ტოკიო 2020: 5 აგვისტო

გენო პეტრიაშვილი ფინალშია!
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა კი ტოკიო 2020ზე მერვე მედალი გაინაღდა!
ამით ისტორია დაიწერა: მას შემდეგ რაც ჩვენი სპორტსმენები საქართველოს დროშით ასპარეზობენ უდიდეს სპორტულ ფორუმზე, ამდენი ჯილდო პირველად მოიგეს.
ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი, ბრინჯაო…
იმედია ხვალ გენოს ჩემპიონობითაც გავიხარებთ და მაშინ ამ დღიურებში არაერთხელ ნახსენები სეოკის დევიზიც სრულად გამართლდება.

ამდენი ოლიმპიური მედალი კი საქართველოს წარგზავნილებმა ბოლოს 1988 წელს მოიგეს, სეულში, როცა ჩვენი სპორტსმენები ჯერ კიდევ საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ.

ვერაფერს იტყვი: ტოკიო 2020 მშვენიერი გამოდგა!

გენომ ფინალამდე დამაჯერებლად იარა: თავისუფალი სტილის მძიმეწონოსან მოჭიდავეთა ტურნირი მერვედფინალში იოლი გამარჯვებით დაიწყო – ეგვიპტელი დიაელდინ ქამალი 11:0 დაამარცხა. შემდეგ ჩინელი ჟივეი დენის ჯერი დადგა – 5:2, ნახევარფინალში კი ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა, ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე. აზიელი ფალავანი ძალიან კი ეცადა გამარჯვებას, მაგრამ ჯანმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა – გორელი ჩემპიონი მეორე ნახევარში შეუდარებელი იყო და საბოლოოდ 6:3 მოიგო!

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი პირველად შეუტევს ოლიმპიურ მწვერვალს.

პირველად იმიტომ, რომ ხუთი წლის წინ, რიო დე ჟანეიროში, მან დასანანად წააგო ნახევარფინალი და სამშობლოში მხოლოდ ბრინჯაოთი დაბრუნდა. არადა ბრაზილიაში ოქროს ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო.

ხვალინდელ ფინალში გენო პეტრიაშვილის მეტოქე 21 წლის ამერიკელი გეიბლ სტივენსონი იქნება, წლევანდელი პანამერიკული თამაშების გამარჯვებულინ და ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ოქროსმედალოსანი.

რასაც ახლა დავწერ, მხოლოდ ჭიდაობის თავგადაკლულ ქომაგებს თუ ემახსოვრებათ, ისიც ცოტას: ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის მეორე ტიტული სტივენსონმა 2016 წელს… თბილისში მოიგო!

და ტაჰა აკგული? რიო 2016ის ტრიუმფატორი და ბოლო წლებში გენოს ნომერ პირველი მეტოქე მეოთხედფინალში დამარცხდა სწორედ ამ ამერიკელთან. და რადგან სტივენსონმა ფინალში გასვლა შეძლო, თურქმაც მედლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა მხოლოდ ბრინჯაოსი…

კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი დიდებულია, აი მე კი ლაშა ტალახაძის გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ ერთზე ვფიქრობ: არის თუ არა ის საქართველოს ყველა დროის უდიდესი სპორტსმენი?

ოლიმპიადის ორი ოქროს მედალი, მსოფლიოს ჩემპიონის ოთხი ტიტული და ევროპირველობაზე ხუთი ტრიუმფი ძალიან ბევრ ქვეყანაში იკმარებდა ისტორიაში საუკეთესოს წოდებისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენი სპორტი მდიდარია სახელოვანი ათლეტებით, რომლებმაც თავიანთი შედეგებით მსოფლიო სპორტის ისტორიაში შეაბიჯეს. ამიტომაც ვთვლი, რომ ლაშას ყველა დროის რჩეულად დასახელება, თუნდაც თერთმეტი(!!!) უმაღლესი დონის შეჯიბრების მოგებით, ჯერ ადრეა. მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ეს ყველაფერი დროის ამბავია.

სრულიად შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში ამ ფენომენალური ძალის ბიჭმა ქართული სპორტის არნახული მწვერვალი დაიპყროს. მთავარია ჯანზე იყოს და მინიმუმ პარიზის ოლიმპიადასაც ისეთ ფორმაში შეხვდეს, როგორც გუშინ იასპარეზა ტოკიოში.

2021 წლის 5 აგვისტოსთვის კი ლაშა ჩვენი სპორტის ისტორიაში ნომერ მეორე ათლეტია.

და ვინ არის პირველი? ადვილად მიხვდებით: ზედიზედ სამი ოლიმპიადის მომგები, ოთხი ოლიმპიური ჯილდოს მფლობელი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული სამმხტომელი ვიქტორ სანეევი.

ბატონი ვიქტორისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის კი უნდა ვთქვა, რომ მისი უპირატესობა დროის სვლასთან ერთად მცირდება – ლაშა ტალახაძე წლიდან წლამდე საოცარი გამარჯვებებით გვახარებს და სულ უფრო უახლოვდება მწვერვალს, სახელად ვიქტორ სანეევი.

ამის წინააღმდეგი კი, ვფიქრობ, არც ავსტრალიაში გადასული ეს ლეგენდარული მძლეოსანი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ის მასავით დიდებულმა უნდა შეცვალოს, ქართული სპორტის მეფის ტახტის ლაშაზე ღირსეული კანდიდატი კი დღეს არავინაა.

ხომ არ ვჩქარობ? იქნებ ჯერ მეორეობაც გადამეტებულია?

მაგალითად ლევან თედიაშვილი…

რომან რურუა…

თუნდაც ლერი ხაბელოვი…

ან ნინო სალუქვაძე?

ლეგენდები!

უდიდესი სპორტსმენები!

დიადი ჩემპიონები!

ყველასთან ბოდიში, მაგრამ გუშინდელი მსოფლიო რეკორდით და ოქროთი ლაშა, ვფიქრობ, მათზე წინ დადგა.

თავდაპირველად იმას ვიტყვი, თუ რატომ გამოვარჩიე ეს ოთხი ჩემპიონი.

ქართული სპორტის ისტორიაში ისინი ყველაზე ტიტულიანები არიან: ოლიმპიადაც მოუგიათ და მსოფლიო ჩემპიონატზეც არაერთხელ გაიხარეს. სხვა, ნაკლებად პრესტიჟულ, მაგრამ ბევრ შეჯიბრებაზე მოგებულ ოქროს მედლებს აღარ ჩამოვთვლი.

ამ ოთხეულის კარიერას უამრავი საოცარი გამარჯვება და რეკორდიც ამშვენებს. დაწვრილებით რომ არ მოვყვე, თითოეულ მათგანზე მხოლოდ გამორჩეული ფაქტებით შემოვიფარგლები.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი, გარდა იმისა, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, მხოლოდ მეორე ქართველი ფალავანია, ვინც ზედიზედ ოთხი მსოფლიო პირველობა მოიგო.

პირველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომან რურუა გახლდათ, მეხიკო 68ის ტრიუმფატორი, ვინც ევროპის ჩემპიონატებს მხოლოდ იმიტომ არ ჭიდაობდა, რომ 60იან წლებში ეს ტურნირი ნაკლებად პრესტიჟული იყო. მასზე საინტერესოდ საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა ითვლებოდა, რომელიც არკვევდა კიდეც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის რჩეული გუნდის ლიდერებს და იქ ბატონმა რომანმა ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა.

თედიაშვილი კიდევ იმიტომაა გამორჩეული, რომ პირველია, ვინც ექვსი უმაღლესი რანგის შეჯიბრება მიჯრით მოიგო – მსოფლიოს ტიტულებს მიუნხენის და მონრეალის ოლიმპიადებზე ჩემპიონობაც დაურთო.

ლერი ხაბელოვი? ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი, მსოფლიოს ჩემპიონის ოთხი ტიტული და სამი ევროპული ოქრო ნამდვილად იძლევა რჩეულთა შორის ყოფნის უფლებას. პლუს ამას, კიდევ ერთი მსოფლიო, თუნდაც სხვა ქვეყნის სახელით.

ნინო სალუქვაძეზე კი ახალი რა უნდა ვთქვა? ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი ოქრო (აქედან ხუთი გუნდურში), ზედიზედ ცხრა ოლიმპიადა… ოთხ ათეულ წელიწადზე გაშლილი საოცარი კარიერა!

ასეთი სპორტსმენების და ზღაპრული შედეგების მიუხედავად, ვთვლი, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და ევროჩემპიონატის ხუთგზის ოქროს მედალოსანი ლაშა ტალახაძე დღეს უკვე მათზე წინაა.

ეს ისეთი საკითხია, სპორტის ქომაგებს უფრო გვაინტერესებს, თორემ თავად ბატონ ლევანს, რომანს ან ლერის, გნებავთ ქალბატონ ნინოს, ვფიქრობ, ნაკლებად აღელვებთ გულშემატკივრების კამათი. მათ თავიანთი გზა დიდი ხნის წინ გაიარეს, განვლეს დიდებულად და თუ რამ მოსაგები იყო, ყველაფერი მოიგეს.

ახლა ახალგაზრდების დროა და რაც მეტი დიადი ჩემპიონი გვეყოლება, მით უკეთესი საქართველოსთვის. ბატონი ლერი და ქალბატონი ნინოც, დარწმუნებული ვარ, ლაშას გუშინდელი საოცარი ასპარეზობით ორმაგად გაიხარებდნენ – ისინი ხომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში დგანან…

ლაშა ტალახაძეზე სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, გუშინდელ ტრიუმფს მოყოლილ ამბებზე, რომლებიც წინა წერილში ვერ აღვნიშნე, მოკლედ დავწერ:

დიტო შანიძის და გიორგი ასანიძის შემდეგ ლაშა მესამე ძალოსანია, რომელმაც მეორე ოლიმპიური მედალი მოიგო! მეხიკოსა (68) და მიუნხენში (72) შანიძე ორჯერ დაეუფლა ვერცხლს, ასანიძე კი სიდნეიში (2000) მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 2004 წელს, ათენში, ჩემპიონობით გაგვახარა;

ქართველმა ძალოსნებმა ოლიმპიადაზე მეხუთე ოქროს მედალი მოიგეს და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს გაუთანაბრდნენ. ამ ორი სახეობის წარმომადგენლებზე წინ მხოლოდ თავისუფალი სტილის ფალავნები (8) და ძიუდოისტები (7) დგანან;

ჩვენმა ძალოსნებმა პირველად მოიგეს ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე ორი მედალი – რიოში ლაშა ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს კი ირაკლი თურმანიძეს ერგო;

და ბოლოს – საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა ლაშას ოქროთი და ანტონ პლესნოის ბრინჯაოთი ტოკიო 2020 მეორე ადგილზე დაასრულა, მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩა.

სხვა სახეობებზე დღეს ბოდიში. ოქროს იმედად, ხვალამდე!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 5 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 5 აგვისტო
ბალახის ჰოკეი
ვაჟები
1.ბელგია (4.ართურ ვან დორენი, 7.ჯონ-ჯონ დომენი, 8.ფლორენ ვან ობელი, 9.სებასტიენ დოკიე, 10.სედრიკ ჩარლიე, 12.გოტიე ბოკარი, 13.ნიკოლა დე კრეპელი, 14.აგუსტინ მორმენსი, 16.ალექსანდერ ჰენდრიქსი, 17.თომას ბრილსი, 19.ფელიქს დენეიე, 21.ვინსენ ვანაში, 22.საიმონ გუგნერი, 23.ართურ დე სლოვერი, 24.ანტუან კინა, 25.ლოიკ ლუპერი, 26.ვიქტორ ვეგნეზი, 27.ტომ ბოონი. მწვრთნელი: შეინ მაკლეოდი)
2.ავსტრალია (1.ლეხლენ შარპი, 2.ტომ კრეიგი, 5.ტომ უოქჰემი, 6.მეტ დოუსონი, 10.ჯოშუა ბელცი, 11.ედი ოკენდენი, 12.ჯეიკობ უეტონი, 13.ბლეიკ გოვერსი, 14.დილან მარტინი, 15.ჯოშუა საიმონდსი, 16.ტიმ ჰოვარდი, 17.არან ზალევსკი, 22.ფლინ ოგილვი, 23.დენიელ ბილი, 25.ტრენტ მიტონი, 29.ტიმ ბრენდი, 30.ენდრიუ ჩარტერი, 32.ჯერემი ჰეიუორდი. მწვრთნელი: კოლინ ბეჩი)
3.ინდოეთი (2.დილპრეტ სინგჰი, 3.რუპინდერ პალ სინგჰი, 6.სურენდერ კუმარი, 7.მანპრიტ სინგჰი, 8.ჰარდიკ სინგჰი, 9.გურჯატ სინგჰი, 10.სიმრანჯეტ სინგჰი, 11.მანდეეპ სინგჰი, 13.ჰარმანპრეეტ სინგჰი, 14.ლალიტ უპადუაი, 16.პ.რ.სრეჯეში, 17.სუმიტი, 18.ნილაკანტა შარმა, 21.შამშერ სინგჰი, 22.ვარუნ კუმარი, 26.ბირენდრა ლაკრა, 30.ამიტ როჰიდასი, 32.ვივეკ პრასადი. მწვრთნელი: გრემ რიდი)

ველოსპორტი
ვაჟები, ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.მეთიუ უოლსი (დიდი ბრიტანეთი) – 153 ქულა
2.კემპბელ სტიუარტი (ახალი ზელანდია) – 129
3.ელია ვივიანი (იტალია) – 124
გოგონები, კეირინი
1.შეინ ბრესპენინქსი (ნიდერლანდები)
2.ელის ენდრიუსი (ახალი ზელანდია)
3.ლორიენ ჯენესტი (კანადა)

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები, 57კგ
1.ზაურ უგუევი (როკ)
2.რავი კუმარ დაჰია (ინდოეთი)
3.ნურისლამ სანაიევი (ყაზახეთი) და თომას გილმენი (აშშ)
ვაჟები, 86კგ
1.დევიდ ტეილორი (აშშ)
2.ჰასან იაზდანი (ირანი)
3.არტურ ნაიფონოვი (როკ) და მაილს ამინე (სან მარინო)
გოგონები, 57კგ
1.რისაკო კავაი (იაპონია)
2.ირინა კურაჩკინა (ბელარუსი)
3.ჰელენ მარულისი (აშშ) და ეველინა ნიკოლოვა (ბულგარეთი)

კაიაკი და კანოე
ვაჟები, კაიაკი, 200მ
1.შანდორ ტოტკა (უნგრეთი) – 35.035წმ
2.მანფრედი რიცა (იტალია) – 35.080წმ
3.ლაიამ ჰითი (დიდი ბრიტანეთი) – 35.202წმ
ვაჟები, ორადგილიანი კაიაკი, 1000მ
1.ჟენ ვან დერ ვესტჰოიზენი, თომას გრინი (ავსტრალია) – 3:15.280წთ
2.მაქს ჰოფი, იაკობ შოპფი (გერმანია) – 3:15.584წთ
3.იოზეფ დოსტალი, რადეკ შლუფი (ჩეხეთი) – 3:16.106წთ
გოგონები, კანოე, 200მ
1.ნევინ ჰარისონი (აშშ) – 45.932წმ
2.ლოურენს ვინსენ-ლეპოინტი (კანადა) – 46.786წმ
3.ლუდმილა ლუზანი (უკრაინა) – 47.034წმ
გოგონები, კაიაკი, 500მ
1.ლიზა კერინგტონი (ახალი ზელანდია) – 1:51.216წთ
2.ტამარა შიპეში (უნგრეთი) – 1:51.855წთ
3.ემა იორგენსენი (დანია) – 1:52.733წთ

კარატე
ვაჟები, 67კგ
1.სტივენ და კოსტა (საფრანგეთი)
2.ერაი შამდანი (თურქეთი)
3.დარხან ასადილოვი (ყაზახეთი) და აბდელრაჰმან ალ მასატფა (იორდანია)
გოგონები, 55კგ
1.ივეტ გორანოვა (ბულგარეთი)
2.ანჟელიკა ტერლიუგა (უკრაინა)
3.ბეტინა პლანკი (ავსტრია) და ცუ-იუნ ვენი (ტაივანი)
გოგონები, კატა
1.სანდრა სანჩესი (ესპანეთი)
2.კიოუ შიმიცუ (იაპონია)
3.ვივიანა ბოტარო (იტალია) და გრეის ლაუ (ჰონგ კონგი)

კრივი
ვაჟები, 57კგ
1.ალბერტ ბატირგაზიევი (როკ)
2.დიუკ რეგენი (აშშ)
3.სემუელ ტაკი (განა) და ლაზარო ალვარესი (კუბა)

მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები, გუნდური
1.ჩინეთი (მენ შენი, მანუ ვანი, იუინგშა სუნი)
2.იაპონია (მიუ ჰირანო, კასუმი იშიკავა, მიმა იტო)
3.ჰონგ კონგი (ჰოი კიმ დოო, ჰო შინ ლი, ვაი იამ მინი სოო)

მძლეოსნობა
ვაჟები, 400მ
1.სტივენ გარდინერი (ბაჰამის კუნძულები) – 43.85წმ
2.ენტონი სამბრანო (კოლუმბია) – 44.08წმ
3.კირანი ჯეიმსი (გრენადა) – 44.19წმ
ვაჟები, 110მ თარჯრბენი
1.ჰანსლ პერჩმენტი (იამაიკა) – 13.04წმ
2.გრანტ ჰოლოუეი (დიდი ბრიტანეთი) – 13.09წმ
3.რონალდ ლევი (იამაიკა) – 13.10წმ
ვაჟები, სამხტომი
1.პედრუ პიშარდუ (პორტუგალია) – 17.98მ
2.იუამინ ჟუ (ჩინეთი) – 17.57მ
3.უგუე ფაბრისე ზანგო (ბურკინა ფასო) – 17.47მ
*-ლაშა ღულელაური
შედეგი ვერ დააფიქსირა. შეფასების გარეშე
ვაჟები, ბირთვის კვრა
1.რაიან კრაუზერი (აშშ) – 23.30მ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ჯოი კოვაჩი (აშშ) – 22.65მ
3.ტომ უოლში (ახალი ზელანდია) – 22.47მ
*-გიორგი მუჯარიძე
19.76მ – 27ე ადგილი. ფინალში ვერ მოხვდა
ვაჟები, სპორტული სიარული, 20კმ
1.მასიმო სტანო (იტალია) – 1:21:05სთ
2.კოკი იკედა (იაპონია) – 1:21:14სთ
3.ტოშიკაზუ იამანიში (იაპონია) – 1:21:28სთ
ვაჟები, ათჭიდი
1.დემიენ უორნერი (კანადა) – 9018 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.კევინ მეიერი (საფრანგეთი) – 8726
3.ეშლი მოლოუნი (ავსტრალია) – 8649
გოგონები, ჭოკით ხტომა
1.კეტი ნეგოტი (აშშ) – 4.90მ
2.ანჟელიკა სიდოროვა (როკ) – 4.85მ
3.ჰოლი ბრედშოუ (დიდი ბრიტანეთი) – 4.85მ
გოგონები, შვიდჭიდი
1.ნაფისატუ თიამი (ბელგია) – 6791 ქულა
2.ანუკ ვეტერი (ნიდერლანდები) – 6689
3.ემა ოოსტერვეგელი (ნიდერლანდები) – 6590

სკეიტბორდინგი
ვაჟები, პარკი
1.კიგენ პალმერი (ავსტრალია)
2.პედრუ ბარუში (ბრაზილია)
3.კორი ჟუნო (აშშ)

სპორტული მეკლდეურობა
ვაჟები, კომბინირებული
1.ალბერტო ხინეს ლოპესი (ესპანეთი)
2.ნათანიელ კოულმენი (აშშ)
3.იაკობ შუბერტი (ავსტრია)

ცურვა
ვაჟები, მარათონი, 10კმ
1.ფლორიან უელბრუკი (გერმანია) – 1:48:33.7სთ
2.კრისტოფ რაზოვსკი (უნგრეთი) – 1:48:59.0სთ
3.გრეგორიო პალტრინიერი (იტალია) – 1:49:01.1სთ

წყალში ხტომა
გოგონები, კოშკი, 10მ
1.ონშან კუანი (ჩინეთი) – 466.20 ქულა
2.იუში შენი (ჩინეთი) – 425.40
3.მელისა ვუ (ავსტრალია) – 371.40

*მრ – მსოფლიო რეკორდი
*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian