ტოკიო 2020: პირველად ტოკიოში

სამი დღეც და XXXII ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება.
23 ივლისს ტოკიო ოფიციალურად გახდება აზიის პირველი ქალაქი, რომელიც მეორედ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის 35 წევრი 8 აგვისტოს ჩათვლით სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს, დღევანდელ წერილს კი ტოკიოში გამართულ პირველ ოლიმპიადას დავუთმობ, უფრო კონკრეტულად კი ტოკიო 1964ზე ქართველი ათლეტების გამოსვლას გავიხსენებ.

საბჭოთა კავშირის ოლიმპიური გუნდი უდიდეს სპორტულ ფორუმზე 1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამოჩნდა. მაშინ საბჭოეთის წითელი დროშის ქვეშ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან ათმა სპორტსმენმა იასპარეზა და სამი მათგანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელი და ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგნენ.

1956 წელს, მელბურნში, საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში საქართველოდან კვლავ ათი სპორტსმენი მოხვდა, ოთხი წლის შემდეგ, რომში გამართულ თამაშებზე კი რეკორდი დამყარდა – თექვსმეტმა ქართველმა იასპარეზა.

1964 წელს რომის შედეგი ორით გაუმჯობესდა – ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოდან 18 სპორტსმენი გაემგზავრა და მათგან 11 მედალსაც დაეუფლა! ბარემ აქვე დავწერ, რომ 11 მედალიც საქართველოს ახალი რეკორდი იყო. ოთხი წლით ადრე საუკეთესო სამეულში ათი ათლეტი მოხვდა.

სანამ ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ჩემპიონებთან და პრიზიორებთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებ, იმ ოლიმპიური გუნდის ქართველ წევრებს ჩამოვთვლი:

ჩემპიონები – ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) და ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი)

ვიცე-ჩემპიონები – რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გურამ საღარაძე (თავისუფალი ჭიდაობა), შოთა ქველიაშვილი (ტყვიის სროლა), ლევან მოსეშვილი (კალათბურთი)

ბრინჯაოს პრიზიორები – ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე (ორივე ძიუდო), ნოდარ ხოხაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), დავით გვანცელაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გურამ კოსტავა (ფარიკაობა)

მათ გარდა ტოკიოს არენებზე იასპარეზეს: ზარბეგ ბერიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა; VI ადგილი), შოთა ლომიძემ (თავისუფალი ჭიდაობა; IX), როსტომ აბაშიძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; V), რობერტ შავლაყაძემ (მძლეოსნობა; V), ალექსანდრე ტუტაკაევმა (ცურვა; IV), ბორის პოლულიახმა (წყალში ხტომა; VI) და ველომრბოლმა ომარ ფხაკაძემ, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალში გამოეთიშა.

მაშინდელი საბჭოთა ოლიმპიური გუნდის ერთიანი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, საქართველო, სპორტსმენთა სიმრავლის მხრივ, ლიეტუვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან ერთად მესამე ადგილს იყოფდა რუსეთის და უკრაინის შემდეგ, ხოლო 11 ოლიმპიური მედლით საქართველოს წარგზავნილები მხოლოდ რუსებს და უკრაინელებს ჩამორჩნენ.

ახლა უფრო კონკრეტულად ტოკიო 1964ის ქართველ ჩემპიონებსა და პრიზიორებზე.

ქუთაისელი ხმლით მოფარიკავე ნუგზარ ასათიანისთვის ეს მეორე ოლიმპიადა იყო. მან რომშიც იასპარეზა, როგორც გუნდურში, ასევე პირადში, თუმცა მაშინ უმედლოდ დარჩა, ტოკიოში კი, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ოქრო მოიგო! ნუგზარ ასათიანი შვიდჯერ ავიდა მუშკეტერთა ბილიკზე და აქედან ხუთჯერ გამარჯვება იზეიმა.

ქართული ფარიკაობის ისტორიაში ის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია, ერთი წლის შემდეგ კი მან მსოფლიო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა და ფარიკაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა!

ფარიკაობისგან განსხვავებით ფრენბურთი ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში პირველად სწორედ ტოკიოში მოხვდა. მასპინძელთა გასახარად, ქალთა შორის იაპონიის ნაკრებმა გაიმარჯვა, ვაჟებში კი უძლიერესი საბჭოთა გუნდი აღმოჩნდა, რომლის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თბილისის ბურევესნიკის ლიდერი ვაჟა კაჭარავა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი ვაჟა კაჭარავა პირველია ჩვენი სპორტის ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიური ოქრო გუნდურში მოიგო!

წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბატონმა ვაჟამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ტრიუმფი ასე გაიხსენა:

„ნაკრებში მოხვედრა არ გამჭირვებია – მწვრთნელებმა მაგრძნობინეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. გუნდის მაშინდელმა კაპიტანმა იური ჩესნოკოვმა მათი დანაბარები გადმომცა: არ ინერვიულოს, ჩვეულებრივად ივარჯიშოს, მას კონკურენცია არ ეხებაო… მეც ვვარჯიშობდი და მშვიდად ველოდი თამაშების დაწყებას.
ტოკიოს ოლიმპიადისთვის საგანგებო რეჟიმში ვემზადებოდით. თითქმის ათი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ყოველი ოცდახუთი დღის შემდეგ კი ხუთი დღით გვასვენებდნენ.
ოქროს მედლებისთვის ათი ქვეყნის ნაკრები იბრძოდა. ჩვენ 3:0 მოვუგეთ რუმინელებს, ნიდერლანდელებს, სამხრეთ კორეასა და უნგრეთს, ჩეხოსლოვაკია 3:2 დავამარცხეთ, შემდეგ კი მასპინძლებთან 1:3 წავაგეთ.
უკანასკნელ ორ შეხვედრაში აუცილებლად 3:0 უნდა მოგვეგო. ჯერ ბულგარელებს ვაჯობეთ, ოქროს მედლები კი ბრაზილიასთან პაექრობაში მოვიპოვეთ – 15:7, 15:6 და 15:9!
მოსკოვში დაბრუნებულებს კრემლში გვიმასპინძლეს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ კოსიგინმა პირადად მოგვილოცა წარმატება. იმ საღამოს მან ჩვენი გამარჯვება პარტიის საქებად გამოიყენა და გაუთავებლად ილაპარაკა კაპიტალისტურთან შედარებით საბჭოთა სისტემის უპირატესობაზე“…

ტრიუმფის შემდეგ ვაჟა კაჭარავა მოსკოვში გადაბარგდა და კარიერის დასრულებამდე დინამოში ასპარეზობდა, 1984-94 წლებში კი საქართველო ვაჟ ფრენბურელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლდათ…

ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა უნდა ეზეიმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ სპორტსმენს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ყველა დიდი ტიტულის მფლობელ რომან რურუას, თუმცა ვერცხლს დასჯერდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა რომანმა ტოკიოს ამბები დანანებით გაიხსენა:

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილება მაკლდა, მაინც შევძელი ფინალში გასვლა – ოლიმპიური ოქრო უნგრელ იმრე პოიაკს, იუგოსლავ ბრანკო მარტინოვიჩს და ჩემ შორის უნდა გათამაშებულიყო.
ყველაზე ტიტულიანი 37 წლის პოიაკი გახლდათ: მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის ფინალისტი… ფინალური სამეულის წინ მარტინოვიჩმა ტრავმა მოიმიზეზა და მოიხსნა. ამის გამო პოიაკი მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა: ფრე ხელს აძლევდა – ჩემპიონი ხდებოდა, მე კი აუცილებლად უნდა მომეგო.
რამდენიმე ილეთი შევასრულე, ხალიჩიდანაც გავიყვანე, მაგრამ არაფერი ჩამითვალეს – ფრე 2:2, ეს კი პოიაკის გამარჯვებას უდრიდა. წარმოგიდგენიათ? ერთი შეხვედრაც არ წამიგია, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე გავედი!
წლების შემდეგ რამდენჯერმე ჩავედი უნგრეთში, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ბევრჯერ მთხოვეს იმ ფინალის კომენტარი, მაგრამ არაფერი მითქვამს.
მოგვიანებით თავად იმრე პოიაკმა მიმასპინძლა, თავის მედლებიც დამათვალიერებინა… „ჩემს“ ოლიმპიურ ოქროს საპატიო ადგილი ეჭირა“…

დაუმარცხებლად, მაგრამ მაინც ვერცხლით დასრულებული ოლიმპიადის შემდეგ რომან რურუა კიდევ უფრო ძლიერად დაბრუნდა საერთაშორისო ასპარეზზე და 1966-70 წლებში ზედიზედ მოიგო ხუთი მთავარი შეჯიბრება: 1966, 1967, 1969 და 1970 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 1968 წელს კი მეხიკოში ნანატრი ოლიმპიური ოქროც მოიგო!

რურუას ვერცხლზე არანაკლებ გულდასაწყვეტი იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გურამ საღარაძის (78კგ) მეორე ადგილიც. ტოკიოში ის მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა, ჯერ ოთხი ორთაბრძოლა მოიგო, ფინალში გასულმა ორივე პაექრობა ფრედ დაასრულა, ოქროს მედალს კი მხოლოდ იმიტომ ვერ დაეუფლა, რომ კონკურენტზე, თურქ ისმაილ ოღანზე გრამებით მძიმე აღმოჩნდა!

ტოკიო 1964ის ქართულ ამბებს ძიუდოისტების, ანზორ კიკნაძის და ფარნაოზ ჩიკვილაძის გახსენებით დავასრულებ, რადგან სწორედ მათ უკავშირდება ჩვენი სპორტის ერთი უნიკალური მიღწევა, რომელიც მხოლოდ ხუთი წლის წინ, რიო დე ჟანეიროში გაიმეორეს… ძალოსნებმა.

ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში ძიუდო, ფრენბურთის მსგავსად, პირველად სწორედ ტოკიოში შევიდა. მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა: 68, 80, +80 და აბსოლუტურში. პირველ სამ წონაში მასპინძლებმა არავის დაუთმეს ჩემპიონობა, აბსოლუტურში კი ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა, მსოფლიოს ორგზის და ევროპის 21გზის(!!!) ჩემპიონმა ანტონ ხეესინკმა იპირველა.

რაც შეეხება ქართველ ძიუდოკებს, მათ +80კგ წონაში იასპარეზეს, ჯგუფები ორ-ორი გამარჯვებით დაასრულეს, ნახევარფინალში კი ანზორ კიკნაძე მომავალ ჩემპიონთან, მასპინძელთა ფავორიტ ისაო ინოკუმასთან დამარცხდა, ფარნაოზ ჩიკვილაძეს კი კანადელმა დაგ როჯერსმა აჯობა.

ზემოთ ნახსენები უნიკალური ამბავი კი დაჯილდოვების ცერემონიალს უკავშირდება: ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი პირველად დადგა!

ასეთი რამ მეორედ მხოლოდ 52 წლის შემდეგ, 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში ვიხილეთ, როცა მძიმეწონოსან ძალოსანთა შორის ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა, ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ამ და სხვა საინტერესო ამბებზე მომდევნო წერილებში.

საუკეთესო სურვილებით!


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 ივლისი)
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian