ტოკიო 2020: 30 ივლისი
ხანდახან ვფიქრობ, რომ ფინალში გასვლას და მეორე ადგილს ნახევარფინალში წაგება და ბრინჯაოს მედალი სჯობს.
მძიმეწონოსან ძიუდოისტთა გადამწყვეტი ორთაბრძოლის მიწურულს შებოჭილ გურამ თუშიშვილს რომ ვუყურებდი, ნერვები დამაწყდა! ოლიმპიური ოქრო ხელის გაწვდენაზე იყო, თითქოს ჩვენი ფავორიტი უკეთესად ჭიდაობდა, გოლიათი ჩეხიც დაღლილი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერცხლი და არა ნანატრი ოქრო.
თავში ნახსენები სურვილი კი გულდაწყვეტილი ქომაგის ემოციური ფიქრია და სხვა არაფერი, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ცხადია ფინალში გასვლა უკვე გამარჯვებაა და ვერცხლის მედალიც უდიდესი წარმატებაა. ბრინჯაო მას ვერ შეედრება.
ამიტომაც ვულოცავ გურამს! მან ყველაზე კარგად იცის რა სჯობდა, მაგრამ იყოს რაც არის. ოქროს დრო კი მისთვის, დიდი იმედი მაქვს, მომდევნო ოლიმპიადაზე დადგება, 2024 წელს, პარიზში.
გუშინ, ყველაზე მძიმე წონითი კატეგორიის ფავორიტებს რომ ვთვლიდი, გურამის გარდა ლეგენდარული ტედი რინერი და სწორედ ლუკაშ კრპალეკი გამოვარჩიე. ამ წონაში კიდევ იყო ორი-სამი ძალიან ძლიერი ძიუდოისტი, მათ შორის 30 ივლისის მთავარი სენსაციის ავტორი, თუშიშვილისგან ძლეული ტამერლან ბაშაევი და ნიდერლანდელი ჰენკ ხროლი, მაგრამ მათ საჩემპიონო შანსებს, ზემოხსენებულ სამთან შედარებით, დიდს ნაღდად ვერ ვუწოდებდი. რაც შეეხება იაპონელთა ლიდერ ჰისაიოში ჰარასავას, მას ოქროს კანდიდატთა შორის მეხუთე-მეექვსე პოზიციაზე მოვიაზრებდი. თუნდაც იმიტომ, რომ თანაგუნდელებისგან განსხვავებით ის ნაღდად არ იყო წონის გამოკვეთილი ლიდერი.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კვარცხლბეკზე ჩემი სამივე ფავორიტი ავიდა, პლუს ბაშაევი. ოღონდ ძალიან მოულოდნელი თანმიმდევრობით – პეკინი 2008ის შემდეგ ტედი რინერმა პირველად დაასრულა ოლიმპიადა მესამე ადგილზე, მასთან ერთად მიიღო ბრინჯაო ბაშაევმა, თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა, ოქრო კი ინტელიგენტ მხეცად წოდებულ ლუკაშ კრპალეკს ერგო.
ჩეხის ჩემპიონობა ძალიან დიდი მოულოდნელობაა. რინერის მარცხის შემდეგაც კი სხვა მიმაჩნდა მთავარ ფავორიტად. თუმცა ერთია პროგნოზი და მეორე – რეალობა.
გურამმა ტაჯიკი ტემურ რახიმოვით დაიწყო. ოქმში კი წერია, რომ ქართველმა სუფთა გდებით გაიმარჯვა, მაგრამ ვინც ორთაბრძოლა ნახა, დამეთანხმებით ალბათ – თუშიშვილმა ბეწვის ხიდზე გაიარა.
შემდეგ ბრაზილიელი რაფაელ სილვას დრო დადგა. სამხრეთამერიკელის პასიური ასპარეზობა და ლოგიკური შედეგი – სამი შიდო. გურამმა ძალების დაზოგვით აჯობა მეტოქეს.
მესამე მეტოქე ტამერლან ბაშაევი გამოდგა. სწორედ რომ გამოდგა, რადგან ასპარეზობის წინ ამ ეტაპზე ტედი რინერს ვხედავდი. ფრანგმა კი იმდენი მოახერხა, რომ ბაშაევთან დამარცხდა. ბოლო ორი ოლიმპიადის ჩემპიონს, მსოფლიო პირველობის ათგზის ტრიუმფატორს და კიდევ არაერთი პრესტიჟული შეჯიბრების გამარჯვებულს, უბრალოდ ძალიან დიდ ძიუდოისტს რომ დაამარცხებ, თუნდაც მისივე შეცდომით, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მგონი, რუსმა დღეს კარიერის ერთ-ერთი მთავარი გამარჯვება იზეიმა, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა. ერთი სიტყვით ნახევარფინალში ის გავიდა, რინერმა კი რეპეშაჟში გადაინაცვლა.
გურამის წინააღმდეგ ბაშაევი უფრო აქტიური იყო, პირველად მან დააგდო მეტოქე, მაგრამ ჩამორჩენის შემდეგ სულ სხვა თუშიშვილი ვნახე, რომელმაც იპონით გაიმარჯვა.
როგორ მეგონა, რომ ის ცეცხლი, რაც გურამის თვალებში დავინახე ბაშაევთან გამარჯვების შემდეგ, მას ფინალშიც ეყოფოდა. არ გამოვიდა და ამის გამო ძალიან მწყდება გული.
კრპალეკი კი დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ყველა დროის უდიდესთა შორის არაერთ სახელგანთქმულ ძიუდოკაზე ამაღლდა – მეორედ გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული, თან სხვა წონაში, ასეთი რამ კი ერთეულთა ხვედრია. არ დაგვავიწყდეს რომ ვაჟთა შორის ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია – ტადაჰირო ნომურა, და თვით ორგზის ოქროსმედალოსანმა რინერმა ვერ მოახერხა იაპონელთან დატოლება.
აპლოდისმენტები კრპალეკს კიდევ იმიტომ, რომ რიო დე ჟანეიროში 100კგ წონაში მოგებული ოქროს შემდეგ ყველაზე მძიმე ძიუდოისტთა შორის აინაცვლა და იქაც ყველა ტიტული მოიგო – 2018 წელს ევროპის ჩემპიონატი, ორი წლის წინ, ამავე დარბაზში მსოფლიოს პირველობა და ახლა ოლიმპიადაც! ხოლო ის, რომ ჩეხი ქვედა წონაშიც სამივე ტიტულს ფლობდა, მას, როგორც ათლეტს, უფრო მეტ სიდიადეს ჰმატებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კი ტოკიოში უბრალოდ გამაოცა: ოთხ ფინალს ნაღდად არ ველოდი. მედლების იმედი როგორ არ მქონდა, ცხადია ოქროსაც ვვარაუდობდი, მაგრამ ოთხი ფინალი?
მადლობა მთელ გუნდს ამისთვის! და გუნდში მხოლოდ მწვრთნელებს და სპორტსმენებს არ ვგულისხმობ, ძიუდოს ფედერაციის მესვეურებსაც ვთვლი, რომელთა შრომა და მონდომება ოთხწლეულის მთავარ შეჯიბრებაზე საუკეთესოდ დაფასდა. ეს ბიჭები ამ სიხარულს ნაღდად იმსახურებდნენ, რადგან წლებია პირნათლად აკეთებენ საქმეს. შედეგები ხომ ყველაფერზე ჩინებულად მეტყველებს.
ოთხი ოლიმპიური მედალი ჩვენი ძიუდოისტების ოლიმპიური რეკორდი რომაა, ეს უკვე ყველამ იცის. არათუ ოთხი, ერთ თამაშებზე სამი მედალიც სანატრელი იყო. ახლა კი ოქრო და სამი ვერცხლი. დიდებულია!
ორ საინტერესო ამბავზეც დავწერ: ტოკიო 2020ის შემდეგ ქართველი ძიუდოისტების აქტივში 23 ოლიმპიური ჯილდოა: 7 ოქრო, 7 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. მედლების საერთო რაოდენობით, ასევე ჩემპიონებით და ბრინჯაოს პრიზიორებით, ძიუდოისტები მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ჩამორჩებიან. აი ვერცხლის მედალოსნებით კი უკვე პირველ ადგილზე არიან – მოჭიდავეებს ერთით გაასწრეს.
ეს ერთი ამბავი და მეორე კი ასეთია: საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ერთ თამაშებზე პირველად მოიგო სამი ვერცხლი! ქართული სპორტის ისტორიაში კი ბოლოს ასეთი რამ 41 წლის წინ, მოსკოვში მოხდა, როცა ლეგენდარულმა მძლეოსანმა ვიქტორ სანეევმა, ძიუდოკა თემურ ხუბულურმა, შუბის მტყორცნელმა საიდა გუნბამ და ხელბურთელმა ალექსანდრე ანპილოგოვმა დაიკავეს მეორე ადგილი.
ახლა ტოკიო 2020ის სხვა ქართულ ამბებზეც. 30 ივლისს ყველაზე ადრე ნინო სალუქვაძემ იასპარეზა, ამჯერად სპორტული პისტოლეტით 25 მეტრზე სროლაში. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი მეშვიდე ადგილზე გახლდათ, მაგრამ დღეს შედარებით ცუდად იასპარეზა და საბოლოოდ 578 ქულით 25ე ადგილი დაიკავა. ფინალში, ცხადია, ვერ მოხვდა.
ოლიმპიადა დასრულდა ესკერხან მადიევისთვისაც, რომელსაც მეოთხედფინალში აჯობა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონმა ანდრეი ზამკოვოიმ – 5:0.
ბოლოს ორიოდ სიტყვით იმ სახეობებზეც, სადაც ჩვენები არ ასპარეზობენ. ასეთი ბევრია და რა დიდი გულთმისნობა უნდა, რომ სხვა არენებზეც უამრავი საინტერესო რამ მოხდა.
მაგალითად ჩოგბურთელ ვაჟთა ნახევარფინალიც გამოდგება, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა – 1:6, 6:3, 6:1.
პირველი სეტი სერბმა სუპერვარსკვლავმა იოლად მოიგო, მაგრამ შემდეგ ზვერევი გარდაისახა – გერმანელი გაცილებით უკეთ ათამაშდა, გადამწყვეტ სეტში კი ჯოკოვიჩი საკუთარ თავს არ ჰგავდა. როგორც ჩანს, მომქანცველმა სეზონმა თავი იჩინა.
ვაჟთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ამ წაგებით შტეფი გრაფის უნიკალური მიღწევის გამეორების შანსი დაკარგა. ლეგენდარულმა გერმანელმა 1988 წელს დიდი სლემის ოთხივე ტურნირი მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონობაც იზეიმა, სეულში. ჯოკოვიჩი ტოკიოში ავსტრალიის ღია პირველობის, როლან გაროს და უიმბლდონის ტრიუმფატორის რანგში ჩავიდა, ნახევარფინალამდეც დამაჯერებლად მივიდა, მაგრამ…
მშვილდოსან გოგონათა პირადი პირველობა კორეელი სან ანის გამარჯვებით დასრულდა. 20 წლის სპორტსმენმა დაძაბულ ფინალში 6:5 დაამარცხა რუსი ელენა ოსიპოვა და ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა:
პირველია, რომელმაც ტოკიო 2020ზე სამი ოქრო მოიგო!
და უფრო მნიშვნელოვანი – პირველი კორეელია, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა!
ამ თამაშებზე მან პირველად შერეულ წყვილთა შორის გაიხარა. ეს დისციპლინა პირველადაა ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში და ის სანმა 17 წლის იე დოკ კიმთან ერთად მოიგო. რამდენიმე დღის შემდეგ გოგონების გუნდურში გაიმარჯვა, ახლა კი პირადშიც დაისაკუთრა ოქროს მედალი.
ერთი საინტერესო ფაქტიც: ქალ მშვილდოსანთა შეჯიბრება 1972 წლიდანაა ოლიმპიადაზე და მას შემდეგ ერთადერთმა ევროპელმა მოიგო ოქროს მედალი. და იცით ვინ არის ის იღბლიანი? ქეთევან ლოსაბერიძე, მოსკოვი 1980ის ტრიუმფატორი! მას შემდეგ ამ დისციპლინაში გათამაშებული ათი ოქროს მედლიდან ცხრა კორეელებს დარჩათ…
31 ივლისს ჩვენი გუნდიდან მხოლოდ ორი ათლეტი იასპარეზებს და ტოკიო 2020ის სხვა საინტერესო ამბებიც ხვალ იყოს.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 30 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მედალოსნები: 30 ივლისი
ბადმინტონი
შერეული წყვილი
1.ჩინეთი (იუილიუ ვანი, დონპინ უანი)
2.ჩინეთი (სივეი ჟენი, იუაკიონ უანი)
3.იაპონია (იუტა ვატანაბე, არისა ჰიგაშინო)
ბატუტზე ხტომა
გოგონები
1.შუეინ ჟუ (ჩინეთი) – 56.635 ქულა
2.ლინლინ ლიუ (ჩინეთი) – 56.350
3.ბრაიონი პეიჯი (დიდი ბრიტანეთი) – 55.735
ველოსპორტი
ვაჟები, BMX
1.ნიკ კიმენი (ნიდერლანდები) – 39.053წმ
2.კაი უაითი (დიდი ბრიტანეთი) – 39.167წმ
3.კარლოს რამირესი (კოლუმბია) – 40.572წმ
გოგონები, BMX
1.ბეთ შრაივერი (დიდი ბრიტანეთი) – 44.353წმ
2.მარიანა პახონი (კოლუმბია) – 44.448წმ
3.მერელ სმულდერსი (ნიდერლანდები) – 44.721წმ
კაიაკი და კანოე
ვაჟები, კაიაკი, სლალომი
1.ირი პრსკავეცი (ჩეხეთი) – 91.63წმ
2.იაკუბ გრიგარი (სლოვაკეთი) – 94.85წმ
3.ჰანს აიგნერი (გერმანია) – 97.11წმ
მაგიდის ჩოგბურთი
ვაჟები
1.ლონ მა (ჩინეთი)
2.ჟენდონ ფანი (ჩინეთი)
3.დიმიტრი ოვჩაროვი (გერმანია)
მშვილდოსნობა
გოგონები
1.სან ანი (სამხრეთი კორეა)
2.ელენა ოსიპოვა (როკ)
3.ლუსილა ბოარი (იტალია)
მძლეოსნობა
ვაჟები, 10 000მ
1.სელემონ ბარეგა (ეთიოპია) – 27:43.22წთ
2.ჯოშუა ჩეპტეგი (უგანდა) – 27:43.63წთ
3.ჯეიკობ კიპლიმო (უგანდა) – 27:43.88წთ
ნიჩბოსნობა
ვაჟები, წყვილმოსასმელიანი
1.სტეფანოს ნტუსკოსი (საბერძნეთი) – 6:40.45წთ
2.კიეტილ ბორხი (ნორვეგია) – 6:41.66წთ
3.დამირ მარტინი (ხორვატია) – 6:42.58წთ
ვაჟები, რვაადგილიანი
1.ტომ მაკინტოში, ჰემიშ ბონდი, ტომ მიურეი, მაიკლ ბრეიკი, დენ უილიამსონი, ფილიპ უილსონი, შონ კირკჰემი, მეტ მაკდონალდი, სემ ბოსუორსი (ახალი ზელანდია) – 5:24.64წთ
2.იოჰანეს ვაისენფელდი, ლორიც ფოლერტი, ოლაფ როგენსეკი, ტორბენ იოჰანესენი, იაკობ შნაიდერი, მალტე იაკშიკი, რიხარდ შმიდტი, ჰანს ოციკი, მარტინ ზაუერი (გერმანია) – 5:25.60წთ
3.ჯოშ ბუგაისკი, იაკობ დოუსონი, თომას ჯორჯი, მოი სბიჰი, ჩარლზ ელუესი, ოლივერ უაინ-გრიფიტი, ჯეიმს რუდკინი, თომას ფორდი, ჰენრი ფილდმანი (დიდი ბრიტანეთი) – 5:25.73წთ
გოგონები, წყვილმოსასმელიანი
1.ემა ტვიგი (ახალი ზელანდია) – 7:13.97წთ
2.ანა პრაკაცენი (როკ) – 7:17.39წთ
3.მაგდალენა ლობნიგი (ავსტრია) – 7:19.72წთ
გოგონები, რვაადგილიანი
1.სიუზენ გრეინგერი, კასია გრუჩალა-ვესიერსკი, მედისონ მეილი, სიდნი პეინი, ანდრეა პროსკე, ლიზა რომენი, ქრისტინ როპერი, ეველონ ვესტენეისი, კრისტენ კიტი (კანადა) – 5:59.13წთ
2.ელა გრინსლეიდი, ემა დაიკი, ლუსი სპოორსი, კელსი ბივენი, გრეის პრენდერგასტი, კერი გოულერი, ბეთ როსი, ჯეკი გოულერი, ქელებ შეპერდი (ახალი ზელანდია) – 6:00.04წთ
3.ლინლინ გუო, რუი ჟუ, ჟინჟინ ლი, ტიან მიაო, ზიფენ ვანი, იუვეი ვანი, ფეი შუ, მინ ჟანი, დეშან ჟანი (ჩინეთი) – 6:01.21წთ
ტყვიის სროლა
გოგონები, სპორტული პისტოლეტი, 25მ
1.ვიტალინა ბაცარაშკინა (როკ) – 38 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.მინ-ჟუნ კიმი (სამხრეთი კორეა) – 38 (ოლიმპიური რეკორდი)
3.ჟიარუიშუან შიაო (ჩინეთი) – 29
*-ჩემპიონი დამატებით სროლებით გამოვლინდა. ბაცარაშკინამ კიმს 10:8 აჯობა
*-ნინო სალუქვაძე – 578
25ე ადგილი საკვალიფიკაციოში. ფინალში ვერ მოხვდა
ფარიკაობა
ვაჟები, დაშნა, გუნდური
1.იაპონია (კოკი კანო, კაზუასუ მინობე, მასარუ იამადა, სატორუ უიამა)
2.როკ (სერგეი ბიდა, სერგეი ხოდოსი, პაველ სუხოვი, ნიკიტა გლაზკოვი)
3.სამხრეთი კორეა (სან-იან პარკი, სე-გეონ მა, იაე-ჰო სონი, იან-ჟუნ კვეონი)
ჩოგბურთი
ვაჟები, წყვილები
1.ნიკოლა მეკტიჩი, მატე პავიჩი (ხორვატია)
2.მარინ ჩილიჩი, ივან დოდიგი (ხორვატია)
3.მარკუს დანიელი, მაიკლ ვენუსი (ახალი ზელანდია)
ცურვა
ვაჟები, გულაღმა, 200მ
1.ევგენი რილოვი (როკ) – 1:53.27წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რაიან მერფი (აშშ) – 1:54.15წთ
3.ლუკ გრინბენკი (დიდი ბრიტანეთი) – 1:54.72წთ
ვაჟები, კომპლექსური, 200მ
1.ვან შუნი (ჩინეთი) – 1:55.00წთ
2.დანკან სკოტი (დიდი ბრიტანეთი) – 1:55.28წთ
3.ჯერემი დესპლანშე (შვეიცარია) – 1:56.17წთ
გოგონები, თავისუფალი, 100მ
1.ემა მაკკეონი (ავსტრალია) – 51.96წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.სიობენ ჰოგი (ჰონგ კონგი) – 52.27წმ
3.კეიტ კემპბელი (ავსტრალია) – 52.52წმ
გოგონები, ბრასი, 200მ
1.ტატიანა შოენმეიკერი (სამხრეთი აფრიკა) – 2:18.95წთ
2.ლილი კინგი (აშშ) – 2:19.92წთ
3.ენი ლეზორი (აშშ) – 2:20.84წთ
ძიუდო
ვაჟები, +100კგ
1.ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
2.გურამ თუშიშვილი (საქართველო)
3.ტედი რინერი (საფრანგეთი) და ტამერლან ბაშაევი (როკ)
*-გურამ თუშიშვილი
1/8 – ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) – მოგება
1/4 – რაფაელ სილვა (ბრაზილია) – მოგება
1/2 – ტამერლან ბაშიროვი (როკ) – მოგება
ფინალი – ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) – მარცხი
გოგონები, +78კგ
1.აკირა სონე (იაპონია)
2.იალის ორტისი (კუბა)
3.ირინა კინძერსკა (აზერბაიჯანი) და რომეინ დიკო (საფრანგეთი)
*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი