ტოკიო 2020: 7 აგვისტო

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიო 2020 დღეს დაასრულა. კარატისტმა გოგიტა არქანიამ ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, მესამე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე კი რეპეშაჟში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს ვეღარ შეუტია.
XXXII ოლიმპიადა ხვალ კი მთავრდება, მაგრამ ჩვენი გუნდის მონაგარი აღარ შეიცვლება – რვა მედალი, აქედან ძიუდოისტ ლაშა ბექაურის და ძალოსან ლაშა ტალახაძის ოქროები, ერთადერთი ბრინჯაო და არნახულად ბევრი, ხუთი ვერცხლი.

ეს ხუთი ვერცხლი ხუთი წაგებული ფინალია.

ანუ ოქრომდე ვერგადადგმული ხუთი ნაბიჯი.

მეტისმეტია და ბევრზე მიანიშნებს.

მაგრამ დროებით რომ დავივიწყოთ ხუთი წაგებული გადამწყვეტი ორთაბრძოლა, ხუთი იმედგაცრუება და საქართველოს ოლიმპიური გუნდის მონაგარი ცივი გონებით შევაფასოთ, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ რომ ეს 2 ოქრო, 5 ვერცხლი და ბრინჯაო მშვენიერი შედეგია.

ხუმრობა ხომ არაა: ტოკიო 2020ის მონაწილე 205 ქვეყანას შორის საქართველო ბოლოსწინა დღეს 30ე ადგილზეა!

ჩვენი სპორტსმენების პატივსაცემად ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადიდან ჟღერს საქართველოს ჰიმნი და ვხედავთ ჩვენ დროშას. და მას შემდეგ, განვლილი 29 წლის განმავლობაში, ქართველი ოლიმპიელები პირველად ბრუნდებიან სამშობლოში ამდენი მედლით.

ორი ჩემპიონი გვყავდა ათენში, 2004 წელს და რიო დე ჟანეიროში, 2016 წელს. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პეკინში ვაჩვენეთ, 2008 წლის იმ ავადმოსაგონარ დღეებში – ირაკლი ცირეკიძემ, მანუჩარ კვირკველიამ და რევაზ მინდორაშვილმა გაგვახარეს.

სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადა რეკორდულად ბევრი, ექვსი ბრინჯაოთი დაიხურა, აი ხუთი ვერცხლი კი ქართული სპორტის უძველესი რეკორდის გამეორებაა. 1960 წელს, რომში, ხუთმა ათლეტმა ხუთი ვერცხლის მედალი სამ სახეობაში მოიპოვა: მოჭიდავე გიორგი სხირტლაძემ, კალათბურთელებმა – გურამ მინაშვილმა და ვლადიმერ უგრეხელიძემ და წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში ლერი გოგოლაძემ და გივი ჩიქვანაიამ.

სამწუხაროდ, დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ოლიმპიადაზე ჯერ ვერ ვიასპარეზეთ გუნდით (გაქართველებული ბრაზილიელი წყვილები რომ გვყავდა პეკინში, პლაჟის ფრენბურთში, ეს არ ითვლება), მაგრამ დიდი იმედი მაქვს პარიზის ოლიმპიადისთვის ეს უსიამოვნებაც წარსულს ჩაბარდება.

და სანამ ჩვენი გუნდები უშედეგოდ ცდილობენ ოლიმპიადაზე მოხვედრას, სხვები ისტორიას წერენ. მაგალითად ამერიკელი ვაჟები კალათბურთში, რომლებმაც დღეს დილით საფრანგეთს 87:82 აჯობეს და მეთექვსმეტედ მოიგეს ოლიმპიური ჩემპიონის წოდება!

ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ნაკრებს ნამდვილად არ ეთქმოდა ოცნების გუნდი. ამერიკელთა შორის მხოლოდ კევინ დურანტს თუ მოვიხსენიებ სუპერვარსკვლავად, საოცნებო კალათბურთელად, მაგრამ ამის მიუხედავად, ოქრო ამერიკას დარჩა. კი, ნაკლებად ეფექტური თამაშით და არცთუ შთამბეჭდავი სტატისტიკით, მაგრამ გუნდი ტოკიო 2020ის ჩემპიონია და ჩემპიონებს კიდე, მოგეხსენებათ, არ ასამართლებენ.

არადა ხომ გახსოვთ როგორ დაიწყო ამერიკამ? იაპონიაში ჩასვლამდე ჯერ ნიგერიასთან, შემდეგ ავსტრალიასთან წააგო საწვრთნელი მატჩები, ოლიმპიადაზე კი საფრანგეთმა პირველივე შეხვედრაში სილა გააწნა – 83:76! სხვათა შორის, ამით დასრულდა კიდეც ამერიკელთა 25მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ოლიმპიურ თამაშებზე…

მაგრამ ეს იყო და ეს. მომდევნო შეხვედრებში პოპოვიჩის რჩეულ ბიჭებს მეტოქეთათვის შანსი აღარ მიუციათ და პირველი ადგილიც დაიკავეს. მერე რა, რომ გუნდის შემადგენლობა უკეთესის სურვილს ტოვებდა? კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ლიგა და სხვა ჩემპიონატები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა – NBAის მეორე-მესამე დონის მოთამაშეები ჯერ კიდევ დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენენ. მოკლედ, კალათბურთი ამერიკელების სპორტია და თუ მათ არ მოინდომეს, როგორც ჩანს ჯერ სხვა ვერ აჯობებს.

ზევით კევინ დურანტი გამოვარჩიე და ბრუკლინ ნეთსის ლიდერი ფინალშიც შეუდარებელი იყო – 29 ქულა მიართვა მეტოქეს. საერთოდ, ის ფლეი ოფის ყველა შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გახლდათ. რატომღაც რომ ასე არ ყოფილიყო – ის ხომ საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ოთხგზის მთავარი სნაიპერია!

დურანტისთვის ეს მესამე ოლიმპიური ოქროა. ის ჩემპიონი გახდა ლონდონსა და რიო დე ჟანეიროშიც. და ამ სამი ტიტულით 32 წლის სუპერვარსკვლავმა მასავით დიდი კარმელო ენტონის შედეგი გაიმეორა – ამერიკელთაგან მხოლოდ ამ ორს მოუგია სამი ოლიმპიადა! ცხადია მხოლოდ ვაჟებში, თორემ ამერიკელ გოგონებს კიდევ უფრო ფანტასტიკური შედეგები აქვთ…

საფრანგეთის ნაკრები კი მესამედ დაეუფლა ვერცხლს და როგორც დღეს, წინა ორ შემთხვევაშიც ამერიკასთან წააგო ფინალი, პირველად 1948 წელს ლონდონში, მეორედ 2000 წელს სიდნეიში.

დღეს დაასრულეს ასპარეზობა ფეხბურთელებმა: ბრაზილიამ ესპანეთს 2:1 სძლია და რიოში მოგებული ტიტული შეინარჩუნა, ისტორიაში კი მეორედ მოიგო ოლიმპიადა.

და თუ ამერიკის საკალათბურთო ნაკრების ლიდერი კევინ დურანტი იყო, ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდსაც ჰყავდა თავის სუპერვარსკვლავი – 38 წლის დანი ალვეში, ვისაც ტოკიო 2020ზე გუნდის კაპიტნის სამკლავური ამშვენებდა.

დანი ალვეშზე ტიტულიანი მოთამაშე ისტორიაში არავინაა და სან პაულუს მარჯვენა მცველმა დღეს მორიგი, ჩემპიონის 43ე მედალი მოიპოვა! ამ 43 მედლიდან 5 სანაკრებო შეჯიბრებებისაა: კოპა ამერიკის და ფიფას კონფედერაციათა თასის ორ-ორი ჯილდო და დღეს ოლიმპიური ოქროც!

დღეს დაასრულეს ასპარეზობა ნიჩბოსნებმაც – მედლების ოთხი კომპლექტი გაითამაშეს. ახალზელანდიელ ლიზა კერინგტონს ტოკიოში მეოთხე ოქროს მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი ოთხეული კაიაკერთა ნახევარკილომეტრიანი გაცურვის პრიზიორთა შორისაც ვერ მოხვდა.

ოქროთი კი უნგრელებმა გაიხარეს, ამ დისციპლინის ფავორიტებმა, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადიდან დაწყებული არავის უთმობენ პირველობას.

და იცით რატომ გამოვარჩიე ეს დისციპლინა? როგორც იქნა ტოკიოს ოქროს შეწვდა უნგრელთა 34 წლის ლიდერი დანუტა კოზაკი. თუ კერინგტონი XXXII ოლიმპიადის საუკეთესო ნიჩბოსანია, ხუთი წლის წინ, რიოში, ასეთი სწორედ კოზაკი გახლდათ – იმ თამაშებზე სამი ოქრო მოიგო!

ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქე და სამი სახელმწიფო ორდენის კავალერი დანუტა კოზაკი უნგრული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ათლეტია – ლონდონში, რიოსა და ტოკიოში მოგებული რვა მედლის, მათ შორის ექვსი ოქროს გარდა, მის აქტივშია მსოფლიო ჩემპიონატების თოთხმეტი, ევროპირველობების ჩვიდმეტი და ევროპის თამაშების სამი ოქროს მედალი.

თუ მძლეოსნობა სპორტის დედოფალია, ამერიკელ სპრინტერ ელისონ ფელიქსს მძლეოსნობის დედოფალი ეთქმის: 35 წლის კალიფორნიელმა დღეს პირველად მოიგო ამ ოლიმპიადის ოქრო – 4X400ზე ესტაფეტაში, თვალისმომჭრელ კარიერაში კი მეშვიდედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

და სანამ მის ერთ მწვერვალზე გეტყვით, მშრალ, მაგრამ მრავლისმეტყველ ცნობებს მოგაწვდით:

ელისონ ფელიქსი ქალ მძლეოსანთა შორის პირველია შვიდი ოლიმპიური ოქროთი!

ელისონ ფელიქსი თერთმეტ ოლიმპიურ მედალს ფლობს და ქალთა შორის ყველაზე ტიტულიანია!

ელისონ ფელიქსი მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებული თვრამეტი, მათ შორის ცამეტი ოქროს მედლით ყველაზე სახელოვანია ვაჟების ჩათვლით!

მოკლედ, ფელიქსი ლეგენდაა, დღევანდელი ტრიუმფით ახალი მწვერვალი დაიპყრო და ისტორიაც დაწერა: 400 მეტრზე ესტაფეტაში ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა – პეკინი 2008, ლონდონი 2012, რიო დე ჟანეირო 2016 და დღეს ტოკიო 2020!

ისტორიაში შეაბიჯა 23 წლის შუბის მტყორცნელმა ნეერაჯ ჩოპრამ – თითქმის 88 მეტრზე გაისროლა იარაღი და მძლეოსნობაში პირველი ინდოელი ჩემპიონი გახდა! საერთოდ კი, ის მხოლოდ მეორე ინდოელია, რომელმაც მძლეოსნობაში ოლიმპიური მედალი მოიგო. პირველი, ახალგაზრდები ხართ და არ გემახსოვრებათ, მორბენალი ნორმან პრიჩერდი გახლდათ, რომელმაც ორი ვერცხლი მოიგო… 1900 წელს.

28 წლის სიფან ჰასანმა ტოკიოში მეორე ოქროს მედალი მოიპოვა – 5 ათას მეტრზე ჩემპიონობას დღეს 10 კილომეტრზე პირველობაც დაურთო. 1993 წლის 1 იანვარს ეთიოპიაში დაბადებული გოგონა მეორე სამშობლოში – ნიდერლანდებში, სამი ოლიმპიური მედლით ბრუნდება. მან 1500 მეტრზე ბრინჯაო მოიპოვა…

იაპონიაში თავისუფალი ჭიდაობა ნამდვილად არაა ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, მაგრამ მგონია, რომ ტაკურო ოტოგურო ხვალ ბევრი იაპონური გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდება: 22 წლის ბიჭმა 65კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და ბოლო 25 წელიწადში ჭიდაობის პირველი ოქროსმედალოსანია მასპინძელი ქვეყნიდან!

ხვალ, 8 აგვისტოს, ტოკიო 2020ის ბოლო ჩემპიონები გამოვლინდებიან. ოლიმპიური ტრადიციისამებრ, უკანასკნელი ოქროს მედალი ვაჟთა მარათონის გამარჯვებულს გადაეცემა, თუმცა დახურვის ცერემონიალსა და ბოლო ჩემპიონზე ხვალ იყოს.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 7 აგვისტო
ბეიზბოლი
1.იაპონია (კიოგო აოიაგი, სუგურუ ივაზაკი, მასატო მორიშიტა, ჰირომი იტო, იოშინობუ იამამოტო, მასაჰირო ტანაკა, იუასუაკი იამასაკი, რიოჯი კურიბაიაში, იუდაი ონო, კოდაი სენგა, კაიმა ტაირა, რუტარო უმენო, ტაკუა კაი, ტეცუტო იამადა, სოსუკე გენდა, ჰიდეტო ასამურა, რიოსუკე კიკუჩი, ჰაიატო საკამოტო, მუნეტაკა მურაკამი, კენსუკე კონდო, იუკი იანაგიტა, რუოია კურიჰარა, მასატაკა იოშიდა, სეია სუძუკი. მწვრთნელები: მაკოტო კანეკო, იოშინორი ტატეიამა, იოშინორი მურატა, ჰიროკაზუ იბატა, მასაჯი შიმიცუ)
2.აშშ (შეინ ბაზი, ენტონი კარტერი, ბრენდონ დიკსონი, ენტონი გოუსი, ედვინ ჯეკსონი, სკოტ კაზმირი, ნიკ მარტინესი, სკოტ მაკგოჰი, დევიდ რობერტსონი, ჯოი რაიანი, რაიდერ რაიანი, სიმეონ ვუდს რიჩარდსონი, ტიმ ფედეროვიჩი, მარკ კოლოშვარი, ნიკ ალენი, ედი ალვარესი, ტრისტონ კასასი, ტოდ ფრეზიერი, ჯეიმი უესტბრუკი, ტაილერ ოსტინი, ერიკ ფილია, პატრიკ კივლეენი, ჯეკ ლოპესი, ბუბა სტერლინგი. მწვრთნელები: როლი დე არმასი, დარენ ფენსტერი, დეივ უოლესი, ჯერი ვაინშტაინი, ერნი იანგი)
3.დომინიკის რესპუბლიკა (გუსტავო ნუნიესი, იეფრი პერესი, ერიკ მეხია, ჩარლი ვალერიო, ჯეისონ გუზმანი, მელკი კაბრერა, ქრისტოფერ მერსედესი, როლდანი ბოლდუინი, ხულიო როდრიგესი, ხოსე ბაუტისტა, რამონ როსო, ხუნიორ გარსია, ლუის ფელიპე კასტილიო, ხაირო ასენსიო, ხუან ფრანსისკო, იოჰან მესესი, იჰენ მარინესი, ანხელ სანჩესი, დარიო ალვარესი, დენი რეიესი, რაულ ვალდესი, ემილიო ბონიფაციო, ჯამბო დიასი, გაბრიელ არიასი. მწვრთნელები: ხოსე კანო, მენი გარსია, ხილბერტ გომესი, ანდერსონ ერნანდესი)

გოლფი
გოგონები
1.ნელი კორდა (აშშ)
2.მონე ინამი (იაპონია)
3.ლიდია კო (ახალი ზელანდია)

ველოსპორტი
ვაჟები, მედისონი
1.ლასე ნორმან ჰანსენი, მიქაელ მორკოვი (დანია) – 43
2.ითენ ჰეიტერი, მეთიუ უოლსი (დიდი ბრიტანეთი) – 40
3.ბენჟამინ თომასი, დონოვან გრონდინი (საფრანგეთი) – 40

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები, 65კგ
1.ტაკუტო ოტოგურო (იაპონია)
2.ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
3.გაჯიმურად რაშიდოვი (როკ) და ბაჯრანგ პუნია (ინდოეთი)
ვაჟები, 97კგ
1.აბდულრაშიდ სადულაევი (როკ)
2.კაილ სნაიდერი (აშშ)
3.რეინერის სალასი (კუბა) და აბრაჰამ კონიედო (იტალია)
*-ელიზბარ ოდიკაძე
1/8 – მოჰამად ჰოსეინ მოჰამადიანი (ირანი) – 6:3
1/4 – აბდულრაშიდ სადულაევი (როკ) – 0:10
რეპეშაჟი – შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი) – 5:7
გოგონები, 50კგ
1.იუი სუსაკი (იაპონია)
2.სუნ იანანი (თურქეთი)
3.მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი) და სარა ჰილდებრანდტი (აშშ)

თანამედროვე ხუთჭიდი
ვაჟები
1.ჯოი ჩოონგი (დიდი ბრიტანეთი) – 1482 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.აჰმედ ელ-გენდი (ეგვიპტე) – 1477
3.ვონ-ტაე იუნი (სამხრეთი კორეა) – 1470

კაიაკი და კანოე
ვაჟები, კანოე, 1000მ
1.ისაკიაშ კეირუში (ბრაზილია) – 4:04.408წთ
2.აო ლიუ (ჩინეთი) – 4:05.724წთ
3.სერგეი ტარნოვსკი (მოლდოვა) – 4:06.069წთ
ვაჟები, ოთხადგილიანი კაიაკი, 1000მ
1.მაქს რენდშმიდტი, რონალდ რაუჰე, ტომ ლიბშერი, მაქს ლემკე (გერმანია) – 1:22.219წთ
2.სოლ კრავიოტო, მარკუს ვალცი, კარლოს არევალო, როდრიგო ხერმადე (ესპანეთი) – 1:22.445წთ
3.სამუელ ბალაზი, დენის მუშაკი, ერიკ ვლჩეკი, ადამ ბოტეკი (სლოვაკეთი) – 1:23.534წთ
გოგონები, ორადგილიანი კანოე, 500მ
1.შიშიაო შუ, მენგია სუნი (ჩინეთი) – 1:55.495წთ
2.ლუდმილა ლუზანი, ანასტასია ჩეტვერიკოვა (უკრაინა) – 1:57.499წთ
3.ლორენს ვინსენ ლეპონტი, კეტი ვინსენი (კანადა) – 1:59.943წთ
გოგონები, ოთხადგილიანი კაიაკი, 500მ
1.დანუტა კოზაკი, ტამარა შიპეში, ანა კარაში, დორა ბოდონი (უნგრეთი) – 1:35.463წთ
2.მარგარიტა მახნევა, ნაძია პაპოკი, ვოლჰა ხუძენკა, მარინა ლიტვინჩუკი (ბელარუსი) – 1:36.073წთ
3.კაროლინა ნაია, ანა პულავსკა, იუსტინა ისკრჟიცკა, ელენა ვიშნიევსკა (პოლონეთი) – 1:36.445წთ

კალათბურთი
ვაჟები
1.აშშ (4.კელდონ ჯონსონი, 5.ზაკ ლავინი, 6.დემიენ ლილერდი, 7.კევინ დურანტი, 8.ქრის მიდლტონი, 9.ჯერემი გრანტი, 10.ჯეისონ ტატუმი, 11.ჯავაილ მაკგი, 12.ჯრუ ჰოლიდეი, 13.ბემ ადებაიო, 14.დრეიმონდ გრინი, 15.დევინ ბუკერი. მწვრთნელი: გრეგ პოპოვიჩი)
2.საფრანგეთი (1.ფრენკ ნტილიკინა, 3.ტომოთი ლუვავუ-კაბარო, 4.თომას ორტელი, 5.ნიკოლა ბატუმი, 7.გერშონ იაბუსელე, 10.ივენ ფურნიე, 12.ნანდო დე კოლო, 17.ვინსენ პორიე, 21.ენდრიუ ელბისი, 27.რუდი გობერი, 28.პეტრ კორნელი, 93.ფუსტაფა ფალი. მწვრთნელი: ვინსენ კოლე)
3.ავსტრალია (4.ქრის გოლდინგი, 5.პატი მილსი, 6.ჯოშ გრინი, 7.ჯო ინგლეზი, 8.მეთიუ დელავედოვა, 9.ნათან სობი, 10.მათის თუბული, 11.დანტე ექსუმი, 12.არონ ბეინსი, 13.ჯოკ ლენდელი, 14.დუოპ რითი, 15.ნიკ კეი. მწვრთნელი: ბრაიან გოორჯიენი)

კარატე
ვაჟები, +75კგ
1.საჯედ განჯაზადე (ირანი)
2.ტარეგ ჰამედი (საუდის არაბეთი)
3.რუუტარო არაგა (იაპონია) და უგურ აქთაში (თურქეთი)
*-გოგიტა არქანია
მე3 ადგილი ჯგუფში. ნახევარფინალში ვერ გავიდა
გოგონები, +61კგ
1.ფერიალ აბდელაზიზი (ეგვიპტე)
2.ირინა ზარეცკა (აზერბაიჯანი)
3.ლი გონი (ჩინეთი) და სოფია ბერულცევა (ყაზახეთი)

კრივი
ვაჟები, 52კგ
1.გელალ იუაფაი (დიდი ბრიტანეთი)
2.კარლო პაალამი (ფილიპინები)
3.რუომეი ტანაკა (იაპონია) და საკენ ბიბოსინოვი (ყაზახეთი)
*-სახილ ალახვედროვი
1/16 – ჟიანუან უ (ჩინეთი) – 0:5
ვაჟები, 75კგ
1.ერბერტ კონსეისაუ (ბრაზილია)
2.ოლექსანდრ ხუჟნიაკი (უკრაინა)
3.ეუმირ მარსიალი (ფილიპინები) და გლებ ბაკში (როკ)
*-გიორგი ხარაბაძე
1/16 – ფანატ კახრამონოვი (უზბეკეთი) – 0:5
გოგონები, 51კგ
1.სტოიკა კრასტევა (ბულგარეთი)
2.ბუსენაზ ჩაკიროღლუ (თურქეთი)
3.სიაო-ვენ უანი (ტაივანი) და ცუკიმი ნამიკი (იაპონია)
გოგონები, 69კგ
1.ბუსენაზ სიურმენელი (თურქეთი)
2.ონ გუ (ჩინეთი)
3.ლოვლინა ბორგოაინი (ინდოეთი) და ოშეი ჯონსი (აშშ)

მძლეოსნობა
ვაჟები, 1500მ
1.იაკობ ინგებრიგტსენი (ნორვეგია) – 3:28.32წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ტიმოთი ჩერუოტი (კენია) – 2:29.01წთ
3.ჯოშ კერი (დიდი ბრიტანეთი) – 3:29.05წთ
ვაჟები, 4X400მ
1.აშშ (მაიკლ ჩერი, მაიკლ ნორმენი, ბრიუს დედმონი, რეი ბენჯამინი, ტრევორ სტიუარტი, რენდოლფ როსი, ვერნონ ნორვუდი) – 2:55.70წთ
2.ნიდერლანდები (ტერენს აგარდი, რემსი ანჯელა, ლემერვინ ბონევასია, ტონი ვან დიპენი, იოხემ დობერი) – 2:57.18წთ
3.ბოტსვანა (ისააკ მაკვალა, ბაბოლოკი თებე, ზიბანე ნგოზი, ბაიაპო ნდორი) – 2:57.27წთ
ვაჟები, შუბის ტყორცნა
1.ნეერაჯ ჩოპრა (ინდოეთი) – 87.58მ
2.იაკუბ ვადლეიხი (ჩეხეთი) – 86.67მ
3.ვიტეჟსლავ ვესელი (ჩეხეთი) – 85.44მ
გოგონები, 10000მ
1.სიფან ჰასანი (ნიდერლანდები) – 29:55.32წთ
2.კალკიდან გეზაეგნე (ბაჰრეინი) – 29:56.18წთ
3.ლეტესენბეტ გიდეი (ეთიოპია) – 30:01.72წთ
გოგონები, 4X400მ
1.აშშ (სიდნი მაკლაფლინი, ელისონ ფელიქსი, დალილა მუჰამადი, ეთინგ მუ, კეილინ უაითნი, უედელინ ჯონათასი, კენდელ ელისი, ლინა ირბი) – 3:16.85წთ
2.პოლონეთი (ნატალია კაშმარეკი, იგა ბაუმგარტ-ვიტანი, მალგორჟატა ჰოლუბ-კოვალიკი, იუსტინა სვიეტი-ერსეტიჩი, ანა კილბასინსკა) – 3:20.34წთ
3.იამაიკა (რონეიშა მაკგრეგორი, ჟენიევ რასელი, შერიკა ჯეკსონი, კენდის მაკლეოდი, იუნელ ბრომფილდი, სტეისი-ენ უილიამსი) – 3:25.88წთ
გოგონები, მარათონი
1.პერეს ჯეპჩირჩირი (კენია) – 2:27:20სთ
2.ბრიგიდ კოსგეი (კენია) – 2:27:36სთ
3.მოლი სიდელი (აშშ) – 2:27:46სთ
გოგონები, სიმაღლეზე ხტომა
1.მარია ლასიცკინა (როკ) – 2.04მ
2.ნიკოლა მაკდერმოტი (ავსტრალია) – 2.02მ
3.იაროსლავა მაჰუჩიხი (უკრაინა) – 2.00მ

მხატვრული ტანვარჯიში
მრავალჭიდი
1.ლინოი აშრამი (ისრაელი) – 107.800 ქულა
2.დინა ავერინა (როკ) – 107.650
3.ალინა ჰარნასკო (ბელარუსი) – 102.700
*-სალომე ფაჟავა
89.650 ქულა საკვალიფიკაციოში, მე17 ადგილი. ფინალში ვერ გავიდა

მხატვრული ცურვა
გუნდები
1.რუსეთი (ვლადა ჩიგირიევა, მარია გოლიადკინა, პოლინა კომარი, სვეტლანა კოლესნიჩენკო, ალექსანდრა პაცკევიჩი, სვეტლანა რომაშინა, ალა შიშკინა, მარია შუროჩკინა)
2.ჩინეთი (იუ ფენი, ლი გუო, შუენშენ უანი, შინპინ ლიანი, ვენიან სუნი, ქიანუ ვანი, იუანინ შიაო, შენშინ იუინი)
3.უკრაინა (მარინა ალექსიევა, ვლადისლავა ალექსიევა, მარტა ფიეძინა, კატერინა რეზნიკი, ანასტასია სავჩუკი, ალინა შინკარენკო, ქსენია სიდორენკო, ელიზავეტა იახნო)

პლაჟის ფრენბურთი
ვაჟები
1.ანდერს მოლი, ქრისტიან სიორუმი (ნორვეგია)
2.ვიაჩესლავ კრასილნიკოვი, ოლეგ სტოიანოვსკი (როკ)
3.შერიფ იუნუსი, აჰმედ ტიჯენი (კატარი)

ფეხბურთი
ვაჟები
1.ბრაზილია (1.სანტოსი, 2.გაბრიელ მენინო, 3.დიეგო კარლოსი, 4.რიკარდო გრასა, 5.დუგლას ლუისი, 6.გილერმე არენა, 7.პაულინიო, 8.ბრუნო გიმარაეში, 9.მათეუს კუნია, 10.რიშარლისონი, 11.ანტონი, 12.ბრენო, 13.დანი ალვეში, 14.ბრუნო ფუქსი, 15.დინო, 16.აბნერი, 17.მალკოლმი, 18.მათეუს ენრიკე, 19.რეინიერი, 20.კლაუდინიო, 21.გაბრიელ მარტინელი, 22.ლუსაო. მწვრთნელი: ანდრე ჟარდინი)
2.ესპანეთი (1.უნაი სიმონი, 2.ოსკარ მინგესა, 3.მარკ კუკურელა, 4.პაუ ტორესი, 5.ხესუს ვალიეხო, 6.მარტინ სუბიმენდი, 7.მარკო ასენსიო, 8.მიკელ მერინო, 9.რაფა მირი, 10.დანი სებალიოსი, 11.მიკელ ოიარსაბალი, 12.ერიკ გარსია, 13.ალვარო ფერნანდესი, 14.კარლოს სოლერი, 15.ხონ მონკაიოლა, 16.პედრი, 17.ხავი პუადო, 18.ოსკარ ხილი, 19.დანი ოლმო, 20.ხუან მირანდა, 21.ბრაიან ხილი, 22.ივან ვილიარი. მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე)
3.მექსიკა (1.ლუის მალაგონი, 2.ხორხე სანჩესი, 3.სესარ მონტესი, 4.ხესუს ანხულო, 5.ხოან ვასკესი, 6.ვლადიმირ ლორონა, 7.ლუის რომო, 8.8.კარლოს როდრიგესი, 9.ენრი მარტინი, 10.დიეგო ლაინესი, 11.ალექსის ვეგა, 12.ადრიან მორა, 13.გილერმო ოჩოა, 14.ერიკ აგირე, 15.ურიელ ანტუნა, 16.ხოსე ხოაკინ ესკუიველი, 17.სებასტიან კორდოვა, 18.ედუარდო აგირე, 19.რიკარდო ანხულო, 20.ფერნანდო ბელტრანი, 21.რობერტო ალვარადო, 22.სებასტიან ხურადო. მწვრთნელი: ხაიმე ლოსანო)

ფრენბურთი
ვაჟები
1.საფრანგეთი (1.ბართელემი შინენიზი, 2.ჟენია გრებენნიკოვი, 4.ჟან პატრი, 6.ბენჟამინ ტონიუტი, 7.კევინ ტილე, 9.ირვინ ნგაპე, 11.ანტუან ბრიზარი, 12.სტეფენ ბოიერი, 14.ნიკოლა ლე გოფი, 16.დერილ ბულტო, 17.ტრევორ კლევენო, 19.იასინ ლუა. მწვრთნელი: ლორენ ტილე)
2.როკ (1.იაროსლავ როდლესნიხი, 4.არტიომ ვოლვიჩი, 7.დმიტრი ვოლკოვი, 9.ივან იაკოვლევი, 10.დენის ბოგდანი, 11.პაველ პანკოვი, 15.ვიქტორ პოლეტაევი, 17.მაქსიმ მიხაილოვი, 18.იგორ კლიუკა, 20.ილიას კურკაევი, 24.იგორ კობზარი, 27.ვალენტინ გოლუბევი. მწვრთნელი: ტუომას სამელვუო)
3.არგენტინა (1.მატიას სანჩესი, 2.ფედერიკო პერეირა, 6.კრისტიან პოგლახენი, 7.ფაკუნდო კონტე, 8.აგუსტინ ლოსერი, 9.სანტიაგო დანანი, 11.სებასტიან სოლე, 12.ბრუნო ლიმა, 13.ესეკიელ პალასიოსი, 15.ლუსიანო დე კოკო, 17.ნიკოლას მენდესი, 18.მარტინ რამოსი. მწვრთნელი: მარსელო მენდესი)

ცხენოსნობა
გუნდური სამჭიდი
1.შვედეთი (ჰენრიკ ფონ ეკერმანი, მელინ ბერიარდ-ჯონსონი, პედერ ფრედრიკსონი)
2.აშშ (ლორა კრაუტი, ჯესიკა სპრინგსტინი, მაკლეინ უორდი)
3.ბელგია (პიტერ დევოსი, ჟერომ გუერი, გრეგორი უოთელე)

წყალბურთი
გოგონები
1.აშშ (1.ეშლი ჯონსონი, 2.მადელინ მუსელმენი, 3.მელისა საიდემანი, 4.რეიჩელ ფეტელი, 5.პეიჯ ჰაუსშილდი, 6.მარგარეტ სტეფენსი, 7.სტეფანი ჰარალაბიდისი, 9.ერია ფიშერი, 10.კელი ჯილქრისტი, 11.მაკენზი ფიშერი, 12.ელის უილიამსი, 13.ამანდა ლონგენი. მწვრთნელი: ადამ კრიკორიანი)
2.ესპანეთი (1.ლაურა ესტერ რამოსი, 2.მარტა ბახი, 3.ანა ესპარ ლაკუეტი, 4.ბეა ორტისი, 6.ირენ გონსალეს ლოპესი, 8.პილი პენა, 9.ჯუდით ფორსა არისა, 10.როუზერ ტარახო ეიმერიხი, 11.მაიკა გარსია გოდოი, 12.პაულა ლეიტონ არონესი, 13.მარია ელენა სანჩეს გონსალესი. მწვრთნელი: მიგელ ანხელ ოკა ხაია)
3.უნგრეთი (2.დოროტია შილადი, 3.ვანდა ვალი, 4.გრეტა გურისატი, 5.გაბრიელა შუჩი, 6.რებეკა პარკესი, 7.ანა ილესი, 8.რიტა კეშთელი, 9.დორა ლეიმეტერი, 10.ანიკო დიონდიოში, 11.ნატაშა რიბანსკა, 12.კრიშტინა გარდა, 13.ალდა მადიარი. მწვრთნელი: ატილა ბირო)

წყალში ხტომა
ვაჟები, კოშკი, 10მ
1.იუან კაო (ჩინეთი) – 582.35 ქულა
2.ჟიან იუანი (ჩინეთი) – 580.40
3.ტომ დელი (დიდი ბრიტანეთი) – 548.25

ხელბურთი
ვაჟები
1.საფრანგეთი (5.ნედიმ რემილი, 7.რომეინ ლაგარდი, 10.დიკა მემი, 11.ნიკოლა ტურნა, 12.ვინსენ ჟერარი, 13.ნიკოლა კარაბატიჩი, 14.კენტინ მაე, 16.იან ჯენტი, 19.ლუკ აბალო, 21.მიშელ ჟიგუ, 22.ლუკა კარაბატიჩი, 23.ლუდოვიკ ფაბრეგასი, 25.უგო დესკა, 28.ვალენტინ პორტე. მწვრთნელი: გიიომ ჟილე)
2.დანია (1.ნიკლას ლანდინი, 4.მაგნუს ლანდინი, 15.მაგნუს საუგსტრუპი, 17.ლასე სვენი, 20.კევინ მიოლერი, 21.ჰენრიკ მოელგაარდი, 22.მადს მენსა, 23.ჰენრიკ ტოფტ ჰანსენი, 24.მიკელ ჰანსენი, 25.მორტენ ოლსენი, 26.იოჰან ჰანსენი, 28.ლასე ანდერსონი, 32.იაკობ ჰოლმი, 33.მათიას გიდსელი. მწვრთნელი: კაი იოჰანსენი)
3.ესპანეთი (1.გონსალო პერეს დე ვარხას მორენო, 3.ედუარდო ხურბინდო მარტინესი, 5.ხორხე მაკედა პენო, 6.ანხელ ფერნანდეს პერესი, 9.რაულ ენტრერიოს როდრიგესი, 10.ალექს დუშებაევ დოვიჩებაევა, 11.დანიელ სარმიენტო მელიანი, 12.როდრიგო კორალეს როდარი, 13.ხულენ აგინახალდე აკისუ, 17.ადრიან ფიგერას ტრეხო, 27.ანტონიო გარსია რობლედო, 28.ალექის გომეს აბელიო, 30.გედეონ გვარდიოლა ვილიაპლანა, 51.მიგელ სანჩეს-მიხალიონ ნარანხო. მწვრთნელი: ხორდი რიბერა რომანსი)

*მრ – მსოფლიო რეკორდი
*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian