ტოკიო 2020: 6 აგვისტო

0.8!
რვა მეათედი წამი!
სპორტში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი დრამა? არასდროს!
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი ფინალის დასრულებამდე 0.8 წამით ადრე დაკარგა.
0.8 წამი!
თუ სპორტში რამეს ეთქმის ტრაგედია, ოლიმპიადის ასეთ დასასრულს.

ოლიმპიური ვერცხლი ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ გენო პეტრიაშვილზე და კონკრეტულად ამ ფინალზე ამას ვერ ვიტყვი.

მაგალითად იაკობ ქაჯაიამ დიახაც რომ მოიგო ვერცხლის მედალი. ფინალში მისი მეტოქე ყველა დროის უდიდესი ფალავანი იყო, საოცარ ფორმაში მყოფი კუბელი გოლიათი და ქართველი მასთან, დასამალი არაფერია, უშანსოდ გახლდათ. ამიტომ: ქაჯაიამ ოლიმპიადის ვერცხლი მოიგო და კიდევ ერთხელ გულით ვულოცავ.

აი გენომ კი ოლიმპიური ჩემპიონობა, ოლიმპიური ოქროს მედალი დაკარგა!

ის ვალდებული იყო მოეგო ეს ორთაბრძოლა! ის იყო ფინალის ფავორიტი და არა 21 წლის ამერიკელი!

პირველი ნახევარი არც მე მომეწონა. მაგრამ ვიცოდი რა პეტრიაშვილის შესაძლებლობები, მჯეროდა, რომ ოთხქულიან ჩამორჩენას აღმოფხვრიდა. ასეც მოხდა: მეორე ნახევარში დიდებულად იჭიდავა და მეტოქესთან სოლიდური ჩამორჩენა საფინალო სასტვენამდე ცამეტი წამით ადრე სამქულიან უპირატესობაში გადაზარდა.

აი მერე რა მოხდა, ამის დაჯერებაც მიჭირს და არც გახსენება მინდა: ამერიკელის უკანასკნელი თავდასხმები, შეცდომები დაცვაში და…

რამდენიმე წამით ადრე ქულამდე დასული უპირატესობა – 8:7, მსაჯის საფინალო სასტვენამდე 0.8 წამით ადრე კი საშინელება – დაკარგული ჩემპიონობა.

სპეციალურად გადავახვიე და დავაკვირდი: როცა გეიბლ სტევენსი გენოს ზურგსუკან მოექცა, ტაბლო 0.8 წამს აჩვენებდა. მსაჯმა რომ ამერიკელის სასარგებლოდ ხელი შემართა და ორი ქულა დააფიქსირა, უკვე 0.3 წამი იყო დარჩენილი.

8:9!

გიორგი იანტბელიძის მცდელობა კი, მსაჯების მონიტორთან დავმოყრა და ეპიზოდის სახელდახელო განხილვა რომ მოჰყვა, არაფრის მომტანი იყო და ეს მწვრთნელმაც მშვენივრად იცოდა.

საბოლოოდ 8:10 და ოქროს ნაცვლად ვერცხლი.

ორი ოლიმპიადა, ორი მედალი… ხუთი წლის წინ ბრინჯაო, დღეს…

ძალიან ბევრი სპორტსმენი ინატრებდა ასეთ შედეგს – ორ ოლიმპიურ ჯილდოს, მაგრამ გენო პეტრიაშვილი დიდი ჩემპიონია და მისთვის წარმატება მხოლოდ გამარჯვებაა, მხოლოდ ოქროს მედლებია. კვარცხლბეკის მეორე-მესამე საფეხური და სხვა სინჯის მედლები მისი დონის სპორტსმენისთვის ტიტულად ნაღდად ვერ ჩაითვლება. სხვა სიმაღლეზე დგას და ამიტომ. მისნაირ სპორტსმენებს სხვა საზომით უნდა მივუდგეთ.

წარმოდგენაც არ მინდა თუ რა ხდება გენოს თავსა და გულში ახლა, ამ წუთებში. გულშემატკივრები ხომ გავნადგურდით, მაგრამ თუ ვინმე განიცდის ამ ტრაგედიას, პირველ რიგში ის და ასეთ დროს მისი მარტო დატოვება, მგონი, სულაც არაა მცდარი ნაბიჯი. სჯობს ჯერ თავად გაიაზროს მომხდარი. გამხნევება და დამსახურებული ტაში კი მას ნაღდად არ მოაკლდება. იმიტომ, რომ დიდი ფალავანია და ბევრი სიხარული მიუნიჭებია ერთგული ქომაგებისთვის.

ამ დღიურის დანარჩენი ნაწილი კი გენოს ფინალამდე დაიწერა და თუ მძლეოსნების და კიდევ რამდენიმე სახეობის ამბები გაინტერესებთ, ინებეთ.

50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მონაწილე ვაჟები დღეს ყველაზე ადრე დადგნენ სტარტზე. შეჯიბრება ტოკიოში კი იყო დანიშნული, მაგრამ ხვატის გამო ასპარეზობა საპოროში გადაიტანეს.

მთავარი ფავორიტი, ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული, პეკინისა და რიო დე ჟანეიროს თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ავსტრალიელი ჯარედ ტელენტი რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის დროს დაშავდა. ექიმებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ სპორტსმენმა განკურნება ვერ მოასწრო და გუშინ, სტარტამდე რამდენიმე საათით ადრე, ოფიციალურად დაასრულა სპორტული კარიერა.

ტელენტის გამოთიშვის შემდეგ ოქროს მოგების შანსი არაერთს გაუჩნდა, საბოლოოდ კი გაიმარჯვა მძლეოსანმა, რომელმაც კარიერაში სულ მეორედ იასპარეზა ამ დისტანციაზე – 31 წლის პოლონელმა დავიდ ტომალამ 50 კილომეტრი სამ საათსა და 50 წუთში დაფარა. ოქროც მას ერგო, ოლიმპიური რეკორდი კი კვლავ ტელენტს დარჩა – XXX ოლიმპიადაზე, ლონდონში, მან 3:36:53 საათში დაასრულა ასპარეზობა.

ტომალამ კარიერაში მხოლოდ მეორე ოქროს მედალი მოიგო, ისიც პირველი დიდებში და პირველი 50 კილომეტრზე – 2011 წელს მან ევროპის 23წლამდელთა ჩემპიონატში გაიმარჯვა, ოღონდ 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში.

ვაჟთა შორის 400 მეტრზე სპრინტი, მოლოდინისამებრ, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონმა, 25 წლის ბაჰამელმა სტივენ გარდინერმა მოიგო. 43.85 წამი – ასეთია გამარჯვებულის დრო, საინტერესო კი ისაა, რომ მას დოჰაში გამართულ მსოფლიო პირველობაზეც იგივე შედეგი ჰქონდა. და ის კატარშიც ჩემპიონი გახდა.

გარდინერი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც 44 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა, თუმცა მსოფლიო რეკორდს – 43.03 – მაინც ვერ შეწვდა. ეს დრო კი სამხრეთაფრიკელ ვეიდ ვან ნიკერკს ეკუთვნის, რომელიც სპრინტერმა რიო 2016ის ფინალურ გარბენში დააფიქსირა. 29 წლის სპორტსმენი ცუდ ფორმაში შეხვდა ამ ოლიმპიადას და ნახევარფინალური ბარიერი ვერ დაძლია.

400 მეტრის კიდევ ერთმა სპეციალისტმა, გრენადელმა კირანი ჯეიმსმა კი მესამე ადგილი დაიკავა და ამ დისციპლინაში ოლიმპიური მედლების კომპლექტი შეკრა: ხუთი წლის წინ ის მხოლოდ ვან ნიკერკს ჩამორჩა, 2012 წელს კი ოქროს დაეუფლა.

ათჭიდში კანადელმა დემიენ უორნერმა გაიმარჯვა და თან ოლიმპიური რეკორდით – 9018 ქულა. მან ყველა სახეობაში დიდებულად იასპარეზა, თავიდანვე, 100 მეტრზე სპრინტის მოგებით დაწინაურდა და ლიდერის პოზიცია აღარ დათმო. 31 წლის ასაკში ის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე ათჭიდელი გახდა, რომელმაც ცხრა ათასზე მეტი ქულა დააგროვა!

მსოფლიოს რეკორდსმენმა (9126), ფრანგმა კევინ მეიერმა კი 8726 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ ხუთი წლის წინაც ორივე ოლიმპიურ კვარცხლბეკზე იდგა – მეიერი მაშინაც მეორე იყო, უორნერი კი მესამე.

ვაჟებისგან განსხვავებით გოგონები შვიდჭიდში ასპარეზობენ. აქ ოქროს მედალი ბელგიის ოლიმპიური გუნდის მედროშეს, 26 წლის ნაფისატუ თიამს დარჩა – 6791 ქულა.

და ეს სიმპათიური გოგონა ისტორიაში მხოლოდ მეორე შვიდჭიდელი შეიქნა, რომელმაც ოლიმპიური ოქრო ზედიზედ ორ თამაშებზე მოიგო – რიოშიც საუკეთესო გახლდათ! ოლიმპიური დუბლით თიამმა ამერიკელი ჯეკი ჯოინერ-კირსის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც სეულსა (1988) და ბარსელონაში (1992) გაიხარა.

რიო 2016დან დაწყებული თიამი ამ დისციპლინის ერთ-ერთი ვარსკვლავია, მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე ოქრო და ვერცხლი მოიგო, წელს, პოლონეთის ქალაქ ტორუნში კი ევროპის ჭერქვეშა ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.

მასთან ერთად ოქროს მთავარ პრეტენდენტად განიხილებოდა 28 წლის ბრიტანელი კატარინა ჯონსონ-თომფსონი, მაგრამ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებულს ტრავმამ შეახსენა თავი და ასპარეზობა შეწყვიტა.

ახალზელანდიელი კანოისტი ლიზა კერინგტონი კი ტოკიო 2020ის სუპერვარსკვლავებს შეუერთდა: კაიაკერთა მესამე შეჯიბრება მოიგო, ამჯერად 500 მეტრზე და XXXII ოლიმპიადის მესამე ოქროს მედალი მოიპოვა!

საერთოდ კი ეს მისი მეხუთე ოლიმპიური ოქროა – 32 წლის ნიჩბოსანი რიოში ორჯერ გახდა ჩემპიონი. ბრაზილიაში მან მხოლოდ ერთი სტარტი ვერ მოიგო – 500 მეტრზე მესამე გახლდათ. ეს ამბავი კი ბევრს არ გეცოდინებათ: ხუთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით ლიზა კერინგტონი ახალი ზელანდიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ოლიმპიელია.

პლაჟის ფრენბურთში გოგონათა ტურნირი დასრულდა. ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ეიფრილ ელიზაბეთ როსმა ნანატრი ოქროს მედალი მოიგო. ნანატრი იმიტომ, რომ 2012 წელს, ლონდონში, მან ჯენიფერ კესისთან ერთად ითამაშა და მხოლოდ ფინალი წააგო, რიო დე ჟანეიროში კი უოლშ ჯენინგს შეუწყვილდა, მაგრამ ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.

რიო დე ჟანეირო 2016ის შემდეგ როსი ალიქს კლინემენთან ერთად თამაშობდა აგერ, 39 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა! პლაჟის ფრენბურთელთა მსოფლიო ტურში ეს ამ წყვილის მეთერთმეტე ოქროა.

დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა ველოსპორტში, მაგრამ მხოლოდ ერთ დისციპლინას გამოვარჩევ, ოლიმპიადების სპორტულ პროგრამაში პირველად მოხვედრილ ქალთა მედისონს. 2000-08 წლებში ამ დისციპლინაში მხოლოდ ვაჟები მონაწილეობდნენ, მომდევნო ორ ოლიმპიადაზე კი მედისონი საერთოდ ამოიღეს პროგრამიდან. მიზეზი გენდერული დისბალანსია. რვაწლიანი შესვენების შემდეგ მედისონი ოლიმპიადაზე დაბრუნდა – ვაჟებშიც და გოგონებშიც.

ეს საინტერესო გუნდური ასპარეზობა, რომლის გამარჯვებული ქულებით ვლინდება, სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის გამოცდილი ბრიტანული წყვილის – კეტი არჩიბალდი, ლაურა კენი – გამარჯვებით დასრულდა. მათ თორმეტიდან ათი საშუალედო ფინიში მოიგეს და მეორე ადგილზე გასულ დანიას უდიდესი უპირატესობით აჯობეს.

თუ კეტი არჩიბალდი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 29 წლის ლაურა კენიმ მეხუთე ოქროს მედალი მოიგო! ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში ის საუკეთესო გახლდათ ომნიუმსა (ექვსჭიდი) და გუნდურ გამოდევნებაში.

ხუთი წლის წინანდელ ოქმებს თუ ჩახედავთ, ჩემპიონთა შორის ლაურა კენის ვერ იპოვით, რადგან რიოში ის ჯერ კიდევ ლაურა ტროტი გახლდათ. ოლიმპიადის შემდეგ კი მალევე დაქორწინდა მასავით სახელგანთქმულ ჯეისონ კენიზე, სატრეკო ველოსპორტში ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე და მის ტროტი მისის კენი გახდა.

ლაურას ტიტულიანმა მეუღლემ კი, ვინც პირველი ოქრო ჯერ კიდევ 2008 წელს პეკინში მოიპოვა, ტოკიოში მხოლოდ ერთი ვერცხლის მოგება შეძლო – გუნდურ სპრინტში. თუმცა ის კეირინშიც იასპარეზებს და, შესაძლოა, მეოთხე ოლიმპიადაც ჩემპიონის რანგში დაასრულოს.

მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა გუნდურის გამარჯვებულის გამოცნობა კი არ გაგიჭირდებათ – ჩინეთი. ჟენდონ ფანის, ლონ მას და შინ შუს სამეულმა გერმანიას შანსი არ დაუტოვა – 3:0.

მსოფლიოს 12გზის ჩემპიონმა ლონ მამ მეხუთე ოლიმპიური ოქრო მოიგო – ტოკიოში, ისევე როგორც რიო დე ჟანეიროში, ის გუნდური და პირადი პირველობის გამარჯვებული გახდა, ლონდონში კი მხოლოდ გუნდთან ერთად გაიხარა.

მეორე ქართული ბრინჯაოს იმედად, ხვალამდე!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 6 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 6 აგვისტო
ბალახის ჰოკეი
გოგონები
1.ნიდერლანდები (3.სანე კოოლენი, 4.ფრიკე მოესი, 5.მალუ ფენინქსი, 6.ლორიენ ლორინკი, 7.შენ დე ვაარდი, 8.მარლო კეეტელსი, 10.ფელისე ალბერსი, 11.მარია ვერშოორი, 12.ლიდევაი ველტენი, 13.კაია ვან მაასაკერი, 15.ფრედერიკ მატლა, 18.პიენ სენდერსი, 20.ლაურა ნუნინკი, 21.ლაურენ სტამი, 22.ჟოსინ კონინგი, 23.მარგო ვან გეფენი, 24.ევა დე გოედე, 29.სტელა ვან ხილსი. მწვრთნელი: ელისონ ენენი)
2.არგენტინა (1.ბელენ სუკი, 2.სოფია ტოკალინო, 3.აგუსტინა გორსელანი, 4.ვალენტინა რაპოსო, 5.აგოსტინა ალონსო, 7.აგუსტინა ალბერტარიო, 10.მარია ხოსე გრანატო, 12.დელფინა მერინო, 17.როსიო სანჩეს მოკია, 18.ვიკტორია საუზე, 21.ვიქტორია გრანატო, 22.ეუხენია ტრინჩინეტი, 23.მიკაელა რეტეხი, 27.ნოელ ბარიონუევო, 28.ხულიეტა იანკუნასი, 32.ვალენტინა კოსტა ბიონდი. მწვრთნელი: კარლოს რეტეხი)
3.დიდი ბრიტანეთი (1.მედი ჰინჩი, 4.ლაურა ანსუორსი, 5.სარა ევანსი, 6.ანა ტომენი, 7.ჰანა მარტინი, 8.სარა ჯონსი, 9.სუზანა თაუნსენდი, 10.სარა რობერტსონი, 13.ელენა რეიერი, 16.იზაბელ პეტერი, 17.ლეა უილკინსონი, 18.ჟიზელ ენსლი, 20.ჰოლი პერნი-უები, 21.ფიონა კრეკლსი, 24.შონა მაკკელინი, 26.ლილი ოუსლი, 31.გრეის ბელსდონი, 32.ემი კოსტელო. მწვრთნელი: მარკ ჰეგერი)

ველოსპორტი
ვაჟები, სპრინტი
1.ჰარი ლავრეისენი (ნიდერლანდები)
2.ჯეფრი ჰოოგლანდი (ნიდერლანდები)
3.ჯეკ კერლინი (დიდი ბრიტანეთი)
გოგონები, მედისონი
1.კეტი არჩიბალდი, ლაურა კენი (დიდი ბრიტანეთი) – 78
2.ამელი დიდერიკსენი, ჯული ლეთი (დანია) – 35
3.გულნაზ ხატუნცევა, მარია ნოვოლოდსკაია (როკ) – 26

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები, 74კგ
1.ზაურბეკ სიდაკოვი (როკ)
2.მაჰამედხაბიბ კაძიმაჰამედოვი (ბელარუსი)
3.ბეკზოდ აბდურახმონოვი (უზბეკეთი) და კაილ დეიკი (აშშ)
*-ავთანდილ კენჭაძე
1/8 – ფრანკ ჩამიზო (იტალია) – 1:5
ვაჟები, 125კგ
1.გეიბლ სტივენსონი (აშშ)
2.გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
3.ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი) და ტაჰა აკგული (თურქეთი)
*-გენო პეტრიაშვილი
1/8 – დიააელდინ ქამალი (ეგვიპტე) – 11:0
1/4 – ჟივეი დენი (ჩინეთი) – 5:2
1/2 – ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი) – 6:3
ფინალი – გეიბლ სტივენსონი (აშშ) – 8:10
გოგონები, 53კგ
1.მაიო მუკაიდა (იაპონია)
2.ქიანუ პანი (ჩინეთი)
3.ვანესა კალაძინსკაია (ბელარუსი) და ბატ-ოჩირუნ ბოლორტუაა (მონღოლეთი)

თანამედროვე ხუთჭიდი
გოგონები
1.კეტი ფრენჩი (დიდი ბრიტანეთი) – 1385 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ლაურა ასადაუსკაიტე (ლიეტუვა) – 1370
3.სარლოტა კოვაჩი (უნგრეთი) – 1368

კარატე
ვაჟები, 75კგ
1.ლუიჯი ბუსა (იტალია)
2.რაფაელ აღაევი (აზერბაიჯანი)
3.გაბორ ჰარსპატაკი (უნგრეთი) და სტანისლავ ჰორუნა (უკრაინა)
ვაჟები, კატა
1.რიო კიუნა (იაპონია)
2.დემიენ კუინტერო (ესპანეთი)
3.არიელ ტორესი (აშშ) და ალი სოფუღლუ (თურქეთი)
გოგონები, 61კგ
1.იოვანა პერკოვიჩი (სერბეთი)
2.შიაუან იუნი (ჩინეთი)
3.გიანა ფარუქი (ეგვიპტე) და მერვე ჩობანი (თურქეთი)

კრივი
ვაჟები, 91კგ
1.ხულიო სესარ ლა კრუსი (კუბა)
2.მუსლიმ გაჯიმაგომედოვი (როკ)
3.დევიდ ნუიკა (ახალი ზელანდია) და ებნერ ტეიშეირა (ბრაზილია)

მაგიდის ჩოგბურთი
ვაჟები, გუნდური
1.ჩინეთი (ჟენდონ ფენი, ლონ მა, შინ შუ)
2.გერმანია (დიმიტრი ოვჩაროვი, ტიმო ბოლი, პატრიკ ფრანცისკა)
3.იაპონია (იუნ მიზუტანი, კოკი ნივა, ტომოკაზუ ჰარიმოტო)

მძლეოსნობა
ვაჟები, 5000მ
1.ჯოშუა ჩეპტეგი (უგანდა) – 12:58.15წთ
2.მოჰამედ აჰმედი (კანადა) – 12:58.61წთ
3.პოლ ჩელიმო (აშშ) – 12:59.05წთ
ვაჟები, 4X100მ
1.იტალია (ლორენცო პატა, მარსელ ჯეიკობსი, ესეოსა დესალუ, ფილიპო ტორტუ) – 37.50წმ
2.დიდი ბრიტანეთი (ჩიჯინდუ უჯა, ჟერნელ ჰიუზი, რიჩარდ კილტი, ნეთანეელ მიჩელ-ბლეიკი) – 37.51წმ
3.კანადა (აარონ ბრაუნი, ჯერომ ბლეიკი, ბრენდონ როდნი, ანდრე დე გრასი) – 37.70წმ
ვაჟები, სპორტული სიარული, 50კმ
1.დავიდ ტომალა (პოლონეთი) – 3:50:08სთ
2.ჯონათან ჰილბერტი (გერმანია) – 3:50:44სთ
3.ივენ დანფი (კანადა) – 3:50.59სთ
გოგონები, 400მ
1.შონი მილერ-უიბო (ბაჰამის კუნძულები) – 48.36წმ
2.მარილეიდი პაულინო (დომინიკის რესპუბლიკა) – 49.20წმ
3.ელისონ ფელიქსი (აშშ) – 49.46წმ
გოგონები, 1500მ
1.ფეის კიპეგონი (კენია) – 3:53.11წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ლაურა მუირი (დიდი ბრიტანეთი) – 3:54.50წთ
3.სიფენ ჰასანი (ნიდერლანდები) – 3:55.86წთ
გოგონები, 4X100მ
1.იამაიკა (ბრიანა უილიამსი, ელეინ თომპსონ-ჰერა, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, შერიკა ჯეკსონი) – 41.02წმ
2.აშშ (ჟევიენ ოლივერი, ტეანა დენიელსი, ჯენა პრანდინი, გაბრიელე თომასი) – 41.45წმ
3.დიდი ბრიტანეთი (ეშა ფილიპი, იმანი ლანსიკო, დინა ეიშერ-სმითი, დერილ ნეიტა) – 41.88წმ
გოგონები, სპორტული სიარული, 20კმ
1.ანტონელა პალმიზანო (იტალია) – 1:29:12სთ
2.სანდრა არენასი (კოლუმბია) – 1:29:37სთ
3.ჰონ ლიუ (ჩინეთი) – 1:29.57სთ
გოგონები, შუბის ტყორცნა
1.შიუინ ლიუ (ჩინეთი) – 66.34მ
2.მარია ანდრეიჩუკი (პოლონეთი) – 64.61მ
3.კელსი-ლი ბარბერი (ავსტრალია) – 64.56მ

პლაჟის ფრენბურთი
გოგონები
1.ეიპრილ როსი, ალიქს კლინემანი (აშშ)
2.ტალიკა კლენსი, მარიაფე არტაჩო დელ სოლარი (ავსტრალია)
3.იოანა ჰაიდრიხი, ანუკ ვერჟე-დეპრე (შვეიცარია)

სპორტული მეკლდეურობა
გოგონები, კომბინირებული
1.იანია გარნბრეტი (სლოვენია)
2.მიჰო ნონაკა (იაპონია)
3.აკიო ნოგუჩი (იაპონია)

ფეხბურთი
გოგონები
1.კანადა (1.სტეფანი ლაბე, 2.ელაიშა ჩეპმენი, 3.კადეიშა ბუქენენი, 4.შელინა ზადორსკი, 5.ქუინი, 6.დიენ როუზი, 7.ჯულია გროსო, 8.ჯეიდ რივიერე, 9.ადრიანა ლეონი, 10.ეშლი ლოურენსი, 11.დეზირე სკოტი, 12.ქრისტინ სინკლერი, 13.ეველინ ვიენსი, 14.ვანესა ჯაილსი, 15.ნიშელ პრინსი, 16.ჯანინ ბეკი, 17.ჯესი ფლემინგი, 18.კეილენ შერიდენი, 19.ჟორდინ უიტემა, 20.სოფი შმიდტი, 21.გაბრიელე კარლი, 22.ერინ მაკლეოდი. მწვრთნელი: ბევ პრისტმენი)
2.შვედეთი (1.ჰედვიგ ლინდელი, 2.იონა ანდერსონი, 3.ემა კულბერგი, 4.ჰანა გლესი, 5.ჰანა ბენისონი, 6.მაგდალენა ერიკსონი, 7.მედელენ იენოგი, 8.ლინა ჰარტიგი, 9.კოსოვარე ასლანი, 10.სოფია იაკობსონი, 11.ტინა ბლეკსტენიუსი, 12.ჯენიფერ ფალკი, 13.ამანდა ლესტედტი, 14.ნატალი ბიორნი, 15.ოლივია შუგი, 16.ფილიპა ანგელდალი, 17.კაროლინ სეგერი, 18.ფრიდოლინა როლფო, 19.ანა ანვეგარდი, 20.ჯულია როდერი, 21.რებეკა ბლომკვისტი, 22.ზეკირა მუშოვიჩი. მწვრთნელი: პეტერ გერარდსონი)
3.აშშ (1.ალისა ნეჰერი, 2.კრისტელ დანი, 3.სემ მეუისი, 4.ბეკი ზაუერბრანი, 5.კელი ო’ჰარა, 6.კრისტი მეუისი, 7.ტობინ ჰითი, 8.ჯული ერცი, 9.ლინდსი ჰორანი, 10.კარლი ლოიდი, 11.ქრისტენ პრესი, 12.ტიერნა დევიდსონი, 13.ალექს მორგანი, 14.ემილი სონეტი, 15.მეგან რაპინო, 16.როუზი ლაველი, 17.ები დელკემპერი, 18.ადრიანა ფრენჩი, 19.კატარინა მაკარიო, 20.კეისი კროგერი, 21.ლინ უილიამსი, 22ჯეინ კემპბელი. მწვრთნელი: ვლატკო ანდონოვსკი)

*მრ – მსოფლიო რეკორდი
*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian