ტოკიო 2020: სწრაფად, მაღლა, ძლიერად… ერთად

„ვისურვებდი, რომ ეს ოლიმპიური ჩირაღდანი მთელი მსოფლიოსთვის სიკეთის სიმბოლო გახდეს. და ამომავალი მზის ქვეყნიდან იმედის სხივები მთელ დედამიწას მოეფინოს!
კოვიდ 19მა შეაფერხა, მაგრამ მთავარია რომ  ვერ დაამარცხა ოლიმპიური მოძრაობა“! – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა ამ სიტყვებით მიმართა სოკის 138ე სესიის მონაწილეებს, ოლიმპიური ჩირაღდანი კი მას პირადად თომას ბახმა გადასცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

XXXII ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება, მაგრამ სპორტის რამდენიმე სახეობის წარმომადგენლები უკვე შეუყვნენ ოქროს მედლებისკენ მიმავალ გზას.

მაგალითად სოფტბოლელები. ეს სახეობა 2008 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა თამაშების სპორტულ პროგრამაში და ტოკიო 2020ის პირველი ასპარეზობები სწორედ სოფტბოლში გაიმართა: იაპონიის ნაკრებმა 8:1 დაამარცხა ავსტრალია, ამერიკამ კი 2:0 სძლია იტალიას. მეტოქეებმა, ცხადია, ცარიელ არენებზე ითამაშეს.

კარსმომდგარი ოლიმპიადის მთავარი საფრთხე კოვიდ 19ია და თამაშების მთავარი ნაკლიც – ცარიელი ტრიბუნები, სწორედ ამითაა განპირობებული.

ოფიციალურ სტარტამდე ორი დღეა დარჩენილი, თითქოს ყველაფერი მზადაა დიდი სპორტული ზეიმისთვის, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტოშირო მუტო მაინც ფრთხილობს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თუ ინფიცირებულ სპორტსმენთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ოლიმპიადა, შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები ათლეტთა და ოფიციალურ პირთა უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნავენ, სწრაფი ტესტების რაოდენობაც არნახულია, დადებითი პასუხები, სამწუხაროდ, მაინც ხშირია.

არაერთი ათლეტი უკვე გაემგზავრა სამშობლოში, ბევრი სრულ იზოლაციაშია, თუმცა ასეთი უსიამოვნო ამბების მიუხედავად, ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი ჯერ კიდევ დასაშვებ ზღვარს არ აჭარბებს. საბედნიეროდ, საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ამ მხრივ სრული სიმშვიდეა და სპორტსმენებიც გეგმის მიხედვით ემზადებიან თამაშებისთვის.

ოლიმპიური ცეცხლის აგიზგიზებამდე კი მთავარი ამბები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138ე სესიაზე ხდება. ყველაფერზე თანმიმდევრობით.

პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ოლიმპიურ დევიზს უკავშირდება: Citius, Altius, Fortius – სწრაფად, მაღლა, ძლიერად.

2021 წლის 20 ივლისიდან ამ სამ სიტყვას, რომელიც პირველი, 1894 წლის ოლიმპიადიდან უცვლელი იყო, დაემატა Communis – ერთად. და დღეიდან საქვეყნოდ ცნობილი დევიზი ასე ჟღერს: Citius, Altius, Fortius, Communis – სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად.

სოკის პრეზიდენტმა თომას ბახმა ამ ცვლილებას ეპოქალური მოვლენა უწოდა, ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ ადამსმა კი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ოლიმპიური დევიზის შეცვლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ იქნები უფრო სწრაფი, უფრო მაღლა და ძლიერი, ირგვლივ მყოფი გუნდის გარეშე. ეს ეხება როგორც სპორტს, ისე ცხოვრებას. ვფიქრობთ, ოლიმპიური ღირებულებები არა მარტო ინდივიდუალურ უპირატესობებშია, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ გარემოცვაშიც, სპორტსმენის ირგვლივ მყოფ გუნდში. ეს შეიძლება იყოს ექიმების, მწვრთნელების და სპორტსმენთა ნაკრები… თუ თანამედროვე სამყაროში შორს წასვლა გინდა, მაშინ ვიღაცასთან ერთად უნდა იარო“.

ცვლილება ბევრს მოეწონა, თუმცა მათი რაოდენობაც შთამბეჭდავია, ვინც სიახლე დაიწუნა.

ჩემი აზრი კი ასეთია: ეს იყო ცვლილება ცვლილებისთვის და სხვა არაფერი, თორემ დიდი სპორტი რომ ათლეტის, მწვრთნელის, გუნდის, მსაჯის, თუნდაც ექიმის და სხვა ოფიციალური პირის ერთობას გულისხმობს, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. ამიტომაც, არცთუ დამაჯერებელი მიზეზით ასეთი ცვლილება და ისედაც ცხადის დაკონკრეტება, სრულიად უადგილო მეჩვენა. თუმცა მსოფლიო სპორტის მაღალჩინოსნები სხვანაირად ფიქრობენ და ჩვენ, ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები, ვერ შევეწინააღმდეგებით – ამ შემთხვევაში ბურთიც მათია და მოედანიც.

20 ივლისს გამართული სესიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ოლიმპიურ ოჯახში ექვსი სახეობის საერთაშორისო ფედერაციის მიღებაა.

გუშინ სოკს ოფიციალურად შეუერთდნენ სამბოს საერთაშორისო ფედერაცია (FIAS), ჩირლიდინგის საერთაშორისო კავშირი (ICU), მუაი ტაის ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია (IFMA), აისშტოკ სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IFI), კიკბოქსინგის ორგანიზაციის მსოფლიო ასოციაცია (WAKO) და ლაკროსის მსოფლიო ფედერაცია (WL).

ჩირლიდინგზე, მუაი ტაიზე, ლაკროსზე და მსგავს სპორტებზე ჩემი აზრი მაქვს და ვეცდები მომდევნო წერილებში ამ თემას შევეხო, ახლა კი მხოლოდ სამბოზე დავწერ: საქართველოში ეს სახეობა პოპულარულია და ბევრი წარმატებული სპორტსმენიც გვყავს, მათ შორის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონები. თუ მომავალში სამბო ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში მოხვდა, ეს საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის, ვფიქრობ, მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება, მანამდე კი ქართველ სამბისტებს ამ აღიარებას მივულოცავ.

შესაძლოა ბევრს არ მოსწონდეს უდიდეს სპორტულ ფორუმში ამდენი საბრძოლო ხელოვნების გამოჩენა – ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ სამბო, როგორც სპორტი, ჩემი აზრით ოლიმპიადის ბევრ სახეობას სჯობს. სხვა თუ არაფერი, სპორტსმენის წარმატება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და არა მსაჯის ან მსაჯების შეფასებაზე, როგორც არაერთ სახეობაში…

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღესვე კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გაავრცელა, რომელიც ფილატელისტებს და კონკრეტულად ოლიმპიური ფილატელიის მოყვარულებს დააინტერესებთ: გაერთიანებული ერების საფოსტო ადმინისტრაციასთან ერთად სოკმა ტოკიოს თამაშებს მარკები მიუძღვნა, რომელიც „ამ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის ფასეულობებს და მსოფლიოს მშვიდობიანი თანაცხოვრების საქმეში სპორტის დიდ მნიშვნელობას გამოხატავს“.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩირაღდანს, ის ტოკიოს უახლოვდება. ხვალ, იაპონიაში მოგზაურობის 113ე დღეს, ჩირაღდანი დედაქალაქის სამ გამორჩეულ უბანს მოივლის – მეგუროს, შიბუიას და მინატოს, 23 ივლისს კი ბიზნეს-ცენტრის შინჯუკუს გავლით ახალ ეროვნულ სტადიონზე დაასრულებს სვლას.

ოლიმპიურ ფიალაში აგიზგიზებულ ოლიმპიურ ცეცხლს კი პოლონეთის მოცურავეთა გუნდის ექვსი წევრი მხოლოდ ტელერეპორტაჟით და ისიც შინ თუ იხილავს.

გუნდის ადმინისტრატორის დაუდევრობის გამო, პოლონელ მოცურავეთა ნაკრები ტოკიოს 23 სპორტსმენით ეწვია, საწყლოსნო არენაზე მისულებმა კი გაარკვიეს რომ პოლონეთს მხოლოდ… 17 მოცურავის წარდგენის უფლება ჰქონდა!

ოლიმპიური სოფლიდან აეროპორტში დაბრუნებული გულგატეხილი და გაწბილებული მოცურავეების ინტერვიუები დღეს არაერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

ძალიან უცნაურია, მაგრამ თამაშების ისტორიას არანაკლებ საოცარი ამბები ახსოვს. მათგან გამორჩეულებზე მომდევნო წერილებში.


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020

ka_GEGeorgian