ტოკიო 2020: ბრისბენი 2032

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138ე სესია 2032 წლის ოლიმპიადის და პარალიმპიადის მასპინძლის არჩევით დასრულდა.
XXXV ოლიმპიადა ბრისბენში გაიმართება! თამაშების სავარაუდო თარიღიც დასახელდა, რომელიც ზუსტად ემთხვევა ტოკიო 2020ის დღეებს – 23 ივლისი-8 აგვისტო.
მელბურნის (1956) და სიდნეის (2000) შემდეგ ბრისბენი ავსტრალიის მესამე ქალაქი გახდება, რომელიც ყველაზე დიდ სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლებს.
ამავდრულად, ბრისბენის ოლიმპიადა სამხრეთ ჰემისფეროში ზამთარში გამართული მხოლოდ მეორე თამაშები იქნება. ასეთი რამ პირველად 2016 წელს მოხდა, როცა ღონისძიებას რიო დე ჟანეირომ უმასპინძლა.

2032 წლის ოლიმპიადის ქალაქი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი ფორმულით შეირჩა. ბრისბენს არ ჰყავდა კონკურენტი და ის ერთადერთი კანდიდატი იყო. ამ სტატუსის მოსაპოვებლად კი პროექტის ხელმძღვანელებმა დიდი შრომა გასწიეს და როგორც ქუინსლენდის მხარის, ასევე ფედერალური მთავრობის ოფიციალური მხარდაჭერა მოიპოვეს.

სოკის სპეციალური კომისია რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ბრისბენის წინადადებას, ყველა ძირითად მოთხოვნაზე ოფიციალური დასტურის შემდეგ კი ქალაქის კანდიდატურა 20-21 ივლისს ტოკიოში გამართულ სესიაზეც გავიდა.

კენჭისყრაში 80 დელეგატი მონაწილეობდა, თუმცა ხმის უფლებით 77მა ისარგებლა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ავსტრალიელ წევრებს, ისევე როგორც სოკის პრეზიდენტს არჩევანში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბრისბენს 72მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. 5 წინააღმდეგი იყო.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეს არჩევანი ნათელი დასტურია იმ ნდობისა, რაც ოლიმპიურმა მოძრაობამ ბრისბენში, ავსტრალიის ამ მშვენიერ ქალაქში დაინახა. მჯერა, რომ ოლიმპიური თამაშები დიდად დაეხმარება ბრისბენს და მთლიანად ქუინსლენდის მხარეს იმ გრანდიოზულ პროექტებში, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალშია დაგეგმილი“, – განაცხადა თომას ბახმა.

სოკის პრეზიდენტის თქმით, ბრისბენს ოლიმპიადისთვის საჭირო სპორტული შენობა-ნაგებობების 80% მზად აქვს, მათი განახლებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი დაახლოებით 900 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

გუშინვე დაიწერა ისიც, რომ 2020, 2024 და 2028 წლების თამაშების მასპინძლებს შორის – ტოკიო, პარიზი, ლოს ანჯელესი – ბრისბენმა სოკის ოფიციალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველაზე ნაკლები თანხა დახარჯა.

ბრისბენის მასპინძლად არჩევას ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონიც გამოეხმაურა, რომელმაც დელეგატთა გადაწყვეტილებას ავსტრალიისთვის ბოძებული შანსი უწოდა, მისი მიმართვის შემდეგ კი თომას ბახმა, ქუინსლენდის მხარის მთავრობის წევრებმა და ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯონ კოატსმა ოფიციალური დოკუმენტები გააფორმეს.

2032 წლამდე ძალიან შორია და ბრისბენის ამბებზე კიდევ ბევრი მოესწრება, ახლა კი კვლავ ტოკიო 2020ის შესახებ, მით უმეტეს, რომ გახსნის საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე საორგანიზაციო კომიტეტმა შოუს სამხატვრო ხელმძღვანელი კენტარო კობაიაში დაითხოვა.

მიზეზი ჰოლოკოსტზე 23 წლის წინანდელი უხამსი ხუმრობაა, რომლის ვიდეოჩანაწერი მხოლოდ ახლა ამოტივტივდა. 1998 წელს კობაიაში ჯერ კიდევ მსახიობი გახლდათ.

„მილიონობით ადამიანისთვის მტკივნეულ თემაზე ხუმრობა ჩვენთვის მიუღებელია. ვფიქრობთ, ბატონ კობაიაშის ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსანმა სეიკო ჰაშიმოტომ. მისივე თქმით, ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი დაგეგმილ წარმოდგენაზე არ აისახება და ის შეუფერხებლად წარიმართება. ბარემ აქვე დავწერ: ეროვნულ სტადიონზე გახსნის ცერემონიას მხოლოდ 950 სტუმარი დაესწრება. მიზეზი ცხადია – კოვიდპანდემია.

რაც შეეხება ოლიმპიადის სპორტულ ამბებს, სოფტბოლსა და ფეხბურთში უკვე დაიწყო ასპარეზობები და ორიოდ სიტყვით პირველივე სათამაშო დღეს დამყარებულ საფეხბურთო რეკორდებზე.

B ჯგუფის ფავორიტებმა, ნიდერლანდების და ბრაზილიის ნაკრებმა გუნდებმა მეტოქეებს შანსი არ დაუტოვეს: ნარინჯისფერებმა 10:3 გაანადგურეს ოლიმპიადის დებიუტანტი ზამბია, ბრაზილიამ კი 5:0 აჯობა ჩინეთს.

სელესაოს 35 წლის ლიდერმა მარტამ, ვინც ფიფამ თავის დროზე ექვსჯერ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად, დუბლი შეასრულა და გახდა პირველი მოთამაშე (ვაჟთა ჩათვლით), რომელმაც ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე მოახერხა გოლის გატანა! სადღეისოდ მარტას აქტივში 12 ოლიმპიური გოლია.

არანაკლებ შთამბეჭდავია მისი 43 წლის თანაგუნდელის, ფორმიჟას მიღწევა – პირველია, ვინც ზედიზედ შვიდ ოლიმპიადაზე ითამაშა! ქალთა ფეხბურთი თამაშების სპორტულ პროგრამაში 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადიდანაა და ფორმიჟაც იმ დროიდანაა ოლიმპიელი.

მესამე საინტერესო ამბავი კი იაპონელ და კანადელ ქალ ფეხბურთელთა 1:1 დასრულებულ მატჩს უკავშირდება: კანადელმა ქრისტინ სინკლერმა ნაკრებში საიუბილეო, მე300 მატჩში 187ე(!!!) გოლით აღნიშნა!

სინკლერი მხოლოდ და მხოლოდ მეოთხეა, რომელმაც 300ჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში (კრისტინ ლილი, აშშ – 354; ქრისტი პირსი, აშშ – 311; კარლი ლოიდი, აშშ – 307), აი 187 გოლით კი ის მსოფლიო რეკორდსმენია!

ქალ ფეხბურთელთა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ოლიმპიადების ოთხგზის გამარჯვებული ამერიკის ნაკრები კი მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3 შვედეთთან…

ჩოგბურთზეც ვთქვათ: ვაჟებს შორის ბოლო ორი ოლიმპიადის ტრიუმფატორი ენდი მარი ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში მოგებული ოქროს მედლების გასამებას მეცხრე ნომრად განთესილ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან პაექრობით იწყებს.

მარის არ გაუმართლა, რადგან ძლიერი მეტოქე ერგო – ახალგაზრდა კანადელმა მცირე ხნის წინ უიმბლდონის მეოთხედფინალში იასპარეზა და არაერთი მოწინავე ჩოგბურთელის არყოფნაში, ტოკიოს თამაშების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.

რაც შეეხება საქართველოს საუკეთესო ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, მისი პირველი მოწინააღმდეგე ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენაა. ისინი 24 ივლისს გაითამაშებენ 1/16ფინალის საგზურს.

24 ივლისის სხვა „ქართული ამბები“ კი ასეთია: ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს ჯგუფური პაექრობები ელის, მოკრივე ესკერხან მადიევი (69კგ) 1/32ფინალის შეხვედრას გამართავს, ირაკლი რევიშვილი კი თავისუფალი სტილით 400 მეტრზე გაცურავს.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ 24 ივლისს ჩვენი მთავარი იმედი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი იქნება. 2019 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლისკენ სვლას დილიდან დაიწყებს – პირველ წრეში თავისუფალია, მერვედფინალში მისი მეტოქე კი ბრიტანელი ეშლი მაკენზის და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვის ორთაბრძოლაში გამოვლინდება.


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 22 ივლისი)
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020

ka_GEGeorgian