ტოლდოობა

იტალიის ნაკრებში ბევრ ძლიერ მეკარეს უთამაშია, მაგრამ თუ კონკრეტულ ტურნირში გოლკიპერის თამაშს შევაფასებ, ფრანჩესკო ტოლდოს ასპარეზობა ევრო 2000ზე ჩემთვის ერთერთი საუკეთესოა.

იმ ევროჩემპიონატზე, ბელგია-ნიდერლანდებში, ტოლდო მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმის გამო ჩაჯდა ძირითადში.

29 ივნისს კი, ამსტერდამში, ევრონახევარფინალში თანამასპინძელ ნიდერლანდებთან რასაც ქვია უნაკლოდ ითამაშა: 3, დიახ 3 11მეტრიანი მოიგერია!

ნიდერლანდელთა კაპიტანმა ფრანკ დე ბურმა ტოლდოს ჯერ ძირითადში ვერ აჯობა, შემდეგ პენალტების სერიაში. საფეხბურთო ლატარეაში იტალიელთა მეკარემ არც პოლ ბოსველტს გაატანინა!

და ამ 3 დარტყმის გარდა ფრენკ რაიკაარდის გუნდმა იმ დღეს კიდევ 2 11მეტრიანი ვერ გამოიყენა: პატრიკ კლუივერტმა II ტაიმში და იააპ სტამმა მატჩისშემდგომ სერიაში.

5 გაცუდებული პენალტი კაცნაკლულ იტალიასთან შინ, ევრონახევარფინალში!

სასწაული თამაში იყო, მე კი იმ დღეს 22ე დაბადების დღეს აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად და უნდა გენახათ რა დღეში ვიყავი, ასე მეგონა რომ ტოლდომ პირადად მომილოცა!

სხვა დიდ ტურნირზე მას ძირითადში აღარ უთამაშია და სანაკრებო კარიერაც 28 კეპით დაასრულა.

ამ 28 მატჩიდან 2 საქართველოსთან თამაში იყო: 1996 წლის 9 ოქტომბერს, როცა ჯვაროსნები პირველად დაუპირისპირდნენ იტალიას და 2000 წლის 11 ოქტომბერს, ქართველთა მეორე აპენინური ლაშქრობისას, სკუადრა აძურას კარს ტოლდო იცავდა.

სამწუხაროდ, ქართველებმა მას გოლი ვერც პერუჯაში გაუტანეს და ვერც ანკონაში: პირველი თამაში იტალიამ 1:0, მეორე კი 2:0 მოიგო.

დღეს ფრანჩესკო ტოლდოს დაბადების დღეა – 49 წლის გახდა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 1 დეკემბერი)

ka_GEGeorgian