ტოკიო 2020: 8 აგვისტო

„პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიო პირველად გაერთიანდა და ეს სპორტმა მოახერხა. განვლილი დღეების განმავლობაში თქვენ ასპარეზობას მილიარდობით ადამიანმა ადევნა თვალი და დიდებულია, რომ ამ რთულ პერიოდში არაერთხელ გაახარეთ გულშემატკივრები!
აქ, ტოკიოში, თითოეული თქვენგანი იყო უფრო სწრაფი, უფრო ძლიერი და უფრო ამაღლებული, იმიტომ რომ ყველანი ერთმანეთის გვერდით დავდექით, გავერთიანდით!
თქვენი ასპარეზობა და გამარჯვებებით გამოწვეული ემოცია მომავლის რწმენით აღმავსებს და მჯერა, რომ მსოფლიოს მომავალი უკეთესი იქნება“!

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი XXXII ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს ამ სიტყვებით დაემშვიდობა. შემდეგ ტოკიოს მერისგან, იურიკო კოიკესგან ოლიმპიური დროშა ჩაიბარა და ის სიმბოლურად გადასცა მომდევნო, XXXIII თამაშების მასპინძელი ქალაქის თავს, ანა იდალგოს.

სამი წლის შემდეგ მულტისპორტულ შეჯიბრებას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პანდემია საბოლოოდ დამარცხდება და 2024 წლის ოლიმპიადას გულშემატკივრები დაუბრუნდებიან.

დღეს დასრულებულ ტოკიო 2020ს ისინი ძალიან აკლდნენ და თუ რამეს დავუწუნებ განვლილ თამაშებს, მხოლოდ ცარიელ ტრიბუნებს. სხვა მხრივ კი ერთი წლით დაგვიანებული ოლიმპიადა იყო ძალიან კარგი, საინტერესო, დაძაბული ასპარეზობებით დახუნძლული და მან უამრავი ფაქტი თუ რეკორდი დაიტია.

23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით სპორტის 33 სახეობაში მედლების 339 კომპლექტი გათამაშდა და ერთი უცნაური ამბის გამო 340 ოქროს მედალი გაიცა. ხუთი სახეობა პირველად მოხვდა ოლიმპიადის პროგრამაში, არნახულად ბევრი – თხუთმეტი ახალი დისციპლინაც ვიხილეთ…

და ახლა, როცა ოლიმპიური ცეცხლი ჩაქვრა, მედლების დათვლის დროა. ამ ცხრილს არაოფიციალური კი ეწოდება, მაგრამ მას, როგორც წესი, ყოველი ოლიმპიადის შემდეგ დიდი ინტერესით ეცნობიან. გამონაკლისი არც მე ვარ.

ჩინეთი ბოლო დღემდე ლიდერობდა ცხრილს, მაგრამ დღეს ამერიკელებმა კიდევ სამი ოქროს მედალი მოიგეს და საბოლოოდ გადაასწრეს მთავარ მეტოქეს – 39:38!

ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური გუნდი რეკორდსმენი იყო მონაწილეთა საერთო რაოდენობით – 613 ათლეტით ჩაერთო თამაშებში. ყველაზე მეტი მედალიც მათ მოიგეს – 113, მაგრამ მხოლოდ 39 გამოდგა ოქროსი და ამიტომაც გაუძალიანდა ჩინეთი, რომელმაც ოლიმპიადა 38 პირველი ადგილით დაასრულა.

იაპონია კი ამ სახალისო ჩამონათვალში 58 ჯილდოთი და 27 ოქროს წყალობით მესამე ადგილამდე ამაღლდა.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაამთავრა ტოკიო 2020 და 33ე ადგილზე გავიდა.

33ე ადგილი 205 ქვეყანას შორის! კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მშვენიერი შედეგია. თურქეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, უკრაინა, ბელარუსი, პორტუგალია, ეგვიპტე, არგენტინა, მექსიკა… აი, ამ და კიდევ ათობით ქვეყნის გუნდს გაუსწრო საქართველომ. მედლების ხარისხი უკეთესი რომ ყოფილიყო, და ყველამ ვიცით რომ ეს სულაც არ იყო წარმოუდგენელი, საქართველო ცხრილის მოწინავე ოცეულს დააგვირგვინებდა.

XXXII ოლიმპიადის მედლების ჯამურ ცხრილში საქართველო 33ე ადგილზეა, მაგრამ ხომ ვთქვი, სახალისო ჩამონათვალია-მეთქი და მეც არ დავიზარე და მხოლოდ ევროპის ქვეყნები დავთვალე. და იცით მერამდენეა ჩვენი გუნდი? 21ე! რაც უნდა გასართობი ვუწოდოთ ასეთ ცხრილებს, ევროპაში 21ე ადგილი მაინც ბევრზე მიანიშნებს. სხვა ასპარეზის რა გითხრათ, მაგრამ სპორტში ნამდვილად ბევრ ევროპულ ქვეყანას გავეჯიბრებით და ვაჯობებთ კიდეც.

ყველა ოლიმპიადას ჰყავდა თავის გმირები და ასე იყო ტოკიოშიც. ამერიკის ნაკრების 39 ოქრო ვახსენე და აქედან ხუთი მოცურავე ქელებ დრესელმა მოიგო! ის ერთადერთია, რომელმაც ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული!

გმირი ეთქმის 27 წლის ავსტრალიელს, ასევე მოცურავე ემა მაკკეონს, რომელმაც დრესელზე ერთით ნაკლები ოქრო მოიგო, მაგრამ ყველაზე მეტი – შვიდი ოლიმპიური მედალი დაისაკუთრა!

ტოკიო 2020ის სუპერვარსკვლავები არიან ახალზელანდიელი კაიაკერი ლიზა კერინგტონი, კორეელი მშვილდოსანი სან ანი, იამაიკელი სპრინტერი ელეინ თომპსონ ჰერა, ჩინელი მაგიდის ჩოგბურთელი ლონ მა, ნიდერლანდელი ველომრბოლები ჰარი ლავრეისენი და ანემიეკ ვან ვლოტენი, იტალიელი მძლეოსანი მარსელ ჯეიკობსი, კუბელი გოლიათი მიხაინ ლოპესი, ფრანგი ძიუდოკა ტედი რინერი, ყველაზე ტიტულიანი მძლეოსანი ქალი, ამერიკის გუნდის ვეტერანი ელისონ ფელიქსი და სხვები და სხვები.

კიდევ არაერთის გამორჩევა შეიძლება და განვლილ დღეებში რამდენსაც გავწვდი, დავწერე კიდეც, მაგრამ ახლა, დღიურების უკანასკნელ თავში, ორიოდ სიტყვით მხოლოდ 8 აგვისტოს გაჩემპიონებულებზე:

მაგალითად 33 წლის ბრიტანელმა ველომრბოლმა ჯეისონ კენიმ დღეს კეირინში გაიმარჯვა და კარიერაში მეშვიდე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო! და ამ საოცარი შედეგით ის ყველაზე წარმატებული ბრიტანელია!

ზემოხსენებულებზე ნაკლებნი არ არიან ამერიკის ქალ კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანები, 40 წლის სიუ ბერდი და 39 წლის დიანა ტაურასი. მათ დღეს ფინალში ითამაშეს, გაიმარჯვეს და… ზედიზედ მეხუთე ოლიმპიადა მოიგეს!

მარათონის ტრიუმფატორი, 36 წლის კენიელი ელიუდ კიპჩოგეც უნდა ვადღეგრძელო – კენიამ რომ ოთხი ოქროს მედლით დაასრულა თამაშები, ყველაზე წარმატებული აფრიკული ქვეყანა გახდა და უკვე არაერთხელ ნახსენებ სახალისო გუნდურ სიაში მეცხრამეტე ადგილზე გავიდა, მისი დამსახურებაცაა. კიპჩოგემ დღეს ზედიზედ მეორე ოლიმპიური მარათონი მოიგო!

მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები…

საოცარი მიღწევები…

ლეგენდარული ათლეტები და დიდებული გუნდები…

ჩრდილში დარჩენილი დიდი მწვრთნელები…

ტოკიო 2020 მართლა მშვენიერი იყო! და გულით მიხარია, რომ მას ქართველი გმირებიც ჰყავს:

თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ორ ოლიმპიურ ჩემპიონს მოჰქონდა – ნინო სალუქვაძეს და ლაშა ტალახაძეს. ჩვენი გუნდი უკვე ამით გამოირჩა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში ვიხილეთ:

ქალბატონი ნინო სეული 1988დან დაწყებული მეცხრედ დადგა ოლიმპიურ სასროლეთზე და ისტორიაში პირველი ქალი გახდა, ვინც ამდენ ოლიმპიადაზე იასპარეზა!

ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ყველაზე მძიმეწონოსან ძალოსანთა შეჯიბრებაში, თან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა!

ხუმრობა ხომ არაა: დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია და ის, ქედმაღლობა არაფერ შუაშია – მეტოქეებს კი არა, საკუთარ თავს ეჯიბრება!

ტოკიო 2020ზე ტრიუმფით ლაშა ტალახაძე გახდა პირველი, რომლის საპატივცემულოდ ოლიმპიადებზე მეორედ აღიმართა ჩვენი ქვეყნის დროშა და აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი…

გმირია ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც, ვისი ასპარეზობა კარგა ხანს კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სამედიცინო გუნდის და პირადად მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის მონდომებით, ეს 21 წლის ბიჭი მხარგადახვეული, მაგრამ მაინც გავიდა ბუდოკანში გაშლილ ტატამზე და ოქროთი გაგვახარა!

დაუვიწყარია ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლიც – ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა პირველი ვაჟი ოლიმპიელია, რომელმაც სამივე სინჯის მედალი მოიგო!

ვერც ანტონ პლესნოის არაადამიანურ ძალისხმევას დავივიწყებ, მტკივანი მუხლით რომ აკრა სარისკო წონა და კონკურენტებს ცხვირწინ ააცალა ბრინჯაო.

ვაჟა მარგველაშვილს, გურამ თუშიშვილს, იაკობ ქაჯაიას და გენო პეტრიაშვილს კი ტოკიოში მოგებული ვერცხლის მედლების პარიზულ ოქროზე გადაცვლას ვუსურვებ. სამი წელიწადი თვალის დახამხამებაში გაივლის. მთავარია არ გაჩერდნენ და მოინდომონ.

2024 წლამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. მაგრამ ამ სამ წელიწადში ბევრი ახალი სპორტსმენიც გამოჩნდება და ვიმედოვნებ, ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზიც კვლავ გამართლდება.

პარიზში უკეთ, ვიდრე ტოკიოში!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 8 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები, კეირინი
1.ჯეისონ კენი (დიდი ბრიტანეთი)
2.აზიზულჰასნი ავანგი (მალაიზია)
3.ჰარი ლავრეისენი (ნიდერლანდები)
გოგონები, ომნიუმი (ექვსჭიდი)
1.ჯენიფერ ვალენტე (აშშ) – 124 ქულა
2.იუმი კაჯიჰარა (იაპონია) – 110
3.კირსტენ უაილდი (ნიდერლანდები) – 108
გოგონები, სპრინტი
1.კელსი მიჩელი (კანადა)
2.ოლენა სტარიკოვა (უკრაინა)
3.ვაი-შე ლი (ჰონგ კონგი)

კალათბურთი
გოგონები
1.აშშ (4.ჯიუელ ლოიდი, 5.სკილერ დიგინს სმითი, 6.სიუ ბერდი, 7.ერიელ ეტკინსი, 8.ჩელსი გრეი, 9.აია უილსონი, 10.ბრიანა სტიუარტი, 11.ნაფიისა კოლიე, 12.დიანა ტაურასი, 13.სილვია ფოულსი, 14.ტინა ჩარლზი, 15.ბრიტნი გრინერი. მწვრთნელი: დაუნ სტელი)
2.იაპონია (0.მოეკო ნაგაოკა, 8.მაკი ტოკადა, 12.ნაო მიოში, 13.რუი მაჩიდა, 15.ნაკო მოტოჰაში, 20.ნანაკა ტოდო, 27.საკი ჰაიაში, 30.ეველინ მავული, 32.საორი მიაზაკი, 52.იური მიუაზავა, 88.ჰიმავარი აკაჰო, 99.მონიკა ოკოიე. მწვრთნელი: ტონი ჰოვასი)
3.საფრანგეთი (4.მარინე ფოთუ, 5.ენდინ მიემი, 6.ალეშია შარტორუ, 7.სანდრინ გრუდა, 8.ელენა სიაკი, 10.სარა მიშელი, 11.ვალერიანე ვუკოსავლიევიჩი, 12.ლიანა რუპერი, 15.გაბი უილიამსი, 23.მარინ იოანესი, 39.ალიქს დუშე, 93.დიანდრა შენშუანი. მწვრთნელი: ვალერი გარნიე)

კრივი
ვაჟები, 63კგ
1.ენდი კრუსი (კუბა)
2.კეიშონ დევისი (აშშ)
3.ოვანეს ბაჩკოვი (სომხეთი) და ჰარი გერსაიდი (ავსტრალია)
ვაჟები, +91კგ
1.ბახოდირ იალოვოვი (უზბეკეთი)
2.რიჩარდ ტორესი (აშშ)
3.ფრეიზერ კლარკი (დიდი ბრიტანეთი) და კამშიბეკ კუნკაბაიევი (ყაზახეთი)
გოგონები, 60კგ
1.კელი ჰარინგტონი (ირლანდია)
2.ბეატრის ფერეირა (ბრაზილია)
3.სიდაპორნ სიისონდი (ტაილანდი) და მირა პოტკონენი (ფინეთი)
გოგონები, 75კგ
1.ლორენ პრაისი (დიდი ბრიტანეთი)
2.ქიან ლი (ჩინეთი)
3.ნუჩკა ფონტინი (ნიდერლანდები) და ზემფირა მაგომედალიევა (როკ)

მძლეოსნობა
ვაჟები, მარათონი
1.ელიუდ კიპჩოგე (კენია) – 2:08:38სთ
2.აბდი ნაგუიე (ნიდერლანდები) – 2:09:58სთ
3.ბაშირ აბდი (ბელგია) – 2:10:00სთ

მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური, მრავალჭიდი
1.ბულგარეთი (სიმონა დიანკოვა, სტეფანი კირიაკოვა, მადლენ რადუკანოვა, ლორა ტრეცი, ერიკა ზაფიროვა) – 92.100 ქულა
2.როკ (ანასტასია ბლიზნიუკი, ანასტასია მაქსიმოვა, ანგელინა შკატოვა, ანასტასია ტატარევა, ალისა ტიშჩენკო) – 90.700
3.იტალია (მარტინა სენტოფანტი, აგნეს დურანტი, ალესია მაურელი, დანიელა მოგურეანი, მარტინა სანტანდრეა) – 87.700

ფრენბურთი
გოგონები
1.აშშ (1.მიშა ჰენკოკი, 2.ჯორდინ პოულტერი, 4.ჟუსტინ ვონგ-ორანტესი, 10.ჯორდან ლარსონი, 11.ანდრეა დრიუსი, 12.ჯორდან თომპსონი, 14.მიშელ ბერჩ-ჰაკლი, 15.კიმბერლი ჰილი, 16.ფოლუკე აკინრადევო, 22.ჰელეი უოშინგონი, 23.კელსი რობინსონი, 24.ჩიაკა ოგბოგუ. მწვრთნელი: კერჩ კირალი)
2.ბრაზილია (2.კაროლ გუტასი, 7.როზამარია მონტიბელერი, 8.მაკრის კარნეირუ, 9.რობერტა რაცკე, 10.გაბრიელა გიმარაეში, 11.ტანდარა კაიშეტა, 12.ნატალია პერეირა, 15.ანა კაროლინა და სილვა, 16.ფერნანდა გარაი, 17.ანა კრისტინა დე სოუზა, 18.კამილა ბრაიტი, 20.ანა ბეატრის კორეა. მწვრთნელი: ჯოზე რობერტუ გიმარაეში)
3.სერბეთი (1.ბიანკა ბუშა, 5.მინა პოპოვიჩი, 8.სლადანა მირკოვიჩი, 9.ბრანკიცა მიხაილოვიჩი, 10.მაია ოგნიენოვიჩი, 13.ანა ბიელიცა, 14.მაია ალეკსიჩი, 16.მილენა რაშიცი, 17.სილვია პოპოვიჩი, 18.ტიჟანა ბოშკოვიჩი, 19.ბოიანა მილენკოვიჩი, 20.ელენა ბლაგოიევიჩი. მწვრთნელი: ზორან ტერზიჩი)

წყალბურთი
ვაჟები
1.სერბეთი (2.დუშან მანდიჩი, 3.ნიკოლა დედოვიჩი, 4.სავა რანდელოვიჩი, 5.დორდე ლაზიჩი, 6.დუშკო პიეტლოვიჩი, 7.სტრაჰინია რასოვიჩი, 8.მილან ალეკსიჩი, 9.ნიკოლა იაკსიჩი, 10.ფილიპ ფილიპოვიჩი, 11.ანდრია პრლაინოვიჩი, 12.სტეფან მიტროვიჩი, 13.ბრანისლავ მიტროვიჩი. მწვრთნელი: დეიან სავიჩი)
2.საბერძნეთი (1.ემანუილ ზერდევასი, 2.კონსტანტინოს გენიდუნიასი, 3.დიმიტრიოს სკუმპაკისი, 4.მარიოს კაპოცისი, 5.იოანის ფუნტულისი, 6.ალექსანდროს პაპანასტასიუ, 7.გეორგიოს დერვისისი, 8.სტილიანოს არგიროპულოს კანაკაკისი, 9.კონსტანტინოს მურიკისი, 10.ქრისტოდულოს კოლომვოსი, 11.კონსტანტინოს გკიუვეცისი, 12.ანგელოს ვლახოპულოსი. მწვრთნელი: თეოდოროს ვლახოსი)
3.უნგრეთი (1.ვიქტორ ნადი, 2.დანიელ ანდალი, 3.3.კრიშტიან მანჰერში, 4.გერგო ზალანკი, 5.მარტონ ვამოსი, 6.ნორბერტ ჰოშანშკი, 7.მატიაშ პაშტორი, 8.შილარდ იანსიკი, 9.ბალაშ ერდელი, 10.დენეს ვარგა, 11.ტამაზ მეზეი, 12.ბალაშ ჰარაი. მწვრთნელი: ტამაშ მარში)

ხელბურთი
გოგონები
1.საფრანგეთი (2.მელინე ნოკანდი, 3.ბლანდინ დანკე, 4.პაულინ კოატანეა, 6.ქლოი ვალენტინი, 7.ალისონ პინო, 8.კორალი ლასორსი, 10.გრეის ზაადი დუნა, 12.ამანდინ ლენო, 15.კალიდიატუ ნიაკატე, 16.კლეოპატრე დარლო, 19.ოსიანი სერსიენ-უგოლინი, 20.ლორა ფლიპე, 24.ბეატრის ედვიგე, 26.პაულეტა ფოპა, 27.ესტელ ნზე მინკო, 64.ალექსანდრა ლაკრაბერი. მწვრთნელი: ოლივიე კრუმბოლცი)
2.როკ (1.ანა სედოიკინა, 2.პოლინა კუზნეცოვა, 3.პოლინა გორშკოვა, 7.დარია დმიტრიევა, 8.ანა სენი, 13.ანა ვიახირევა, 14.პოლინა ვედეხინა, 17.ვლადლენა ბობროვნიკოვა, 19.ქსენია მაკეევა, 23.ელენა მიხაილიჩენკო, 25.ოლგა ფომინა, 33.ეკატერინა ილინა, 36.იულია მანაგაროვა, 39.ანტონინა სკორობოგაჩენკო, 88.ვიქტორია კალინინა. მწვრთნელი: ალექსეი ალექსეევი)
3.ნორვეგია (2.ჰენი რეისტადი, 4.ვერონიკა კრისტიანსენი, 5.მარიტ მალმ ფრაფიორდი, 7.სტინე სკოგრანდი, 9.ნორა მიორკი, 10.სტინე ბრედალ ოფტედალი, 13.სილიე სოლბერგი, 13.კარი ბრატსეტ დალე, 16.კატრინე ლუნდე, 20.მარიტ როსბერგ იაკობსენი, 23.კამილა ჰერემი, 24.სანა სოლბერგ-ისაკსენი, 25.კრისტინე ბრეისტელი, 26.მარტა ტომაჩი, 34.ვილდე იოჰანსენი. მწვრთნელი: თორირ ჰერგეირსონი)

 

*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian