი (აშშ) – 47.02წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.კაილ ჩელმერსი (ავსტრალია) – 47.08წთ
3.კლიმენტ კოლესნიკოვი (როკ) – 47.44წთ
ვაჟები, თავისუფალი, 800მ
1.რობერტ ფინკე (აშშ) – 7:41.87წთ
2.გრეგორიო პალტრინიერი (იტალია) – 7:42.11წთ
3.მიხაილო რომანჩუკი (უკრაინა) – 7:42.33წთ
ვაჟები, ბრასი, 200მ
1.ზაკ სტაბლეტი-კუკი (ავსტრალია) – 2:06.38წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.არნო კამინგა (ნიდერლანდები) – 2:07.01წთ
3.მატი მატსონი (ფინეთი) – 2:07.13წთ
გოგონები, ბატერფლაი, 200მ
1.ჟან იუფეი (ჩინეთი) – 2:03.86წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რეგენ სმითი (აშშ) – 2:05.30წთ
3.ჰელი ფლიკინგერი (აშშ) – 2:05.65წთ
გოგონები, თავისუფალი, 4X200
1.ჩინეთი
(იუან ჟუნშუანი, ტან მუანი, ჟან იუფეი, ლი ბინჟიე) – 7:40.33წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.აშშ (ელისონ შმიტი, პეიჯი მედენი, კეტი მაკლაფლინი, კეტი ლედეკი) – 7:40.73წთ
3.ავსტრალია (არიარნე ტიტმუსი, ემა მაკკეონი, მედისონ უილსონი, ლეა ნილი) – 7:41.29წთ

ძიუდო
ვაჟები, 100კგ
1.აარონ ვოლფი (იაპონია)
2.ჩო გუ-ამი (სამხრეთი კორეა)
3.ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია) და ნიაზ ილიასოვი (როკ)
*-ვარლამ ლიპარტელიანი
1/8 – რამადან დარვიში (ეგვიპტე) – მოგება
1/4 – შეიდი ელ ნაჰასი (კანადა) – მოგება
1/2 – აარონ ვოლფი (იაპონია) – მარცხი
III ადგილისთვის – ნიაზ ილიასოვი (როკ) – მარცხი
გოგონები, 78კგ
1.შორი ჰამადა (იაპონია)
2.მადელინ მალონგა (საფრანგეთი)
3.ანა-მარია ვაგნერი (გერმანია) და მაირა აგუიარი (ბრაზილია)

 

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian