ტოკიო 2020: 4 აგვისტო

ლაშა ტალახაძე ტოკიო 2020ის გამარჯვებულია!
ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
ლაშა ტალახაძე საქართველოს სახელით პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში მესამე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია!
გავაგრძელო?
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერესი ათლეტია: XXXII ოლიმპიადის ოქრო სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო!
223 კილოგრამი ატაცში!
265 კილოგრამი აკვრაში!!
488 კილოგრამი ორჭიდში!!!

ქართული ძალოსნობის მეხუთე ოლიმპიური ოქრო!

ქართული სპორტის 41ე ოლიმპიური ოქრო!

ვულოცავ ლაშას!

ვულოცავ ეროვნული გუნდის თავკაცს, თავადაც ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანძეს!

ვულოცავ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილის!

ვულოცავ ძალოსანთა ნაკრების ყველა წევრს და მწვრთნელს და ზოგადად, ჩვენი სპორტის ქომაგებს!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მშვენიერი დევიზიც – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე – კიდევ ერთხელ გამართლდა: ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ბრინჯაო!

ეს ერთი ციცქნა საქართველო ტოკიო 2020ის მონაწილე 205 ქვეყანას შორის 4 აგვისტოსთვის 23ე ადგილზეა!

მოდი და ამის მერე მშვიდად დაწერე.

ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი და დღევანდელი ჩანახატის დანარჩენი ნაწილი, მძლეოსნობის ძალიან საინტერესო ამბებს რომ ეთმობა, ძალოსანთა შეჯიბრების დაწყებამდე მოვითავე.

ახლა ლაშას ასპარეზობის განხილვის დრო ნაღდად არაა. მხოლოდ გავიხაროთ და ამ საოცარი ბიჭის გამარჯვებით დავტკბეთ.

ლაშა ძალოსნობის და, არ შემეშინდება ამის თქმის – მსოფლიო სპორტის მოვლენაა!

თუმცა ამაზე ხვალ და მომდევნო წერილებში, როცა ეს ემოცია შედარებით განელდება.

4 აგვისტოს კი ტოკიოში სხვაც ბევრი საინტერესო მოხდა და იმ ამბების უყურადღებოდ დატოვება არ ივარგებს. ბოლო დღეების მსგავსად, მძლეოსნობით დავიწყებ, სადაც ყოველ დღე ახალი რეკორდები ფიქსირდება.

დღეს დილით გოგონებმა გაითამაშეს მედლები 400 მეტრზე თარჯრბენში და როგორც გუშინ, ვაჟთა ასპარეზობა, ეს გარბენიც მსოფლიო რეკორდით დაგვირგვინდა: 21 წლის ამერიკელმა სიდნეი მაკლაფლინმა დისტანცია 51.46 წამში დაფარა, რაც ისტორიაში საუკეთესო დროა! ახალგაზრდა სპრინტერმა ივნისში დამყარებულ საკუთარ რეკორდს 44 მეასედი ჩამოაკლო!

„ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ! ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ოლიმპიური ჩემპიონობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“! – განაცხადა მაკლაფლინმა. ივნისში, ამერიკის ოლიმპიურ სტარტებზე, სიდნეი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, 52 წამიდან რომ გამოვიდა – 51.90 წამი!

აქამდე მისი მთავარი მიღწევა 2019 წელს, დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული 4X100ზე ესტაფეტა იყო, დღეს კი უდიდესი გამარჯვებაც იზეიმა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ დისციპლინის ფინალური გარბენი საოცარი გამოდგა, რადგან მეორე ადგილზე გასული დალილა მუჰამადის შედეგიც მაკლაფლინის წინა მსოფლიო რეკორდზე უკეთესია – 51.58!

31 წლის მუჰამადი 400 მეტრზე თარჯრბენში რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს ბოლო პირველობის ოქროს მედალოსანი გახლავთ. საკვალიფიკაციო და ნახევარფინალურ სტარტებზეც ჩინებული იყო და ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ხუთი წლის წინანდელ გამარჯვებას გაიმეორებდა, მაგრამ ფინალში, უკანასკნელ 50 მეტრზე ძალა აღარ ეყო და მაკლაფლინმაც სწორედ მაშინ გადაასწრო.

და რადგან რიო 2016 ვახსენე, ერთ საინტერესო ფაქტსაც გეტყვით: დღევანდელი გარბენის მეოთხეადგილოსანი, იამაიკელი ჟენიევ რასელი თავის 53.08 წამით ბრაზილიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა! ხუთი წლის წინ მუჰამადმა 53.13 წამით მოიგო ოქრო.

მართალია გოგონების 200 მეტრზე სპრინტში მსოფლიო რეკორდი ვერ ვიხილეთ, სამაგიეროდ არნახული ამბავი მოხდა: იამაიკელმა ელეინ თომპსონ-ჰერამ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიგო ოქრო და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ – 100 და 200 მეტრზე სპრინტში მიჯრით ორ თამაშებზე გაიმარჯვა!

ტოკიოში 100 მეტრზე მან ოლიმპიური რეკორდით მოიგო ოქრო – 10.61 წამი, 200 მეტრზე კი მხოლოდ იამაიკის რეკორდი გააუმჯობესა – 21.53 წამი. თუმცა მთავარი, როგორც გითხარით, ოქროს ოლიმპიური დუბლია.

აწ გარდაცვლილი ფლორენს გრიფიტ-ჯოინერის მსოფლიო რეკორდამდე – 21.34 წამი – თომპსონ-ჰერას 19 მეასედი დააკლდა! ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა ეს საოცარი მიღწევა 1988 წელს, სეულის ოლიმპიადის ფინალში დააფიქსირა. ის ოლიმპიადა ჩემი პირველი თამაშებია, რომელიც ასე თუ ისე მახსოვს. ოღონდ მაშინ მძლეოსან გოგონათა რეკორდებს, არ გაგიკვირდებათ და, დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევდი. გრიფიტ-ჯოინერის შესახებაც წლების შემდეგ შევიტყვე…

200 მეტრზე სპრინტი იამაიკელი ფენომენის საოცარი გარბენის გარდა კიდევ ერთი ფაქტის გამოა აღსანიშნავი: მეორე ადგილზე გასულმა ნამიბიელმა ქრისტინ მბომამ 20წლამდელ მძლეოსან გოგონათა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 21.81 წამი!

უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მბომა პირველი ნამიბიელი გოგონაა, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიგო. და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ აფრიკულ ქვეყანას აქამდე ერთადერთი მედალოსანი ჰყავდა, ისიც ვაჟი – სპრინტერმა ფრენკი ფრედერიკსმა ბარსელონასა (1992) და ატლანტაში (1996) ზედიზედ ოთხი ვერცხლი მოიგო, 100 და 200 მეტრზე სპრინტში…

მბომა მხოლოდ 18 წლისაა და ოლიმპიურ ჩემპიონს სულ რაღაც 21 მეასედით ჩამორჩა. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს უდიდესი მონაცემების მქონე მორბენალთან. სხვა საქმეა როგორ მოინდომებს და რამდენად მოახერხებს შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

ცალკე უნდა ითქვას ტოკიო 2020ის კიდევ ერთ დიდ ჩემპიონზე: პოლონელმა ანიტა ვლოდარჩუკმა 78.48 მეტრზე გაისროლა ურო და ზედიზედ მესამე ოლიმპიადა მოიგო!

ამით მან დაუმარცხებელი ასპარეზობა განაგრძო: ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული 35 წლის ქალბატონს ჯერ ერთი ტურნირიც არ წაუგია და სამი ოლიმპიადის გარდა ამდენჯერვე მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ევროპირველობა კი ოთხჯერ!

ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე მოგებული კონკრეტული დისციპლინა უდიდესი იშვიათობაა და გამონაკლისი არც ვლოდარჩუკის მიღწევაა: პირველი ქალია, რომელმაც უროს მტყორცნელთა შეჯიბრება ზედიზედ სამ თამაშებზე მოიგო! ხოლო თუ ვაჟებსაც გავითვალისწინებთ, ოლიმპიურ არქივში უნდა ჩავიხედოთ – ასეთი რამ მხოლოდ ამერიკელმა ჯონ ფლენეგენმა მოახერხა… 1900, 1904 და 1908 წლებში.

ერთიც ქალბატონ ანიტაზე და მძლეოსნობის სხვა დისციპლინაზე გადავალ: მძლეოსნების, რობერტ კორზენიოვკის და ირენა შევინსკას შემდეგ ვლოდარჩუკი პოლონეთის სპორტის ისტორიაში მესამე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია!

ლეგენდარული ოლიმპიონიკი 8 აგვისტოს 36 წლის ხდება. დიდი ალბათობით, ტოკიო 2020 ანიტა ვოლდარჩუკის უკანასკნელი ოლიმპიადაა, აი შვედმა ჭოკით მხტომელმა არმან დუპლანტისმა კი პირველად იასპარეზა უდიდეს სპორტულ ფორუმზე და დებიუტი ოქროს მედლით დააგვირგვინა!

6.02 მეტრი – ასეთია მისი შედეგი. 21 წლის შვედი ბიჭი ერთადერთი გახლდათ, ვინც ექვს მეტრზე გადებულ ბარიერს გადაევლო. და როცა ოქროს მედალი გაინაღდა, უკანასკნელი ცდა საკუთარი მსოფლიო რეკორდის გასაუმჯობესებლად დაიტოვა. ეგაა მხოლოდ, რომ 6.19 მეტრი ვეღარ დაძლია.

ოლიმპიური რეკორდიც – 6.03 – ბრაზილიელ ტიაგუ ბრაზს დარჩა, რომელიც მან ხუთი წლის წინ, რიო დე ჟანეიროში, მოულოდნელად მოგებულ ფინალში დაამყარა. ბრაზი ამჯერად მესამე ადგილზე გავიდა (5.87მ), ვერცხლი კი ამერიკელ ქრისტოფერ ნისლენს ერგო – 5.97მ.

დასანანად წაგებული მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით – დოჰაში დუპლანტისმა ოქრო მხოლოდ ზედმეტი ცდის გამო დაკარგა – ფენომენალური მონაცემების მქონე შვედმა ზედიზედ მეშვიდე დიდ შეჯიბრებაზე გაიმარჯვა. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოს ტრიუმფატორმა 21 წლის ასაკში ოლიმპიური ოქროს, ევროპის ჩემპიონატის, ჭერქვეშა მსოფლიო და ევროპირველობების და ბრილიანტის ლიგის მოგება მოასწრო! ქრისტინ მბომასი არ იყოს, არმან დუპლანტისიც მძლეოსნობის მომავალია.

საინტერესო ასპარეზობების და მსოფლიო-ოლიმპიური რეკორდების იმედად, ხვალამდე!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 4 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები, 470
1.მეთიუ ბელჩერი, უილიამ რაიანი (ავსტრალია)
2.ანტონ დალბერგი, ფრედრიკ ბერგსტრიომი (შვედეთი)
3.ხორდი ხამარი, ნიკოლას როდრიგესი (ესპანეთი)
გოგონები, 470
1.ჰანა მილსი, ეილიდ მაკინტაირი (დიდი ბრიტანეთი)
2.აგნეშკა შკრზიპულეცი, იოლანტა ოგარი (პოლონეთი)
3.კამილ ლეკონტრე, ელოიზ რეტორნაზი (საფრანგეთი)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ვაჟები, 67კგ
1.მოჰამად რეზა გერაეი (ირანი)
2.ფარვიზ ნასიბოვი (უკრაინა)
3.ფრენკ შტაბლერი (გერმანია) და მოჰამედ იბრაჰიმ ელ საიდი (ეგვიპტე)
*-რამაზ ზოიძე
1/8 – ისმაელ ბორერო (კუბა) – 3:2
1/4 – აკერ ალ ობაიდი (ლტოლვილთა გუნდი) – 10:0
1/2 – მოჰამედ რეზა გერაეი (ირანი) – 1:6
III ადგილისთვის – ფრანკ შტაბლერი (გერმანია) – 4:5
ვაჟები, 87კგ
1.ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
2.ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
3.დენის კუდლა (გერმანია) და ზურაბ დათუნაშვილი (სერბეთი)
*-ლაშა გობაძე
1/8 – რუსტამ ასაკალოვი (უზბეკეთი) – 5:6

ველოსპორტი
ვაჟები, გუნდური, გამოდევნებით
1.იტალია (სიმონე კონსონი, ფილიპო განა, ფრანჩესკო ლამონი, ჯონათან მილანი) – 3:42.032წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.დანია (ლასე ნორმან ჰანსენი, ნიკლას ლარსენი, ფრედერიკ როდენბერგი, რასმუს პედერსენი) – 3:42.198წთ
3.ავსტრალია (კელენ ო’ბრაიენი, სემ უელსფორდი, ლეი ჰოვარდი, ლუკ პლეპი) – ტექნიკური გამარჯვება

თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები, 62კგ
1.იუკაკო კავაი (იაპონია)
2.აისულუ ტინიბეკოვა (ყირგიზეთი)
3.ირინა კოლიადენკო (უკრაინა) და ტაიბე იუსეინი (ბულგარეთი)

კრივი
ვაჟები, 81კგ
1.არლენ ლოპესი (კუბა)
2.ბენჯამინ უაითეკერი (დიდი ბრიტანეთი)
3.იმამ ხატაევი (როკ) და ლორენ ალფონსო (აზერბაიჯანი)

მძლეოსნობა
ვაჟები, 200მ
1.ანდრე დე გრასი (კანადა) – 19.62წმ
2.კენეთ ბედნარეკი (აშშ) – 19.68წმ
3.ნოა ლაილსი (აშშ) – 19.74წმ
ვაჟები, 800მ
1.ემანუელ კორირი (კენია) – 1:45.06წთ
2.ფერგიუსონ როტიჩი (კენია) – 1:45.23წთ
3.პატრიკ დობეკი (პოლონეთი) – 1:45.39წთ
ვაჟები, უროს ტყორცნა
1.ვოიცეხ ნოვიცკი (პოლონეთი) – 82.52მ
2.ეივინდ ჰენდრიკსენი (ნორვეგია) – 81.58მ
3.პაველ ფაიდეკი (პოლონეთი) – 81.53მ
გოგონები, 400მ თარჯრბენი
1.სიდნი მაკლაფლინი (აშშ) – 51.46წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.დალილა მუჰამადი (აშშ) – 51.58წმ
3.ფემკე ბოლი (ნიდერლანდები) – 52.03წმ
გოგონები, 3000მ სტიპლჩეიზი
1.პერუთ ჩემუტაი (უგანდა) – 9:01.45წთ
2.კორტნი ფრერიქსი (აშშ) – 9:04.79წთ
3.ჰუივინ კიენგი (კენია) – 9:05.39წთ

მხატვრული ცურვა
დუეტები
1.სვეტლანა კოლესნიჩენკო, სვეტლანა რომაშინა (რუსეთი) – 195.0079 ქულა
2.შუენშენ უანი, ვენიან სუნი (ჩინეთი) – 191.7832
3.მარტა ფიეძინა, ანასტასია სავჩუკი (უკრაინა) – 188.7953

სკეიტბორდინგი
გოგონები, პარკი
1.საკურა იოსოზუმი (იაპონია)
2.კოკონა ჰირაკი (იაპონია)
3.სკაი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი)

ცურვა
გოგონები, მარათონი, 10კმ
1.ანა მარსელა კუნია (ბრაზილია) – 1:59:30.8სთ
2.შერონ ვან როვენდაალი (ნიდერლანდები) – 1:59:31.7სთ
3.კარინა ლი (ავსტრალია) – 1:59:32.5სთ

ცხენოსნობა
კონკური
1.ბენ მაჰერი (დიდი ბრიტანეთი)
2.პედერ ფრედრიკსონი (შვედეთი)
3.მაიკელ ვან დერ ფლოტენი (ნიდერლანდები)

ძალოსნობა
ვაჟები, +109კგ
1.ლაშა ტალახაძე (საქართველო) – 488კგ (მსოფლიო რეკორდი) (223, მრ+265, მრ)
2.ალი დავუდი (ირანი) – 441კგ (200+241)
3.მან ასადი (სირია) – 424კგ (190+234)

*მრ – მსოფლიო რეკორდი
*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian